კაშხალი – იმედის თუ უიმედობის სიმბოლო

 

ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ის ჯერ კიდევ სისხლმდინარე, მოუშუშებელი ტკივილია. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს მტკივნეული საკითხი ასახონ თავიანთ შემოქმედებაში: არსებობს ამის გადმომცემი არაერთი მუსიკალური, ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ნიმუში, გადაღებულია არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური კინოსურათი. ომი სამუდამოდ რჩება ხალხის მეხსიერებაში, თუნდაც მისი დასრულებიდან ათწლეულები იყოს გასული, ამიტომაც ის მუდამ აქტუალურია და მისი ახალი ხედვით წარმოჩენა უფრო საინტერესოა.

დოკუმენტური კინო ერთ-ერთი კარგი გზაა, მიიტანო საზოგადოებამდე პრობლემა. ყველა ქვეყანას აქვს თავისი წილი უბედურება, რომლის გააზრებაც მნიშვნელოვანია. დოკუმენტური ფილმის რეცენზიაზე მუშაობა საკმაოდ რთულია, რადგან მასში მონაწილეობენ არა მსახიობები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები. მასში მთავარია გაანალიზდეს, რა თემებს ეხება ნამუშევარი და მოახერხა თუ არა მან იმ თემის სათანადოდ განხილვა, რისთვისაც გადაიღეს.

მარადია ცაავას 2021 წლის სადებიუტო დოკუმენტური ფილმი “წყალს საზღვრები არ აქვს” განსხვავებულად წარმოგვიდგენს ამ თემას. ფილმის მთავარი გმირი არა დევნილები, არა ტერიტორის მცველი ჯარისკაცები, არამედ ენგურჰესის ბობოქარი კაშხალია, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელია ორ ერს შორის. 1993 წლის კონფლიქტმა ის ორ ნაწილად გაყო. ერთი ნაწილი აფხაზეთის, მეორე კი დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზეა. უერთმანეთოდ ისინი უფუნქციოა, ამიტომაც მის მუშაობაზე უპირობოდ თანხმდება ორივე მხარე.

ჟურნალისტი და დამოუკიდებელი დოკუმენტალისტი თბილისიდან ზუგდიდში ჩადის კაშხლის სანახავად, რათა გაიგოს მეტი ინფრასტრუქტურისა და მისი მუშაკების შესახებ, თუმცა მას გადაღების პერიოდში უჩნდება სურვილი ჰესის მომუშავე მუშებთან ერთად გადაკვეთოს საზღვარი და გადაიღოს იქითა მხარეც, რაც არც ისე ადვილია, ამიტომმას თვეების გატარება უწევს ზუგდიდში. საშვის მოლოდინის პროცესში ის აგროვებს ამაღელვებელ ისტორიებს.

ამბებს სხვადასხვა ასაკის ჰესის მუშები ყვებიან, სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული სოციალური სტატუსისა და, შესაბამისად, განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებით, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო – ეს კაშხალია. ენგურჰესს შეუძლია გააერთიანოს სრულიად განსხვავებული ადამიანები და აიძულოს ისინი, იმოძრაონ ერთი მიმართულებით, მშობლიური ჰესის მომავლისათვის. რეჟისორი თითეულ პერსონაჟს საშუალებას აძლევს, ილაპარაკოს, გამოთქვას საკუთარი აზრი, ისაუბროს იმაზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. ავტორი მხოლოდ კითხვების დასმით ერევა საუბარში, ამიტომ მათი ემოციები და განცდები დაუმახინჯებლად გადაეცემა მაყურებელს, თუმცა მოსახლეობის მხრიდან საჭირო იყო მეტი ამბის მოყოლა, რათა უფრო დამაჯერებელი გამხდარიყო და მეტად მისულიყო მაყურებლის გულამდე.

ფილმის დადებითი მხარე არის თემის აქტუალობა, ყოველგვარი პოლიტიზირების გარეშე, განსხვავებული კუთხით არის წარმოდგენილი საკმაოდ მძიმე პრობლემა. ავტორი არ წარმოაჩენს საკუთარ დამოკიდებულებას. მაქსიმალურად სიფრთხილითა და დაკვირვებით არის წარმოთქმული სიტყვები, რათა არც ერთი მხარისთვის არ ყოფილიყო მტკივნეული და გაუგებარი.

ფილმი გადაღებულია რეპორტაჟის მსგავსად. ამ შემთხვევაში რეჟისორი ჟურნალისტის როლშია, სვამს კითხვებს, ჰესის მუშაკები კი რესპოდენტები არიან, რომლებიც პასუხობენ, ბოლოს კი ეს ყველაფერი ფილმის სახით არის აკინძული, რაც საერთოდ არ ტოვებს დოკუმენტური კინოსურათის შთაბეჭდილებას. თითქმის ყველა კადრში ჩანს თვითონ რეჟისორი და თუ არ ჩანს, მისი ხმა მაინც ისმის, რაც უფრო აუფასურებს ნამუშევარს.

რაც შეეხება სტრუქტურას, რეჟისორი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ჩაეტია, რათა ფილმი უფრო სანახაობრივი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ნამდვილ არეულობაში გადაიზარდა, ნამუშევარი გამოვიდა ქაოტურად მიმოფანტული, რომელსაც არ აერთიანებს ერთ თავგადასავალი და მათ უმეტესს ვერ მიაქვს მაყურებლამდე ის დრამა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა ავტორს. არადა, ფილმი მიზნად ისახავდა ძალიან დიდ ამოცანას. ნამუშევარი არ მიყვება კონკრეტულად ერთ ხაზს. თავიდან რამდენიმე სიტყვით ისმის ენგურჰესზე საუბარი, მაგრამ თუ ეს ფილმი დოკუმენტურია და კაშხლის გაცნობას ემსახურება, მაშინ რატომ გვაწვდის ის მხოლოდ მწირ ინფორმაციას მის შესახებ, ხოლო თუ მთავარი თემა მუშაკების მიერ მოყოლი ამბებია, არც ეს არ არის ბოლომდე გახსნილი და სრულყოფილად ნაჩვენები. ბოლოს კი, მესამე და სათაურთან ყველაზე ახლოს მდგომი თემა არის საზღვრის კვეთა, თუმცა ესეც ნაკლებად არის გაშლილი ნამუშევარში. ერთი სცენა ისე გადადის მეორეში, დამთავრების დროც კი არ აქვს. ზოგიერთი მომენტი გამოიყურება დაქუცმაცებულად.

გაუგებარია ავტორის უხეში მოთხოვნა იმის შესახებ, რომ რატომ არ აძლევენ საშვს. არადა, სულაც არ არის გასაკვირი, როცა ავადმყოფი დედისა და და-ძმის სანახვად არ უშვებენ ადამიანებს, ფილმის გადასაღებად ექვსი კაცი არ შეეშვათ. მუშებს თვალებში ეტყობათ, როგორი სიფრთხილით ეკიდებიან ამ თემას, ხმამაღლა ლაპარაკი კი ერიდებათ და მოზომილად გამოთქვამენ ყველა სიტყვას, რაც საზღვრის კვეთას ეხება, ამის ფონზე კი რეჟისორის დაჟინებული მცდელობები აღმოჩნდეს საზღვრის მეორე მხარეს, ცოტა არ იყოს თავხედურად გამოიყურება.

ავტორს არ აქვს გაცნობიერებული, რის ფასად უწევს უბრალო მოსახლეობას იქითა მხარეს გადასვლა. საზღვართან ყოველი მიახლოება და გადალახვის მცდელობა, კანონიერი თუ უკანონო გზებით, დიდ შიშთან და სტრესთან არის დაკავშირებული. ყოველწამიერი ფიქრი იმაზე, მიაღწევენ კი მშვიდობით დანიშნულების ადგილამდე. შორიდან მასზე დაკვირვება და დასკვნების გაკეთება მარტივია, მაგრამ როცა ეს ყველაფერი წლების განმავლობაში შენი ყოველდღიურობა ხდება, ეს ფილმი ვეღარ აღძრავს ვერანაირ ემოციას, რადგან მისი არც ერთი თემა ბოლომდე არ არის გახსნილი. თუ ამ ფილმმა ქართველ მაყურებელში ვერ შეძლო გრძნობების გაღვიძება და დაფიქრება პრობლემაზე, მაშინ რაღა უნდა ითქვას იმ უცხოელ მაყურებელზე, რომელთათვის საქართველო ან ამერიკის შტატია, ან რუსეთის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა. ნუთუ ამ შემთხვევაში დოკუმენტური ფილმის მიზანი ჩაითვლება მიღწეულად. რა თქმა უნდა, არა.

კინოსურათი რასაც ნამდვილად არ უჩივის, ესაა მუსიკა და ოპერატორული ნამუშევარი. უხვად გამოყენებულმა სიმღერებმა შექმნეს შესაბამისი განწყობა. ენგურჰესის ახლო და შორი ხედები საოცრებააა. ზოგჯერ ოპერატორი დრონებს იყენებენს გადაღებისათვის, რაც რადიკალურად ცვლის პერსპექტივას და ხსნის იმავე სამყაროს სხვა კუთხით. არის მასში რაღაც მაგიური. იგი გიჩენს სურვილს, ახლოდან ნახო ბობოქარი კაშხალი და შენც შეიგრძნო მისი იდუმალების ძალა, რომელიც ასე ხმაამოუღებლივ აერთიანებს ადამიანებს და გავიწყებს საზღვრის არსებობას. ფილმში პერსონაჟების თხრობას სამეგრელოს პეიზაჟისა და ჰესის კადრები ფარავს, რითაც მარტივი გახდა ანონიმურად დარჩენილიყვნენ ის ადამიანები, ვისაც ამბების მოყოლა ღიად არ სურდა, ეს ყველაფერი კი ლამაზი ხედების ფონზე კარგი გადაწყვეტილება იყო.

წყალი განსაკუთრებულ როლს ასრულებს ამ დოკუმენტურ ნამუშევარში. წყალი, როგორც ცოცხალი ელემენტი, თავისუფლების სიმბოლო, თავისი ხასიათით, განწყობითა და საშუალებებით ახერხებს ახლებურად შეგახედოს ადამიანის ცხოვრების მასშტაბებზე. სადაც არ უნდა გაიხედო, ის ყველგანაა, ლამაზი, ამაღელვებელი და საშიში. მისი დამსახურებით არ წყვეტენ აფხაზები და ქართველები ერთმანეთთან კავშირს. რომ არა მისი დაუოკებელი სურვილი თავისუფლებისკენ სწრაფვისა, წყალსაც ექნებოდა საზღვარი.

არადამაჯერებელია დასასრული, რომელიც მაყურებელში უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხობს. ამ მიზნის ფილმისთვის პასუხგაუცემელი კითხვების დატოვება სრულიად უადგილოა. იმის მაგივრად, რომ კინოსურათს გაემართლებინა თავისი სათაური და ყოფილიყო სხივი იმისა, რომ ოდესმე აუცილებლად გაქრება ხელოვნურად შექმნილი საზღვარი და ნათესავები დაუბრკოლებლად შეძლებენ ერთმანეთის სიხარულისა თუ ტკივილის გაზიარებას, ასევე ყოფილიყო იმედი, რომლითაც საკუთარ სახლს მოწყვეტილი ხალხი ცხოვრობს, ამ ნამუშევარმა შორეულ პერსპექტივად აქცია.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *