ლიფტიდან დანახული ცხოვრება

კინო დაბადების პირველივე დღეებიდანვე ცდილობდა (და ცდილობს) თავისი მთავარი „ამოცანის“ რეალიზაციას – თვითმყოფადი და ორიგინალური აუდიოვიზუალური ხერხებით ამბის საინტერესოდ მოყოლას. ლოგიკურია, რომ არსებობის პერიოდში კინემატოგრაფიული თხრობისა და გადმოცემის ხერხებმა, ფორმებმა და შინაარსმა ფართომასშტაბიანი განვითარება და ტრანსფორმაცია განიცადა. უჩვეულო ისიც არაა, რომ ფილმების მთავარი გმირები, რომლებიც არა მარტო ექცევიან ყურადღების ცენტრში, არამედ თავადაც ხდებიან „მთხრობელნი“, არა უშუალოდ ადამიანები, არამედ სხვა სულიერი თუ არასულიერი არსებებიც ხდებიან.
ნათია ნიკოლეიშვილმა სტუდენტურ ფილმში, „რკინის მემატიანე“ (2019), „მთავარ გმირად“  აირჩია სწორედ რომ არასულიერი – მრავალსართულიანი სადარბაზოს ლიფტი, რომელიც გარდა იმისა, რომ დედაქალაქში დღემდე შემორჩენილი ძველი შენობებისთვის დამახასიათებელ ნახევრადდაშლილ, ჭრიალა და დაჟანგულ ოთხკედლიან კონსტრუქციას წარმოადგენს, ამავდროულად, სენტიმენტალურ დანიშნულებას იძენს და ხდება არა მარტო სადარბაზოში, არამედ მის გარეთ მომხდარი ამბების მომსწრე და მემატიანე. ამ 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმის მსვლელობისას რეჟისორს მაყურებელი “არ გამოყავს” ლიფტიდან და შიგნიდან, მისი „თვალებით“ აკვირდება კონკრეტულ სადარბაზოში მობინადრე ადამიანების ცხოვრებას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული თანამედროვე საქართველოს პოლიტიკურ-სოციალური მოვლენების ფეხდაფეხ ვითარდება. ლიფტი ყველაფრის მომსწრე ხდება – იქნება ეს მშობიარობა, ქორწილი, მეორე მსოფლიო ომის და 50 წლის შემდგომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, სიკვდილი, ახალგაზრდული კინკლაობა-გარჩევები, მიჯნურთა პირველი საიდუმლო კოცნა და ა.შ.
გარდა იმისა, რომ თითქოს, ერთგვარად, ლიფტის, როგორც პერსონაჟის სუბიექტური თვალთახედვისა და ე.წ. POV-ის ფენომენი შემოდის, იკვეთება მეორე გმირიც, დათო, რომლის გარშემოც ვითარდება მოქმედება – დაბადებიდან სიკვდილამდე. დათოს დედა ლიფტში მშობიარობს, პატარა დათოს მამას ომში იწვევენ, მოზარდ ბიჭს პირველი კოცნა ლიფტში მოუწევს, მოგვიანებით იქვე აცილებენ ახალდაქორწინებულებს მეგობრები და მეზობლები და ბოლოს, გარეთ მიმავალი, აწ უკვე ღრმად მოხუცებული, ლიფტშივე განუტევებს სულს.
მთავარი აქცენტი, კონცეპტუალურად და სათაურის შესაბამისად, ლიფტზე გადადის. რეჟისორის ასეთი არჩევანი, სადაც ის სივრცეს და არასულიერ პერსონაჟებს მთავარ გმირებად აქცევს, მის პარალელურად კონკრეტული ადამიანებიც შემოჰყავს და მათზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს დაკვირვება უსულო საგნის მიერ (კონკრეტულად კი ისტორიული მოვლენების ცვლილების ფონზე), ერთგვარად წააგავს ეტორე სკოლას ცნობილი მუსიკალური ფილმის, „ცეკვა ცეკვით“ დრამატურგიულ და იდეურ სტრუქტურას, სადაც ავტორს საცეკვაო დარბაზისა და ოციოდე პერსონაჟის სახით საფრანგეთის 50-წლიანი ისტორია  შემოაქვს.
რეჟისორისა და მისი შემოქმედებითი გუნდის მცდელობას, რომ ფილმი კონცეპტუალური იდეით და საკმაოდ დამაინტრიგებელი ამბით კარგ სტუდენტურ ნამუშევარს დაემსგავსოს, სამწუხაროდ, უკან ხევს მსახიობების ბოლომდე არაბუნებრივი და არამადაჯერებლი (ხშირად ხელოვნური, „გადაპრანჭული“, ან არათავდაჯერებული) თამაში, რაც კვლავაც აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს არამარტო სტუდენტურ კინოში, არამედ, ზოგადად, საშემსრულებლო ხელოვნებებში (საუკეთესო მსახიობებად, მაინც, „ლიფტი“ და ღრმად მოხუცებული დათო რჩებიან).

აღსანიშნავია, რომ დათოს სიკვდილის სცენაში საინტერესოდ შემოდის კადრშიდა მონტაჟის მცდელობა, სადაც სიკვდილი და სიცოცხლე, სიბერე და ახალგაზრდობა კონტრასტულად იკვრება ერთ სივრცეში: სიკვდილის პირას მყოფი დათოს, რომლის სიკვდილის სიმბოლურადაც კინოკამერა დროგამოშვებით მასზე ფოკუსს აბინდებს, მოპირდაპირედ, უკანა ფონზე პატარა ბავშვები (აქაც არადამაჯერებლად) კინკლაობენ და ბიჭუნა გოგონას უწყვიტავს სამაჯურს, რის შედეგადაც სამაჯურის ნაწილები ხმაურით იბნევა კიბეზე. არასტატიკური და მოძრავი კადრი ასეთი კომპოზიციით, ერთგვარად, წააგავს ვონ კარ-ვაისა და ქრისტოფერ დოილის ცნობილი სტილის იმიტაცია-გამოძახილსაც, რომელიც ემოციური დატვირთვით პერსონაჟის უბედურებასა და მარტოსულობის, გარეშე სამყაროს მხრიდან სხვისი სიკვდილის მიმართ გაუცხოებას უსვამს ხაზს. მთავარი კი მაინც ერთია, რომ ფილმის ოპერატორი (იური აბჟანდაძე) კარგად ცდილობს, სივრცე მაქსიმალურად ჩაკეტოს, მას კლაუსტროფობიულობა დაამატოს და ის მინიმალიზმი, ლიფტში შეკეტილობის ფენომენი შეინარჩუნოს. ამას ემატება მონტაჟიც (ნათია ნიკოლეიშვილი და ირაკლი მაქაცარია), რომელიც ბუნებრივად „ჩატეხილი“ და გარდამავალია, რაც წესით, ფილმიდან გამომდინარე, ემსგავსება ლიფტის კარის გაღებასა და დიდი გაჭირვებით მოძრავ მოქმედებას, თუმცა, მეორე მხრივ, მაინც უახლოვდება „ბუნებრივი“ დამუშავებისა და მონტაჟის სტილს, რასაც ბოლომდე ვერ გასცდენია ქართული სტუდენტური კინო და მაინც უხეში გადასვლის სახეს სჯერდება.
დრო იცვლება, ხალხთან ერთად ტექნიკაც „ბერდება“ და ძველ ლიფტს, რომლის წესიერ მუშაობას არაერთი მოსახლე დიდი ხანი ელოდებოდა,  დაუდგება რემონტისა და ტექნიკოსების ვიზიტის დღეც, თუმცა ფილმი მთავრდება, ერთი შეხედვით, გარემონტებული ლიფტის გაურკვეველ სართულზე ასვლით, სადაც კარი იღება და ჩანს ერთგვარი საკუჭნაო, რომელიც ცარიელია. რჩება ორი ვარაუდი: ლიფტი განახლებული სახით განაგრძობს მოსახლეების მსახურებას და ახალი თავგადასავლების დაკვირვებას, ან ის, დათოსთან ერთად, დაამსრულებს სიცოცხლეს, რადგან, გარეგნული ცვლილებებისა და განახლების მიუხედავად, ისეთივე ძველი და უსარგებლო ხდება, როგორც საკუჭნაოში დიდი ხნის წინ შეყრილი და პატრონებისგან მივიწყებული ნივთები, ოდესღაც ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი და საკრალური, როგორც, თუნდაც, დათოს არსებობა თავის დროზე. თუმცა შენობის ფუნქციის გათვალისწინებით ლიფტი არასდროს დაკარგავს აქტუალობას, რადგან გადაადგილებისთვის მაინც არის საჭირო. ამრიგად, ლიფტს ენიჭება ის „მელოდრამატიზმი“, იგი ემსგავსება ცოცხალ არსებას, რომელშიც დროებით გაიელვებენ საკუთარი პრობლემებით, გასაჭირითა თუ სიხარულით სავსე ადამიანები და შემდეგ გაქრებიან, ლიფტი კი „გამოიჭერს“ და შეინახავს ამ ყველაფერს და, ბოლოს, ავა საკუჭნაოში, სადაც საბოლოოდ „დააბინავებს“ და „დააარქივებს“.
რამდენიმე ნაკლის მიუხედავად, „რკინის  მემატიანე“ მეტნაკლებად მაინც ახერხებს არატრადიული სიუჟეტის გამართლებას და თავისი შინაარსით საინტერესო თავგადასავალს სთავაზობს მაყურებელს, ნათია ნიკოლეიშვილი კი, ალბათ, მომავალში შეძლებს მეტ დრამატურგიულ და შემოქმედებით სირთულეებს შეეჭიდოს.

ეთერ ფარჩუკიძე,
კინომცოდნეობის მაგისტრანტი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *