გაცოცხლებული ლეგენდები

ნოდარ მანაგაძის შემოქმედება უკვე საკმაოდ ნათლად ამჟღავნებს მის თემატურ და სტილისტურ მიდრეკილებებს.

კინემატოგრაფში ნოდარ მანაგაძე მოკლემეტრაჟიანი კინოკომედიით, „საერთო კედლით“ (სცენარის ავტორი, ე. ახვლედიანი) მოვიდა და იმთავითვე მიიქცია ყურადღება კინემატოგრაფიული აზროვნების ინდივიდუალობით. შემდეგმა ფილმმა – „წუთისოფელმა“, რომელიც კინორეჟისორ შოთა მანაგაძესთან ერთად არის შექმნილი, ახალგაზრდა შემოქმედის ნიჭის კიდევ ერთი წახნაგი დაგვანახა, კერძოდ, მასშტაბური თემებისაკენ მიდრეკილება, ლირიკული ფსიქოლოგიზმის ფაქიზი შეგრძნება.

ნ. მანაგაძის დამოუკიდებელმა სრულმეტრაჟიანმა სურათმა, „ამბავი ივანე კოტორაშვილისა“, გამოავლინა ახალგაზრდა რეჟისორის ძიებები კინემატოგრაფის გამოსახველობითი სტრუქტურის სფეროში. ეს ფილმი საინტერესო იყო აგრეთვე ეროვნული ხასიათის არქიტექტონიკის დამუშავების თვალსაზრისითაც.

ნ. მანაგაძის ახალი ფილმი, „ამაღლება“ შესაძლებლობას გვაძლევს, ვილაპარაკოთ მასზე, როგორც მკაფიო მსოფლმხედველობის, საინტერესო შემოქმედზე.

ფილმის სიუჟეტის მოყოლა შეუძლებელია. მასში არ არის სიუჟეტი ამ სიტყვის სტერეოტიპული მნიშვნელობით. სცენარის ავტორებმა: ერლომ ახვლედიანმა, დათო ჯავახიშვილმა და ნოდარ მანაგაძემ უკვე დრამატურგიულ საფუძველში ჩაუყარეს საძირკველი მომავალი ფილმის სტილისტიკას. ეს არის პოეტური ქმნილება საქართველოს ისტორიულ წარსულზე, ქართველი ხალხის გმირობაზე, ურყეობასა და სიბრძნეზე, მისი სულის სიღრმეებზე. 

ფილმი „ამაღლება“ გამოირჩევა მაღალი მხატვრული დონით, პლასტიკური ოსტატობით, აზროვნების სიმწიფით. ადამიანი და ისტორია – ასეთია ფილმის თემა და მის ავტორთა დამსახურებაც სწორედ ისაა, რომ ისტორია აბსტრაქციად კი არ გვევლინება, არამედ ცოცხლდება და ხელშესახები ხდება.

სურათი იწყება აზრობრივად თითქოს განცალკევებული, ფერწერულად გამომსახველი კადრების მონტაჟით: გლეხი ამწვანებული მთების ფონზე ყანას მკის, მინდორში ძროხა ბალახობს, ჭალაში ქალ-ვაჟი ხვდებიან ერთმანეთს – ეს სურათები ზუსტი მონტაჟური სვლით ერთიანდება ადამიანის არსებობის გამომხატველ მეტაფორაში. ამ კადრებს თითქოს შეჰყავს მაყურებელი იმ ლეგენდის პოეტურ სამყაროში, რომელშიც მოთხრობილია სიკეთესა და სილამაზეზე, ვაჟკაცობასა და გმირობაზე, ძალადობასა და მრისხანებაზე.

ფილმი ეძღვნება სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ უსახელო გმირთა სამარადისო ხსოვნას (ამას გვაუწყებს ტიტრი). უკვე ამ წინამძღვარში იგრძნობა კინონაწარმოების ზოგადსაკაცობრიო მოტივები, თანამედროვე ჟღერადობის ძალა. ეს მოტივები და ჟღერადობა ღრმად თანამედროვე სტილისტიკით, კინოთხრობის ენითაა ხაზგასმული. ფილმის ავტორები არ გაიტაცა გარეგნულმა გამომსახველობამ, შიშველმა და ყალბმა პოეტურობამ (მიმიკა სხვისი პოეტიკის, მონტაჟის რაკურსის, ოპტიკის ხერხებისა), რაც ხშირად პოეტური მიმართულების ფილმებში თვითმიზნურ ხასიათს ატარებს და თითქოს ფარავს ეკრანზე ადამინისადმი, პრობლემისადმი, სათქმელისადმი გულგრილობას (ეს ტენდენცია სახიფათოა პოეტური კინოს შემდგომი ბედისათვის). „ამაღლების“ ავტორები, პირიქით, მოგვიხმობენ განზოგადებული აზროვნებისაკენ, სილამაზით გამოწვეული აღტაცებიდან მაყურებელს ფილოსოფიური ანალიზისაკენ უბიძგებენ.   

მაგალითისათვის გავიხსენოთ თუნდა ის ეპიზოდი, სადაც ხუროთმოძღვრის ეკრანული ამბავი ეთავსება თხრობას საოცარი ბუნებისა და ხასიათის ხარის შესახებ, პატრონისთვის ქვებს რომ ეზიდება.

ფილმში ავტორები ხშირად მიმართავენ ქვის ფაქტურას, როგორც სახე-სიმბოლოს – ზოგჯერ შრომისა და შთაგონების გამომხატველს, ზოგჯერ კი როგორ გმირობისა და ვაჟკაცობის სიმბოლოს (ეპიზოდში, სადაც გმირებს მოაქვთ საკუთარი საფლავის ქვები). ცხენი კი, რომელიც ასევე ხშირად ჩნდება ეკრანზე, თავის თავში ორ საწყისს ატარებს –  ერთი მხრივ, სიყვარულს, სინათლეს, სიკეთეს, მეორე მხრივ – ომსა და სიკვდილს. გავიხსენოთ ცხენზე ამხედრებული შეყვარებულების ეპიზოდის წყობა, ახალგაზრდული სიყვარულის პლასტიკური და ფერითი სიმფონია, როდესაც ომში წასვლის წინ ხვიჩა თავის შეყვარებულს ემშვიდობება, ანდა უპატარძლო ქორწილის ეპიზოდი, სავსე ხალხური იუმორით, რომელიც არა მარტო ტექსტობრივ მასალაში გამოიხატება, არამედ ოდნავ გადაჭარბებულადაც, სახვით გადაწყვეტაში. ან კიდევ ეპიკური ჟღერადობით აღსავსე ეპიზოდი ომში ფშავების წასვლისა, რომელი თავდება სცენით, სადაც მოხუცი მრავალჭირნახულ აბჯარს მოირგებს და ბორძიკით მტერთან საბრძოლველად მიეშურება.

მთელ სურათს გასდევს მტრის ურდოების შემოსევის თემა, რომელიც ერთი და იგივე ხედით მეორდება – ეკრანზე წამით ჩნდება და გადაივლის მტრის ცხენოსანთა ჯგუფი. ამგვარი გამეორებით ავტორებმა თავისებურ გადაწყვეტას მიაგნეს. ფილმის განვითარებას ისინი სწორედ იმაში ხედავენ, რომ ერთხელ მოძებნილ სახეს ახალ-ახალ მოტივებს უმატებენ. ამაში ფილმის თავისებურ ესთეტიკას ვხედავ. საერთოდ, ფილმის თემა ავტორების მიერ გამოხატულია ერთხელ დანახულისა და მიგნებულის განმეორებით. გამოსახულების მთავარი – აზრობრივი, მეტაფორული თუ ყოფითი მოტივების განმეორება ჩანაფიქრის პოეტური განსახიერების მნიშვნელოვან პირობას წარმოადგენს, იმ იდეის განსახიერების პირობას, რომელიც პოეტური ეკრანისთვისაა გამოსადეგი და მისაღები.

თვით ფილმის სტილისტიკაში მუდმივად იგრძნობა „დაფარული აზრი“. ყოველი კადრი გამსჭვალულია სამყაროს პოეტური გააზრების განწყობით. ამასთანავე, რეჟისორის, ოპერტორისა და მხატვრის ნამუშევარი თავისუფალია ეფექტური აქცენტებისა და უხეში ფერებისაგან. ფილმის სამყარო მკაცრი და ელეგანტურია, ხოლო მისი ფერითი გადაწყვეტა დრამატურგიული განვითარებისას გარკევულ აზრობრივ მნიშვნელობას იწვევს, როგორც ცხოვრების აღქმისა და ასახვის მხატვრული პრინციპი. ფერთა პალიტრის სხვადასხვა ტონები კონტრასტული თანაფარდობით წარმოგვიდგება, რითაც ხან ფერთა დახვეწილ  ჰარმონიას ქმნიან, ხან კი გმირთა ემოციური განცდების ზუსტ ფონს.

შეიძლება კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა ფილმის განსაკუთრებული მხატვრული ღირსების დასაზუსტებლად. აქ ყველაფერი – ჩანაფიქრი, მისი რეჟისორული და დრამატურგიული გადაწყვეტა, ოპერატორისა და მხატვრის ოსტატობა, ნაწარმოების მუსიკალური ფაქტურა, სამსახიობო ანსამბლი, ავტორთა მიერ მასალის გააზრების სიღრმეზე, სიფაქიზესა და ტემპერამენტის სიძლიერეზე მეტყველებს.

სურათი მთავრდება ისეთივე კადრებით, როგორითაც იწყება: თონეში პური ცხვება, გლეხები ყანას მკიან, ხის ძირას მოხუცები ისვენებენ, მთელ ეკრანს ავსებს ბავშვების სიცილ-კისკისი. ყოველივე კვლავ სილამაზით, სითბოთი და სინათლით აღგვავსებს. სწორედ ამაშია პოეტური ეკრანის აზრი, ესაა მისი მიზანი და სიძლიერის პირობა, რადგან ადამიანში მუდმივად ცოცხლობს სიკეთისა და სილამაზის მოთხოვნილება.  

ოლღა თაბუკაშვილი,

ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“,  1980, №9, გვ. 59-61.    

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *