უამრავი კატასტროფა და უბედურება, გამოუძიებელი საქმე, რომელიც ამოუცნობ მოვლენად დარჩა, რა თქმა უნდა, იზიდავს დოკუმენტური კინოს რეჟისორებს, მათ ინტერესს. სინამდვილის ძიება სრულიად განსხვავებული დოკუმენტალიზმის სტილსა და თხრობით ფორმას მოითხოვს, ხოლო ფილმი, რომელიც ამოუცნობ კატასტროფაზე გვესაუბრება, წარმოსახვის და რეალობის შედეგის ნახვას ისახავს მიზნად. ტელე და კინომაყურებელი, თანამედროვე დოკუმენტურ კინოში მიეჩვია იმას, რომ მას ხშირად სთავაზობენ დამოუკიდებელ გამოძიებას. ეს წარმოუდგენლად რთული ტვირთია ავტორისათვის, რომელსაც ესა თუ ის ტრაგიკული ამბავი აქვს გამოყენებული დოკუმენტური ფილმის სიუჟეტში. სატელევიზიო დოკუმენტური კინოს ფორმატი, ბუნებრივია, უფრო ხშირად, უფრო მეტი ინტენსივობითაა დატვირთული სიტყვიერი მასალითა და რეპორტაჟისათვის დამახასიათებელი დეტალებით, ვიდრე დოკუმენტური კინო ზოგადად. მით უმეტეს, რომ თანამედროვე დოკუმენტური კინო, რომელიც ფლობს ტექნოლოგიური სიახლეების, ეფექტების ამოუწურავ რესურსს, მოულოდნელობებითა და ვარაუდებით დატვირთული თხრობისას, სწორედ ამ ვიზუალურ რესურსს იყენებს.
და მაინც, სიტყვის გავლენა, მისი სწორად წარმოთქმული ინტონაციის გავლენა, თუ ის ორგანულ თანხვედრაშია გამოსახულების შინაარსთან, ხშირ შემთხვევაში, უცვლელია მაყურებლისათვის. მართალია, მოძრავი გამოსახულების მთავარი ძალა მაინც მისი ვიზუალური არსია, მაგრამ სიტყვა ინფორმაციის დანამატია და სწორედ მას ეკუთვნის ინფორმატიული მისია.
ნოე დუმბაძის დოკუმენტური ფილმი, ,,დიატლოვის ჯგუფის საქმე“ 2024 წელსაა გადაღებული და მისი ნახვით გამოწვეული ერთ-ერთი პირველი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: თავისთავად, საბჭოთა პერიოდში, ამოუცნობ, საზარელ პირობებში მომხდარი ტრაგედია, ექსპედიციის დაღუპვა ურალის მთებში რატომ იქცა ავტორისათვის დიდი საძიებო ინტერესის საგნად. თუმცა, რამდენიმე პირველი ეპიზოდიდან ჩანს, რომ დიატლოვის ჯგუფის საქმე უბრალოდ არც ერთ, ჩვენთვის ნაცნობ ტრაგედიას და შემთხვევას არ მოგვაგონებს, არც თავისი მასშტაბით, არც უცნობი დეტალებით, არც ხასიათით.
ურალში დაღუპული ექსპედიციის ამბავი ძალიან ჰგავს მისტიკურ, შემზარავ შურისძიებას, სადაც უამრავი ვერსია შეიძლება არსებობდეს და ამ ვერსიებზე ავტორი, ბუნებრივია, საუბრობს, თუმცა მთავარი მაინც სხვაა: უცნობი ძალის მიერ კარვიდან ყინვაში გამოტყორცნილი და წარმოუდგენელ მანძილზე, საზარელ მდგომარეობაში ნაპოვნი ცხედრების ამბავი დღემდე პირვანდელ პოზიციაზე რჩება: რეალური მიზეზი მაყურებელმა არ იცის, არც უფროსი თაობის და არც ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებმა.
დიატლოვის ჯგუფის საქმე თითქოს საბჭოთა სისტემის დროს, 1959 წელს მომხდარი ამბის ერთგვარი სახიერი ანალიზია, სადაც ძალზე რთულია როგორც მიზეზის დადგენა, ასევე პირვანდელი რეალობის სწორად ამოცნობა და სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, ეს საქმე ერთადერთია იმ საქმეთა შორის, რომლის არსიც თავიდან ბოლომდე (და არა ნაწილობრივ) საიდუმლოებითაა მოცული. ნოე დუმბაძის ფილმი ჟურნალისტურ გამოძიებასა და დოკუმენტური კინოს დინამიკის ერთგვარ სინთეზს ქმნის. რეჟისორი არ აცხადებს პრეტენზიას სიმართლის გარკვევაზე, თუმცა ამისათვის მხატვრული სადადგმო დეტალებიდან და ვრცელი ეპიზოდებიდან დაწყებული, დამთავრებული პირველი და აქამდე არგაცხადებული ინტერვიუთი საქმის ერთ-ერთ მთავარ მონაწილესთან, ყველაფერს იყენებს, რაც კი ხელს შეუწყობს ხატოვანი და რეალური სურათის აღდგენაში. ამბავი, მართლაც რომ, მისტიკურია. ჯგუფის წევრები უცნობი ძალის მიერ ნაგვემი და, უმეტესწილად, არაბუნებრივ პოზებში აღმოაჩინეს გარდაცვლილები, ურალის მიუვალ მთაში. თავად ექსპედიციას რაიმე ფარული მისიის არავითარი კვალი არ დაუტოვებია. არც ფილმის ავტორის ძიება ადასტურებს ამ ვერსიას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოტივიც გამოკრთა. და მაინც, მთავარი ისაა, რომ სატელევიზიო დოკუმენტური კინოს ძალზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების ძალიდან გამომდინარე, ამ ამბავმა შეძლო მცირე მოცულობის დიდი ტრაგედია განესხვავებინა ჩრდილოეთის დიდი ექსპედიციების ან სხვა ცნობილი შემთხვევებისაგან. არა უბრალოდ დაღუპვა, არამედ არაადამიანური შიშის გაცოცხლება და არც თუ დიდი მასშტაბით ჩვენება შეძლო ავტორმა მიუხედავად იმისა, რომ მაინც, თხრობას (განსაკუთრებით სიტყვიერ მასალას ვგულისხმობ), მნიშვნელოვანი პროფესიული დახვეწა აკლდა ინტონაციურად და წარმოთქმული ლექსიკურ-სამეტყველო მანერის მხრივ.
ფრაზეოლოგიის გამოყენება, სავარაუდოდ, სწორედ ასე წარმოედგინა ავტორს და ეს ნამუშევარს მართლაც მატებს მეტ ინფორმატიულობას, მაგრამ მასში ნაწილობრივ დაიკარგა ის მთავარი, რაც საკმაოდ საინტერესოა მთელი მისი ქრონომეტრაჟის მანძილზე.
ფილმის ავტორმა მიაგნო სატელევიზიო დოკუმენტური ძიებით იდუმალების განცდის გამომწვევ გამოსახულებას, სადაც არ არის გამოყენებული არავითარი თვალისმომჭრელი ეფექტები, არ იბადება უსიცოცხლო სხეულების დაუსრულებელი დემონსტრირებით გამოწვეული მობეზრება და არ იკვეთება ხელოვნურად შექმნილი ვერსიების მიმართ უნდობლობა. პირიქით, თავად ამ ტრაგედიის ჩვენების თანაფარდობა და გამოსახულებაში არსებული ფოტომასალის არჩევანი, ისევე როგორც სადადგმო დეტალების სიმწირე, ძალზე საინტერესო, ქმედითი და ექსპრესიულია, ვინაიდან მასში, ყოველ ამ ეპიზოდსა და კადრში, ცოცხლობს მთავარი – შიში. შიში კი, როგორც ჩანს, ამ ფილმის უკვე გარდაცვლილი გმირებისა და ასევე ცოცხლად დარჩენილი გმირისათვისაც მთავარი მამოძრავებელი და რეალურად არსებული პერსონაჟია, ვინაიდან სწორედ მან, დოკუმენტური კინოსთვის ასე ნაცნობმა, მაგრამ იშვიათად კარგად გაცოცხლებულმა გრძნობამ, ამჯერად, მოახერხა ეპოქის გაცოცხლებაც, ცხოველმყოფელი საზარელი და პირველყოფილი ინსტინქტების წარმოჩენაც და იმის ახსნაც, რა შეუძლია შიშით გამოწვეულ ძალას, რომლის შესახებაც, ჩვენ არც ფილმის ფინალში ვიცით ბევრი რამ, თუმცა ვნახეთ მთავარი: დოკუმენტურმა კინომ ეს განცდა ცოცხლად შემოგვინახა, უფრო სწორად, გააცოცხლა და მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო.
უამრავი სატელევიზიო ნამუშევარი, რეპორტაჟად ქცეული ფილმები, დიდი შრომისა და ეფექტების ხარჯზე, როგორც წესი, რთულად ახერხებენ რომელიმე ინსტინქტის ამგვარად ხორცშესხმას ან ცოცხლად წარმოჩენას. სამწუხაროდ, ეს თანამედროვე სატელევიზიო დოკუმენტური კინოს (მსოფლიო მასშტაბით) მახასიათებლად იქცა. მართალია, არ შეიძლება ნებისმიერ ნამუშევარზე საუბარი, მაგრამ ტენდენცია არსებობს. როგორც ეგვიპტის პირამიდების საიდუმლოს ათასი ვერსიისადმი იკარგება ინტერესი ამ გზით, ასეთივე სამწუხარო ,,წარმატებით“ ხდება კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი (მაგალითად, წარღვნის) სხვადასხვა ვერსიის ნაძალადევი შეთავაზება მაყურებლისთვის დოკუმენტური ,,მოვლენათა მოდელირების“ გზით და ყოველივე ეს უკვე მოდური გზის მომაბეზრებელ ერთფეროვნებად იქცა. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა ავტორის მორიდებულმა მცდელობამ, მიუხედავად აშკარა ხარვეზისა სიტყვიერ საავტორო რიგში, ჩემთვის ახალი და სრულიად ბუნებრივი მნიშვნელობა შეიძინა მხატვრული გამოსახულების მიმართულებით – მან შეძლო მარტივად და ყოველგვარი ხელოვნურად გაზვიადებული სანახაობრივი მიგნებების გარეშე, ეჩვენებინა იდუმალი ტყის ავისმომასწავებელი ხედები, ადამიანური შიშის სახე, მარტოობა, ფოტომასალა, რომელიც რამდენიმე კადრით მოხვდა მაყურებლის ფოკუსში და ასე ეთქვა ჩვენთვის, თუ როგორ ცოცხლობს შიში, რა ძალა აქვს მას, რა შეიძლება იყოს მისი, ასე ვთქვათ, მხატვრული ექვივალენტი და მარტივი შესატყვისი დოკუმენტურ ეკრანზე, ბუნებრივი ხმაურების და თოვლიანი მარტოობის განცდის შექმნით. თავად ექსკლუზიური ინტერვიუც, რომელსაც ავტორი წარმართავს ფილმის გმირთან, ცოცხლად გადარჩენილ მაძიებელთან, ამ შიშისა და ვერსიების ყველაზე მინიმალისტური მხატვრული სახეა – პორტრეტად ქცეული ანალიტიკა, რომელიც თავისთავად გვითრევს თხრობაში.
ამ გზას შეუძლია დააბრუნოს დოკუმენტური კინო თავის პირველად ბუნებასთან – ბუნებრივი განცდის ცოცხლად შექმნის ან შენახვის იმ უნართან, რომელიც მას გამოარჩევდა XX საუკუნის 20-იან წლებში, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იქმნებოდა ეფექტები, განცდის გასაძლიერებლად, რაც თავის ყველაზე დიდ გამოვლინებაშიც კი შეიძლება მომაბეზრებელი იყოს.
ქეთევან ტრაპაიძე