გადაარჩინეთ ჩვენი სულები

ქართული კინო რომ ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია და რომ ახალ განზომილებებში არსებობს, ბოლო წლებში გადაღებულ არცთუ ბევრიდან, რამდენიმე ფილმი გვარწმუნებს. რა თქმა უნდა, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ სურვილსა და რეალობას ილუზიებით ვერ შევცვლით. საიმედო „ამოვარდნები“ კი, ახალი თაობის რეჟისორების (ნაწილის) – არაბანალური, დაუშტამპავი, თავისუფალი აზროვნებისა და ხედვის ნიშნად შეიძლება მივიღოთ.

ასეთი „დამრღვევი“ აღმოჩნდა კოტე კალანდაძის ფილმი, „დრამერი“ (2022), მისი და კეკო (ეკატერინე) ჭელიძის სცენარით, რომელმაც სხვადასხვა თაობის მაყურებლის ყურადღება, სხვადასხვა მიზეზითა და ინტერესის არეალიდან გამომდინარე, მიიქცია. იგივე მოხდა ამ შემოქმედებითი დუეტის, ასევე ერთობლივი სცენარით გადაღებულ დოკუმენტურ კინოსურათზე – „მკვდარი სულების არდადეგები“. ამ შემთხვევაში, პირიქით – კეკო ჭელიძის რეჟისურით.

„დრამერი“ მუსიკალური ანდერგრაუნდის ცხოვრების შესახებაა, მეტ-ნაკლებად თვალს მიფარებული სამყაროს შესახებ, რომლის კულისებისა თუ თავად ანდერგრაუნდის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუ მუსიკოსი ან მათთან მიახლოებული პირი არა ხარ. სამაგიეროდ, ნაცნობია კოტე კალანდაძისათვის, თავადაც მუსიკოსისა და სფეროში აქტიურად ჩართული ხელოვნისთვის. ამდენად, მან ზუსტად იცის, რა ხდება და რას ეძებს ამ სივრცესა და სფეროში. შედეგად იგი ქმნის ალტერნატიული მუსიკალური ჯგუფების ზოგად პორტრეტს (ორი ათეული წლის წინანდელისაც და თანამედროვესიც), ააშკარავებს „კანონიკური“ – ცხოვრების პარალელურ, ალტერნატიულ „სინერგიას“, მედიუმის –  ახალგაზრდა დრამერის, ნიკოს (ლაშა ცქვიტინიძე, ბავშვობაში – ლუკა კალანდაძე) გარშემო. გარშემო კი ის რეალობაა, რომელსაც თან გაურბიან და თან ავანგარდში გადანაცვლება უნდათ ფილმის სხვა პერსონაჟებსაც, საკუთარი წესებით, საკუთარი წესრიგის შექმნის მცდელობით.

რეჟისორ ლაშა ცქვიტინიძის, კომპოზიტორ გოგი ძოძუაშვილის გარდა (რომლის მუსიკაც, კოტე კალანდაძის ბენდთან ერთად, ფილმში ქმნის ნიშანთა თავისთავად სისტემას), „დრამერის“ სხვა მონაწილეებიც, თუ არ ვცდები, ნიკა გორდეზიანის გარდა, ძირითადად, ან მუსიკოსები არიან, ან არაპროფესიონალი მსახიობები – ნატა სოფრომაძე, სანდრო ცქიტიშვილი, გიორგი გვარჯალაძე, ვალენტინ კალანდაძე, კირა ჩაჩავა, აჩი კევლიშვილი, ნიკა მესხი, იოანე ყიფშიძე და სხვები. მათი ფაქტურა, ტიპაჟი, ქცევის ბუნებრივი მანერა, პლასტიკა, ცხოვრების ეპიზოდები წარმოადგენენ საზოგადოების სიჭრელესა და მრავალსახოვანებას.

გიორგი ძოძუაშვილის კოღო – რეალობის მეტყველ მეტაფორადაა ქცეული. ის – სისტემის მსხვერპლი და მართული იარაღი – როგორც მაცდური, ხდება ნიკოს (რომელიც დაიღალა და ცდუნებას ვერ უძლებს) ცხოვრებისათვის საბედისწერო დრამატული გეზის ერთ-ერთი მიმცემი. ბედისწერა კი, გაუბედავ არჩევანთან ერთად, დრამერს ფეხდაფეხ დასდევს.

კოტე კალანდაძის ფილმი როკ-მუსიკოსების სამყაროში ასე პირდაპირ შესვლის პირველი კინოშემთხვევაა. ნაწილობრივ, დოკუმენტურ მასალასაც მოიცავს, მაგრამ გადაღებულია არადოკუმენტური ხერხებით, აწყობილია უწყვეტი და წყვეტილი, თითქოს უწესრიგო და არალოგიკური ბმებით, კადრების „კლიპური“ ნახტომებითა და ასეთივე მონტაჟით (მონტაჟი – კოტე კალანდაძე, ლევან კუხაშვილი).

რასაც „დრამერში“ უკრავენ და როგორც უკრავენ/ასრულებენ, მხოლოდ მუსიკა არაა, არაა მხოლოდ რეპეტიციის თუ კონცერტის ჩანაწერი, არაა რომელიმე საკრავის, ასეთი თუ ისეთი ჟღერადობა ან ინდივიდუალური საშემსრულებლო უნარებისა თუ ტექნიკის, სტილის გამოსახვის მანერა. არაფერია იმაზე მეტყველი, მრავალმნიშვნელოვანი, ვიდრე მუსიკა (როკი, ჰარდ როკი თუ ნებისმიერი სხვა), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას, თავისთავადაც და კონტექსტშიც, რეჟისორი საგანგებოდ იყენებს, მნიშვნელობით ტვირთავს და ზუსტ გზავნილებს აგზავნის არაზუსტ, არაკონკრეტულ სივრცეში, განუსაზღვრელ დროში. ყველას გასაგონად, თანხვდენილ თუ კონტრაპუნქტულ კავშირში. როგორც სინამდვილეში, მუსიკა ფილმშიც ასახავს მდგომარეობას, რომელშიც ეს ადამიანები (მუსიკოსები) იმყოფებიან, განცდებს, რომლებსაც არ ახმოვანებენ, მაგრამ შინაგანად ატარებენ, ფიქრებს, რომლებსაც „ფიქრობენ“ და დღეებს, რომლებსაც უკვე აღარ ითვლიან.

რა თქმა უნდა, ხელოვნის/მუსიკოსების ბედი, მათი არჩეული გზები და ბილიკები, და ზოგადად, არჩევანი, მათი მუსიკაც და მუსიკის ამგვარობის არსიც მნიშვნელოვანია, მაგრამ კოდები, რომლებიც ამ ყველაფერს ერგებიან, უფრო მეტსა და მნიშვნელოვანს შეიცავენ, გაშიფვრას საჭიროებენ, დეკოდირებას, ფილმის ქსოვილში არსებული შრეების ამოხსნას. აქეთ მიმართულ კინოენაზე კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის რაღაც განსხვავებულისა და ახალი სამეტყველო ნაკადის მაუწყებელია. თან ფილმი მუსიკალური ტაქტებისა თუ ტემპო-რიტმის შესატყვის ტემპო-რიტმზეა აწყობილი, თავისი ჰარმონია აქვს და ისევე „აჩეხილია“, როგორც როკ-მუსიკა.

„დრამერში“, ერთი შეხედვით, ბევრი რამ ნაცნობია. ციტატები ან ციტატების პაროდირება ფილმებიდან. ნაცნობია პერსონაჟების ზოგადი მახასიათებლები და ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობა, მაგრამ კოტე კალანდაძე არსებულ სქემებსა და „ტრადიციებს“ არღვევს, ახალ და მოულოდნელ შეფერილობას ანიჭებს, განსხვავებულად შტრიხავს, სხვა „მარცვალზე“ მახვილის დასმითა და ხედვის, აღქმისა და არსის ნიშნების შეცვლით, პერიფრაზირებით, ცვლის მზერის კუთხეს და სხვა ყალიბს არგებს.

რეჟისორი თხრობას ცენტრიდან გაშვებულ რამდენიმე კონცენტრირებულ სხივსა და პარალელურ ხაზზე აგებს. პარალელური ხაზებიც, დასაწყისშივე იკვეთებიან და სამყაროსა თუ ნიკოს შინაგან ქაოსს, შფოთვებს, უსუსურობას, ასე თუ ისე, აწესრიგებენ.

სწორედ ასეთ ფონზე და ცენტრში აქტიურდება ნიკოს – ბევრთაგან ერთ-ერთის –  ახალგაზრდა კაცის პირადი დრამა, ცხოვრების რამდენიმე შრე რთული პასეანსივით ეწყობა –  როგორც მუსიკოსის, როგორც შვილის, როგორც შეყვარებულის, როგორც ქარხნის მუშის, როგორც წარმოსახულ სამყაროში, ფუჭ ოცნებებში მცხოვრებისა და ბავშვობის ტრავმებისგან გაუნთავისუფლებული ადამიანისა.

რონინის – იაპონელი სამურაის (სამურაის არცთუ სრულყოფილი და დადებითი კატეგორია) გამოსახულება, შემთხვევით, „განგების ძალით“ ნაპოვნი სურათი – ნიშანი – ნიკოსთვის ერთადერთ თავშესაფრად, სინამდვილიდან გაქცევისა და თავდახსნის, არსებული რეალობის არარსებულით ჩანაცვლების საკრალურ გზად იქცევა. შეიძლება, ალტერ ეგოდ. წარმოსახვაში მოქცეული, მაგრამ საიმედო. სინამდვილისა და აუტანელი ყოფის ალტერნატივა. რაც არ შეუძლია ნიკოს – რონინს შეუძლია. კონტრგმირი, რომელიც მუსიკის ძალასაც და დრამზე ოცნებასაც ჯობნის.

ეტლში მჯდომი და მეტყველების უუნარო მამა. მამის წიაღის (თუნდაც, დაკარგულის) თავისებური ვარიაცია, მეტაფორა და ამ საწყისებთან მიბრუნების შესაძლებლობა. ქართულ კინოში მიღებული მამა-შვილის ანტაგონისტური, დისჰარმონიული ურთიერთობის ალტერნატივა (იშვიათი გამონაკლისის გარდა). ნიკოსა და მამის კავშირი, მართალია, პატარა, მაგრამ კიდევ ერთი საიმედო თავშესაფარია (ორივე მხარისათვის), მამისათვის მინიჭებული, თუნდაც, მცირე სიხარული – ფილმის ერთ-ერთი განსაკუთრებული გზავნილია. თავისუფლებისა და ოცნების მსუბუქი გამოქროლება.

ასეთ განწყობებს ზუსტად ერგება ადგილები, რომლებშიც მოქმედება ხდება და ვითარდება, რომლებიც ყოფის, თითქოს რეგისტრებად დაყოფილი გარემოებებისა და სოციალური ნიშნების შემცველია (მხატვარი პოლინა რუდჩიკი), რაც ნათელს ხდის ატმოსფეროს თავისთავადობასა და სპეციფიკურობას. მაგრამ პრობლემების აღქმა, ნახევრად ბნელში ჩაძირულობის, მონოქრომულობის პირობებშიც კი, წინააღმდეგობრიობის მიუხედავად, თავისუფალია გამოუვალობის განცდისაგან. პასეანსიც ბოლოს სხვაგვარად გაიშლება.

ვასილ დოლიძის კინოკამერაც უპრობლემოდ და ღრმად აღწევს ნიკოსა და საზოგადოების ცხოვრების შუაგულში, თითქოს ფრაგმენტებად გამოგლეჯს ამ რეალობისა თუ წარმოსახული რეალობის, ხმამაღალი ფიქრებისა თუ ფანტაზიების ამსახველ, თითქოს ნეიტრალურ ეპიზოდებს, მაგრამ თვითონაც ნეიტრალური და „განზე მდგომი“ რჩება.

კადრსმიღმა ხმა – ნიკოს ფიქრების გამომხატველია. გახმოვანებული და პლასტიკაში გამოსახული ფიქრის ანაბეჭდები, ხალიჩისებურად, თანაბრად გამოკვეთილი მჭიდრო ფიგურებით აწყობილ ან ცარიელ ზედაპირზე. თითქოს გახუნებული, გაცრეცილი, ჩაბნელებული გამომსახველი კადრების რიგი და მონაცვლეობა. ფიქრები სახიერ, კონტრაპუნქტულ ანაბეჭდებში. ფოტოსინთეზი – პირიქით..

ისევე, როგორც ყველაფერი, სიყვარულიც (რომელიც შეიძლებოდა ბედნიერების მომტანი ყოფილიყო) დრამად იქცევა და მეტ განსაცდელსა და პროლემებში ხლართავს ისედაც ხაფანგში გაბმულ ნიკოს, რომელიც მორიგ და მორიგ, ურთიერთგამომდინარე შეცდომებს უშვებს და რომლის წინააღმდეგაც სისტემის მექანიზმები უკვე ამოქმედებულია.

მოვლენების განვითარების პროცესში ნიკოს გარდასახვა იწყება. თითქოს ისევ უემოციო, პასიურია, არ იწყებს ამბოხს, არ იქცევა რონინად, მაგრამ მასში მსუბუქად იბადება ან მჟღავნდება პროტესტი ყველაფრის მიმართ, რაც თავს გადახდა, რაც ხდება ან/და მოხდება. რაღაც აშკარად იცვლება. რაღაც აშკარად აღარ დარჩება ისე, როგორც იყო.

ფილმი პრობლემების ჯაჭვურ რიგს მოიცავს – მუსიკის (და არა მარტო) სფეროში დასაქმებული, რეალურად, დაუსაქმებელი და რაღაც კუთხით, არარეალიზებული ადამიანების განწირულობა, ნარკოდამოკიდებულება, აქედან გამომდინარე, კიდევ სხვა პრობლემები; ურთიერთობა – სახელმწიფოსთან, პოლიციასთან, კანონთან, უკანონობასთან; წინაღობები, დევნა/ბულინგი ბავშვობაში და შემდეგ, ზრდასრულობაში – სისტემად ჩამოყალიბებული რეჟიმის მხრიდან. ურჩხულები – რომლებიც ბადებენ ახალ ურჩხულებს, სისტემა – რომელიც კლავს, ნარკოტიკი – რომელიც ანადგურებს… მის საშინელ „ხმებს“ მუსიკაც ვერ ახშობს. ვერ ფარავს. დრამის ხმამაღალი დარტყმებიც კი.

ასეთ გარემოცვაში, ასეთ პირობებში, როდესაც პასუხისმგებლობის კვალსაც ვერსად აღმოვაჩენთ, ადამიანების/ახალგაზრდების ამგვარი ცხოვრება არც გასაკვირია და არც გასაკიცხი. სინამდვილის წინააღმდეგობრიობასა და პრობლემებს, რომლებშიც საზოგადოება მთლიანადაა ჩაფლული, ძალიანაც რომ გვინდოდეს ვერსად გავექცევით.

და როდესაც ამ საზოგადოებას ვუახლოვდებით და ვაკვირდებით, გიტარების აკორდებში, დასარტყამი ინსტრუმენტების ხმებში ჩაკარგულ მათ ჩუმ, უთქმელ, გაუმხელელ სასოწარკვეთილ ძახილსაც გავიგონებთ – S.O.S.,რადგან ნეტარ არიან მხოლოდ მშვიდნი.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *