არარეალურად რეალური

ყველა იმაზე ქმნის ნაწარმოებს, რაც იცის და განუცდია და არ აქვს მნიშვნელობა სიუჟეტს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რუსუდან გლურჯიძის ფილმი, „სხვისი სახლი“ (2016) არც აფხაზეთსა და მის კონფლიქტზე და არც აფხაზებზეა. ეს ფილმი ავტორის პირად განცდებზეა, იმ შეგრძნებაზე, რომელსაც შენი გარემოს შეცვლა იწვევს, როცა ხალისიანი და ნათელი, შენი მშობლიური ქალაქი ფერებს დაკარგავს, ინსტიტუტში მიმავალ სტუდენტს ყურთან ტყვია ჩაუწივლებს, როცა ერთ დროს ადამიანების ურთიერთობებით გამთბარ შენობებში საშინლად აცივდება და გრძნობ, რომ შენივე გარემოში უცხო აღმოჩნდი. ეს 1990-იანი წლებია. ომი თბილისში, მერე – აფხაზეთში, იქიდან ჩამოსული დევნილები და მათი ჩამოტანილი ამბები დაუჯერებელი სისასტიკისა თუ თავდადების შესახებ, სიცივე, სიბნელე, შიმშილობის ზღვარი, იარაღის ჟღარუნი, პანაშვიდები, ნავთის სუნით გაჟღენთილი შენობები და შეგრძნება, რომ ნისლზე დადიხარ და არ იცი, ყოველ მომდევნო ნაბიჯზე დაგიჭერს თუ არა მიწა.

ეს დავინახე და ვიგრძენი რუსუდან გლურჯიძის ფილმში და არა უშავს, თუ ავტორი ამას სხვა სახელს არქმევს. არ ვიცით, როგორ ცხოვრობენ და რას გრძნობენ ომის შედეგად დაცარიელებულ ქართულ სოფლებში შესახლებული აფხაზები, მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ და ისიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ასეთი ვარაუდია „სხვისი სახლი“. კარგია, რომ ფილმში არც ერთხელ არ ისმის სიტყვა „ქართველები“. „ისინი“ – ასე ახსენებენ მათ ფილმის პერსონაჟები, რომელთაც არ ეტყობათ სადაურები არიან. ამას ნებისმიერი ეროვნება შეიძლება შეუსაბამო. ეს ეხება იმ პერსონაჟ ქალსაც, რომლის ეროვნებაც აქცენტირებულია სამეტყველო ენით – ის რუსია. ასეთი ადამიანები ყველგან არიან, ყველანაირი ადამიანები არსებობენ რუსებშიც, ქართველებშიც, აფხაზებშიც. ფილმის ავტორები (სცენარისტები: რუსუდან გლურჯიძე და დავით ჩუბინიშვილი), ზოგადად, ადამიანებზე გვიყვებიან და ეს კარგია. ამიტომ მიიღო ეს კინოსურათი უცხოელმა მაყურებელმა. ფილმის ყურებისას ის არ ფიქრობს იმაზე, როგორაა „გამოყვანილი“ აფხაზი და როგორ ქართველი, რეალურ ამბებს გვიყვება ფილმი თუ მის ვარაუდებს გვიჩვენებს.

პირველი შთაბეჭდილება, რომელსაც ეს კინოსურათი ქმნის, მისი ვიზუალური მხარის დამსახურებაა (ოპერატორი – გორკა გომეს ანდრეუ, მხატვარი – გოგი მიქელაძე). ფერებჩამქრალი ყოფილი სამოთხე – ეს ის გარემოა, სადაც მოქმედება ვითარდება. „რა სილამაზეა“ – ხშირად იმეორებენ ფილმის პერსონაჟები, თუმცა უყურებ და არ გინდება ყოფნა იმ წვიმიან, უკაცრიელ, მიუსაფარ სილამაზეში, სადაც ადამიანებს რაღაც დანაშაულის თუ ცოდვის შორეული განცდა იპყრობთ, მოსვენებას უკარგავთ. ზოგი მეტადაა გახსნილი ამ შეგრძნების მიმართ, ზოგიც ნაკლებად. ამ შეგრძნების გამო ვერ მოისვენა ახალ სახლში ფილმის გმირმა, ასტამურმა, რომელიც სოფელში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა საცხოვრებლად. თვალშისაცემია ამ მიტოვებული სახლების იდუმალება, მტვრიანი და ნახევრად ჩაბნელებული ინტერიერები, რომლებიც თითქოს ჯიუტად არ იღებენ ახალ მცხოვრებლებს.

აქ ის ამბავი მახსენდება, როგორ შეასახლეს ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ხალხი (და ქართველებიც) 1944 წელს დეპორტირებული ვაინახების (ჩეჩნებისა და ინგუშების) დაცარიელებულ სოფლებში და მხოლოდ 13 წლის შემდეგ დაიწყო მათი რეაბილიტაციის პროცესი. მართალია, გადმოცემის თანახმად, სამშობლოში დაბრუნებულ ინგუშებს ქართველებმა სიტყვის უთქმელად დაუცალეს სახლ-კარი, რომელშიც უკლებლივ ყველა ნივთი ადგილზე იდო, ბოსლებში კი საქონელი იდგა თავისი ნამატით, მაგრამ მაინც თავს როგორ გრძნობდნენ მაშინ იქ, ქართველები, იმის მიუხედავად, რომ ამ ხალხის გადასახლებაში მათი ხელი არ ერია? დადიოდნენ დაბნეულები სოფელში ასტამურივით თუ მკლავები დაიკაპიწეს მისი ცოლივით? შესაძლოა, ერთიც და მეორეც, თუმცა, როგორც ჩანს, ძველი პატრონების ნივთები არ მიუთვისებიათ. ისინი, როგორც თავად სახლები, ბოლომდე სხვისი დარჩა.

იმის მიუხედავად, რომ ფილმის ტიტრებში ასტამურის პერსონაჟი (ზურაბ მაღალაშვილი) ჩამონათვალში პირველია მითითებული, ის მაინც ვერ ასრულებს მთავარი გმირის ფუნქციას. ფილმი მისი ოჯახის სოფელში ჩასვლით იწყება და მაყურებელი ელის, როდის გაირკვევა, თუ ვინ არის მთავარი გმირი, ვისი ამბავი ავითარებს სიუჟეტს, ვის უნდა რაღაცის მიღწევა, რომელიც ან გამოუვა, ან არა. ასტამური კი არ მოქმედებს. ის მხოლოდ დადის და აკვირდება. მთელი ფილმის განმავლობაში მან მხოლოდ ორი გადაწყვეტილება მიიღო დასაწყისში და ბოლოში: ჩამოვიდა და გაემგზავრა. არც მისი ხასიათის გარდაქმნა გვინახავს. პირველივე სცენებიდან ჩანდა, რომ ის აქაურობას ვერ შეეგუებოდა. სამაგიეროდ, ფილმში სხვა პერსონაჟები არიან აქტიური, გადაწყვეტილებების მიმღები, განსაკუთრებით, მეზობელი ქალები: ირა, აზიდა და აზიდას მოზარდი ქალიშვილი. მათ, თითქოს, დიდად არ უნდა ეხამუშებოდეთ სხვის სახლში ცხოვრება (თუმცა ამ სახლებში ცხოვრებისათვის ყველას ფული აქვს გადახდილი). ამ ქალებს უფრო უკაცობა აწუხებთ: აზიდამ (ია სუხიტაშვილი) დაკარგა ქმარი, მისმა ქალიშვილმა – მამა. მამაკაცურად ჩაცმული ირა (სალომე დემურია) ცდილობს უპატრონოს დას და დისშვილს, როგორც მშობელი მამა უპატრონებდა ოჯახს საომარ სიტუაციაში, იარაღით ხელში. თანაც, ირა ხომ უზადო მსროლელია. ერთი მხრივ, სოფელი ცარიელია და კარგია, როცა ვინმე ჩამოდის საცხოვრებლად, მეორე მხრივ, ირას არ უნდა, რომ მის გოგოებს რაიმე სახის საფრთხე დაემუქროს და მზადაა გასაყიდი სახლები გადაწვას, რათა იქ ვინმე უღირსი არ ჩასახლდეს. ის ამბობს სწორედ ფრაზას იმის შესახებ, რომ თვითონ ქართველებს დაბრუნების იმედი ჰქონდათ და ამიტომ არ მისცეს ხანძარს გაქცევის წინ საკუთარი სახლები.

ბოლოს და ბოლოს, ყველა ომი მთავრდება. ერთი მხარე იმარჯვებს, ხოლო მეორე მარცხდება. მხოლოდ ამის შემდეგ გამოიკვეთება, რეალურად რა ფასი გადაიხადა გამარჯვებულმა მხარემ მაშინ, როცა დამარცხებულმა კარგად იცის, რაც დაკარგა. ფილმიდან ვიგებთ, რომ ახლახან დამთავრებულ ომს დაუნგრევია არა მარტო დამარცხებულების, არამედ გამარჯვებულების ცხოვრება. ზოგს ახლა კლავენ ქუჩურ გარჩევებში, ზოგი მაწანწალა მათხოვრად ქცეულა, ზოგი თავის ადგილს ეძებს, ზოგს კი სიყვარულისა და ადამიანების აღარ სჯერა. არც ბავშვები არიან უკეთეს მდგომარეობაში. მათზე კიდევ უფრო დამთრგუნველად და დამაბნევლად მოქმედებს მშობლების მდგომარეობა. თითქოს ისინიც გრძნობენ იმ მიუსაფარ მარტოობას, რომელიც ზოგჯერ (როგორც აზიდას შემთხვევაში) სასოწარკვეთაში გადადის. ამ იარების მოშუშებას წლები სჭირდება. დღეს, რეალურად, წლები გასულია, მაგრამ ჩვენ, მაყურებლებმა და ფილმის ავტორებმა არ ვიცით, ახლა რა ხდება იქ, როგორც ფილმში გმირებმა არ იციან, რა ხდება დანაღმული მინდვრის იქით, სადაც ჩიტები დაფრინავენ და სადაც ქართველები გაუჩინარდნენ.

შესანიშნავი სცენაა, როდესაც ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში შედის ვიღაც უცნობი შაოსანი ახალგაზრდა ქალი (სავარაუდოდ, ქართველი). მას სახლიდან გამოაქვს რაღაც პატარა ნივთი, რომელიც სათუთად ჩაუკრავს გულში. მერე ვიგებთ, რომ ამ ქალს ის დანაღმული გზა აქვს გამოვლილი, რომლის მშვიდობით გავლასაც დიდი გამართლება სჭირდება. ქალი უკან ბრუნდება და არც მაშინ ისმის აფეთქების ხმა. როგორც ჩანს, მან კვლავ მშვიდობით გაიარა ის დანაღმული გზა.

რეჟისორმაც ასეთივე წარმატებით გაიარა იმ ზღურბლზე, სადაც ერთ მხარეს მისტიკა და მოჩვენებებითა თუ სულებით დასახლებული გარემოა, რომელიც სულ სხვა კინოში გაგდებს და მეორე მხარეს დაუნდობელი რეალობის სუბიექტური აღქმა. აქ იმდენად რეალურია ყველაფერი, რომ არარეალურად გამოიყურება. განწყობის ასე ოსტატურად შექმნაში, გამოსახულებასთან ერთად, ხმისა და მუსიკის (დუშან მაქსიმოვსკი, ალექსეი ვორობიოვი) დიდი დამსახურებაცაა, რომლებიც ზუსტად გამოხატავენ ავტორის ჩანაფიქრს. ის ისმის და არც ისმის, ამქვეყნიურია და, ამავე დროს, დაუჯერებელი და შეესაბამება ფილმის ტემპო-რიტმს. ამის მიუხედავად, თხრობის ტემპის შეუცვლელად, ფილმის ქრონომეტრაჟის (103 წუთი) შემცირება მეტად შეკრავდა მას.

შთამბეჭდავია ფილმის ბოლო სცენები: სახლის კიბე ნისლში და იქ ჩამომჯდარი, თეთრკაბიანი ირა; ზედხედიდან გადაღებული სოფლის გზა, სადაც საღამოს ბინდ-ბუნდში ერთმანეთს მისდევენ მარტოდ დარჩენილი ქალები; და კვლავ ირა, რომელიც ქართველებისაკენ მიმავალ დანაღმულ გზაზე გადადის და გვაფიქრებინებს, ის ხომ არ იყო აქ მთავარი გმირი?

ქეთევან პატარაია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *