დეუს ექს მახინას ძიებაში

მიუხედავად იმისა, რომ მარქსიზმი თავისი არსით გამორიცხავს, საზოგადოდ, რელიგიურ რწმენას და ეკლესიისადმი მტრულადაა განწყობილი, იგი სწორედ ფუნდამენტური რელიგიურობის სუროგატულ ფუნქციურ როლს ითავსებს, განსაკუთრებით, ქრისტიანობასთან მიმართებაში. ზოგი რელიგიათმცოდნე მარქსიზმს მსოფლიო რელიგიათა რიცხვს მიაკუთვნებს.
ცნობილი ფრანგი კინოკრიტიკოსი და თეორეტიკოსი, ანდრე ბაზენი ერთ-ერთ სტატიაში, „სტალინის მითი საბჭოთა კინოში’’ მსჯელობს, თუ როგორ აისახა სტალინის იდეალისტური სახე კინემატოგრაფში, თუ როგორაა საბჭოთა ფილმებში სტალინი გამოყვანილი ზეკაცად, რომელიც აწესრიგებს სამყაროში მიმდინარე ქაოსს და ერთადერთი სწორი გზით მიჰყავს მსოფლიო 1. ახალი თაობის ქართველი რეჟისორის, გიორგი სიხარულიძის მოკლემეტრაჟიან ფილმში, „მამული’’ (2018) სტალინი აღიარებული ღმერთია. ეს აღარ არის კინოსურათი, სადაც სტალინი ღმერთის თვისებებს ფლობს მისი ქმედებების მიხედვით, არამედ ის გარემოცვის მიერ ნაგულისხმევი ღმერთია, რომელმაც იესოს გზა უნდა გაიაროს. სწორედ აქ იწყება სტალინისადმი რელიგიური გრძნობების ჩვენება.
ფილმი გაჯერებულია ბიბლიური ალუზიებითა და რელიგიური ალეგორიებით. მაგალითად, ერთ-ერთი ეპიზოდია უფლის სერობის სცენა, სადაც სტალინი სუფრასთანაა წარმოდგენილი, რაც ბუნებრივად გვახსენებს ლეონარდო და ვინჩის ცნობილ ფრესკას, ქრისტესა და მისი მოციქულების უკანასკნელ ვახშამს. სტალინის ხატთან ანთებული სანთლებით დგანან ადამიანები, წვიმაში ბელადის ბიუსტს კი ცელოფანს აფარებენ, რომ არ დასველდეს, მაგრამ ეს დამოკიდებულება წინააღმდეგობრივია. უფრთხილდებიან, ემთხვევიან, ეთაყვანებიან, მაგრამ თითქოს არ უყვართ.
სტალინი დაბრძანებულია სავარძელში, მანათობელი წარწერის ფონზე: „ენა, მამული, სარწმუნოება“, რომელიც მის თავთან შარავანდედს ქმნის. სტალინის ხატება ზუსტად ისეთია, როგორიც ჭეშმარიტმა კომუნისტმა შეიძლება წარმოიდგინოს – ჩიბუხიანი მდუმარე ბრძენი. უბრალო ხალხი გრძელ რიგში დგას, მასთან მიდიან და ხელზე ეამბორებიან. სტალინი ჩვენს გვერდით არის, მას ყველა ხედავს, გრძნობს და მოწიწებით ივსება, უმღერიან, ხოლო ბავშვები ვარდის ფურცლებს უფენენ ფეხქვეშ. 
თითქოს სტალინს ზეციური ძალებიც აძლევენ ნიშანს, რათა მოწამეობრივი გზა გაიაროს. მარტო დარჩენილი ბელადი ოთახში პირსახოცს რომ ჩამოხსნის კედლიდან, ჯვარცმას ხედავს. ფილმში ყველაფერი საბჭოთა ნოსტალგიით ცახცახებს, ეს იქნება სტალინის სურათი მოვარაყებულ ჩარჩოში თუ რუდუნებით შესრულებული სიმღერა „Осень, прозрачное утро’’.
კინოსურათში კომუნისტური პარტიის წევრები მსჯელობენ, როგორ მოიქცნენ, დამალონ სტალინი ყველასაგან (ასეთ შემთხვევაში, როგორც ისინი ამბობენ, მას ტყვედ გადააქცევენ და ბელადი ზურგს შეაქცევს), თუ არჩევნებში მიაღებინონ მონაწილეობა, რათა გადაარჩინონ ქვეყანა. ეს ვარიანტიც არ მოსწონთ, რადგან სხვა პარტიებს უკვე თავიანთი ლიდერების კანდიდატურა ჰყავთ წარდგენილი და ბელადის გაზიარება სხვებთან ძალაუნებურად მოუწევთ. თითქოს სტალინი თანამედროვე საზოგადოებაში დეუს ექს მახინასროლში უნდა გამოვიდეს, მაგრამ ბოლოს კომუნისტები შეჯერდებიან, რომ მთავარია ბელადის სიყვარული მოიპოვონ, უფრო მაღალ მწვერვალზე აიყვანონ და იქ დაუმკვიდრონ სამუდამო ადგილი. ასე ჩნდება ფილმში მითიური შრე – მსხვერპლშეწირვა უკვდავების მოპოვების მიზნით. ულამაზესი კადრია, როდესაც პროცესია მიდის. ბელადი მაღალ გორაკზე აჰყავთ და ჯვარზე აკრავენ. ოპერატორი, გური გოლიაძე კინოფილმში ამ ეპიზოდს, სუბიექტური კამერით გვიჩვენებს. სტალინის თვალთახედვიდან ვხედავთ შეკრებილ ხალხს, რომლებიც მას ყვავილებს ესვრიან.
მთელი ფილმის განმავლობაში მოხუც კომუნისტებს ახლავს ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ფოტოებს უღებს მათ. იგი ამ გარემოცვაში უცხოა, ამ ყოველივეს დამკვირვებელია. შეიძლება ითქვას, რომ ის არის მაყურებლის თვალი, ალბათ, აწმყოსა და მომავლის სიმბოლოც, მაგრამ მასაც უდიდესი მოწიწება და აღელვება ეტყობა, როდესაც სტალინს ხედავს. მისმა ფოტოებმა უნდა აჩვენოს, როგორ გამოიყურება სამყარო ემოციების გარეშე, ხალხი, როგორც ეპოქის სახე. აქ იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი. ფოტოგრაფის გადაღებულ მასალაში ხალხი ჩანს, სტალინი კი – არა. ბელადს ყველა ხედავს, მათ შორის ფოტოგრაფიც და მაყურებელიც, მაგრამ ის ფოტოებში მაინც არსად არის.
ილია ჭავჭავაძის რემინისცენცია ფილმში შემთხვევითი არაა. კინოსურათის დასაწყისში, მიტინგზე კითხულობენ სწორედ იმ ლექსს, რომელიც ილიამ დაუბეჭდა სტალინს. ამგვარად, აქ გვხვდება ბიბლიური და XIX საუკუნის ალუზიები, პატრიოტული ელემენტებით შემკობილი. და აი, ფინალში, როდესაც ფოტოგრაფი მიდის გორაკზე, ხედავს, რომ ჯვარი ცარიელია, თუმცა სტალინის ჯვარცმა საკუთარი თვალით იხილა. ფოტოგრაფი თითქოს ბიბლიური მახარობელია, მაგრამ როდესაც უკან ბრუნდება, ნაქეიფარი ხალხი ღრმა ძილშია. მხოლოდ სუფრასთან დარჩენილი უსინათლო ქალი წელავს გარმონს. პანორამული ხედი ასეთია: ფხიზელი ბრმა ადამიანი და ღრმა ძილში მყოფი დანაყრებული ხალხი. ფილმის ღირსება სწორედ ეს არის, რომ ილია ჭავჭავაძის ინტერტექსტუალური რემინისცენცია კინოფილმის ვიზუალურ ენაში დამამთავრებელ ეპიზოდში არაპირდაპირი მინიშნებით ჩნდება. შეიძლება ითქვას, რომ ის ჩნდება არა ფილმში, არამედ მაყურებლის წარმოსახვაში:
„ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!’’
ჯერ კიდევ 1859 წელს დაწერილი ილიას ეს ელეგია შეიძლება გაგვახსენდეს ფინალური ეპიზოდის ყურებისას. ისე გამოდის, რომ ფილმი გვიჩვენებს ძილ-ბურანში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც სტალინი ღმერთად აქციეს თავიანთ წარმოსახვაში, მაგრამ ფიზიკურ რეალობაში მხოლოდ ღრმა ძილში არიან.
მითოსური დისკურსი მჭიდროდაა დაკავშირებული იდეოლოგიასთან, მასების ცნობიერების მამოდელირებელ სისტემასთან, რადგან ის ტრადიციული კულტურის არქეტიპს წარმოადგენს და იდეოლოგიის ბაზისურ ელემენტებს შეიცავს, რაც, საბოლოოდ, აყალიბებს კულტურის წინარე მოძღვრებას. კულტურა, ფაქტობრივად, მითებითაა წარმოდგენილი.
მითი, როგორც კულტურული სამყაროს ტექსტი, არაპირდაპირ მუშაობს მეტაკულტურის შექმნაშიც და ორთოდოქსური კულტურის რეჟიმის გამყარებაშიც. მითიური ფიქრის კატეგორია საკმაოდ მდგრადი ელემენტია. მას შეუძლია სრულიად ახალ კულტურულ გარდაქმნებს შეეგუოს, მაგრამ გაქრობას არ ნებდება. მითი ადამიანური არსებობის ნაწილია.
„როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად გაუჭირდა, ისევ და ისევ თქვენ აღმოჩნდით ჩვენს გვერდით, რამეთუ გვიხსნათ ჩვენ ბოროტისაგან’’ – სუფრაზე ყანწით ხელში ამ სადღეგრძელოს უძღვნიან სტალინს.
სტალინი ნამდვილი უფალია, ამიტომ ფიზიკური სახით, კონკრეტულად, არსად არის –  არც ფოტოებში. თითქოს, ფილმიც ამით უნდა დამთავრდეს და მაყურებელიც ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება. ფოტოგრაფი უყურებს საკუთარ გადაღებულ ფოტოს, „უფლის სერობას“, სადაც სტალინი არ ჩანს, შემდეგ კი ფოტოს დაჭმუჭნის. კინოსურათის ასეთი დასასრული თითქოს მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ ის ადამიანი დაინახავს სტალინს, ვისაც კომუნიზმისადმი რწმენა უმაღლეს რანგში აქვს აყვანილი. ისე გამოდის რომ ფილმის ბოლოს მხოლოდ ორი ფხიზელი ადამიანია უსინათლო მუსიკოსი ქალი და ფოტოგრაფი ბიჭი. აქედან ფოტოგრაფი გარედან დამკვირვებელია.
მთლიანობა ყოველთვის შედგება ნაწილებისგან, მაგრამ მხოლოდ ერთ ნაწილს ვხედავთ. ,,სხვადასხვა თვალსაზრისით განხილული ერთი და იგივე რეალობა შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებულ მრავალ რეალობად დაქუცმაცდეს’’ 3 – გამოჩენილი ესპანელი ფილოსოფოსის,  ხოსე ორტეგა ი გასეტის ეს სიტყვები შეიძლება გაგახსენდეს ამ ფილმის ნახვისას. „მამული’’ ძალიან საინტერესო ნამუშევარია, რომელიც გვაფიქრებს აღნიშნულ საკითხებზე და მოკლემეტრაჟიანი ფილმის პირობაზე მაქსიმალური სრულყოფილებით ამუშავებს მოცემულ თემას ახალ ქართულ მხატვრულ კინოში.
განსაკუთრებული ორმაგი კოდირებით იტვირთება ფილმი ჩვენს რეალობაში, სადაც, მართალია, ახალ თაობაში აღარ არსებობს საბჭოთა გამოცდილება, რადგან თითქმის 30 წელია დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაგრამ ხანდახან ჩვენში კიდევ იგრძნობა საბჭოთა გავლენა.
გიორგი სიხარულიძის ნამუშევარი დრამატურგიულად გამართული კინოსურათია, თუმცა მოკლემეტრაჟიან ფილმში ცნობილი ალუზიების დიდი დოზით გამოყენებამ მას, ერთგვარად, „დათვური სამსახური“ შეიძლება გაუწიოს, რადგან თუ მაყურებლის ყურადღება პარალელების გავლებაზე იქნება გადატანილი, შესაძლოა, გარკვეულწილად დაიჩრდილოს თავად ფილმის შინაარსობრივი მხარე.
სტალინის სახის კინოში მითოლოგიზება ვრცელი და დიდი თემაა. ცხადია, მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვერც შეძლებდა ყველა ასპექტის გაშლასა და დამუშავებას. ეს კინოსურათი მხოლოდ რამდენიმე მათგანს ეხება. კარგი იქნებოდა ქრონომეტრაჟის გაზრდის ხარჯზე უფრო ვრცელი და მასშტაბური ყოფილიყო ამ საკითხის ანალიზი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთია კინოსარეჟისორო გადაწყვეტა.
„მამული’’ 2019 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა „ოქროს პრომეთეთი“, როგორს საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი. საზღვარგარეთ მისი ჩვენება რამდენიმე პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. 

ლევან გელაშვილი,
კინომცოდნე

– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
1   ბაზენი, ანდრე. „სტალინის მითი საბჭოთა კინოში“. ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, 1989, №10, გვ. 21-31.
დეუს ექს მახინა (ტრანსლიტერაცია ლათინური სიტყვებისა: Deus ex machina, რაც თარგმანია ბერძნული ფრაზისა – „მანქანიდან გამოსული ღმერთი“) – დრამატურგიული და სადადგმო ხერხი ძველ ბერძნულ თეატრში: სცენაზე ღმერთის მოულოდნელი გამოჩენა, რაც ცვლიდა მოქმედების განვითარებას. გადატანითი მნიშვნელობით ფრაზა ნიშნავს ამა თუ იმ კონფლიქტის მოულოდნელ გადაწყვეტას. 
ორტეგა ი გასეტი, ხოსე. ხელოვნების დეჰუმანიზაცია. თბილისი, „ლომისი“, 1992, გვ. 27.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *