ლიზას გზა

30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. არ არის პატარა დრო. შეიძლება ისტორიისათვის არის, მაგრამ არა – ცხოვრებისათვის, არც ხელოვნებისათვის. ჭრილობა ისევ ღიაა, ტკივილი ისევ ცოცხალია.
კინოშიც არ დახურულა ეს თემა. დროდადრო ჩნდება ფილმები. ზოგი კარგი, ზოგიც – ნაკლებად სხვადასხვა გზავნილებით: „ეს მიწა ჩვენია“, „ჩვენ გვტკივა“, „ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ“, „ჩვენ დავბრუნდებით“, „ჩვენ მესამე ძალამ გვაჩხუბა“, „ჩვენ ძმები ვართ“, „ჩვენ უნდა ვიყოთ ძმები“, მაგრამ ისევ არ ჩანს რეფლექსია: თუ „ძმები ვართ“, რის ნიადაგზე უნდა შედგეს (განახლდეს) ეს ძმობა? თუ „ჩვენ უნდა დავბრუნდეთ“ – სად ვბრუნდებით? ვისთან ერთად ვაპირებთ ცხოვრებას და როგორ? ჯერ ისევ გვიძნელდება გადავიხედოთ მეორე მხარეს და ვაღიაროთ: მასაც ეტკინა, მასაც სტკივა.
სწორედ ამ, არც საზოგადოებრივ აზროვნებაში და არც კინოში მკაფიო ტენდენციად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ აზრს უტრიალებს ნანა ჯანელიძის ახალი ფილმი, „იარე, ლიზა“, რომლის სცენარს საფუძვლად უდევს მისი თანაავტორის – ჟურნალისტ ლია ტოკლიკიშვილის გამოცდილება, რომელიც თავად მუშაობდა ომის რეპორტიორად ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
ფილმის მთავარი პერსონაჟი ჟურნალისტი ქალია, ლიზა, (დღევანდელი ლიზას როლს მწერალი ეკა ტოგონიძე ასრულებს, ხოლო ლიზა ახალგაზრდობაში – ნინა ერაძეა), რომელსაც ზურგს უკან ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ომის რეპორტიორის გამოცდილება აქვს და ეს გამოცდილება მის ცხოვრებას გამჭოლ ხაზად გასდევს. თუმცა არა მხოლოდ რეპორტიორის თვალით დანახულმა ამბებმა დაამჩნია მის ცხოვრებას ღრმა კვალი – აფხაზეთის მიწაზე დარჩა მოუშუშებელი პირადი დრამაც და სანუკვარი მოგონებაც, დარჩა ომში დაღუპული მეგობრის დღიური, რომელიც კიდევ სხვა თვალით აიძულებს შეხედოს ამ ომს. ეს გამოცდილება არ ასვენებს მას, მთელი ცხოვრება აიძულებს, ეძებოს სიმართლე.
სიუჟეტურად ფილმის მოქმედების გამშვები მექანიზმი სტუდიაში შემოსული უცნაური ზარია, ზარი წარსულიდან. რეკავს უცნობი აფხაზი მეომარი, რომელმაც მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, შეძლო ამ ტკივილზე მაღლა დადგომა და რისკის ფასად გამოიყვანა ლიზა უკვე დაცემული ოჩამჩირედან. «Мне интересно, смог ли я её уберечь?». მნიშვნელოვანი ნიუანსია: არა – «спасти», არამედ – «уберечь», რომელიც გადარჩენასთან ერთად ცუდისგან დაცვასაც გულისხმობს. ფილმის კონტექსტიდან გამომდინარე, ცუდი – ეს ომის საშინელებაა, რომელიც ადამიანში ადამიანურობას ანადგურებს.
სიმართლისკენ მიმავალი გზა რთული და არასწორხაზოვანია.
ისეთივე რთული, როგორც ლიზას გზა ტელესტუდიიდან შუა ქვეყანაში აღმართულ საზღვრამდე. რეალურად გზა არც ხანგრძლივია, არც დიდად მოვლენებით დატვირთული, მაგრამ მას რთულად ხდის პირადი მოგონებები, ქართველი მეომრის თუ აფხაზი პოეტის დღიურებიდან ამონაწერები, აფხაზეთიდან დევნილების თუ აფხაზეთში დარჩენილი ადამიანების მონათხრობი ამბები, კარგად ცნობილი თუ ახალი ან ახლებურად გააზრებული ფაქტები, დაძაბული დიალოგები თუ შინაგანი მონოლოგები, წარსული და აწმყო …
და ყველაფერი ეს არაფრით არ ლაგდება ერთ თაროზე, არ სწორდება ერთ ლარში, არ ერთიანდება ერთ ემოციაში. ავტორები განუწყვეტლივ უპირისპირებენ ერთ გამოცდილებას – მეორეს, ერთის ტკივილს – სხვისას, არანაკლებ მძაფრს, ერთ შეხედულებას – საპირისპიროს, რომელსაც, შეიძლება, ასევე აქვს არსებობის უფლება. ეკრანზე ემოციების ქარბორბალა ტრიალებს, ამასთან, უცნაურია, მაგრამ ეს არ არის მძვინვარე ქარბორბალა, ემოციებს გარეთ რომ აფრქვევს და მაყურებელსაც იგივე ვექტორზე მიმართავს. ეს „ჩუმი“, თვითჩაღრმავებისკენ, გააზრებისკენ მიმართული ქარბორბალაა, რომელსაც ცალკეული ემოციური აფეთქება ელვასავით გადაკვეთს.
არ არის შემთხვევითი, რომ ემოციურად ყველაზე მძაფრ, განსაცდელად ყველაზე მტკივნეულ ამბებს მთხრობელის ხმა და ანიმაცია „გვიყვება“, არა მარტო გვიყვება, აფასებს კიდეც, აფასებს არა ყოფითი მიკერძოებით, არამედ ზოგადსაკაცობრიო სიმბოლოებად ქცეული სახე-ხატებით და, შესაბამისად, ზოგადსაკაცობრიო ტრაგედიის დონემდე აჰყავს კონკრეტული ადამიანების ნანახი და განცდილი, აერთიანებს ქართველისა და აფხაზის ტკივილს.
მოწოდება „იარე!“ მხოლოდ ლიზას მიმართ არ არის გამოტანილი სათაურში. ლიზა თითოეული ჩვენთაგანი ვართ. ეს თითოეულ მაყურებელს მოუწოდებს, ავტორები არ გაიყინონ ერთხელ და სამუდამოდ დაფიქსირებული სტერეოტიპების ტყვეობაში, გაიარონ საკუთარი გზა იმ კითხვებზე პასუხების ძიებაში, რომელიც მოსვენებას არ აძლევს ლიზას. „სად იყო სიმართლე და ვისი იყო სამშობლო ამ ომში?“.
ერთია ისტორიული სამართლიანობა, მეორე – კონკრეტული ადამიანური გამოცდილება. ვისაც სტკივა, მას ნაკლებად აინტერესებს, ვის მხარეზეა ისტორიული სიმართლე, მას საკუთარი სიმართლე აქვს. მხოლოდ ძლიერს შეუძლია დადგეს საკუთარ ტკივილზე მაღლა. ეს ეხება როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ადამიანთა ჯგუფებს და, მთლიანად, ერსაც.
შემთხვევით არ გაიჟღერებს ფილმში სიტყვები ჩვენი საამაყო ხალხური ბალადიდან: „იქნებ ვეფხისა დედაი ჩემზე მწარედა სტირისა…“, სიტყვები, რომელსაც სასურველზე იშვიათად ვხვდებით – საქციელად, ძალზე ხშირად კი – ციტატად, იმდენად ხშირად, რომ ფილმში ჩართვისას დიდი იყო ბანალობის, ლოზუნგურობის რისკი. თუმცა ავტორები ახერხებენ ძალზე დელიკატურად, მთავარი სიუჟეტური ხაზის პარალელურად, მოიტანონ ის, როგორც სიმღერის ტექსტი, რომელსაც ლიზას მეგობარი ეძებს და მისი კარნახით ზუსტად არგებს რიტმულ, ძარღვიან მუსიკალურ კომპოზიციას.
რა გვინდა – გზა თუ ჩიხი? ერთმანეთის დადანაშაულება ვერ გაგვიყვანს გზაზე, მით უფრო, ვერ მიგვიყვანს ერთმანეთთან. ძლიერი ყოველთვის პირველი ამბობს – „მაპატიე“. სწორედ ამ სიტყვებით, მძიმედ სათქმელით, ძნელად მისაღებით და ბევრისთვის, ალბათ, მიუღებლით, მთავრდება ფილმი: „მეც მაპატიე“.
აქამდე იყო ერთეული მცდელობები ამ მიმართულებით – პროზაში, დრამატურგიაში, აქა-იქ ფილმებშიც შეიძლება გაკრთეს ამის გააზრება, ეს ფიქრი. მაგრამ ვერცერთი ეს შემთხვევა ვერ გახდა საზოგადოებრივი მოვლენა, რომელიც გამოიწვევდა თუნდაც დისკუსიას, თუნდაც აღშფოთებას, როგორც პირველ ნაბიჯს საყოველთაოდ მიღებულის გადააზრებისკენ.
საინტერესოა, გამოიწვევს თუ არა ეს ემოციური, მშფოთვარე ფილმი პერიფერიაზე გადასული „საკითხების“ გააქტიურებას, შეძლებს თუ არა საზოგადოების მიწვევას ღია დისკუსიაზე თუ ყველაფერი ისევ მდუმარე მიუღებლობით დამთავრდება?
რა თქმა უნდა, საინტერესოა, აფხაზების რეაქციაც და ფილმი აუცილებლად უნდა ნახონ ენგურს მიღმა. მაგრამ მაინც მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოების განწყობების, შეხედულებების, ემოციების ამოძრავებაა, რადგან ძლიერი ყოველთვის პირველი ამბობს – „მაპატიე“.

მანანა ლეკბორაშვილი

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *