კონკრეტული დრო და მთელი სიცოცხლე

რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს პანდემიისას, მკაცრი შეზღუდვის პირობებში? ყველაზე ნაკლები ალბათობით, შესაძლოა, ფილმი გადაიღოს. გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი „10:45“ (2021) კინოკომპანია „სიბლერ ფილმის“ შემოქმედებითმა გუნდმა სწორედ პანდემიის დროს გადაიღო. უფრო მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ პანდემია გახდა მოტივატორიც, ინსპირატორიც და მოქმედების ადგილის განმსაზღვრელიც.

ეს ნამუშევარი პროდუქტია იმ პერიოდისა, როდესაც მილიარდობით ადამიანი საკუთარ რამდენიმე ათეულ კვადრატულ მეტრში გამოიკეტა და სამყაროს გაემიჯნა. მისი მოქმედებაც ერთ ოთახში ხდება, ერთი გმირის მონაწილეობით. ერთი პერსონაჟი და ჩაკეტილი სივრცე ურთულებს ამოცანას მსახიობს (მარიამ კვიტაიშვილი) და რისკებს აჩენს ფილმის ავტორებისთვის, რომ ერთფეროვნებამ და მხოლოდ დიალოგზე აწყობილმა სიუჟეტმა შეიძლება მაყურებელს ინტერესი გაუნელოს. ავტორებს საქმეს ურთულებს და პასუხისმგებლობას უზრდის წინა გამოცდილებაც. ამავე კინოკომპანიის ადრე გადაღებულ კინოსურათს, „8 წუთი“ ძალიან წარმატებული საფესტივალო ცხოვრება ჰქონდა. მან საერთაშორისო კინოფესტივალებზე მოიპოვა პრიზები. ამ წარმატებამ შესაბამისი მოლოდინი გააჩინა და თამასაც აუწია აღნიშნული კინოკომპანიის ყოველ მომდევნო კინოპროექტს.

ფილმმა „10:45“ ყველა გამოწვევა ღირსეულად დაძლია და მაყურებლის გულიც მოიგო. არადა, 13-წუთიან ფილმში 11 წუთის განმავლობაში თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. ახალგაზრდა ქალი ტელეფონით ესაუბრება მეგობარს. მთელი სიუჟეტი ორი ადამიანის დიალოგზეა აწყობილი. ეკრანზე ჩანს მხოლოდ ერთი მსახიობი, ხოლო მეორე პერსონაჟის ხმა ისმის კადრსმიღმა. დიალოგით ბევრი რამ ხდება ცნობილი. მაყურებელი ეცნობა გმირის ხასიათს, იმას, რომ მარტოობა არ უყვარს, თუმცა დიდად ცნობისმოყვარეა და სამყაროს შემეცნების სურვილი კლავს, რომ ცხოვრობს ღარიბ ქვეყანაში და სამოგზაუროდ რომ წავიდეს, ლამის ყველაფრის გაყიდვა მოუწევს, რომ არ ეშინია სირთულეებისა და გამოწვევების, რაც გზაზე შეიძლება შეემთხვეს. მაყურებელი ხვდება, რომ ამ გმირის სურვილია, ყველაფერი იგემოს, რასაც ცხოვრება სთავაზობს, ამავე საუბრით ეცნობა მის შეყვარებულს, რომელიც მეგობარს ბევრად არ მოსწონს. სამაგიეროდ, მეგობრებს ერთმანეთის გადაკრული ნათქვამიც კი ესმით და ა.შ.

ამ ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ფონად გასდევს მთავარი გმირის სლოკინი, რომელსაც ვერაფერი უჩერებს, რაც ცოტაოდენ კომიკურ ელფერს აძლევს ამბავსაც და პერსონაჟსაც, თუმცა ამასაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიუჟეტის მსვლელობაში. რეალური დრო თითქმის ემთხვევა საეკრანოს. მაყურებელი უსმენს და უყურებს ერთსა და იმავე ადამიანს. გმირების სალაპარაკო თემა ყოფითი საკითხებია, თუმცა გარკვეული დაძაბულობა მაინც იქმნება. ამის ფუნქციას ითავსებს მუსიკა. იგი ფილმში მოგვიანებით შემოდის და გარკვეული მოლოდინს ქმნის იმისას, რომ რაღაც უნდა მოხდეს.

პრინციპში, ყველა ფილმში „რაღაც უნდა მოხდეს“, მაგრამ ამ კინოსურათში ეს „რაღაც“ განსაკუთრებული უნდა იყოს. ამაზე ფილმის ავტორები გადაღების პროცესში საუბრობდნენ და მიუთითებდნენ, რომ ამ პროექტში ფილმის ფინალია გადამწყვეტი და სათქმელის სიმძიმის ცენტრი სწორედ მასზე მოდის, ამიტომ ფინალს არ ამხელდნენ.

შესაბამისად, ფილმის ყოველი მომდევნო ეპიზოდი ფინალისთვის სამზადისს ეთმობა. თითქოს იქ უნდა მოიყაროს თავი ყველა სათქმელმა. ის არის „ოქროს კვეთის“ ადგილი. სადღაც მეათე წუთისათვის კომიკური დიალოგი დრამატულ დაძაბულობას იძენს. ცუდი ამბავი ამ დალაგებულ, ბედნიერ და იმედებით აღსავსე რეალობაში მეხივით ატყდება თავს მთავარ გმირს. მეგობარი გამოუტყდება, რომ მისი ანალიზების პასუხი ცუდია და რომ მასაც ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლა მოუწევს. ოღონდ მარტოს, უკან დაბრუნების პერსპეტივის გარეშე. გმირიცა და მაყურებელიც ემოციურ შოკს განიცდიან.

თუმცა ავტორები აქ არ ჩერდებიან და კიდევ ერთ მკვეთრ დრამატურგიულ სვლას აკეთებენ და ისევ ცვლიან რეალობას. აღმოჩნდება, რომ ჩვენი წუხილი ფუჭია, გმირი სულაც არ არის ავად. ეს ტყუილი იმიტომ მოიგონა, რომ მეგობარს დახმარებოდა სლოკინის შეჩერებაში (ლეგენდის თანახმად, სლოკინს ტყუილებითაც კურნავენ. ამ შემთხვევაში ამან გაამართლა).

ავტორები „ბოროტად“ გაეთამაშნენ მაყურებელს და არასწორი მოლოდინი გაუჩინეს. სინამდვილეში კი ყველაფერი კარგადაა, მზე ისევ ანათებს, სამყარო ისევ მოწესრიგებულია, გეგმები ისევ ძალაშია. ნუთუ ეს იყო შეპირებული ფინალი? როგორც აღმოჩნდა, არა.

სამყარო იმაზე მეტად რთული და დრამატულია, ვიდრე ამას ორი, სამი და, თუნდაც, 8 მილიარდი ადამიანი წარმოიდგენს. ეს იციან ფილმის ავტორებმა და ამ სირთულეს ფილმის რეალურ ფინალში აცხადებენ – მთავარი გმირი, რომელმაც დიალოგი განაახლა და სამყაროც დაალაგა, ყველასათვის მოულოდნელად ფეთქდება. ისევ შოკი, ისევ გაოგნება. ყველა ფიქრობს, რომ ეს უბედური შემთხვევაა, მაგრამ ბოლო კადრს მაყურებელი, საერთოდ, მიჰყავს სხვა სათქმელთან, რასაც არავინ ელოდა და ვერავინ წარმოიდგენდა.

საქმე გაცილებით ტრაგიკულადაა. ბოლო კადრზე გამოსახული წარწერა იუწყება, რომ ფილმის მოქმედება ხდება ქალაქ გორში, 2008 წლის 9 აგვისტოს, როდესაც 10 საათსა და 45 წუთზე რუსულმა ავიაციამ გორი დაბომბა. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ეს ფილმი არის არა სიყვარულზე, იმედებსა თუ მოგზაურობაზე, ავადმყოფობასა თუ უბედურ შემთხვევაზე, არამედ ომზე.

„10:45“-ის მოკლე სიუჟეტი ომისა და უსამართლობის მთელ საშინელებას სულ რამდენიმე წამის შემცველი ეპიზოდით აჩენს. ომი, რაღაც დროის შემდეგ, შორიდან მაყურებლისათვის იქცევა სტატისტიკად, რიცხვებად, რომელსაც იგი ყურს აჩვევს. ავტორები ამის საპირისპიროდ იმის სურათს ქმნიან, თუ ვინ დგას ომის მსხვერპლთა სტატისტიკის უკან – ესაა რეალური ადამიანი, სიცოცხლით, იმედებით, გეგმებით და საკუთარი მიკროსამყაროთი, რომელიც თავად აშენა. და ეს ადამიანი კონკრეტულ ერს წარმოადგენს, კონკრეტული ტრაგედიებითა და კონკრეტული მტრით.

ფილმი აახლებს რუსული ოკუპაციით გამოწვეულ ტკივილს. კონკრეტული ზოგადდება. ერთი ერის ტრაგედია, ისტორიის რაღაც მონაკვეთში, უკვე მსოფლიო ტრაგედიად იქცევა, ტრაგედიად, რომელიც ფილმში კი არ რჩება მხატვრულ მეტაფორად, არამედ რეალობაშიც გადმოდის მწარე სინამდვილედ.

ეკა კუხალაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *