ქართული კინოს მოკლე ისტორია

საქართველოში პირველი კინოსეანსი შედგა 1896 წლის 16 ნოემბერს, თბილისის სათავადაზნაურო თეატრში, სადაც აჩვენეს ძმები ლუმიერების „სინემატოგრაფით“ გადაღებული ფილმები. ამის თაობაზე იუწყებოდა გაზეთი „ცნობის ფურცელი“. უცნობია, ვინ განახორციელა ეს ღონისძიება. მას შემდეგ ჩვენში ჩამოდიოდა ბევრი კომერსანტი და სხვადასხვა დაწესებულებაში აწყობდა კინოჩვენებას.
1900 წელს ფოტოგრაფმა, დავით დიღმელოვმა (დიღმელაშვილი) და მისმა ვაჟმა, ალექსანდრემ შეიძინეს „სინემატოგრაფი“, ფილმები და შეისწავლეს კინოპროექციის ტექნიკა. მათ შეადგინეს პროგრამა „ბუნდოვანი სურათები“, რომლის ერთ ნაწილში აჩვენებდნენ “ჯადოსნური ფარნის” გამოსახულებებს, ხოლო მეორეში – ლუმიერების ფილმებს და საგასტროლოდ წავიდნენ გორში, ბორჯომში, სურამში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ქუთაისსა და ფოთში, სადაც დავით დიღმელოვი საზოგადოებას ევლინებოდა ჯონ მორისის ფსევდონიმით.
1904-1907 წლებში თბილისში გაიხსნა რამდენიმე კინოთეატრი („ილუზიონი”, „ურანი“, „მულენ-ელექტრიკი“, „მუზა”, „აპოლო“ და სხვ.). ამგვარი დარბაზების უმრავლესობა 50-60 ადამიანს იტევდა. მათ „პროჟექტორებს“ ან „ელექტრო-თეატრებს“ უწოდებდნენ. გაიხსნა უცხოური კინოკომპანიების წარმომადგენლობებიც. ეს უკანასკნელნი ადგილობრივი კინოთეატრების მფლობელებს სთავაზობდნენ საკუთარ პროდუქციას და თავიანთ თანამშრომლებსაც ავალებდნენ, გადაეღოთ დოკუმენტური, სანახაობითი სიუჟეტები თბილისის ცხოვრებიდან, რასაც საზღვარგარეთაც აგზავნიდნენ.
1908 წლიდან ვასილ ამაშუკელი ბაქოში შეუდგა მცირე ზომის ფილმების (სიუჟეტების) გადაღებას. ერთ-ერთი პირველი იყო „ხალხის სეირნობა ზღვის სანაპიროზე“. ამის შემდეგ იგი სისტემატურად იღებდა სიუჟეტებს და კინოთეატრში, ძირითადი პროგრამის დამატების სახით, უჩვენებდა.
1909 წელს, როდესაც მიტროფანე კვალიაშვილმა დაწერა სცენარი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისათვის „ბერიკაობა-ყეენობა“ და აპირებდა მის გადაღებას, გამოჩენილმა მწერალმა, დრამატურგმა, რეჟისორმა და მსახიობმა, შალვა დადიანმა მოსკოვიდან მოიწვია გამოცდილი კინოოპერატორი, რომელსაც კონსულტაციას უწევდა თეატრალური რეჟისორი, ალექსანდრე წუწუნავა. ფილმი გადაიღეს მარიამობის დღესასწაულისას, სურამთან ახლოს, სოფელ იტრიაში. მასში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა, ადგილობრივმა და ახლო-მახლო სოფლებიდან მისულმა მოსახლეობამ.
1910 წელს დიღმელოვმა გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „თბილისის იპოდრომი“, რასაც მოჰყვა „პირველი ავიატორების: ვასილიევის, უტოჩკინისა და ქებურიას გაფრენა“, „ხატობა მცხეთაში“, „კათალიკოსის მირონცხება“, „ლადო მესხიშვილის იუბილე“ და სხვ. მან ხელისუფლებისაგან მიიღო ნებართვა და იღებდა ფილმებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ერთ-ერთი მათგანია „ტახებსა და ირმებზე ნადირობა ევლახსა და ყარაიაზში“.
ვასილ ამაშუკელი 1910 წელს დაბრუნდა მშობლიურ ქუთაისში და განაგრძო მუშაობა. მან გადაიღო ახალი სიუჟეტები: „მუშაობა ფერმაში“, „ექსკურსია ბაგრატის ტაძრის ნანგრევებთან“, „გვირილობა“, „ხონის ძაფსაღები ფაბრიკა“, „ქუთაისის პეიზაჟები“ და ა. შ. იგი აქტიურად მონაწილეობდა ხანძრისაგან დაზიანებული კინოთეატრის, „რადიუმი“ აღდგენაში. ეს იყო სრულიად ახლებური სტილის კინოდარბაზი. ვასილი მისი კინომექანიკოსი გახდა.
1912 წელს მოეწყო სასიქადულო ქართველი მამულიშვილის, პოეტისა და მწერლის, აკაკი წერეთლის 12-დღიანი მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში. ვასილ ამაშუკელი დაუკავშირდა ღონისძიების ორგანიზატორებს, გაჰყვა პროცესიას და ფირზე აღბეჭდა მთელი მოგზაურობა. ფილმს დაერქვა “ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე 1912 წელს” (შემოკლებით – “აკაკის მოგზაურობა”). ეს იყო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი (1200 მეტრი). იმავე წლის 20 სექტემბერს “რადიუმში” შედგა მისი პრემიერა, რასაც დაესწრო დიდძალი ხალხი და თავად აკაკი წერეთელი.

XX საუკუნის 10-იან წლების კინოში ნაყოფიერად მოღვაწეობდა კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმის თანამშრომელი, პოლკოვნიკი სიმონ ესაძე, რომელმაც რამდენიმე რუსული კინოსურათის შექმნაში მიიღო მონაწილეობა.
გერმანე გოგიტიძის ძალისხმევით 1916 წელს გამოვიდა პირველი ქართული მხატვრული კინოსურათი, „ქრისტინე“ (რეჟ. ა. წუწუნავა), რომელსაც საფუძვლად დაედო ეგნატე ნინოშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობა. ფილმმა მაყურებლის ინტერესი გამოიწვია. შემდგომ გ. გოგიტიძემ, რეჟისორის დაუკითხავად, გააგრძელა ფილმი და ა. დიღმელოვს გადააღებინა დამატებითი ეპიზოდები. ეს ახალი ვარიანტი 1918 წელს წარუდგინეს აუდიტორიას.
1918 წლის 26 მაისს, რუსეთის იმპერიის დაშლისა და სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენის შედეგად, საქართველო გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა. შეიქმნა ახალი მთავრობა, რომელსაც იმდენი საქმე ჰქონდა, რომ კინოსათვის არც ეცალა, ამიტომ კინემატოგრაფიული ცხოვრება თავისი კალაპოტით მიედინებოდა. სამწუხაროდ, იმხანად ქართველებს არც ერთი მხატვრული ფილმი არ გადაუღიათ. მაშინდელი კინემატოგრაფისტები იღებდნენ მხოლოდ კინოქრონიკებს.
1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. ახალმა მთავრობამ სერიოზული ყურადღება მიაქცია კინოს, როგორც ხალხის ფართო მასების განათლების, ახალ იდეებზე აღზრდისა და, ამასთანავე, საკუთარი ძალაუფლების პროპაგანდის საუკეთესო საშუალებას. იმავე წლის აპრილში განათლების სახალხო კომისარიატთან (სამინისტროსთან) დაფუძნდა კინოსექცია, რომელსაც დაევალა კინოსაქმიანობის წარმართვა. მასში თავი მოიყარეს როგორც ქართველმა, ასევე მაშინ საქართველოში მყოფმა სხვადასხვა ეროვნების კინემატოგრაფისტებმა. დაისახა გეგმა, რომ პირველსავე წელს გადაეღოთ რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და ამისათვის შესაბამისი ფულადი სახსრებიც გამოიყო. ჩატარდა კინოთეატრების ნაციონალიზაცია, ანუ კერძო მფლობელობიდან ისინი გადავიდნენ სახელმწიფო საკუთრებაში და იქიდან მიღებული ფინანსური შემოსავლის ნაწილი უნდა მოხმარებოდა ახალი კინოსურათების შექმნას.
მიუხედავად იმისა, რომ კინოსექციის ტექნიკური აღჭურვილობა საკმაოდ ღარიბი იყო, მისი წევრები მონდომებით შეუდგნენ მოღვაწეობას და გამოუშვეს პირველი ნამუშევარი, დოკუმენტური ფილმი – “ბავშვების გამგზავრება კოჯორში დასასვენებლად” (1921). შემდეგ დღის წესრიგში დადგა მხატვრული კინოსურათის საკითხი. 1921 წლის ოქტომბერში ეკრანებზე გავიდა პირველი მხატვრული ფილმი, „არსენა ჯორჯიაშვილი“ (რეჟ. ი. პერესტიანი), რომელშიც მთავარ როლს ასახიერებდა მიხეილ ჭიაურელი. მისმა წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – პირველ ორ კვირაში მან სრულად აანაზღაურა მასზე გაწეული ხარჯები და მიღებულმა მოგებამ საშუალება მისცა კინოსექციას, გაეუმჯობესებინა კინოატელიე და ლაბორატორია, გაეზარდა თანამშრომელთა რიცხვი. ამასობაში ჯერი მიდგა ეკრანიზაციებზე. ჯერ გადაიღეს “სურამის ციხე” (1922, რეჟ. ი. პერესტიანი), შემდეგ “მოძღვარი” (1922, რეჟ. ვ. ბარსკი), თუმცა მხატვრული დონით ვერცერთმა ვერ ივარგა.
1923 წლის მარტში კინოსექცია გადაკეთდა სახელმწიფო კინომრეწველობის სააქციო საზოგადოებად (სახკინმრეწვი). ივან პერესტიანიმ გადაიღო ისტორიულ-რევოლუციური ფილმი, „წითელი ეშმაკუნები“ (1923), რომელიც გადაიქცა პოპულარულ ნამუშევრად. სახკინმრეწვმა გააკეთა დრამატული კინოსურათი „მამის მკვლელი“ (1923, რეჟ. ა. ბეკ-ნაზაროვი), რომელშიც პირველად გამოჩნდა ქართული კინოს მშვენება, ნატო ვაჩნაძე. მას პარტნიორობას უწევდა ცნობილი საოპერო მომღერალი, ვანო სარაჯიშვილი. ვ. ბარსკიმ გადაიღო „არსენა ყაჩაღი“ (1923), სადაც ისევ თამაშობდა ნატო ვაჩნაძე, რომელმაც თავისი მიმზიდველობითა და სილამაზით მოხიბლა კინომოყვარულები. იგივე მსახიობი ასახიერებდა მთავარ გმირს ი. პერესტიანის „სამ სიცოცხლეშიც“ (1924).
სახკინმრეწვის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, მიეწვია ქართველი თეატრალური რეჟისორები, რომლებიც კინოს ახალ სულს შთაბერავდნენ. ასე მოხვდა სახკინმრეწვში კოტე მარჯანიშვილი, რომელსაც ადრე, საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ჰქონდა შეხება კინემატოგრაფთან. მან გადაიღო კინოსურათი, „ქარიშხლის წინ“ (1924), რომელზე მუშაობასაც იგი დიდი სიფრთხილითა და ერთგვარი შიშითაც მოეკიდა, რამეთუ გრძნობდა უდიდეს პასუხისმგებლობას. ალექსანდრე წუწუნავამ, წარმატებით რომ მოღვაწეობდა საოპერო თეატრში, გადაიღო „ვინ არის დამნაშავე?“ (1925).
გაფართოვდა ქართული კინოს შემოქმედებითი და ტექნიკური პოტენციალი. ფილმების გაქირავებიდან შემოდიოდა სულ უფრო მეტი თანხა, იზრდებოდა კინოთეატრების რიცხვი, დაისახა მნიშვნელოვანი ღონისძიებები სოფლად კინოთეატრების მშენებლობისათვის. სახკინმრეწვი უშვებდა დოკუმენტურ კინოსურათებსაც. მათ უდიდესი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდათ, რადგან აჩვენებდნენ, თუ რა წარმატებებს მიაღწია ახალშექმნილმა სახელმწიფომ სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში, კულტურის სხვადასხვა სფეროში.
1926 წელს ეკრანებზე გამოვიდა ალექსანდრე წუწუნავას ფილმი, „ხანუმა“, პირველი ქართული კინოკომედია, რომლის გამოჩენას წინ უსწრებდა რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე გაჩაღებული კამათი, როგორი სახის კინოკომედიები უნდა გადაეღოთ ქართველ კინემატოგრაფისტებს. კინოსურათს საფუძვლად დაედო ავქსენტი ცაგარელის პიესა, „ხანუმა“ და ვიქტორ დოლიძის ოპერა, „ქეთო და კოტე“.
კოტე მარჯანიშვილმა გადაიღო ფილმი, „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1926), დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით (თანარეჟისორი –  შაქრო ბერიშვილი). ეს იყო კიდევ ერთი კინოკომედია, რომლის ავტორები შეეცადნენ, წარმოეჩინათ წინა საუკუნის ქართველი თავადაზნაურობის გაჭირვებული ყოფა, კუდაბზიკა ხასიათი და ტრაგიკომიკული სიტუაციები.
სახკინმრეწვში გადაწყდა სასცენარო სახელოსნოს დაფუძნება. მთავრობამ შესაბამისი სახსრები გამოყო და მოუწოდა კინოს მესვეურებს, რომ სცენარების დასაწერად მიეზიდათ ახალგაზრდა მწერლები, ხოლო კონსულტანტებად – გამოჩენილი მეცნიერები.   
კ. მარჯანიშვილის ფილმი, „ამოკი“ (1927), შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, იყო საზღვარგარეთული მხატვრული ლიტერატურის ეკრანიზაციის პირველი ცდა ქართულ კინოში. იმის გამო, რომ იმ პერიოდში საბჭოთა კავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაუარესდა დიპლომატიური ურთიერთობები, მარჯანიშვილისეული ვერსია, რომელშიც ფიგურირებდა ინგლისელი ოფიცერი, ვიღაცამ გადააკეთა, ამოჭრა ცალკეული საკვანძო ეპიზოდები, გადაამონტაჟა და, აქცენტების გადატანით, საერთოდ დაამახინჯა კინოსურათი, რის შედეგადაც მისი სიუჟეტი სულ სხვაგვარად წარმოჩნდა. ამ ნამუშევარს ესეც არ აკმარეს, სათაურიც შეუცვალეს და დაარქვეს „კანონი და მოვალეობა“. მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოხერხდა “ამოკის” შეძლებისდაგვარად აღდგენა.       
სახკინმრეწვში იცვლებოდა თაობები. სულ უფრო მეტი მსახიობი მიდიოდა თეატრიდან კინოში და შთამბეჭდავ ეკრანულ სახეებს ქმნიდა. კინოს მუშაკებთან თანამშრომლობდნენ ნიჭიერი მხატვრები: ლადო გუდიაშვილი და დავით კაკაბაძე. რუსეთიდან, კოლეგების დასახმარებლად, ჩამოვიდნენ დრამატურგები: ვიქტორ შკლოვსკი და სერგეი ტრეტიაკოვი.
1928 წელს სახკინმრეწვთან ჩამოყალიბდა კინოქრონიკის სექტორი. მის ხელმძღვანელად დაინიშნა სიკო დოლიძე. ორგანიზაციამ ხელი მიჰყო პერიოდული „საქართველოს სახკინმრეწვის კინოჟურნალის“ გამოშვებას. სექტორის პირველი დოკუმენტური ფილმი იყო „მათი სამეფო“ (1928, რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი და ნუცა ღოღობერიძე). 
1928 წელს გამოიცა სერგო ამაღლობელის წიგნი „თეატრისა და კინოს პრობლემები“. ეს იყო პირველი ქართული ნაშრომი ეროვნული კინემატოგრაფის საკითხებზე.
ყველაზე დიდი წარმატება ხვდა ნიკოლოზ შენგელაიას ნამუშევარს, „ელისო“ (1928), რომელიც გადაიღეს ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების მიხედვით. რეჟისორმა მასში გამოავლინა საუცხოო რიტმული მონტაჟის ცოდნა და გადმოსცა ამაღელვებელი ამბავი, რასაც უმაღლესი შეფასება მისცეს. მალე „ელისო“ წაიღეს შტუტგარტში (გერმანია), საერთაშორისო კინოგამოფენაზე და აჩვენეს სხვა საბჭოთა ფილმებთან ერთად.
კოტე მიქაბერიძის ფილმი, „ჩემი ბებია“ (1929) წარმოადგენდა სატირულ კომედიას, თამამად რომ დასცინოდა იმდროინდელ საბჭოთა ბიუროკრატიულ სისტემას. როდესაც ფილმი ეკრანზე გავიდა, მან დიდძალი მაყურებელი მიიზიდა, მაგრამ რამდენიმე დღეში იგი მოხსნეს გაქირავებიდან. მხოლოდ 38 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი ხელახალი აღდგენა და წარმატებული დემონსტრირება. უცხოელი სპეციალისტები გაკვირვებულნი დარჩნენ კოტე მიქაბერიძის ნამუშევრით, ისინი არ მოელოდნენ, რომ 20-იან წლებში საბჭოთა კინოს ზოგიერთი წარმომადგენელი ასე თუ აზროვნებდა.
1930 წელს გამოვიდა მიხეილ კალატოზიშვილის ფილმი, „ჯიმ შვანთე!“ („მარილი სვანეთს!“), რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეზე – სვანეთზე, რომლის მოსახლეობა იმ პერიოდში თითქმის ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. მის წინაშე იდგა ბევრი პრობლემა. უგზოობაც განაპირობებდა გარე სამყაროსთან სვანების ბუნებრივ მოწყვეტას. „ჯიმ შვანთე!“ მხოლოდ ოთხი დღე გადიოდა და შემდეგ მოხსნეს ეკრანებიდან. ცოტა ხანს ის დავიწყებასაც კი მიეცა, მაგრამ შემდეგ ხელმეორედ „აღმოაჩინეს“, ქება-დიდებაც შეასხეს და ეკრანებზეც გაუშვეს.
სპეციალისტების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა მიხეილ ჭიაურელის სატირულ კომედიას – „ხაბარდა“ (1931), რომლის სცენარი მასთან ერთად დაწერა სერგეი ტრეტიაკოვმა. „ხაბარდა“ აზერბაიჯანული სიტყვაა და ქართულად ასე ჟღერს: „განზე გადექი!“ ან „გზიდან ჩამომეცალე!“. ამ სიტყვებით მიმართავდნენ ფილმის ავტორები ძველი ცხოვრების მოტრფიალეებს. მიუხედავად ზოგიერთი კრიტიკული შენიშვნისა, კინოსურათი ქართული კინოს გამორჩეული ნამუშევარი გახდა.
1932 წელს სამთავრობო დადგენილებამ „ლიტერატურულ-სამხატვრო ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ“ ძირფესვიანად შეცვალა კინემატოგრაფისტების მოღვაწეობა: დაისახა გზები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, ახალი სტილისტიკისა და ფორმების მოსაძიებლად, კინოდრამატურგებს დაევალა მონაწილეობა ფილმების გადაღება-დამონტაჟებაშიც.

პირველი ქართული ხმოვანი კინოფილმი იყო „შაქირი“ (1932, რეჟ. ლეო ესაკია). მართალია, ამის შემდეგ სახკინმრეწვმა კიდევ გადაიღო რამდენიმე უხმო ფილმი, მაგრამ გახმოვანების ტექნიკის სრული ათვისების შედეგად მთელი კინოპროდუქცია ხმოვანი გახდა. ხმის მოსვლამ კინოში ბევრი რამ შეცვალა. ახალ სპეციფიკას ახლებური მიდგომა, გამომსახველობის ახლებური ფორმები დასჭირდა.
განსაკუთრებული კინემატოგრაფიული მოვლენა“ უწოდეს გიორგი მაკაროვის ფილმს – “ნახვამდის” (1934), რადგან ეს იყო ისტორიულ-რევოლუციურ მასალაზე დაყრდნობილი კინოკომედიის უიშვიათესი ნიმუში, რომელშიც მკაფიოდ გამოვლინდა რეჟისორის ნიჭი, მხატვრული გემოვნება და დიდი კინემატოგრაფიული კულტურა. მის პოპულარობაზე მეტყველებს ისი ფაქტიც, რომ იგი სამი თვის განმავლობაში გადიოდა თბილისის კინოთეატრებში, რაც თავისებური რეკორდი იყო იმ წლებში.
პოპულარობით სარგებლობდა მეორე კინოკომედიაც, „ჟუჟუნას მზითევი“ (1934), რომლის სცენარის ავტორსა და რეჟისორს, სიკო ფალავანდიშვილს საკმაოდ ნაყოფიერი გზა ჰქონდა გავლილი ქართულ კინოში – იყო მსახიობიც, რეჟისორის ასისტენტიც, თანაშემწეც. ამგვარი გამოცდილების გამოც ანდეს მას დამოუკიდებლად გადაეღო ახალი ფილმი. ფალავანდიშვილის დებიუტი წარმატებული გამოდგა. განსაკუთრებული სითბოთი ხვდებოდა მას საქართველოს სოფლის მოსახლეობა, ვისაც ასეთი, სწორედ რეალობასთან ახლოს მდგომი კინოსურათები იზიდავდა.
სიკო დოლიძის „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1934) შეეხო მთიან რეგიონში ახალი ურთიერთობების დამკვიდრების მტკივნეულ პრობლემებს, ხოლო მიხეილ ჭიაურელის „უკანასკნელი მასკარადი“ (1934) ასახავდა ახლო ისტორიულ წარსულს და სატირული სახეებითა და ტრაგიკომიკული სიტუაციით აღსავსე ეს ისტორიულ-რევოლუციური ფილმი გამორჩეულ ნაწარმოებად იქცა.
1935 წელს სახკინმრეწვში დაიწყო მულტიპლიკაციური ფილმის – “არგონავტების” გადაღება. მისი რეჟისორი და სცენარის ავტორი იყო ვლადიმერ მუჯირი, ხოლო მთავარ მხატვრად მიიწვიეს ლადო გუდიაშვილი. ეს ფილმი ეკრანებზე გავიდა 1936 წელს. იგი დიდი მოწონებით მიიღო არა მარტო ბავშვთა აუდიტორიამ, არამედ მოზრდილმა მაყურებელმაც. შემდეგ შეიქმნა “გაიძვერა” (1937), რომელიც ასევე ვლადიმერ მუჯირმა გადაიღო. ამავე დროს, სახკინმრეწვის სასცენარო განყოფილების თანამშრომლები მომავალი ნახატი კინოფილმებისათვის წერდნენ სცენარებს. ქართული მულტიპლიკაცია, მძიმე სამუშაო პირობების მიუხედავად, თანდათან იკრებდა ძალას. 
დავით რონდელის შესანიშნავ კინოკომედიაში, „დაკარგული სამოთხე“ (1937) აისახა XIX საუკუნის მეორე ნახევრის დასავლეთ საქართველოს სოფლის განუმეორებელი სურათი – ამპარტავანი, ზარმაცი და გაღატაკებული თავადაზნაურობისა და მშრომელი გლეხობის ცხოვრების კომიკურ-სატირული სცენები.
1938 წლის ზაფხულში სააქციო საზოგადოება სახკინმრეწვი გაუქმდა და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა თბილისის კინოსტუდია.
1941 წლის 22 ივნისს საბჭოთა კავშირი ჩაება მეორე მსოფლიო ომში. თბილისის კინოსტუდია ოპერატიულად შეუდგა მუშაობას – კინოქრონიკის სექტორში შეიქმნა კინოდოკუმენტალისტების ჯგუფები, რომლებმაც პირდაპირ ფრონტის ხაზს მიაშურეს, რათა ფირზე აღებეჭდათ საომარი ბატალიები. დაიწყო ე. წ. „საბრძოლო კინოკრებულების“ (ომის თემაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების) გადაღება. ომისაგან გამოწვეული სიძნელეებისა და კინოწარმოების მოცულობის მკვეთრი შემცირების მიუხედავად მაინც გაგრძელდა მუშაობა ისტორიულ თემატიკაზე და, ამ მხრივ, აღსანიშნავია, მიხეილ ჭიაურელის კინოსურათი, „გიორგი სააკაძე“ (1942-1943). სამშობლოსათვის თავდადებულ პერსონაჟად წარმოადგინა გიორგი სააკაძე ქართული სცენისა და ეკრანის თვალსაჩინო მსახიობმა აკაკი ხორავამ, რომელსაც ბრწყინვალედ აუბეს მხარი სხვა დიდებულმა მსახიობებმაც: აკაკი ვასაძემ, ალექსანდრე ომიაძემ, ვერიკო ანჯაფარიძემ, სპარტაკ ბაღაშვილმა, სერგო ზაქარიაძემ.
ომის ასახვაში უდიდესი როლი ითამაშა ქართულმა დოკუმენტურმა კინომ. მაშინდელი დოკუმენტური ფილმებისათვის დამახასიათებელი იყო ოპერატიულობა, ნოვატორული ძიებანი, მოქალაქეობრიობა. კინოქრონიკის სექტორის მუშაკებმა მსხვერპლიც კი გაიღეს – რამდენიმე მათგანი: ვლადიმერ კილოსანიძე, ვლადიმირ მიტროფანოვი და ჭიჭიკო ძიძიგური ფრონტის ხაზზე, გადაღებებისას, გმირულად დაიღუპნენ.
ომის შემდგომი ქართული კინო „მცირეფილმიანობის“ ხანაში შევიდა. იგი მოიცავს 1946-1952 წლებს, როცა თბილისის კინოსტუდიამ მხოლოდ რვა მხატვრული კინოსურათი გამოუშვა. ეს გაპირობებული იყო არსებული მდგომარეობით. ქვეყანა ომით მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა, მიმდინარეობდა დანგრეული სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის აღდგენითი სამუშაოები. ამდენად, ფინანსების დიდი ნაწილი ამ მიმართებით იხარჯებოდა.
მიხეილ ჭიაურელის კინოსურათმა, „ფიცი“ (1946) ვენეციის (იტალია) საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს მედალი დაიმსახურა. ეს იყო პირველი ჯილდო, რომელიც ქართულმა ფილმმა მოიპოვა საზღვარგარეთ. 
1946 წელს სრული დატვირთვით ამუშავდა კინოფოტოდოკუმენტების ცენტრალური არქივი, რომელიც ორი წლის წინ კი დაარსდა, მაგრამ, საორგანიზაციო საკითხების მოგვარების გამო, მხოლოდ მაშინ შეუდგა საქმიანობას. ამ დაწესებულებაში თავი მოუყარეს ფილმებს, ფოტომასალებს, კინომოღვაწეთა პირად არქივებსა და ა.შ.
ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შალვა გედევანიშვილმა გადაიღეს ფილმი, „ქეთო და კოტე“ (1948). მართალია, მას საფუძვლად დაედო ავქსენტი ცაგარელის პიესა, „ხანუმა“ და ვიქტორ დოლიძის ამავე სახელწოდების ოპერა, მაგრამ ავტორებმა ნამუშევარში ჩართეს ახალი, ორიგინალური სცენებიცა და მუსიკალური ნომრებიც.   
1953 წელს ქართულ კინოში ისევ რეფორმების ხანა დადგა. თბილისის კინოსტუდია გადაკეთდა კინოსტუდია „ქართულ ფილმად“. საორგანიზაციო ცვლილებების პარალელურად, განისაზღვრა მომავალი კინოპროდუქციის გაუმჯობესების გზები.
სიკო დოლიძემ და ლევან ხოტივარმა გადაიღეს მელოდრამა, „ჭრიჭინა“ (1954), რომელიც იქცა მსახიობ ლეილა აბაშიძის ტრიუმფად. აღნიშნულმა როლმა მას უდიდესი პოპულარობა მოუტანა არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, სადაც ეს ფილმი მილიონობით მაყურებელმა ნახა. ამერიკელმა კრიტიკოსებმა ლ. აბაშიძე თავიანთ „კინოვარსკვლავს“, მერი პიკფორდს შეადარეს.
1955 წელს ეკრანებზე გამოვიდა ახალგაზრდა რეჟისორების – რევაზ (რეზო) ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის მხატვრული ფილმი, „მაგდანას ლურჯა“, რომელშიც ავტორებმა შეცვალეს ლიტერატურული პირველწყაროს ფინალი. ისინი აშკარად დაუპირისპირდნენ კინოში არსებულ სტანდარტებს, მომაბეზრებელ თემებსა და უფერულ სიუჟეტებს. ეკრანზე ცხოვრებისეული მასალის ზუსტად და დამაჯერებლად გადმოცემისა და მისი პოეტური გააზრების უნარი, რომელიც ასე ცხადად, პირველად „მაგდანას ლურჯაში“ გამოიკვეთა, მომავალში, ქართული კინოს ერთ-ერთი მახასიათებელი ნიშანი გახდა. კინოსურათი იქცა გარდატეხის ღერძად ქართულ კინოში. ერთი წლის შემდეგ „მაგდანას ლურჯამ“ მიიღო რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის კანსა (საფრანგეთი) და ედინბურგში (დიდი ბრიტანეთი).
რეზო ჩხეიძის „ჩვენი ეზო“ (1956) მრავალწახნაგოვანი ამბავია თბილისის ერთი დიდი სახლის მცხოვრებლებზე. მასში დოკუმენტური კინოს პრინციპების გამოყენებითაა დახატული სიუჟეტი, რომელშიც ბევრი პრობლემაა დასმული – აღზრდის, მეგობრობის, სიყვარულის, მშობლებთან და მეზობლებთან ურთიერთობის, საზოგადოებაში ადგილის პოვნისა და ა.შ. აქ არის სუფთა მელოდრამატული ხაზებიც, კომიკური ეპიზოდებიც, ტრაგედიაც.
თენგიზ აბულაძის კინოსურათში, „სხვისი შვილები“ (1958) გადმოცემული ამბავი ბევრ საფიქრალს უჩენდა მაყურებელს ადამიანთა ურთიერთობებზე, სულიერ სიმდიდრეზე, მორალურსა და მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე, პირადი საკითხების გადაწყვეტის პროცესში გამოსაჩენ უკომპრომისობებზე. რეჟისორმა თემისადმი ამგვარი მიდგომით დაამსხვრია საბჭოთა კინოში არსებული ტრაფარეტული სქემები და ჰუმანური ხასიათების ბოლომდე გახსნით სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა თხრობა. ფილმმა მიიღო პრესტიჟული პრიზები სხვადასხვა კინოფესტივალზე.
1958 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინოქრონიკის სექტორი დოკუმენტურ-ქრონიკალური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიად გადაკეთდა. ამან გააძლიერა და გააფართოვა კინოს ამ სახეობების შესაძლებლობები საქართველოში.
ქართულ მულტიპლიკაციაში შედარებით ნაკლები კინოსურათი იქმნებოდა და მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია, ვახტანგ ბახტაძის “ხელმარჯვე ოსტატი” (1958), არკადი ხინთიბიძის “ჩხიკვთა ქორწილი” (1959) და “მტრობა” (1959) – საუცხოო ნახატი ფილმები.  
50-იანი წლების მიწურულსა და 60-იანი წლების დასაწყისში ქართულ კინოში მოვიდა ახალი თაობა. მისმა გარკვეულმა ნაწილმა, თავდაპირველად, დოკუმენტურ კინოს მიაშურა და გადაიღო რამდენიმე საყურადღებო კინოსურათი, ხოლო 60-იანი წლების დამდეგიდან შეუდგა მხატვრული ფილმების კეთებასაც. ამიტომაც უწოდეს მათ „სამოციანელები“. ეს ნამუშევრები რადიკალურად განსხვავდებოდა სხვა ფილმებისაგან და დიდხანს ხდებოდა განსჯის საგანი. ახალგაზრდებმა მოიტანეს ახალი თემები, მოიშველიეს სიმბოლიკა, დოკუმენტალურობა, ემოციურობა, ხანდახან ირონიული დამოკიდებულებაც საგნებისა და მოვლენებისადმი, წარმოაჩინეს სამყარო, სადაც სულ სხვა სიტუაცია და რწმენა სუფევდა და ყოველივე ამით უმწიკვლოდ განახორციელეს ქართული კინოს ახალ განზომილებაში გადაყვანის საპატიო მისია. „სამოციანელებს“ განეკუთვნებიან: ოთარ იოსელიანი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლანა ღოღობერიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, თამაზ მელიავა და სხვ.
გიორგი შენგელაიამ ეკრანზე გადაიტანა გურამ რჩეულიშვილის საინტერესო მოთხრობა, „ალავერდობა“ (1962) და უზადო კინემატოგრაფიული აზროვნების ნიმუში წარმოადგინა. მთავარი გმირი კონფლიქტში შედის საზოგადოებასთან – იგი წინ აღუდგება გადაგვარებულ ძველებურ ტრადიციებს და ცდილობს, გამოაფხიზლოს ის ადამიანები, ვინც თითქმის მექანიკურად მონაწილეობს დღესასწაულში.
იმ პერიოდში „სამოციანელთა“ უმეტესობა მოკლემეტრაჟიან მხტვრულ ფილმებს იღებდა, მაგრამ მათგან ყველაზე დიდი წარმატება ხვდა წილად მიხეილ კობახიძის „ქორწილს“ (1964). ეს ფილმი კომედიაა, რომელიც უხმო კინოს პრინციპებზეა აწყობილი და მოულოდნელობის სასაცილო ეფექტებითაა სავსე. მან საერთაშორისო ასპარეზზე (გერმანია, საფრანგეთი, არგენტინა) რამდენიმე ჯილდო მიიღო. „სამოციანელებმა“ მყარად დაიმკვიდრეს ადგილი ქართულ კინოში და 60-იანი წლების მეორე ნახევრიდან ყურადღება გაამახვილეს ადამიანის შინაგანი ბუნების ღრმა ანალიზზე, დადებითი კინოგმირის ძიების პროცესზე. 
სულიკო ჟღენტის სცენარითა და რეზო ჩხეიძის რეჟისორობითაა გადაღებული „ჯარისკაცის მამა“ (1964), რომელშიც უბადლოდ განასახიერა მთავარი როლი სერგო ზაქარიაძემ. ავტორებმა შექმნეს ემოციური და დაუვიწყარი ფილმი, რომელმაც უდიდესი შეფასება და ბევრი პრიზი დაიმსახურა სხვადასხვა კინოფორუმზე.
მწვავე კამათი გამოიწვია ოთარ იოსელიანის ფილმმა, „გიორგობისთვე“ (1966), სადაც რეჟისორმა ტრადიციული თემით – პიროვნების დაპირისპირებით საზოგადოებასთან _ აჩვენა მისი თანამედროვე ცხოვრების მანკიერი მხარეები. საბჭოთა კინოს მესვეურები არ იყვნენ ჩვეულნი ამგვარ მხილებას, ამიტომაც ეს ნამუშევარი ერთხანს მოიხსნა კიდეც ეკრანებიდან. კრიტიკოსების ნაწილმა გაილაშქრა ფილმში გადმოცემული ამბის წინააღმდეგ, მეორე ნაწილი კი აღფრთოვანდა ახალგაზრდა ხელოვნის გაბედული ნაბიჯით. ოთარ იოსელიანმა მიმართა მხატვრულ კინოში დოკუმენტალიზმის ჩართვის პრინციპს და მაყურებლისათვის წარმოსადგენად აიღო ცხოვრების ერთი კონკრეტული სფერო – მეღვინეების საქმიანობა. ეს იყო კრიტიკული რეალიზმი, რასაც საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა. ფილმს მიენიჭა ჟორჟ სადულის პრემია და „ფიპრესის“ (კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის) პრიზი. 
მიხეილ კობახიძის კინოსურათი, „ქოლგა“ (1967) ისევ მოკლემეტრაჟიანი და ისევ უხმო იყო, მაგრამ მისი კადრებიცა და მსახიობებიც უსიტყვოდ მეტყველებენ. კინოსურათმა მთავარი პრიზი დაიმსახურა კრაკოვის (პოლონეთი) კინოფესტივალზე. მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი, „დიდი მწვანე ველი“ (1967), მიეძღვნა ბუნებისა და ადამიანის ურთიერთობის თემას. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების მოტივების მიხედვით გადაიღო ფილმი, „ვედრება“ (1967) თენგიზ აბულაძემ. იგი შეეცადა, ღრმად ჩასწვდომოდა ვაჟასეულ ფილოსოფიას, სიკეთისა და ბოროტების, სიცოცხლისა და სიკვდილის, სინათლისა და სიბნელის დაპირისპირების მარადიულ საკითხებს და გამოეხატა თავისი დამოკიდებულება მათ მიმართ. ფილმმა სან-რემოს (იტალია) კინოფესტივალზე მთავარი პრემია დაიმსახურა.
ელდარ შენგელაიამ რეზო გაბრიაძის ორიგინალური სცენარის მიხედვით გადაიღო უბრწყინვალესი კინოკომედია, „არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), რომელშიც მოთხრობილია პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ერთი მოქანდაკისა და მისი ოჯახის თავგადასავალი. ამ ფილმმა დიდი აღიარება მოიპოვა. 
1968 წელს შეიქმნა საქართველოს ტელეფილმების სტუდია. ქართული ტელევიზია უკვე ათი წლისა იყო და მისი სპეციფიკა მოითხოვდა ისეთი ფილმების გადაღებას, რომლებსაც ცისფერ ეკრანებზე გაუშვებდნენ. მართალია, მანამდეც კეთდებოდა სატელევიზიო მხატვრული და დოკუმენტური ან სამეცნიერო-პოპულარული ფილმები, ამჯერად კი, გეგმაზომიერად წარიმართა შემოქმედებითი და საწარმოო პროცესი. იმ წლის ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზიო ფილმი იყო „სერენადა“ (1968, რეჟ. ქართლოს ხოტივარი).

ნაყოფიერად მუშაობდა დოკუმენტურ-ქრონიკალური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაც, სადაც ახალი თაობის დოკუმენტალისტებმა (ოთარ გურგენიძე, შერგილ შონია, გია ჭუბაბრია, თენგიზ ნოზაძე, ვახტანგ მიქელაძე და სხვ.) ბევრი ღირსშესანიშნავი კინოსურათი შექმნეს.
1961 წელს შალვა გედევანიშვილმა გადაიღო პირველი თოჯინური ფილმი “სიკო და ნიკო”. ამ ათწლეულის საუკეთესო მულტფილმებია: არკადი ხინთიბიძის “წუნა და წრუწუნა” (1962) და ვახტანგ ბახტაძის “ო, მოდა, მოდა” (1968). მულტიპლიკაციაში მოსინჯა ძალა მიხეილ ჭიაურელმაც, რომელმაც გადაიღო “განთიადის მომღერალი” (1968) და “როგორ მარხავდნენ თაგვები კატას” (1969). ქართული კინოს ამ სფეროში ენერგიული საქმიანობა იყო გაჩაღებული და წარმატება წარმატებას მოსდევდა.    
გიორგი შენგელაიას კინოსურათი, „ფიროსმანი“ (1969) გამოჩენილი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის ბიოგრაფიაზეა აგებული და გასაოცარი ხელწერით გვიხატავს ამ კაცის ყოფას, გარემომცველ სამყაროს, ყოველივე იმას, რაც ნათლად აისახა მის შემოქმედებაში. ფილმმა რამდენიმე ჯილდო მიიღო უცხოეთში. მათგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია, ჩიკაგოს (აშშ) კინოფესტივალის მთავარი პრიზი.  
ოთარ იოსელიანმა, რომელიც ილაშქრებდა ყალბი მოჩვენებითობის წინააღმდეგ კინოში, მორიგ ნამუშევარში, „იყო შაშვი მგალობელი“ (1970), დამახასიათებელი დოკუმენტური სიმკაცრით აჩვენა ახალგაზრდა ნიჭიერი კაცის დაულაგებელი ცხოვრება. უდავოდ აღსანიშნავია, ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ბაადურ წულაძის „ფეოლა“ (1970) და მიხეილ კობახიძის „მუსიკოსები“ (1970). ორივე მათგანი ამტკიცებდა, რომ ქართული კინოკომედია ახალ შემოქმედებით სიმაღლეებს აღწევდა.
გიორგი შენგელაიამ გადაიღო პირველი ქართული მიუზიკლი, „ვერის უბნის მელოდიები“ (1973), რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ამერიკულ მიუზიკლებს არც სამსახიობო დონით, არც მხატვრული გადაწყვეტითა და არც თემის ორიგინალურობით.  ელდარ შენგელაიას კომედია, „შერეკილები“ (1973) წარმოადგენდა ფილმ-ზღაპარს თავისუფლების იდეაზე. მაღალი დონის რეჟისურამ, რეზო გაბრიაძის საუცხოო სცენარმა და გია ყანჩელისა და ჯანსუღ კახიძის დაუვიწყარმა მუსიკამ დიდად განაპირობა ამ ნამუშევრის წარმატება. მაშინდელი კინოპროდუქციიდან ცალკე აღნიშვნის ღირსია რამაზ (ბუბა) ხოტივარის „ლაზარეს თავგადასავალი“ (1973), რომელმაც როგორც აუდიტორიის, ისე კრიტიკოსების ყურადღება მოიპოვა.
ნოდარ მანაგაძის „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1974) ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების პოემის ეკრანიზაციაა. ფილმი გვიჩვენებს ადამიანს, რომელშიც თავმოყრილია ქართველი კაცისათვის დამახასიათებელი თვისებები – სიკეთე და გულუბრყვილობა, სამშობლოს სიყვარული და ქალისადმი მოწიწება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა.
1974 წელს ქუთაისში ჩატარდა პირველი რესპუბლიკური კინოფესტივალი. ამისათვის ქუთაისი საგანგებოდ, ვასილ ამაშუკელის საპატივცემულოდ, შეირჩა. საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ, კარგ ტრადიციას. ამის შემდეგ კინოფესტივალები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა და დიდძალ მაყურებელს უყრიდა თავს.
ქართულ კინომცოდნეობაში კარლო გოგოძის მიერ გაკვალული გზა ღირსეულად განაგრძეს: გიორგი ხარატიშვილმა, ოლღა თაბუკაშვილმა, კორა წერეთელმა, ნათია ამირეჯიბმა, გოგი დოლიძემ, ოთარ სეფიაშვილმა, ტატა თვალჭრელიძემ, რუსუდან თიკანაძემ, ირინე კუჭუხიძემ და სხვ. მათ ცალკეულ მონოგრაფიებსა თუ სტატიებში შეფასებულია ქართული კინოს სახელოვანი გზა, კრიტიკული თვალთახედვითაა განხილული მისი ისტორიისა და თეორიის საჭირბოროტო საკითხები.
ოთარ იოსელიანმა ფილმში, „პასტორალი“ (1976) ისევ გააგრძელა თანამედროვე ცხოვრების მანკიერი მხარეების მხილება, ოღონდ მოქმედება, ამჯერად, ქალაქიდან სოფლად გადაიტანა და დაუფარავად აჩვენა გლეხობის არა იდილიური, არამედ საკმაო პრობლემებით დატვირთული ცხოვრება. თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“ (1976) შეიქმნა გიორგი ლეონიძის ამავე სახელწოდების მოთხრობების კრებულის მოტივების მიხედვით. მასში რეჟისორი ისევ დაუბრუნდა სიკეთისა და ბოროტების, სილამაზისა და სიყვარულის მარადიულ თემებს. ფილმი სავსეა არაჩვეულებრივი ფერწერული კადრებით, ხოლო კოლორიტულმა ტიპაჟებმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს თხრობის საერთო დინამიკაში. ირაკლი კვირიკაძის კინოსურათი, „ქალაქი ანარა“ (1976) თავისებური ხელწერის პაროდიაა ახირებულ, უაზრობამდე დასულ ზნე-ჩვეულებებზე, რის წინააღმდეგაც იბრძვის მთავარი გმირი, თუმცა ვერაფერს გააწყობს.
საკმაოდ ორიგინალური, მეტაფორებით დახუნძლული და ახლებური სტილისტიკის ფილმი, „ერთი ნახვით შეყვარება“ (1977) გადაიღო რეზო ესაძემ. კინოსურათს სერიოზული ბარიერები შეექმნა და ერთხანს კითხვის ნიშნის ქვეშაც კი დადგა მისი არსებობის საკითხი, მაგრამ მან მაინც იხილა ეკრანული სიცოცხლე.
სპეციალისტების დაინტერესება გამოიწვია სტუდენტურმა კინომ. მომავალი რეჟისორების საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებში უკვე შეიმჩნეოდა კინემატოგრაფიული სრულყოფილებისაკენ სწრაფვა, პროფესიული ჩვევების ათვისების დაუოკებელი წყურვილი. ასეთ ფილმთაგანია გოდერძი ჩოხელის „ადგილის დედა“ (1977) – საქართველოს მთიანეთის ერთი, თითქმის დაცლილი სოფლის შესახებ გადაღებული სევდიანი მოთხრობა. ხუთი წლის შემდეგ ამ ფილმმა მიიღო ობერჰაუზენის (გერმანია) კინოფესტივალის მთავარი პრიზი. 
ლანა ღოღობერიძის ფილმში, „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) წარმოჩენილია თანამედროვე ჟურნალისტი ქალი, მისი ფუნქციები როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე, მისი შინაგანი ვნებათაღელვანი, გარემომცველი სამყარო და ყოველდღიური პრობლემები. კინოსურათი სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების ფესტივალზე დაჯილდოვდა დიდი პრიზით. 1978 წელს გამოვიდა კიდევ ერთი, ღირსშესანიშნავი ქართული ფილმი – ალექსანდრე რეხვიაშვილის „XIX საუკუნის ქართული ქრონიკა“, რაშიც გამოჩნდა განსხვავებული კინემატოგრაფიული ესთეტიკა.
გიზო გაბესკირიას და გიგა ლორთქიფანიძის ფილმს, “დათა თუთაშხია” (1978) საფუძვლად დაედო ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანი. ეს არის ერთ-ერთი უზადოდ გაკეთებული ეკრანიზაცია. ფილმის ავტორებმა გამოავლინეს სიუჟეტის განვითარებაში აუდიტორიის ჩათრევისა და მასთან ემოციური კონტაქტის დამყარების კარგი უნარი. მათ ოსტატურად გადმოსცეს მთავარი გმირის გულშიჩამწვდომი თავგადასავალი.
კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ არსებულ ორ შემოქმედებით გაერთიანებას 1978 წელს დაემატა ახალი გაერთიანება „დებიუტი“, რომელშიც თავიანთი კინოსურათები უნდა გადაეღოთ დამწყებ კინორეჟისორებს. პირველივე წლებში, ამ ექსპერიმენტულ ქვედანაყოფში გაკეთდა საინტერესო ფილმები, მათ შორის: ნანა ჯორჯაძის  „მოგზაურობა სოპოტში“ (1979), თემურ ბაბლუანის „ბეღურების გადაფრენა“ (1980), გოდერძი ჩოხელის „ბაკურხეველი ხევსური“ (1980).
გაიზარდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიის შემოქმედებითი საქმიანობის არეალი. შინაარსობრივი სიღრმეებით, გამომსახველობის ორიგინალურობითა და მოქალაქეობრივი პათოსით გამორჩეულმა ქართულმა ტელეფილმებმა სერიოზული და ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს სხვა სტუდიების პროდუქციას. სხვებთან ერთად, ამ სტუდიაში წარმატებით მოღვაწეობდა კინორეჟისორი, გურამ პატარაია, რომელიც იღებდა როგორც დოკუმენტურ („შორია გურჯისტანამდე“, „ათონის მონასტერი“ და სხვ.), ისე მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს („რეკორდი“, „სიყვარული, ხანძარი და პომპიერო“, „კუჩხი ბედინერი“), ტელეეკრანებთან რომ იზიდავდა კინოს თაყვანისმცემლებს.
დოკუმენტურ-ქრონიკალური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში, სადაც იქმნებოდა ფასდაუდებელი ისტორიული მასალა, კინოდოკუმენტალისტები შემოქმედებითი გულწრფელობით, ნათელი კინემატოგრაფიული გააზრებითა და ახალი მხატვრული ფორმების ძიების გზით ცდილობდნენ აეგოთ თავიანთი ნამუშევრები. სწორედ ამ ხანებში შეუდგა მწერალი და დრამატურგი, რევაზ (რეზო) თაბუკაშვილი თავისი პუბლიცისტურ-დოკუმენტური ფილმების სერიების გადაღებას. პირველი იყო კინოდილოგია, „ქართველები იტალიაში“, რომელიც შედგებოდა ორი კინოსურათისაგან –  „კვალი ნათელი“ (1978) და „ალპური ვარსკვლავი“ (1979). 
ოთხმოციან წლებში ქართველ კინემატოგრაფისტებს ახალი თაობა შეემატა. მათ უმეტესობას დამთავრებული ჰქონდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი. ისინი „ოთხმოციანელების“ სახელით შევიდნენ ისტორიაში. მათ მოიტანეს ახალი იდეები და გამომსახველობითი ფორმები, რეალობას შეხედეს სხვანაირი თვალით, დააფუძნეს ახლებური ხედვა, გამოიკვლიეს სოციალური ცხოვრების ბევრი ასპექტი.     
ლევან ზაქარეიშვილის სადებიუტო ფილმი, „მამა“ (1983) რთული, ფსიქოლოგიური დრამაა ადამიანთა ურთიერთობებზე. იგი მთავარი პრიზით აღინიშნა ობერჰაუზენის (გერმანია) საერთაშორისო კინოფესტივალზე. 1983 წელს ელდარ შენგელაიამ გადაიღო სატირული კომედია, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ რეზო ჭეიშვილის რომანის მიხედვით. კრიტიკული რეალიზმის მეთოდით რეჟისორმა ამხილა ის ბიუროკრატიზმი, სამსახურეობრივი გულგრილობა, უნიათობა, რაც გამეფებულია ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში და მიანიშნა, რომ ამგვარი „სენი“, სამწუხაროდ, საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, რომლისგან განკურნება საჭიროცაა და აუცილებელიც. თავისი პრობლემატიკით ფილმი მოგვაგონებს კოტე მიქაბერიძის „ჩემს ბებიას“ და თითქოს დანანებით მიუთითებს, რომ ამ უკანასკნელის შექმნის პერიოდიდან დღემდე, ამ მხრივ, თითქმის არაფერი შეცვლილაო. 
დებიუტანტი რეჟისორები მივიდნენ ანიმაციურ კინოშიც და იმთავითვე მიიპყრეს ყურადღება თავიანთი საინტერესო ნამუშევრებით. ლადო სულაქველიძის “მიწა თავისას მოითხოვს” (1983), დავით თაყაიშვილის “ჭირი” (1983), რომელმაც მთავარი პრიზი მიიღო კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანიმაციური ფილმების ნომინაციაში, ლევან ჭყონიას “ჟანგიანი რაინდი” (1984), დავით სიხარულიძის “გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი” (1984) რეალურად ასახავდნენ ახალ ტენდენციებს, რაც ამ ახალგაზრდებმა გამოავლინეს პროფესიულ ასპარეზზე გამოსვლის პირველივე ხანებში.
აბსურდის, ფანტასმაგორიისა და სიურეალიზმის ელემენტებია ერთმანეთში გადახლართული თენგიზ აბულაძის კინოსურათში, „მონანიება“ (1984), რომელშიც გამოიხატა ხელოვნის თამამი პროტესტი ძალადობის, ტირანიის, დიქტატურის, უდანაშაულო ადამიანთა ჩაგვრის წინააღმდეგ. თავად რეჟისორს მიაჩნდა, რომ მოუნანიებლად არ არსებობს განწმენდა და ამიტომაც ისეთი დრამატული ამბავი წარმოადგინა, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. სხვადასხვა მიზეზის გამო ფილმი ეკრანებზე გამოვიდა მხოლოდ ორი წლის შემდეგ და იქიდან მოყოლებული დაიწყო მისი მსოფლიო ტრიუმფი. “მონანიებამ” მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და საკმაო რაოდენობის ჯილდოებიც, რომელთაგან ყველაზე მეტად აღსანიშნავია კანის (საფრანგეთი) კინოფესტივალის ჟიურის დიდი პრიზი.
სერგო ფარაჯანოვმა და დოდო აბაშიძემ გადაიღეს „ამბავი სურამის ციხისა“ (1984), რომელსაც უჩვეულო გამომსახველობითი ფორმა მისცეს. საქართველოს უახლესი ისტორიის თავისებური გადახედვის მცდელობა შეინიშნება გიორგი შენგელაიას ამაღელვებელ ნამუშევარში, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (1984). ფილმმა რეჟისურისათვის ბერლინის (გერმანია) კინოფესტივალის პრიზი „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა.
დოკუმენტურ-ქრონიკალურ და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია 1984 წელს გადაკეთდა კინოსტუდია „მემატიანედ“.
ახალგაზრდულ პრობლემებს ეხებოდა ალეკო ცაბაძის ემოციური ნამუშევარი „ლაქა“ (1985), რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რეჟისორმა გამოიკვლია პიროვნების ადგილი საზოგადოებაში, ჩამოაყალიბა მკვეთრი პოზიცია ამ საჭირბოროტო თემისადმი. 
80-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკურ-იდეოლოგიური ცვლილებები მოხდა. ქვეყანა შევიდა განვითარების ახალ ფაზაში, რამაც ღრმა ზეგავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა სფეროზე. ხელოვნების მსახურებმა მიიღეს შედარებითი შემოქმედებითი თავისუფლება. მართალია, ცენზურა ისევ არსებობდა, მაგრამ მისი მარწუხები უფრო შესუსტდა. ამავე ხანებში, საქართველოში მომძლავრდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რამაც დღის წესრიგში დააყენა განსხვავებული საკითხები და ამოცანები, რომლებმაც კინოს თემატიკაზეც იმოქმედეს. 
სხვებისაგან სრულიად განსხვავებული თემატიკის კინოსურათი, „ფესვები“ (1986) გადაიღო ყარამან (გუგული) მგელაძემ. ესაა საფრანგეთში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტის ამბავი. ფილმის ავტორებმა ორიგინალური კინემატოგრაფიული შტრიხებითა და ნიუანსებით, მხატვრული სრულყოფილებით შეძლეს სამშობლოსაგან მოწყვეტილი ადამიანის სულიერი სამყაროს წარმოჩენა და მისდამი აუდიტორიის თანაგრძნობით განმსჭვალვა. 
1991 წელს საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. დამოუკიდებლობის მოპოვებას თან ახლდა პოლიტიკური მდგომარეობის გამწვავება, ფინანსური კრიზისი, სამოქალაქო დაპირისპირება და საომარი მოქმედებები ქვეყნის რამდენიმე კუთხეში. ცალკეულმა სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა შესამჩნევი დაღი დაასვეს როგორც ყოველდღიურ ყოფას, ასევე კინოს მომავალ განვითარებას. დაიწყო სირთულეებით აღსავსე გარდამავალი ეპოქა. 
ქართულ კინოში რადიკალური ცვლილებები მოხდა: შეწყდა ტრადიციული დაფინანსება, დაიშალა ძველი სტრუქტურები, გაჩნდა ახალი კინოკომპანიები და კინოსტუდიები, მუშაობის გადახალისებისა და ახალ რელსებზე გადაყვანის მიზნით კინოსტუდია „ქართული ფილმი“ ჯერ კინოკონცერნად გადაკეთდა, შემდეგ კი – სააქციო საზოგადოებად. ამ პერიოდის კინოპროდუქციაში დომინირებდა ახალგაზრდა კინორეჟისორების ფილმები, ნაკლებად კომერციული და უფრო მეტად პრობლემატური ნამუშევრები რეალისტური ფერებით, ფორმის უბრალოებით, აქტუალური საკითხების დემონსტრირებით. მათში ჭარბობდა ღირებულებების გადაფასება, პესიმიზმი, იშლებოდა ზღვარი რეალობასა და პირობითობას შორის.
თემურ ბაბლუანის „უძინართა მზე“ (1992) მწვავე ფსიქოლოგიური ტონებითა და ემოციური მუხტებით გაჯერებული სოციალური კინოდრამაა. რეჟისორმა ძირითადი აქცენტები გააკეთა მამა-შვილის სანიმუშო დამოკიდებულებაზე, ზოგადსაკაცობრიო პრობლემასთან შეჭიდებული მეცნიერის დაუღალავ შრომაზე, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრებაზე. ფილმმა რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მიიღო, მათ შორის აღსანიშნავია, ბერლინის კინოფესტივალის “ვერცხლის დათვი”. 
საერთაშორისო ასპარეზზე ისევ წარმატებით გადიოდა ქართული ფილმები. ზოგიერთმა მათგანმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია: დიტო ცინცაძის კინოსურათმა, „ზღვარზე“ (1993) ლოკარნოში (შვეიცარია) „ვერცხლის ლეოპარდი“ მოიპოვა, ხოლო მთავარი პრიზები დაიმსახურეს გიორგი (გიო) მგელაძის ნამუშევარმა, „არა, მეგობარო!“ (1993) ობერჰაუზენსა (გერმანია) და ნანა ჯანელიძის ფილმმა, „იავნანა“ (1994) პეზაროში (იტალია).
ეკონომიკური სიდუხჭირე შეეხო ქართულ კინოსაც, რომელიც არასოდეს განიცდიდა ნიჭიერი თაობებისა და მხატვრულ-შემოქმედებითი დონის დეფიციტს. ფინანსური პრობლემების გამო ფილმების შექმნის პროცესი წლობით ჭიანურდებოდა, მთავრობა საკმარისად ვერ აფინანსებდა სტუდიებს და ამიტომაც ფართო მასშტაბით დაიწყო სპონსორების მოძიება. ხშირი იყო შემთხვევებიც, როცა კინორეჟისორები საკუთარი ხარჯებით იღებდნენ თავიანთ ნამუშევრებს.
ნანა ჯორჯაძის ქართულ-ფრანგულ ფილმში, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996) მონაწილეობა მიიღო ფრანგული კინოს თვალსაჩინო მსახიობმა, პიერ რიშარმა. ეს კინოსურათი აშშ-ის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოზე, „ოსკარზე“ წარადგინეს საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში.
მძიმე ხანა დაუდგა ანიმაციასაც. ამ პერიოდში, საქართველოში მხოლოდ ოთხი ფილმი გადაიღეს: შადიმან ჭავჭავაძის “საზღვრები”, ამირან ისიანის “უძლიერესნი”, მერაბ სალარიძის “ქვეყნის მაშენებლები” (სამივე – 1997) და ბონდო შოშიტაიშვილის “პარადოქსი” (1999). ამგვარი სიმცირის მიზეზი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმართაობა, ფინანსური უზრუნველყოფის უქონლობა იყო. 
XXI საუკუნის დადგომას ქართველი კინოხელოვნები ახალი შემოქმედებითი ჩანაფიქრებით, პროექტებითა და, რაც მთავარია, იმედებით შეხვდნენ. კინოწარმოების მთავარი აქცენტი გადავიდა პატარ-პატარა კომპანიებსა და სტუდიებზე, რომელთა უმეტესობა შეიქმნა დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ. მათ სწორად გააანალიზეს არსებული მდგომარეობა, რომ კომერციული კინო საქართველოში ვერ განვითარდებოდა, რადგან ამის შესაბამისი საკინოთეატრო ქსელი არ არსებობდა, ამიტომ გადაერთვნენ, ძირითადად, ისეთი კინოსურათების გადაღებაზე, რომლებიც ფართოდ წარადგენდნენ ჩვენს კინოხელოვნებას უცხოურ საერთაშორისო კინოფესტივალებზე. ამან თავისთავად გამოიწვია პესიმისტების ძახილი იმის თაობაზე, რომ ქართული კინო მოკვდა, თუმცა დამოუკიდებლობის რამდენიმე წელიწადში, მართლაც, შეუძლებელი იყო ყველაფრის ათვისება, თანამედროვე საზღვარგარეთულ სტანდარტებთან მისადაგება, თემატიკის ერთბაშად გადახალისება. რასაკვირველია, ამას თან ახლდა გარკვეული საწარმოო თუ შემოქმედებითი ხასიათის ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრა არც ისე იოლი გამოდგა.
2000 წელს დაარსდა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, რომელსაც დაევალა ქართული კინოსადმი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, კინოწარმოების, კინოგანათლების, კინოქსელისა და კინოექსპორტის განვითარების ხელშეწყობა, სახელმწიფო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, კოორდინაცია და ა. შ.
2002 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის მიზანია ქართულ აუდიტორიას გააცნოს მსოფლიო კინოხელოვნების ახალი ნიმუშები, ხელი შეუწყოს ქვეყანაში კინოწარმოების შემდგომ წინსვლას. კინოფესტივალი ყოველწლიურად იხვეჭს სახელს და იძენს გულშემატკივრებს. დღესდღეობით იგი ერთ-ერთი პრესტიჟული კინოფორუმია აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით. 
დოკუმენტურ კინოს შეემატა საინტერესო ფილმები: „ხახვის ცრემლები“ (2003, რეჟ. ლევან ღლონტი), „გაფითრებული თებერვლის ლანდი (მარო მაყაშვილი)“ (2005, რეჟ. გია ჭუბაბრია), „ღვინის აკვანი“ (2011, რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი), „ნეტავი იქ თეატრი არის?!“ (2011, რეჟ. ნანა ჯანელიძე) და სხვ.
მხატვრული კინოს წარმომადგენლებმა შექმნეს საყურადღებო ნამუშევრები: „კიდევ ერთი ქართული ისტორია“ (2003, რეჟ. ერეკლე ბადურაშვილი), „თბილისი-თბილისი“ (2005, რეჟ. ლევან ზაქარეიშვილი), „გასეირნება ყარაბაღში“ (2005, რეჟ. ლევან თუთბერიძე), „სამი სახლი“ (2008, რეჟ. ზაზა ურუშაძე), „გაღმა ნაპირი“ (2009, რეჟ. გიორგი ოვაშვილი),  „რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010, რეჟ. ალეკო ცაბაძე), „მესაათე“ (2011, რეჟ. გიორგი მასხარაშვილი), „შემთხვევითი პაემნები“ (2013, რეჟ. ლევან კოღუაშვილი). მათი უმეტესობა სხვადასხვა რანგის საერთაშორისო კინოფესტივალზე სხვადასხვა პრიზით (მათ შორის, მთავარი პრიზებით) დაჯილდოვდა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქალ კინორეჟისორთა მუშაობა – რუსუდან პირველის, რუსუდან ჭყონიას, თინათინ ყაჯრიშვილის, ნანა ექვთიმიშვილისა და სხვათა ფილმებმა უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება და უკეთესი მომავლის რწმენით აღავსეს ეროვნული კინოს მოყვარულები.
კინოსაფესტივალო მოდა საქართველოს უმშვენიერეს ქალაქს – ბათუმსაც გადაედო. 2006 წელს აქ დაარსდა ორი საერთაშორისო კინოფესტივალი – საავტორო ფილმების ფესტივალი და მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალი, „წმინდა ანდრიას ჯვარი“. მათში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იგზავნება საუკეთესო კინოპროდუქცია. 2007 წლიდან განახლდა და საერთაშორისო სტატუსი შეიძინა სტუდენტურმა კინოფესტივალმა, „ამირანი“. ის ყოველწლიურად იმართება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და მასზე წარმოდგენილია სხვადასხვა კინოსკოლის სტუდენტური კინოპროდუქცია. 2009 წლიდან ფუნქციონირებს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „თოფუზი“. მომდევნო წლებში საქართველოში დაფუძნდა კიდევ რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალი.
განსაკუთრებულად გამოსაყოფია ზაზა ურუშაძის კინოსურათი, „მანდარინები“ (2013), რომელმაც „ოსკარის“ ნომინაცია დაიმსახურა. ამას გარდა, ამ ნამუშევარმა და გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძულმა“ (2014), ერთად აღებულმა, იმდენი სინჯის ჯილდო მოიპოვეს, რომ ამით თავისებური რეკორდიც კი დაამყარეს.  
ბოლო პერიოდის კინოპროდუქციიდან აღსანიშნავია: რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“ (2016), ზაზა ხალვაშის „ნამე“ (2017), მარიამ ხაჭვანის „დედე“ (2017), ლალი კიკნაველიძის „კახეთის მატარებელი“ (2018), უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ (2019), მიხეილ კვირიკაძის „ნათლობა იორდანეში“ (2020), ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ (2021) და სხვა ფილმები, რომლებიც კინოს საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენენ. 
ამასობაში, იწერება ახალი სცენარები, მიმდინარეობს მუშაობა ახალ ფილმებზე, მაყურებელი ელის საინტერესო ნამუშევრებს, რომლებიც კვლავაც შორს გაუთქვამენ სახელს იმ ფენომენს, რომელსაც ქართული კინო ჰქვია.

ზვიად დოლიძე,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, 
პროფესორი
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კავეა
საქართველოს ეროვნული არქივი
კავეა+
ქართული ფილმი