გაისროლა

„პატარა ადამიანი“ კაცობრიობის დასაბამიდან არსებობს, მაგრამ ბოლო ორ საუკუნეში ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე დომინანტურ სამსჯელო საგნად იქცა. იქნება ეს ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება თუ კინო – პატარა ადამიანის არსებობა და ამის თანმხლები საკითხები საგულისხმო და გადაუჭრელ პრობლემად იკვეთება.

მიხეილ გაბაიძის ფილმი, „ვაზომოტორული რინიტი“ (2024) სოციალური სატირაა, რომელიც ანტონ ჩეხოვის „ჩინოვნიკის სიკვდილის“ თავისუფალ კინოადაპტაციას წარმოადგენს. თავიდანვე შესაქებია, როგორ ზუსტადაა ნაპოვნი ნაწარმოები, რომელიც საშუალებას იძლევა მასში არსებული საკითხის მკაფიოობა და მისადმი ირონიული მიდგომა კინოსურათისათვის მომგებიანად გამოიყენოს რეჟისორმა (რასაკვირველია, თუ მას აქვს საამისო შესაძლებლობები).

ჩეხოვის ნაწარმოების თხრობაში ცინიზმი ერთ-ერთი მთავარი იარაღია და ეს არათუ შენარჩუნებული აქვს მიხეილ გაბაიძეს, არამედ უფრო განვითარებული, კინოსათვის მორგებული და ქართულ სივრცესთან თანაზიარი. ამასთანავე, ვინაიდან „პატარა ადამიანი“ გლობალური მოვლენაა, რეჟისორმა ეს განზოგადებაც შეინარჩუნა, მაგრამ თან ჩვენთვის უფრო ნაცნობ გარემოში მოაქცია.

ეკრანიზაციაზე საუბრისას აუცილებლად გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, თუ რა სიახლეს სძენს რეჟისორი ნაწარმოებს, მწერლის ენას როგორ ანაცვლებს საკუთარი თხრობის მანერით, სიტუაციას რას ამატებს ან რას ჩამოაცილებს.

რობერტო ბენინის ფილმში „ცხოვრება მშვენიერია“ (1997) არის ფრაზა, რომელსაც ბიძია ელისიო წარმოთქვამს: „შენ მათ ემსახურები, მაგრამ მოსამსახურე არ ხარ!“.

შეასრულო მოვალეობა, ეს ადამიანის ვალია, მაგრამ დაიმდაბლო თავი სხვის წინაშე, ეს საკუთარი პიროვნების შეურაცხყოფაა. ის, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის პატივისცემა, გათიშულია სამყაროსგან და ამოძრავებს მხოლოდ შიში.

ჩეხოვის ჩინოვნიკი არის ტიპაჟი, რომელიც ცოცხლობს მხოლოდ არსებობისთვის. მის მოქმედებებს განსაზღვრავს განუწყვეტელი შფოთვის შეგრძნება. ასეთი ადამიანები ორმაგად განწირული არიან. პირველ რიგში იმიტომ, რომ არ ხდებიან „პატარა ადამიანები“, არამედ იმთავითვე იბადებიან „მცირეებად“, ვინაიდან „პატარა ადამიანი“ არის მდგომარეობა, რომელიც პიროვნებაში არსებობს. ხოლო მეორე მიზეზი არის შედეგი, სადამდეც ამ მდგომარეობას მიჰყავთ. აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაში ეს უკანასკნელი ფატალურობამდეც კი მიდის.

ასეთი ადამიანი/პერსონაჟი ძალზედ ტრაგიკული მოვლენაა. მიხეილ გაბაიძის ნამუშევარში ეს ტრაგიკული სახე შენარჩუნებულია და ირონია, რომელიც ასეთი საჭიროა ამ ნაწარმოებისათვის, უფრო ამძაფრებს მოვლენას, არამც თუ კომიკურს ხდის.

აჭარის რადიოსათვის მიცემულ ინტერვიუში ზაალ გოგუაძემ, რომელიც ფილმში მაღალჩინოსანს განასახიერებს, გაიხსენა საბოლოო ვერსიის ნახვის შემდგომი ემოციები. მან თქვა: „ეს რაღაცას გაისვრის“. ასეც მოხდა, ფილმმა მსოფლიო მოიარა, ჯილდოებიც დაიმსახურა და კვლავ აგრძელებს წარმატების მოპოვებას.

მიხეილ გაბაიძემ სანაქებო ნამუშევარი შემოგვთავაზა. ფილმი საინტერესო და სასიამოვნო საყურებელია, მრავალი კომპონენტით. იქნება ეს – საოპერატორო მხარე, მონტაჟი, მსახიობები თუ სხვ.

პირველ რიგში, გამოსაყოფია განწყობა, რომელიც რეჟისორს ასე მარტივად მიაქვს მაყურებლამდე, განცდებისა და ემოციების მონაცვლეობა. მაგალითად, უხერხულობის განცდა, რომელიც დასაწყისში დარბაზში სუფევს, რთულია მაყურებელმა ვერ იგრძნოს. ასევე განუწყვეტელი დაძაბულობა და შებოჭილობის შეგრძნება, რომელიც მხოლოდ მთავარი პერსონაჟით არაა განპირობებული, არამედ გარემოში არსებობს გარკვეული ვაკუუმი.

წარმატებული გამოდგა რეჟისორის დამატებები, რაც მეტწილად ცოლის (თათია თათარაშვილი) ეპიზოდებში ჩანს. მაგალითად, ეროტიკული სცენა, რომელიც ძალიან ხისტი და ემოციებისგან დაცლილია. აქაა კომიკური სიტუაცია, რომელიც, ერთი მხრივ, შეიძლება, მაყურებელში ღიმილს აღძრავდეს, მეორე მხრივ კი უხერხულობის განცდას ტოვებდეს. ესაა ცოლ-ქმრის ინტიმური კავშირის პარალელურად წარმართული მათივე დიალოგი რანგით ზემდგომისათვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი სცენა არის აბაზანაში, როდესაც ჩინოვნიკი (დავით ჯაყელი) ყველასგან განმარტოებულია. ჩანს, რომ საკუთარი თავის დამდაბლება ზემდგომთან მიმართებაში არათუ „ვალდებულების“ შედეგია, არამედ ეს დამოკიდებულება მასში ბუნებრივად არსებობს. ის გულწრფელად მიიჩნევს თავს დამნაშავედ: „ღმერთო, შენ მაინც ხომ იცი, რომ ეს სპეციალურად არ გამიკეთებია“. მან იცის, რომ დამნაშავეა!

ამავე სცენაში წარმოდგენილია ბოდიშის მოხდის რეპეტიცია. განსხვავებული ინტონაციითა და ემოციით ნათქვამი „უკაცრავად“, რომელსაც ჩინოვნიკი ლამის ჭკუიდან გადაჰყავს. „კისერს გამოგჭამ, შე ნაბიჭვარო!“ – ეს ფრაზა მის გათამაშებულ სპექტაკლში რანგით უფროსს მიემართება, მაგრამ რეალურად საკუთარი თავის მიმართ ნათქვამს უფრო ჰგავს. ასეთი მრისხანება და ზიზღი წლების განმავლობაშია ნაგროვები და გამომჟღავნების საშუალება მხოლოდ აბაზანაში მარტოდ მყოფს აქვს. როგორც კი მეორე პირი ჩნდება სიახლოვეს, თუნდაც კედელს მიღმა, იგი მაშინვე საწყის მდგომარეობას უბრუნდება.

მიხეილ გაბაიძის მოპყრობა და დამოკიდებულება თავისი ნამუშევრის მიმართ ყველაზე კარგად მცირე დეტალებში გამოჩნდა, რაც რთულია მაყურებელს გამორჩეს. განსაკუთრებით ღიმილის მომგვრელია ტიტრები: წინა თვეში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებული, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე N69, წინა თვეში მთავარ სპეციალისტად დაწინაურებულის მეუღლე და ა.შ. პერსონაჟების ამ ტიტულებით წარმოდგენა ირონიულიცაა და სამწუხაროც. თითქოს ყველაზე საამაყო მიღწევა, რაც გააჩნიათ, ესაა და სამყაროს ასეთებად დაამახსოვრდება (თუ დაამახსოვრდება) და არა კონკრეტულ პიროვნებებად, ინდივიდებად.

რეჟისორთან და მსახიობებთან ერთად, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ოპერატორ მამუკა ჩხიკვაძისა და მხატვარ ლუკა ბესელიას ნამუშევრებიც. ე.წ. „საბაზისო ფორმებით“ აგებული კომპოზიციები, განსაკუთრებით თვალში საცემია წრისა და მართკუთხედის ურთიერთობა. კინოკამერის მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ სტატიკური კამერაა გამოყენებული, გამორჩეულია, მეტწილად, სარკესთან და პორტრეტებზე მუშაობისას.

გვანცა ნოზაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *