ერთად ყოფნის ხიბლი

1950-იან წლებში, პოსტსტალინისტურ ეპოქაში მასშტაბური კინოსა და დიადი ისტორიული ფიგურების ფილმების შემდეგ კინო „უბრალოდ“ ადამიანებისკენ შემოტრიალდა – ადამიანებისკენ, რომლებისთვისაც ისტორია ყოველდღიურობის ფონია მხოლოდ, რომლებიც დღენიადაგ პატარა (თუმცა ასევე შეიძლება დიდ) რუტინულ პრობლემებს ეჯახებიან და წყვეტენ (არ ვერ წყვეტენ) მათ.
კინო ინტერესდება ფილმის გმირების ცხოვრების არა გარდამტეხი მომენტებით, არამედ მათი ყოველდღიურობით, მათი გარემოთი, გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობით. ამ ახალი ტიპის ფილმებთან მიმართებაში უკვე აპრობირებული ჟანრების სისტემა თითქოს უძლური აღმოჩნდა და აქტიურად მკვიდრდება ისევ ლიტერატურიდან ნასესხები (უკვე მერამდენედ) ჟანრული კატეგორია – კინომოთხრობა. გამოიკვეთა მისადმი მიკუთვნების მთავარი კრიტერიუმებიც – თითქოს არაფრით გამორჩეული ყოველდღიურობა, პატარა ადამიანების ცხოვრება, პათეტიკისა და ჭარბი დრამატიზმის გარეშე მოთხრობილი ამბები.
თუმცა გარდამავალმა პერიოდმა ჩაიარა, კინო თავისი გზით წავიდა, კინომოთხრობამ ჟანრის სტატუსი ვერ მიიღო. არადა, ილო ღლონტის ფილმს „რატომ ვართ ერთად“ალბათ ყველაზე მეტად ეს ჟანრი დაახასიათებდა.
თუმცა ფილმში არის დრამატული კონფლიქტის პოტენციალი და ის პირველივე წუთებიდანვე ხდება საცნაური მაყურებლისთვის – მამა მეგობრის, ყოფილი თანამებრძოლის დახმარებით შვილს კლუბის დაცვის „კლანჭებიდან“ იხსნის. მამა- შვილი მანქანაში სწორედ ამ ინციდენტზე საუბრობს – კლუბში ტელეფონის დაკარგვაზე, რომლის მოპარვაც (და შემდეგ დაბრუნება) თემოს შვილს, გიოს ბრალდება. მამას სურს გაერკვეს სიტუაციაში, გიო უარყოფს მოპარვის ფაქტს. საუბარი მშვიდ ტონალობაში მიმდინარეობს (როგორც შემდეგში დაინახავს მაყურებელი, ეს ფილმის ზოგადი ტონალობაა) და მალევე ავიწყდება მაყურებელს, ან არც ავიწყდება, მაგრამ ვერ ხვდება, რომ ამ თემას გაგრძელება ექნება.
მით უფრო, რომ ოჯახის გაცნობა გრძელდება და მაყურებელი მათ ყოველდღიურ ყოფაში, გარემოში იძირება. ვიგებთ, რომ თემო იბრძოდა, ალბათ აფხაზეთში; ამჟამად უსახსროდა დარჩენილი; ვალები ყოველდღიურობაა; ერთადერთი იმედი მაღაზიაა, რომლის გაყიდვაც უნდა, რათა შვილი საზღვარგარეთ გაუშვას სასწავლებლად, თუმცა მოულოდნელად მაღაზიის ფული სულ სხვა მიმართულებით მიდის. იმასაც ვიგებთ, რომ თემოს ცოლი გარდაცვლილი ჰყავს და მამა-შვილი მარტო ცხოვრობს. ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ერთიან ოჯახში მოიაზრებიან მოხუცებული მამა, ინგლისურის მასწავლებელი დედა, მუდამ ველოსიპედით მოსეირნე ძმა, ვეცნობით თემოს მეგობრებსაც.
სწორედ ეს ურთიერთობები – ყოველდღიური, თითქოს ძალიან ნაცნობი, მაგრამ არა ბანალური – ქმნის ფილმის დრამატურგიულ ღერძს, ეუფლება მაყურებლის ყურადღებას და ინტერესს – ხან ჩაგვეცინება, ხან ვიღიმით, ხან სევდიანად გავიქნევთ თავს, და მხოლოდ ფილმის მეორმოცე წუთზე ჩნდება ერთადერთი სიუჟეტური ხაზი, რომელსაც შეეძლო ეტვირთა ღერძის ფუნქცია და დრამატული კონფლიქტი, რომელსაც შეეძლო ფილმი დრამად ექცია: გიორგისთვის დაბრალებული ყაჩაღობა, რომელსაც არ შველის არც დაზარალებულის უარყოფა, არც მეგობრის მაღალი თანამდებობა, თუ შველის, მხოლოდ იმას, რომ „გზა“ აჩვენოს და ფულით მაინც „ჩაიფარცხოს“ საქმე. მხოლოდ ამ ეპიზოდებში „უწევს ხმას“ ფილმი, ბრაზი და სასოწარკვეთა ჩნდება გიოს (ივანე ღლონტი) თვალებში. თუმცა ავტორებისთვის მთავარი არც უსამართლობის გრძნობაა, არც – პოლიციის მოქმედებების სტილი. ისინი არც კრიმინალურ ფილმს აკეთებენ და არც პოლიტიკურ სატირას. მათთვის მთავარი მამა-შვილის ურთიერთობაა: წყენა შვილის თვალებში, როცა მამის უნდობლობას ეჯახება; მამის ეჭვი და ყოყმანი, როცა ვერ გაუკეთებია არჩევანი დაზარალებულისა და შვილის სიტყვების სარწმუნობას შორის; სინანული და სინდისის ქენჯნა შვილისადმი უნდობლობის გამო.
მაგრამ ეს ეპიზოდებიც ვერ ქმნის დრამას და რჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორები დიდად არც ცდილობენ ამას. არ ხდება სრულიად სერიოზული სიტუაციებისა და გრძნობების დრამატიზება, არის პატარ-პატარა ცხოვრებისეული უსიამოვნებანი, შეიძლება დიდიც, მაგრამ ავტორები პრინციპულად ცდილობენ მისგან შექმნან არა დრამა, არამედ „ნამდვილი ცხოვრება“.
„ნამდვილი ცხოვრება“, რადგან ის არ არის შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით კონცენტრირებული, გამძაფრებული. კინოკამერა თითქოს შემთხვევით ჩართეს აქ და ამ დროს, მან თითქოს შემთხვევით მიაყურადა მამა-შვილის, ბებია და შვილიშვილის, მეგობრების დიალოგებს. ეს შემთხვევითობა, რა თქმა უნდა, მოჩვენებითია, მაგრამ მთლიანობაში ქმნის ფილმის ატმოსფეროს, რომელიც ბუნებრივი ემპათიით გაგვაწყობს ფილმის გმირების მიმართ. ახლობლებად აქცევს ფილმის პერსონაჟებს: თემოს, გიოს, მარინას, კოტეს, სანდროს, ანის, ჟორას, გიგას – როგორც მეზობლებს, რომლებიც, აქვე, გვერდით, ხელის გაწვდომაზე გვყვანან, რომელთა ცხოვრებაც შენს თვალწინ მიდის და თითქოს მისი მოზიარე ხარ.
ალბათ, არ არის ადვილი ნამდვილი ამბები და ხასიათები ეკრანზე გადაიტანო, უფრო ხშირად თავად პროტოტიპების შესრულებითვე. რთულია შეიკავო თავი „თამაშისგან“, რომლისკენაც არა მხოლოდ კინოკამერა, ხშირად რეალობაც გიბიძგებს, მაყურებლამდე მოიტანო ბუნებრიობის ხიბლი. ამ თვალსაზრისით, გამორჩევით უნდა აღინიშნოს თემო (ლევან ღლონტი). მისგან განსხვავებით, ასევე არაპროფესიონალ მსახიობს, ივანე ღლონტს საკუთარი თავის „თამაშიც“ უწევს და პერსონაჟისაც: ის მისივე თანატოლის როლს არულებს, მაგრამ ეს მაინც როლია და არა საკუთარი განცდების რეკონსტრუქცია. და უნდა ითქვას, რომ ის მშვენივრად ართმევს თავს ამ დავალებას.
და ფილმის კიდევ ერთი პერსონაჟი – ბებია, დედა, მარინა (მარინა ყუბანეიშვილი), რომელიც თავისი უშუალობით, ბუნებრივი იუმორით, მკვეთრი ინდივიდუალობით ამ ოჯახისა და მთელი ფილმის ცენტრიც კი ხდება. მის მიმზიდველობას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმაც ვერ აუარა გვერდი და მან სპეციალური პრიზი დაიმსახურა, როგორც საუკეთესო მსახიობმა ქალმა.

მანანა ლეკბორაშვილი,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *