დარტყმები და სარგებელი, რომელიც მოაქვს სიკვდილს

ბოლო პერიოდში, ქართულსა და მსოფლიო კინოში იგავის განახლებული ფორმების, იგავური თხრობისკენ მიბრუნების შემთხვევები იკვეთება. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითობასა და ქვეტექსტებს ეფუძნება, შეიცავს მაყურებლისათვის განკუთვნილ გზავნილთა სისტემას და ავტორის მკაფიო პოზიციას ამჟღავნებს. მიანიშნებს, მაგრამ არ განმარტავს. აქვს სიმბოლოთა სისტემით გადმოცემული ფარული აზრი. არ ძალადობს მაყურებელზე და სათქმელის, მოვლენების პირადულად ახსნის პირობას, აღქმის, შეფასების, წაკითხვის სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

„ოთარის სიკვდილი“ იოსებ (სოსო) ბლიაძის 2021 წლის ფილმია. ესაა იგავი თანამედროვე საზოგადოებაზე, მორალისა და დიდაქტიკის გარეშე, როგორიცაა თანამედროვე იგავის „კრიტერიუმები“ და ახალი სახეცვლილება. თუმცა ყველაფერი, რაც ფინალში „კანონიკურად“ უნდა მომხდარიყო, დასაწყისშივე ხდება და მაყურებელს მომხდარის ახსნა, დასკვნის გამოტანა და გადაწყვეტილების მიღება თავადვე უწევს.

სიუჟეტი, რომელზეც ფილმი იგება (სცენარის ავტორები: სოსო ბლიაძე და ელმარ იმანოვი), თითქოს, ყოფითია და სატელევიზიო ქრონიკის ინფორმაციადაც შეიძლება გამოდგეს. დედის, ქეთის (ნუცა კუხიანიძე) ავტომობილის საჭესთან მჯდომ, პიკნიკზე დედადაკარგულ და მარტო მიმავალ, 16 წლის ბიჭს, ნიკას (ივა ქიმერიძე) სოფლის შუკებში გზა აებნევა და საკუთარ ეზოსთან მდგომ მოხუცს (მარლენ ეგუტია) შეეჯახება. დარტყმისგან კაცი იღუპება. გარდაცვლილის შვილი, თამარა (ეკა ჩავლეიშვილი) სწრაფად რეაგირებს და სიკვდილის საფასურად, ქალაქში გადასახლების ოცნების ასასრულებლად, მისთვის სოლიდურ თანხას ითხოვს (თუმცა ადამიანის „სიცოცხლის ღირებულებაზე“ მიუწვდომლად „ნაკლებს“). ამ ქმედებებში იგი ძალდატანებით რთავს შვილსაც, რომელსაც, ტრადიციულად, პაპის სახელი ჰქვია – ოთარი (არჩილ მაკალათია), და ყველა გარშემომყოფს. საქმეში დამნაშავის მხარეც ებმება და პატიმრობიდან ნიკას დახსნას ცდილობს.

ყველაფერი ორი ცენტრალური ხაზის – ნიკას პირადი და ოთარის ოჯახის მიზანმიმართული ქმედების გარშემო ვითარდება. და ნათლად ჩანს, თუ როგორ შეიძლება შემთხვევითმა, თუნდაც ტრაგედიამ ან არატიპურმა შემთხვევამ ახალგაზრდა (ბუნებრივია, არა მარტო) ადამიანის არა მხოლოდ დღევანდელობა, არა მარტო ხვალინდელი გეგმები, არამედ მთელი ცხოვრება შეცვალოს, გარდაქმნას; გამოამჟღავნოს ადამიანების ხასიათის, ბუნების, შესაძლებლობების ის ნიშნები და თვისებები, რომლებიც მანამდე, შეიძლება, დაფარული ან შეუმჩნეველი იყო; გამოჩნდეს ყველას ნამდვილი სახე, თუ როგორ იქცევიან ადამიანები ექსტრემალურ, ჩიხურ ვითარებაში, ანუ ის, თუ როგორები არიან ისინი სინამდვილეში.

ოთარის „სიკვდილის“ შემდეგ დედა-შვილების წყვილის სავალი გზა ორმაგდება. შეიძლება, სამმაგდება კიდეც. ამბის განვითარებასთან ერთად, მოვლენებში ფრაგმენტულ/კოლაჟურად, საჭიროებისამებრ, ოჯახის წევრები, მეგობრები, პოლიცია, ოჯახის ახლობლები, მეზობლები, ქელეხის ორგანიზატორები, შემთხვევითი თანამგზავრები ერთვებიან.

 საზოგადოების პორტრეტს, ინტერიერსა თუ ექსტერიერში, ზემოხსენებულებთან ერთად, ქმნიან პერსონაჟები, მსახიობების ანსამბლის – თაკი მუმლაძე, ვახო ჩაჩანიძე, ანკა კალატოზიშვილი, დავით როინიშვილი, რუსუდან კობიაშვილი, ნათია ჩიქვილაძე, დიმიტრი ტატიშვილი, პავლე ნოზაძე, ნინო ფილფანი, ამირან ნასყიდაშვილი და სხვების – მთავარი, მეორე თუ ეპიზიდური როლების – შესრულებით. თითოეულის ცხოვრება ურთიერთიკვეთება და ერთმანეთის საზღვრებში იჭრება. საზოგადოების მორალური, მენტალური სურათი იხატება და მათი სურვილების, მიზნების, გეგმების, შეუმდგარი ცხოვრების ან ილუზორული მიღწევების თემები აშკარავდება.

„ოთარის სიკვდილი“ გასროლით იწყება და ბალახებში ჩავარდნილი მოკლული ხოხობი პირველი მთავარი მიმანიშნებელია იმისა, რაც უნდა მოხდეს. საექსპოზიციო ნაწილი მთავრდება და სანამ წრე შეიკვრება, ბევრი რამ იცვლება. ფილმი იწყება არა იქ, სადაც პრაქტიკულად იწყება, არამედ მაშინ, როდესაც რაღაც – მთავარი – საკვანძო და არსებითი ხდება.

ერთმანეთს მისდევს მოვლენების, ამბების, ხშირად, თითქოს უმნიშვნელო, აღწერილობები – ბარგის ჩალაგება, სარეცხის გაფენა, თავის დაბანა, საუზმე ან ვახშამი, მზადება ციხისათვის და ქელეხის სამზადისის ნაცნობი რუტინა და ისეთი დეტალიც კი, როგორიცაა, ვთქვათ, ზურგზე კალია ან სადღაც დაცემული უმნიშვნელო ჩრდილი. ეს დეტალები ისეთივე მნიშვნელობასა და დატვირთვას იძენენ, როგორც „სხვათა შორის“ ნაჩვენები, მიწაში ნახევრად ჩაფლული და კედლებჩამოშლილი სოფლის საყდარი ან ბავშვების ნაგალობები „შენ ხარ ვენახის“ ერთი ფრაგმენტი; ჩასასვენებლად გამზადებული, კადრის გამჭედავი კუბო და მოკიაფე სანთელ-კანდელი; საჭირო თუ არასაჭირო ნივთები – სახლში თუ სამეურნეო ფარდულში. ფარდულში, როგორც თავშესაფარში, რომელიც შემდეგ ცეცხლში ჩაიფერფლება.

გაწელილი დრო და ვითარება. პირველი, საექსპოზიციო ნაწილი – გაცნობა. გაცნობა, ურთიერთობებისა და „ვინ ვინაას“ გარკვევა – 15-20 წუთის ეკრანულ დროში გრძელდება. შემდეგ ბნელდება. მხოლოდ ხმები ისმის და ლანდები ჩანან. და სწორედ ამ წუთას, როდესაც გგონია, რომ ფილმი უკვე დიდი ხანია, კალაპოტში მოექცა, კადრში ჩნდება წარწერა –  „ოთარის სიკვდილი“ ფილმის რეალური დასაწყისის ნიშნად და ძირითადი მოქმედებაც სწორედ ამ წამიდან იწყება.

სოსო ბლიაძე ყველაფერს კონტრაპუნქტზე აგებს. დრამატიზმს შეფარული და გამჭვირვალე, აბლაბუდასავით ჰაეროვანი იუმორი ედება. ამბის მოსათხრობად იყენებს თითქმის იგივე დროს, რამდენიც სჭირდება, ვთქვათ, ავტომობილით – ერთი „რეალური“ პუნქტიდან მეორემდე გადაადგილებას, ან ლიფტით მგზავრობას, ან ქუჩის გადაკვეთას, ან, ფუნიკულიორზე, ტრამვაის ასვლას. დიდხანს გაჩერებული, უცვლელი კადრები. სიჩუმე. ხაზგასმით, თანხვდენილ დროში ფიქსირდება, როგორ ცვლის დღეს ღამე, შემდეგ ისევ როგორ თენდება. პაუზები, რომლებიც ზოგჯერ 1-2 წუთი გრძელდება. ხმებისგან დაცლილი სამყარო, რომლის სიჩუმესაც, პერიოდულად, მუსიკა ეჭრება და მისი ვიზუალური ანაბეჭდი – მონოქრომული ღამითაც და დღისითაც. უფრო ნაცრისფერი, ვიდრე ფერადი. თუმცა, ფერადი გადაღებით. გამონაბოლქვი თუ რაღაც სხვა ნისლი, სმოგი, ქალაქს რომ ფარავს და გამჭვირვალე ჰაერის, სისუფთავის „გამოსახულება“ – სოფლად, საიდანაც ვერსად გარბიან. ამ ყველაფერს ოპერატორ დიმიტრი დეკანოსიძის კინოკამერა, შესატყვისი, ცვალებადი და მოქნილი პლასტიკური გამოსახულებით აფიქსირებს (გაქცევის თემაც ერთ-ერთი „მთავართაგანია“ XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნეების პირველი ოცწლეულების კინოში).

მოქმედება, პარალელურად, ქალაქის ქუჩებიდან, სტანდარტული (ნეიტრალური, უსახური) ინტერიერებიდან სოფელში, გაპარტახებულ, ბათქაშჩამოცლილ სოფლის სახლში (სტანდარტული არქიტექტურით, ღობით, ჭიშკრით, ფარდულით) გადის, რომელსაც მძაფრად აჩნია სიღატაკისა და სიდუხჭირის, შეიძლება, მოუვლელობის კვალიც (როგორც „დროებითი სადგომისა“). სამაგიეროდ, ქალაქის ერთფეროვნების, ნაცრისფერობის, ერთ ტონალობაში (დღე-ღამის მონაცვლეობის პროცესშიც) და მდორედ მდინარე დღეების კონტრსახედ სოფლის სხვა ღირებულებები ჭარბობენ – სივრცე, პეიზაჟები, წყალი – ტბა (ფინალში ჩვეულებრივი წყალსაცავიდან განწმენდის რიტუალის არედ რომ იქცევა), რომელიც ფინალური მაჟორული აკორდია.

ქართულ კინოში, ძირითადად, ყურადღების ცენტრში ექცევა მამებისა და შვილების ურთიერთობის პრობლემები და იშვიათია ფილმები დედებსა და შვილებზე. „ოთარის სიკვდილი“ გამონაკლისია. ის, პირველ რიგში, დედებისა და ვაჟიშვილების ურთიერთობაზეა. ავტორიტეტულ დედებზე, რომლებიც შვილების ცხოვრებას მართავენ ისე, როგორც თავად თვლიან საჭიროდ; მათ ნაბიჯებს აკონტროლებენ და თავიანთ ნებაზე ატარებენ, როგორც კარგად გაწვრთნილ ცხოველებს. ოჯახური ძალადობის ეს ფორმაც, ისეთივე ჩვეულებრივი ცხოვრებისეული მოვლენაა, როგორც ფიზიკური ძალადობა ან ძალადობა ქალებზე. ძალადობა კი, როგორც ვიცით, ყოველთვის იწვევს ძალადობას.

იგავი ხშირად მოულოდნელი შედეგით სრულდება ან პროცესში ახალ მოულოდნელ მიმართულებას იძენს. ამავე დროს, გარკვეულ პუნქტამდე, მოვლენათა განვითარების მნიშვნელოვან, გარდამტეხ ეტაპამდე ყველაფერი მშვიდად, განსაკუთრებული ზიგზაგებისა და მკვეთრი გარდასახვების (გადახვევების) გარეშე მიდის.

„ოთარის სიკვდილი“ თავიდანვე მძაფრი შემთხვევით იწყება, ფინალში კი ირკვევა, რომ გამოტირებული და სიკვდილით ვაჭრობის, გარიგების ობიექტად ქცეული მოხუცი ოთარი (რომლის ქელეხისთვის აქტიურად ემზადებიან) არ მომკვდარა ან მოკვდა და გაცოცხლდა (!), ანუ, რამაც მოვლენების ამგვარი მსვლელობა განსაზღვრა და ყველაფერი ამოატრიალა, რაც ბიძგისმიმცემი და დრამატული კოლიზიების გამომწვევია – მართალი არ ყოფილა, მაგრამ სარგებლის მომტანი აღმოჩნდა. საზღაური გაღებულია.

ოთარი კი „იღვიძებს“, თოფს იღებს და სანადიროდ, ტბისკენ მიდის. იგივე ტბაში შეცურავს ნიკა, რომლის ტანსაცმელს მკვდრეთით აღმდგარი მოხუცი და მისი მონადირე ძაღლი ახლოს ჩაუვლიან. ოთარი ცოცხალია. არაფერი იუწყება არც ნიკას ფიზიკურ სიკვდილს. მორალური სიკვდილის ფაქტს კი ყველაფერი ადასტურებს.

საერთაშორისო საფესტივალო მედიაში სოსო ბლიაძეს ასგარ ფარჰადისა და ძმებ დარდენების ადარებენ, ქართული კინოს ამომავალ „ვარსკვლავს“ უწოდებენ და სტატიას სტატიაზე უძღვნიან. სხვადასხვა ნომინაციაში რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული (საქართველოშიც და უცხოეთშიც) „ოთარის სიკვდილი“ ნამდვილად არის ახალი ქართული კინოს სიცოცხლისა სიცოცხლისუნარიანობის მეტყველი ნიმუში.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *