ოჯახური პორტრეტი დაბადების დღის სამზადისში

მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტურმა კინოსარეჟისორო სახელოსნომ გააერთიანა საინტერესო პოტენციალის ახალგაზრდები, რომელთა ნამუშევრებში იკითხება ყოველდღიური, ერთი შეხედვით, ბანალურ ამბებსა და სივრცეებში იმ ნაპერწკლის, ესთეტიკის, სილამაზისა და, თუნდაც, ღირებულის დანახვის მცდელობა, რაც დაგვაფიქრებს გარშემო მყოფ მოვლენებზე და არათუ სხვანაირად დაგვანახებს მათ მნიშვნელობას, შეიძლება პატარა ცხოვრებისეული რჩევაც კი მოგვცეს.
ილია ასიტაშვილის ფილმი, „სამზადისი“ სწორედ ამას გვთავაზობს – თანამედროვე ოჯახში, კონკრეტულად კი, მამისა და მისი მოზარდი ვაჟიშვილის პრობლემურ ურთიერთობაზე დელიკატურ, ესთეტიკურ, ცოტათი იუმორისტულსა და ფამილიარულ დაკვირვებას.
ლუკას (სანდრო თვარაძე) დაბადების დღე ახლოვდება. სტუმრების მოსვლამდე მშობლები რიგრიგობით იღებენ მასთან ფოტოს. დედასთან (ია სუხიტაშვილი) ეს ადვილად გამოდის, ხოლო მამისთვის (ჯანო იზორია) გადაღების პროცესი ხანგრძლივია და წარუმატებელი – ფოტოები არაბუნებრივია, უხერულობითაა სავსე, ბიჭის სახე შორსაა კმაყოფილებისგან. ბოლოს დედა ცოტა ხნით ტოვებს მათ, რათა თავად გადაიღონ უკეთესი ფოტო. ეს მცდელობა იწელება ფოტოსესიაზეც და საჩუქრის არჩევაზეც, ტანსაცმლის მაღაზიაში, რაც უფრო მეტი უხერხულობით, გაუგებრობითა და კინკლაობითაა გაჯერებული.
მამისა და ვაჟიშვილის ურთიერთობა ყოველთვის საინტერესოა. რამდენადაც რთულია, იმდენად მგრძნობიარეა და ფაქიზი. მითუმეტეს, დღეს, როდესაც გაუცხოებისა და თაობათა შორის უფსკრული ბევრად ღრმაა. აქვეა ბევრი ოჯახისთვის დამახასიათებელი სტრუქტურაც – ხათრის გაუტეხლობა დედასთან, რომელიც ბოლომდე ავტორიტეტულ პერსონად რჩება, ხოლო მამასთან ურთიერთობა, დიდი ხანია, უფროსი ძმისა და უავტორიტეტო მამის ფიგურებს შორის გაურკვეველ ხაზზე მერყეობს: მაშინ, როცა ლუკა ყველაფერში უსიტყვოდ ემორჩილება დედას, მამასთან ნებისმიერი საკითხი კამათში გადაჰყავს.
ვიზუალური მხარე ჰარმონიულად ეხმაურება ფილმის „მეოთხე გმირის“, პოლაროიდის ფოტოაპარატის ესთეტიკას – გარდა იმისა, რომ აქა-იქ გვხვდება პასტელის ფერები, ოპერატორი (თენგო კასრაძე) არ გვთავაზობს ადამიანის აღნაგობის ტრადიციულ კომპოზიციურ აღწერას. საინტერესოა რეზოლუციის შემცირებით კადრის სივრცისა და პარამეტრების ერთგვარი მოჭრა, რაც, თითქოს, თავად კამერაში გვახედებს და გვაიძულებს, რომ, შემცირებული მასშტაბის გამო, ყურადღება დეტალებზე და არა, ზოგადად, ფიგურაზე გავამახვილოთ – რა ფერისაა ის კვართი, რის შერჩევაზეც მორიგი გაუგებრობა გაიბზარა მამა-შვილს შორის, როგორ გადმოიწმინდა პურის ნამცეცები მაგიდიდან და ა.შ. ეს ეფექტური ხერხი საკმაო წარმატებით მოქმედებს მაყურებლის ყურადღებაზე. ამასთან, სივრცის ამგვარი გაშლა ემსახურება პერსონაჟებს შორის არსებული სიახლოვისა თუ დაშორების გამძაფრებას – პანორამულ სივრცეში ახლოსაც რომ იდგეს მამა-შვილი, მათ შორის გაუცხოება კიდევ უფრო მეტად ხვდება თვალს.

ფილმის მთავარი გმირის პოზიცია მაინც მამისაკენ იხრება, რადგან ურთიერთობის გამოსწორების მცდელობა სწორედ მისგან მოდის – ის არა მარტო ცდილობს სანდო მშობლის ფუნქცია წინ წამოწიოს და გადალახოს უხერხულობისა და უნდობლობის ზღვარი, არამედ ფოტოსესიაც კი საკუთარი ავტორიტეტის გამოხატულებად აქციოს (იქნება ეს მობილური ტელეფონის დროებით ჩამორთმევა, სადღესასწაულო ქუდის დახურვა თუ კარგი კვართის არჩევის დაძალება). ყველაფრის მიუხედავად, მისი მცდელობა მეგობრულ მიდგომაზე მეტად უფრო მორჩილების თხოვნითა და დომინანტობის გამყარებით გამოიხატება, რითაც იგი კვლავ კარგავს ბიჭის ნდობას.
გარემოც სიმბოლურია – ჩანს საშუალო ფენის ოჯახი, რომელიც სადღესასწაულოდაა მორთული, კედლის დეკორაციებსა და დაბადების დღის ქაღალდის ქუდს თან ახლავს ქართული სამზარეულოს კერძების ასორტიც. „თავი მგონია პირველკლასელი“, – წუწუნებს ლუკა, როცა მამა კვართის დასვრილ სახელურს აგრესიულად წმენდს, რაზეც ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ მასაც პირველკლასელი ჰგონია იმის გამო, თუ როგორ იქცევა და როგორი უკმაყოფილოა იგი.
საბოლოოდ მამა იმით იგებს, რომ იყიდის რა თავისთვის იმ კვართს, რომელიც ლუკას მოეწონა, თუმცა არ აღიარა და მცირედი ფსიქოლოგიური ხრიკითა და არაპირდაპირი დარწმუნებით დაბადების დღის კარგ საჩუქარსაც მოიხელთებს და სასურველ ფოტოსაც გადაიღებს, თუმცა წარუმატებლად, რადგან ბიჭს აცემინებს, მაგრამ მთავარია, უხერხულობისა და დაძაბულობის რუბიკონი გადალახულია.
ფილმი ახერხებს, დაძლიოს ის დიდი პრობლემა, რაც ყოველთვის დგას სამსახიობო ოსტატობის მხრივ, განსაკუთრებით, სტუდენტურ კინოში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ჯანო იზორიასა და სანდრო თვარაძის დუეტი, რომლებიც ბუნებრივად წარმოაჩენენ იმ დაძაბულობითა და უხერხულობით სავსე დინამიკას, რომელიც ბიჭის მხრიდან მოდის (თუმცაღა ის ბოლომდე საჭირო უხერხულობა ვერ იკვრება და ეკრანულ უხერხულობას ერწყმის). შედარებით სუსტი რგოლია დედის პერსონაჟი, რომელიც, ერთი შეხედვით, შუამავალი და მომრიგებელი უნდა იყოს მამა-შვილს შორის. ის, მართალია, ამზადებს ნიადაგს – ტოვებს მათ მარტო, დამოუკიდებლად რომ გადაიღონ ფოტო და შემდეგ ჩნდება მაშინ, როცა კონსესუსი კიდევ არ არის მიღწეული. მისი ასეთი გაუჩინარება-დაბრუნება თითქოს ზედმეტიცაა, რადგან აქცენტი ისედაც მამა-შვილის ურთიერთობის აღდგენაზეა გადატანილი.
ფილმი 2022 წელს რამდენიმე მნიშვნელოვან კინოფორუმზე მონაწილეობდა. მან გაზიანტეპის (თურქეთი) საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალზე დაიმსახურა ჟიურის სპეციალური პრიზი, ხოლო მესტიის მოკლემეტრაჟიანი და სამთო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა. ამ ჟიურის წევრებმა იგი დაახასიათეს, როგორც „თანამედროვე ოჯახური ურთიერთობის საინტერესო, დელიკატური და ესთეტიკური დაკვირვება“, რაც იდეალურად ესადაგება მის მთავარ სათქმელს. 

ეთერ ფარჩუკიძე,
კინომცოდნეობის მაგისტრანტი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *