მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ…

დროთა და ყველა სხვა კავშირი დაირღვა, თუმცა მათი შეკვრა მას არ არგუნა წყეულმა ბედმა. „ჟანრის კანონებიც“ დარღვეულია და ამბავიც სხვა სქემაში ექცევა. დაირღვა არა მხოლოდ ყველა კავშირი, არამედ მოჩვენებითი მყარი ნიადაგიც მოირყა, ყველაფერი მოიცელა; ქვეყანაში, რომელიც თავისუფლებასა და ნათელ მომავალზე ოცნებობდა, ნელ-ნელა სიკვდილის სურნელი დატრიალდა. XX საუკუნის ბოლოს, საბრძოლო ნაღმებთან ერთად არა ერთი სხვა – დიდი და პატარა, მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო, საბედისწერო და საიმედო, მათ შორის, სახელოვნებო –აფეთქებაც მოხდა. ადამიანებს დიდი განსაცდელისა და გამოცდის ჟამი დაუდგათ. ბევრის ბევრი ოცნებაც მტვრად და ქვიშად იქცა. ბევრი თვითონ იქცა მტვრად და ქვიშად.

1990-იანელების თაობას (მომდევნოსაც და კიდევ მომდევნოსაც), „დაკარგულ თაობას“ უწოდებენ. თაობას, რომლის პირადი ბედი და ისტორიული სინამდვილეც, თავისთავად, განსაზღვრავენ არსებობის წესებსა და კანონებს, მათ ყოფას, მარგინალიზებასა და სოციალურ მდგომარეობას, უკიდურეს სიდუხჭირესა და სულიერ კრიზისს.

კეკო (ეკატერინე) ჭელიძის დოკუმენტური ფილმი „მკვდარი სულების არდადეგები“ (2020), მისი და კოტე კალანდაძის სცენარით, მუსიკოსზეა და მას რეალური გმირი ჰყავს – წარსულში წარმატებული, შემოქმედებითად აქტიური, 90-იანი წლების საქართველოს მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთი ლიდერი და, შეიძლება ითქვას, ახალი მეამბოხე თაობის ერთ-ერთი სიმბოლო – როკ მუსიკოსი, ბასისტი ლევან სვანიძე. კინოსურათშიც მისი და ჯგუფ „ამორალის“ ხელმძღვანელის, გია თოიძის მუსიკა ჟღერს, მათივე შესრულებით. ამდენად, მუსიკა ბევრად მეტია და მნიშვნელოვანი, ვიდრე მხოლოდ ფონი, ემოციური აქცენტების გამაძლიერებელი ან ცოცხლად ნამღერის ძალა – ატმოსფეროს შესაქმნელად და დამაჯერებლობისთვის. მუსიკა იქცევა მოვლენის ზოგად ნიშნად და არსის გამომხატველად, რომელიც მატერიის სუბსტანციის ხარისხს იძენს („ამორალი“ კი ჯგუფია, რომელშიც ლევან სვანიძე „წინა“ ცხოვრებაში უკრავდა და რომლის კონცერტში აწმყოში მონაწილეობაზეც ოცნებობდა. თუმცა, როგორც ბევრისხვა, არც ეს ოცნება აუხდა, ან არ/ვერ აიხდინა).

„მკვდარი სულების არდადეგები“ მუსიკოსზეა, რომლის არც თუ შორეული დიდებიდან, ინტენსიური და ცოცხალი,არა მხოლოდ მუსიკალური „ფრონტმენობიდან“ აღარაფერია შემორჩენილი. სამაგიეროდ, სხვა შენაძენების, სხვა არამატერიალური საგანძურების არსებობით, სხვა სივრცესა და მდგომარეობაში გადანაცვლებით მიღწეული უწონადობის ტკბობითაა ჩანაცვლებული. და უკვე საკითხავია, რა სჯობს, თავისუფლებისკენ სწრაფვა, მასზე ოცნება,შემდეგ იმედგაცრუება, სივრცესა და დროში დაკარგულობა, თუ უკვე არსებული, მიღწეული, მოპოვებული შინაგანი თავისუფლება?

პირველ რიგში, ალბათ, სწორედ ამიტომ აღმოჩნდა ლევან სვანიძე კეკო ჭელიძისათვის საინტერესო და მიმზიდველი. რეჟისორი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, იჭრება ამ ადამიანის ცხოვრებაში ისე, რომ არაფერს გეგმავს და სთავაზობს, არაფერში ერევა და მოვლენების მსვლელობას შიგნიდან აკვირდება. გამომდინარე არსიდან და იქიდან, რატომაც იღებს ფილმს და მონათხრობს რა დატვირთვასაც, რა საზრისს ანიჭებს.

ყველაფერი აწმყოში ხდება – დღეს, აქ და მოვლენების თანმიმდევრული, ბუნებრივი და ლოგიკური განვითარების პროცესში. 90-იანი წლების შემდეგ დრო გავიდა. რეალობა შეიცვალა. ლევან სვანიძე (როგორც მისი თაობის არაერთი სხვა წარმომადგენელი) აღარაა იგივე და ისეთი, როგორიც ოდესღაც იყო. გარეუბანში, ერთოთახიან ბინას განდეგილივით შეეხიზნა და, დედასთან ერთად, საერთო ცხოვრებით ცხოვრობს, რაც, თითქოს გარემოებების შედეგი, მაგრამ, შეიძლება, მუსიკოსის პირადი არჩევანია. ჩარაზული სივრცე, გარე სამყაროსაგან ფაქტობრივი იზოლირება და შინაგანი ჩაკეტილობა – რეაქციაა, პასუხია რეალობაზე, მისგან თავდაღწევის არა მცდელობა,არამედ უკვე შემდგარი აქტი – მიღებული გადაწყვეტილებისა და „ასე“, ამ მიმართულებით წარმართული ცხოვრების წესის შედეგი.

სწორედ იქ, იმ პატარა ოთახში, შესაბამისი ზომის სათავსოებით, ჩაკეტილ სივრცეში (რომლის მასშტაბები გადაღების წერტილების კუთხეების, რაკურსების წყალობით, რეალობისა და ნამდვილ მასშტაბებს ცდება) იწყება და სუფევს სრული დამოუკიდებლობა –  იძულებითი მოვალეობების, ყალბი ურთიერთობებისა და ფსევდო ვალდებულებებისგან თავისუფლება. ლევან სვანიძე მხოლოდ დროდადრო და მეტად იშვიათად ტოვებს ამ კედლებს, იმის დასტურად, რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს, რომელსაც მხოლოდ „დამხმარე“ ფუნქცია აქვს. და რომლისთვისაც, თავსა და თავის მუსიკას, იშვიათად იმეტებს.

განდეგილობასა და რეალობის, სინამდვილის ამგვარად ჩანაცვლების პროცესში ლევან სვანიძისათვის დრო თითქოს აღარ გადის. რეალობას წარმოსახვითი რეალობა ცვლის, მხოლოდ იქ შეიძლება იგრძნოს თავი კარგად, შედარებით მყუდროდ, სამშვიდობოს, მოშორებით, გარშემო არსებული ორომტრიალისაგან, საზოგადოებაში, რომელსაც საერთოდ არ (აღარ) აინტერესებს ლევან სვანიძე და მისი მსგავსი, მსგავსი კატეგორიის, ბედის ან,საერთოდ, სხვა ადამიანები.

დედა-შვილისთვის კი, არც საზოგადოება, არც გადამღები ჯგუფი და არც ცხოვრების კატაკლიზმები უმნიშვნელო და არაფერია, საკუთარი კატაკლიზმები, შიდა რყევებიც ჰყოფნით და მათი არსებობაც ამ, საკუთარი კატეგორიებითა და წესებით ისაზღვრება.

რეჟისორი ადამიან(ებ)ის ასეთი არჩევანით, ასეთი ბედითა და ცხოვრებით, ცხოვრების წესით, ყოფით ინტერესდება და მის დინებას, ყოველდღიურობას, ყოველწამიერებას მიჰყვება დროის იმ, საკმაოდ ხანგრძლივსა და, ფაქტობრივად, უწყვეტ მონაკვეთში, რამდენ ხანსაც ფილმის გადაღებები გრძელდებოდა.

კეკო ჭელიძე ამ სამყაროს ოპერატორ კოტე კალანდაძის (რომელიც, ამავე დროს, ფილმის პროდუსერიცაა, ელენე მარგველაშვილთან ერთად, მონტაჟიც მისია, კეკო ჭელიძესა და ელენე ასათიანთან ერთად, და ხმაც – ნიკა ფანიაშვილთან ერთად) კამერიდან უყურებს, აღიქვამს და აჩვენებს. „აღწერს“ შინაგანი თუ მატერიალურიგაჭირვებისა და ფიზიკური უძლურების სამყაროს, ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფი ადამიანების ცხოვრებას.მაგრამ არა იმ გაგებით, როგორც ტრადიცია „მოითხოვს“ და რითიც უკვე, შეიძლება ითქვას, ცოდავს თანამედროვე ქართული კინო, სოციალური პრობლემების უსასრულო ტირაჟირებითა და უწყვეტი, ერთფეროვნად ქცეული თემების არცთუ განსხვავებული ვარიაციებით.

ემპირიული სინამდვილის არა ცალმხრივი ხილვითა და მასზე დაყრდნობით, რეჟისორი აღწევს საზოგადოებისათვის იმ რეალობის გაზიარების დამაჯერებლობას, რომელიც პირადად მისთვისაც უცხოა, მაგრამ მიმზიდველი. თანამზრახველად აქცევს საზოგადოების იმ ნაწილსაც, რომელსაც ადარდებს, რაც ხდება და იმასაც, რომელიც სხვა შემთხვევაში, გულგრილი და უემოციო, შეიძლება, აგრესიულიც კი ხდება.

სიმარტოვის, იზოლირებულობისა და დროში გაწელილი პაუზის განცდა მთელ ამბავს გასდევს, სადაც უნდავითარდებოდეს მოქმედება – თბილისის ქუჩებში თუ განდეგილების „სენაკის“ ინტერიერში. თუმცა ჩაკეტილ წრეში, რომლის გარღვევასაც ლევან სვანიძე ან საერთოდ არ ფიქრობს და არც ცდილობს, ყველაფერი თითქოს მშვიდადაა. ჩაკეტილობის –  დროსა და სივრცეში მოქცევის სისტემასა და სიმყუდროვეს, სარეჟისორო გადაწყვეტიდან, ფილმის სტრუქტურიდან, გმირების განწყობიდან და ავტორის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მაყურებელი ფიზიკურადაც შეიგრძნობს. 

რადგან მთავარი სხვა რამაა და გააჩნია, როგორ შეხედავ, რატომ შეხედავ და რას დაინახავ ჭვრეტის პროცესში, რას დაინახავ ან აღმოაჩენ არსებულს მიღმა ან მის ეპიცენტრში. ერთი მხრივ, ყოფა, ყველა მახასიათებელი და მნიშვნელოვან-უმნიშვნელო დეტალის ფიქსირებით, უშუალოდ და შიგნიდან, თანაზიარობის, შეერთების გზით დანახულ-აღქმული რეალობა, მეორე მხრივ, და რაც მთავარია, უხილავობა, გაუჩინარება ამ პატარა სივრცეში –  განსაზღვრავს და გამოკვეთს კეკო ჭელიძის სარეჟისორო ხერხსა და ხელწერას.

აქაურობას თავისი განუმეორებელი სურნელი, ხილვადობა, ფერები, კოლორიტი აქვს. სამყაროსა და არჩევანის მთელი სიჭრელე ქმნის კიდეც ეკრანული სამყაროს მრავალგვარობას, მრავალფეროვნებასა და მიმზიდველობას. მით უმეტეს, როდესაც ეს გახსნილი და არადამთრგუნველი სინამდვილე, ფაქტობრივად, ოთხ კედელში მოქცეული, ფიზიკურ მასშტაბებშემცირებული და არაგულისგამაწვრილებელია.

პირქუში რეალობა და მასთან გაწყვეტილი კავშირი, ფარული თუ გამოთქმული წუხილები, სევდა, რაღაცნაირი განტევება გარემოსგან – რეალურ ელფერს იძენს, იმ ატმოსფეროში აღიბეჭდება, რომელსაც რეჟისორი და ოპერატორი ქმნიან და ერთ მთლიანობად იქცევა, როგორც ვინმეს ან რაიმეს ნამდვილი ანარეკლი სარკეში. და ხვდები, რომ ეს ცხოვრება არც ისეთი ერთფეროვანი და მოსაწყენია, როგორც წარმოგვიდგენია. შეიძლება ბევრი რამ უკვე შეუძლებელი ან წარსულადაა ქცეული, მაგრამ დედა-შვილის ცხოვრება ასეთია და არა ისეთი, როგორიც სხვების, როგორც სხვებს უნდათ, რომ იცხოვრონ.

სწორედ მათ, სწორედ ამ გარემოებებში ყოფნით, სწორედ საკუთარი მიკროსამყაროს შექმნით, შეძლეს თავისუფლების მიღწევა, ბედს დაუმორჩილებლობა და პირქუში სინამდვილის საკუთარი რეალობით ჩანაცვლება.ესაა მათი დრამაც და გამარჯვებაც. მათი დამკვიდრება ამ პირქუშსა და შფოთისგამომწვევ რეალობაში, საკუთარი არჩევანითა და გადაწყვეტილების მიხედვით.

დაპირისპირება რეალობასთან, პროტესტი, წინააღმდეგობა, რაც 90-იანელებმა დაიწყეს, დღესაც გრძელდება.შემდეგი და შემდეგი თაობები აგრძელებენ ბრძოლას, რომელშიც ზოგჯერ იმარჯვებენ, ზოგჯერ მარცხდებიან. ზოგი ხელს ჩაიქნევს, მაგრამ არ ნებდება, ზოგი ეგუება და ამორფული სიმყუდროვით „სარგებლობს“, ზოგი თვითონ ქმნის საკუთარ პლაცდარმს და თავისსავე წეს-კანონებს ამკვიდრებს.

არდადეგები, თუნდაც, „მკვდარი სულების“ („მკვდარი სულების არდადეგები“ ერქვა ერთ-ერთ ჯგუფს, რომელიც ლევან სვანიძემ შექმნა და რომელშიც ოდესღაც უკრავდა), თავისუფლებასთან, სიმშვიდესთან, მოსვენებასთან ასოცირდება. და თუ ყოველივე ამის ფონზე და ამ პიროვნული, თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გარემოცვაში,რომლებიც საზოგადოებაში უცვლელად და მუდამ არსებობენ, შეიძლება რაღაც მაინც იყოს სანუგეშო ან შვებისმომტანი, ისაა, რომ ამ ადამიანებმა, შვილმა და დედამ – ოთხ კედელში მოქცეულმა და ერთმანეთის შემყურემ, მაინც შეძლეს და მიაღწიეს, რასაც ესწრაფოდნენ (და რასაც ყველა „არანორმალური“ ესწრაფის) – უპირობო თავისუფლებას. და ისიც დაამტკიცეს, რომ, როგორც ყოველთვის, ყველა დროში და ყველგან – უკიდურესი სასოწარკვეთისა და განწირულობის მდგომარეობაშიც – მთავარი ძალაა სიყვარული და იმედი, რომელიც მუდამ ამარცხებს სასოწარკვეთას და ყოფაზე იმარჯვებს.

კეკო ჭელიძე და გადამღები ჯგუფიც, სწორედ იმედით, თავისუფლებითა და სიყვარულით შემართული, შორს სცდებიან ამ სამყაროს ჩაკეტილობას, მის ერთადერთობასა და განუმეორებლობას ინარჩუნებენ და ფილმს ფართო სპექტრში შლიან (როგორც კოტე კალანდაძე დამატებითი ფართო ლინზების გამოყენებისას). ეს „არანორმალური“სამყარო უხილავი და ხმამაღლა უთქმელი ქვეტექსტებისა და შიდა დინებების წყალობით, მომნუსხავი,დაუჯერებლად მიმზიდველი და მრავლისმეტყველი ხდება. სწორედ ასეთ პირობებსა და მდგომარეობაშია შესაძლებელი ჩარჩოებს, შეზღუდვებსა და ბედისწერის წინააღმდეგ სვლაც და დროთა დარღვეული კავშირის შეკვრაც.

P.S. ბოლოს, ლევან სვანიძე დედის მოსალოდნელი დაკარგვის ერთადერთი შიშისგანაც გათავისუფლდა. ფილმის გადაღებიდან მალევე, ყოფილი მუსიკოსი და განდეგილად ქცეული თავისუფალი, ლაღი და იმედიანი ადამიანი გარდაიცვალა და მარტოობის ტვირთი, რომლის აკიდებაც აფორიაქებდა და აშფოთებდა, დედას გადაულოცა.მართალია, სიცოცხლე ვერ ამარცხებს სიკვდილს. სამაგიეროდ, სიკვდილიც ათავისუფლებს.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *