მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათისადმი, „იძინებს მზე“ (2017) ინტერესი ორი მომენტით იყო გაპირობებული: მარგო ცნობილი კინოტელერეჟისორის შვილია და ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს ნინო კასრაძე, მსახიობი, რომლის მონაწილეობა ჩემთვის წინაპირობაა ფილმის ან სპექტაკლისადმი განსაკუთრებული ინტერესისა, მითუმეტეს იგი უკვე ნანახი მყავდა მარგო ზუბაშვილის წინა ნამუშევარში, „დინოზავრი“, სადაც მხოლოდ ერთი ეპიზოდითა და შთამბეჭდავი სამსახიობო ოსტატობით დაგვანახა პერსონაჟის ხასიათი, ინტერესები.
„იძინებს მზის“ მთავარი გმირის გაცნობამდე, მარგო ზუბაშვილმა ეფექტური სვლა მოიფიქრა – ფილმი იწყება კონცერტის ფრაგმენტით, სადაც ნანი ბრეგვაძე ასრულებს კომპოზიტორ ნუგზარ ვაწაძის პოპულარულ სიმღერას (ტექსტის ავტორი – მორის ფოცხიშვილი), „იძინებს მზე“ (ეს ექსკლუზიური გადაღებაა, ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი დირიჟორობს). სწორედ ამ კონცერტის მაყურებლებს შორის აღმოჩნდებიან მთავარი გმირი, ანა (ნინო კასრაძე) და მისი მეტოქე, ლიკა (ანა ნიჟარაძე). ამ უკანასკნელის ქმარია ანას საყვარელი მამაკაცი (ერეკლე ჟორდანია). ამ „სასიყვარულო სამკუთხედში“ ისედაც დაძაბულ სიტუაციას ლიკას ფეხმძიმობა ართულებს. ბავშვის დაბადება მხოლოდ უშვილო ანას სურს და ეს ფაქტი აღმოჩნდება ურთიერთობის გარკვევისათვის გადამწყვეტი.
ანა ფილმის ყოველ ეპიზოდში მონაწილეობს. ნინო კასრაძეს, უმეტესწილად, ახლო ხედებზე უწევს მუშაობა, მინიმალური ტექსტით, ძუნწი სიტყვა-პასუხით, მიმიკითა და მოძრაობით ვგრძნობთ მისი კინოგმირის სულიერ მდგომარეობას, რომელიც ძალიან ხშირად იცვლება. სახეზეა შინაგანი ბრძოლის პერიპეტიები: შფოთი, მწუხარება, შიში. ამ ემოციების გაგრძელებად აღიქმება ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული სიმღერაც, რომელიც ფილმის ლაიტმოტივია: „ვიხსენებ მე, მიყვარდი, რატომღაც მჯეროდა შენი…“
შემთხვევით არაფერი ხდება კადრში, ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. არ გვინდა გამოგვეპაროს და თვალს ვერ ვაცილებთ ანას. რომ არა ნინო კასრაძის ოსტატობა, მისი ძლიერი ემოციური ველი, სიყვარულის ბანალური ამბავი დამწყები კინორეჟისორისთვის ვერ იქნებოდა წარმატებული.
მარგო ზუბაშვილი, რომ გონიერი და საინტერესო ხედვის ახალგაზრდა შემოქმედი იყო, მისი პირველი ფილმების – „ოლიმპიასა“ და „დინოზავრის“ ნახვისას გახდა ნათელი. იგი, როგორც დამწყები კინორეჟისორი, ნიშანდობლივად იყენებდა მოულოდნელობის ეფექტს, რაც უფრო მეტ ყურადღებას იწვევს მის მიმართ.
ამის დასტურად ფრაგმენტულად გავიხსენებ ამ ნამუშევრებს:
ლამაზი ქალი მოხდენილად და პროფესიულად ცურავს აუზში, შემდეგ კი დეტალურად აღწერილია, თუ როგორ იცვლის იგი საცურაო კოსტიუმს და ემზადება გასახდელში. ველოდებით, რომ ეს მშვენიერი ქალბატონი მალე საუცხოო სამოსში მოგვევლინება და მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ დამლაგებლის შესაბამის ტანსაცმელში გამოწყობილი ის აუზის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას იწყებს – აი, ასეთი სიუჟეტი აქვს მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ სტუდენტურ ფილმს, „ოლიმპია“.
ასევე სრულიად მოულოდნელი სიუჟეტური სვლა გამოყენებული მარგო ზუბაშვილის შემდეგ მოკლემეტრაჟიან მხატვრულ სტუდენტურ (სადიპლომო) კინოსურათში, „დინოზავრი“. დედის დაკრძალვის შემდეგ ახალგაზრდა ქალი, ორ მეგობართან ერთად, სახლში ბრუნდება. ქალები სამზარეულოში სხვადასხვა თემაზე საუბრობენ მეგობრის განსატვირთავად და როდესაც სტუმრები ტოვებენ იქაურობას, მოულოდნელი რამ ხდება – მოდის სასწრაფო დახმარების მედიკოსთა ჯგუფი მუდმივი პაციენტის ანუ „დაკრძალულის“ გასასინჯად… სხვათა შორის, აღნიშნულ ფილმში ერთ-ერთ როლს ნინო კასრაძე ასახიერებს.
„დინოზავრის“ შემდეგ მარგო ზუბაშვილისა და ნინო კასრაძის შემოქმედებითი თანამშრომლობა ღირსეულად გაგრძელდა კინორეჟისორის უკვე სადებიუტო პროფესიულ მოკლემეტრაჟიან ფილმში, „იძინებს მზე“, რომელშიც მთავარმა პერსონაჟმა ტკივილიანი სიყვარული გაიარა, თუმცა ფილმის ავტორი ფინალში წერტილს არ სვამს, მიუხედავად იმისა, რომ ანამ გადაწყვეტილება მიიღო და აუცილებლად იქნება სხვა ანა, სხვა ცხოვრებით.
ნინო კასრაძე არაჩვეულებრივად საინტერესო, ნიჭიერი, ინტელექტუალი მსახიობია, რომელიც ძალიან აკლია ქართულ სცენას და მას უფრო ხშირად უნდა ვხედავდეთ კინოეკრანზე. მისი მონაწილეობა მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიან კინოსურათებში, იქნებ აღმოჩნდეს მათი მომავალი ერთობლივი სრულმეტრაჟიანი ფილმის განაცხადი.
ნანა თუთბერიძე