მთები, გზები, შემოქმედება

მთები და გზები – ხიფათიანი, ძნელადსავალი…

მთები და გზები… მათ არ უყვართ სუსტნი და მერყევნი. დასაბამიდან მოდის ასე: ვინც მთას შეუდგება, ვინც გზაზე ფეხს შედგამს, რწმენა უნდა ჰქონდეს მტკიცე, მიზანი ნათელი, ნებისყოფა შეურყეველი. თუ არადა მთა გადაულახავია, გზა – გაუვლელი…

ჭეშმარიტი ხელოვნებაც მუდამ ფიქრია, მუდამ განსჯაა ცხოვრებაზე, ადამიანთა სავალ გზებზე, იმაზე, რომ გზა დიდია და უსასრულო, აღსავსეა ხიფათითა და მოულოდნელობით, რომ გზა გაუვლელი რჩებათ სუსტთა და მერყევთ.

ეს სიტყვები „თეთრი ქარავნის“ პირველად ნახვის შემდეგ ჩავიწერე უბის წიგნაკში, ისე, უბრალოდ, ჩემთვის. მაშინ არც მიფიქრია, რომ ამ ფილმის გამო პრესაში ვიტყოდი რასმე. არც ამჯერად მინდა მივმართო ტრადიციულ რეცენზიას, განაჩენივით – „მართალია-მტყუანიას“ ფორმას. და ეს იმიტომ კი არა, რომ, ერთი კრიტიკოსის თქმისა არ იყოს, ეს ფილმი ძნელად ემორჩილება რეცენზენტის კალამს. უბრალოდ, კვლავ მეძალება ფიქრი მთებსა და გზებზე, ადამიანთა სავალ გზებზე… ფიქრსაც ამ ფილმში უდევს სათავე. მასში კი ნიჭიერად და ემოციურად გამჟღავნებულა სურნელება და მადლი მიწისა, ხალხისშვილობის ამაღლებული გრძნობა, ბუნებასთან ახლო მდგომი და ბუნებასავით მართალი, უშუალო, გამრჯე კაცის სილამაზე, მთებისა და გზების რომანტიკა…

და მაინც – რაზე მოგვითხრობს „თეთრი ქარავანი“? შრომაზე, მწყემსების ვაჟკაცურ, მძიმე, კეთილშობილურ შრომაზე; ჭეშმარიტად უანგარო მამაკაცურ მეგობრობაზე; ხალხთა ძმობაზე, სიყვარულზე, და კიდევ – ერთი „ძეშეცთომილის“ ამაოების გზაზე…

დიახ, ეს ყოველივე არის ფილმში. მაგრამ მარტო ამის თქმა იგივე იქნებოდა, რომ დაგვეხატა გამოფიტული ჩონჩხი, გადმოგვეცა შუქჩრდილებისაგან და ემოციებისაგან დაცლილი სქემა. ეს კი ჩვენივე გრძნობების, ჩვენი ფიქრის გაქურდვის ტოლფასი იქნებოდა. ფილმში კი არის ცოცხალი აზრი, ხელოვნების ფორმით გამჟღავნებული მოუსვენარი ფიქრი ადამიანსა და მის სავალ გზებზე, იმაზე, რომ გზები ვრცელია და უსასრულო, აღსავსე მოულოდნელობებითა და ხიფათით, რომ გზაზე გვხვდება გზაჯეარედინები…

და რა საოცარია – ფილმი ეკრანზე გამოვიდა არა თავისი პირველყოფილი სათაურით – „გზები და გზაჯვარედინები“, რომელიც ერთ მწყობრ მწკრივად კრებდა ყველა ასოციაციას, არამედ სხვა, არაფრისმთქმელი სახელწოდებით – „თეთრი ქარავანი“. რატომ? მე მითხრეს, რომ კინოგამქირავებლებმა მოითხოვესო ასე, მათ „გზები და გზაჯვარედინები“ არაკომერციულად მიუჩნევიათ. მაგრამ ხელოვანთა პოზიცია? პრინციპი?

ბრწყინვალედ არის გადაღებული ფილმის დასაწყისი: ადრიანი შემოდგომა, ხეობის სოფელი, რომლის ძირითადი საქმიანობაც და მარჩენალიც – ცხვარია, ხოლო ყველა მამაკაცი – მწყემსი. სამ თვეს ძლივს ასწრებენ საკუთარი ლოგინის გათბობას მთებსა და გზებს დაძმობილებული ვაჟკაცები. შემდეგ ისევ გზა – უსასრულო, გაუთავებელი. მიდიან და თან მიაქვთ თავიანთი წილი სიხარული და დარდი, საზრუნავი და საფიქრალი, სიყვარულიც და სახელგაუტეხლად შინმობრუნების რწმენა. ჩაუმქრალად ინახავენ კერას მხოლოდ მოხუცები, ქალები, ბავშვები. ერთი დეტალიც – ამ სოფელში ბავშვები ერთ დროს იბადებიან, „რაღა თქმა უნდა, ესეც ამ გზის ბრალი უნდა იყოს“…

და აი, ახლაც აყრილან სოფლის თავჩობნები, ცხვარს მიერეკებიან კასპიისპირეთს, ყარა-ნოღაის ზამთრის საძოვრებზე, სადაც ბალახი ნოყიერიცაა და მარილიანიც…

საოცარი მღელვარებით გადმოგვცემენ ავტორები სოფლის ცხოვრებაში ამ მნიშვნელოვანი მოვლენით გამოწვეულ ამაღლებულ განწყობილებას. და თუმცა ისინი, თითქოს, განსაკუთრებით წინ არაფერს წამოსწევენ, ხაზგასმით არ აღნიშნავენ და ყველაფერს ჩვეულებრივობის ჩარჩოში ატევენ, გაცილების ყველა ეპიზოდში ძალუმად იგრძნობა პათეტიკური ჟღერა. არსად უბრალო მინიშნებაც კი არ არის ყალბ ეგზოტიკურობაზე. ყველაფერი, რაც კინოკამერის ხედვის არეში ხვდება, მართალი და ახლობელია, აღბეჭდილია უტყუარობით. ეს ჩვენი მშობლიური პეიზაჟია – მთები, ბილიკები, დაბალი ქვით ნაშენი და ფიქალით გადახურული სახლები, ტერასებად შეფენილი სოფელი, არსად ხეხილი და ხასხასა მწვანე. ფერები დაბინდულია, ჭარბობს რუხი და შავი. ადამიანთა სახის მკვეთრ, რელიეფურ ნაკვთებშიც გამჟღავნებულა ბუნების სიმკაცრე… დაბოლოს, ცხვრის ფარა, აქაფებულ მთის მდინარესავით რომ დაძრულა სოფლის ორღობეებში. ეს ყოველივე დანახულია სიყვარულით, განცდილია დიდი გულით.

თითქმის ყველა გმირს სურათის ექსპოზიციაშივე ვეცნობით. იგი ერთგვარად გაგრძელებულია და კადრსმიღმა მთხრობელის ტექსტი მთლიანად დოკუმენტურ კადრებს ახლავს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს სიმართლის შეგრძნებას. მაგრამ ამჯერად მთავარია, რომ ექსპოზიციაში უკვე მოცემულია როგორც პერსონაჟთა ხასიათების, ისე ნაწარმოების კონფლიქტის ძირითადი ნიშნები. სხვა საქმეა ფილმში შემდგომ როგორ ვითარდებიან ისინი. ყოველ შემთხვევაში, მთხრობელის ნათქვამს პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომაც თავს ნებას მივცემ და შეგახსენებთ (მთხრობელია გელა):

„ისევ ავიყარეთ და მივდივართ კასპიისპირეთს, ზამთრის საძოვრებზე, ყარა-ნოღაი რო ჰქვია. შემოდგომის ნახევარს გზას ვანდომებთ. მთელ ზამთარს და გაზაფხულის ნახევარს ყარა-ნოღაისა ვტკეპნით, მერე ისევ ჩვენი მთებისაკენ ვიზამთ პირსა… რას იზამ, ხეობის მთავარი საქმე ცხვარია“.

კადრსმიღმა მთხრობელის ეს ტექსტი მთლიანად ცხვრის გადარეკვის ამსახველ შესანიშნავ კინორეპორტაჟს ემთხვევა. და თუმცა იგი აქ არ მთავრდება და გარემოს უტყუარობის შეგრძნებაც უწყვეტი რჩება, კინოკამერა უკვე შეუმჩნევლად იწყებს ადამიანთა სახეების –  ფილმის მთავარ პერსონაჟთა გამორჩევას. კადრსმიღმა ხმა კი თხრობას განაგრძობს და მათ ცალ-ცალკე გვაცნობს, რაშიც ლაკონიურად გამჟღავნებულია როგორც თითოეულის წინაისტორია და ხასიათის ძირითადი ნიშნები, ისე ყოველ მათგანთან მთხრობელის შინაგანი დამოკიდებულება… შემდეგ ამ გალერეაში პოეტური ფერებით ჩაიწერება მარიას ნათელი სახე და იმატებს ლირიკა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ იგი მხოლოდ პათეტიკასთან თანასწორი უფლებით შემოდის ფილმში და ვერ ჭარბობს მის ჟღერადობას.

წინა რიგში მაინც ორი გმირი იწევს: გამჭრიახი და გულისხმიერი, მუხლმაგარი და კუნთგაძვალებული, მთებსა და გზებზე გამობრძმედილი, მწყემსთა ზნეობრივ მაგალითად ქცეული მარტია ახლოური და მისი „ძეშეცთომილი“ გელა. ფილმის მთავარი კონფლიქტიც, მისი ფაბულური გამოხატვით, სწორედ მათი შეჯახებაა.

მამაც და შვილიც ერთ გზაზე დგანან. მარტიასათვის ეს გზასავალი ნაცადი და ნაცნობია, მაგრამ მაინც მრავალი შეუცნობელი სიახლის შემცველი. მისთვის ეს არის კაცურკაცობის, ბრძოლისა და შერკინების, ჭირისა და ლხინის, შემართებისა და არდანებების გზა, გზა ჭეშმარიტებისა…

გელასთვისაც ნაცნობია ეს გზა, მაგრამ უკვე ჩვეულებრივი, ამაოებად ქცეული და მომქანცველი. იგი ვეღარაფერს ხედავს მასზე ახალს, აღმოსაჩენს, შესაცნობს. თვით მარია, მისი ნათელი სიყვარულიც კი ვერ იქცა მისთვის ამ გზაზე აღმოჩენილ დიდ სიხარულად. გელასათვის ეს გზა დაკმაყოფილებულ სურვილს ჰგავს, იგი აღარაფერს პირდება, მისი ერთფეროვნება და უსასრულობა კი ერთგვარად კიდევაც აშინებს.

მარტიასათვის ეს არის მაღალი მოვალეობისა და ღირსების გზა. როცა შვილი გაუმხელს, აღარ მინდა ცხვარში სიარული, უნდა წავიდეო, მოულოდნელობით ჩაფიქრებული და წარბშეკრული მარტია მკაცრად ეკითხება: „შენს მოსავლელ ცხვარს ვინ მოუვლის?..“ მისთვის წარმოუდგენელია სიცოცხლესავით შეჩვეული საქმისაგან განდგომა, მოვალეობის არიდება, მამა-პაპათა გზიდან, მწყემსთა მკაცრი ეთიკური ნორმებიდან გადახვევა.

გელასთვის კი მოვალეობა დაბრკოლებად ვერ იქცევა, რადგან ამ გზაზე მიზანს ვეღარ ჭვრეტს. ხოლო როდესაც უკან გახედავს განვლილ გზას, ვერც იქ ხედავს რასმე და ამბოხდება: „მორჩა, გათავდა, საყოფია რაც ცხვარსა ვსდიე! გელა ახლოურმაც უნდა იცხოვროს თუ არა, რაკი გაჩნდა ამ ქვეყანაზე… სამი პირი ქოფაკი გამოიცვალა ჩემს მწყემსობაში. ძაღლმა ვეღარ გასძლო ამ გაუთავებელ გზაზე… ქვეყნის პური და ხორცი, ხორცი და პური… არ დაიძინო, არ გაიღვიძო. წაიქცევი და ხის ჯვარი მზად არის გზისპირა საფლავზე. აღარ მინდა!..“

გელამ უნდა გადაუხვიოს გზიდან. მაგრამ საით? ქალაქისაკენ! იცის, მარტია წინ აღუდგება. მაგრამ როდემდე უნდა ატაროს „მგლის კისრით” მისმა შიშმა? სულ ერთია, მაინც წავა! არც მარია გაჰყვება? მაშინ კვლავ დაუბრუნდეს საერთო საცხოვრებლის გოგოებს. უიმისოდაც წავა! მწყემსები, უფროსებიცა და ტოლებიც, განზე გაუდგნენ, თავჩობნის მხარე დაიჭირეს? სულ ერთია, მათთან დამდგომი აღარ არის, მაინც წავა!.. ქალაქი!.. ქალაქი!..

თითქოსდა რა არის ამაში ცუდი? რატომ უნდა იქცეს გელასათვის ფატალურ გარდუვალობად მამა-პაპათა გზა, სასჯელივით რატომ უნდა ატაროს მწყემსის ტვირთმძიმობა? ნუთუ უფლება არა აქვს ახალგაზრდა კაცს თავისი სავალი მონახოს, თავისი წილი მოთხოვოს ცხოვრებას? ვერც გელას და ვერც ჩვენ ვერაფერში გვაჯერებს ახალგაზრდა ახლოურის ამბოხების გამო ერთ-ერთი მწყემსის ნათქვამი: ჩვენი ხელობა ქრისტეს იქიდან მოდის, ამაზე დავა სიგლახეა და მეტი არაფერიო. უფრო სამართლიანად და დამაჯერებლად გაისმის ამის პასუხად გელას შეძახება: „კაცი უფრო ძველია!”

მაგრამ როგორია ქალაქი, რომლისკენაც გელა მიალტვის. რას პირდება იგი ჭაბუკს?

… ხალხმრავალი ქუჩები. ავტომანქანები, თავბრუდამხვევი მოძრაობა, დამნდობი ცხენის ნაცვლად – ტაქსი, სულჩადგმული ბუნების მაგივრად – ვიტრინის თაბაშირის მანეკენები, უსიცოცხლო სახეზე ყალბი ღიმილით თავისაკენ რომ გეპატიჟებიან, დაცვარული ბალახისა და მიწის სურნელების ნაცვლად – ასფალტი და ბენზინის ბუღი, მზის წილ – ნეონის შუქი… ღამით კი ათასფრად აციმციმებული რეკლამები არშიყივით გიწვევენ კაფეში, სადაც შეექცევიან ნაყინს, წრუპავენ კოქტეილს, ცეკვავენ ქალიშვილები… სხვა ქალაქს გელა არ იცნობს (ყოველ შემთხვევაში, ასეა ფილმში), სხვა უფრო ნათელი მიზანი, ამაღლებული იდეალი მას არ გააჩნია (ამის გამო არაფერს გვეუბნებიან არც გმირი, არც სურათის ავტორები).

ფილმში ქალაქი შემოდის, როგორც ცბიერი, როგორც მარადიული ბუნების საწყისებს დაპირისპირებული „ამაოება ამაოებათა“. ამან კი საბედისწერო შეცდომის ელფერი მიაყენა გელას სწრაფვას, მოქმედებას… ყველაფერი ემორჩილება გაუცნობიერებელ სურვილს, ეწირება გაურკვეველ მისწრაფებას – მშობლიური კერაც, მამისეული გზაც, ქალის ნათელი სიყვარულიც, ლხინსა და ჭირში ნაცადი მეგობრებიც, თვით მწყემსის ღირსებაც კი…

ვინ დააყენებს „ძეშეცთომილს“ ჭეშმარიტების გზაზე?…

ის ფაქტი, რომ სურათის ფინალში გელა ფარეხში, მწყემსებთან ამოვა, ჩვენი აზრით, სრულიადაც არ ნიშნავს თითქოს მან თავისი მისწრაფების, გადაწყვეტილების უსწორობა შეიგნო. ამ დროისათვის მარტია უკვე მკვდარია. იგი გაავებულ სტიქიასთან შერკინებაში იღუპება, როგორც მებრძოლი, სახალხო დოვლათის დამცველი. ეს საბედისწერო შემთხვევა ტრაგიკულ ელფერს ანიჭებს გელას მოქმედებას. ცხადია, მარტიას სიკვდილში მას ბრალი არ მიუძღვის. სტიქია იმის სტიქიაა, რომ იგი არაფერს ემორჩილება, და გელა იმ ავბედით წუთს რომ მამის გვერდითაც ყოფილიყო, ეს მაინც მოხდებოდა. და მაინც მისთვის ვერ უპატიებიათ… მაგრამ რა, რა ვერ უპატიებიათ? ის, რომ მამა-პაპათა გზიდან გადაუხვია? ის, რომ დაარღვია თვით კაცობრიობასავით ძველი დაუწერელი კანონი მწყემსებისა? ის, რომ ამ სიკვდილ-სიცოცხლის შერკინების ჟამს იგი ყველასთან ერთად არ იყო? მაშ, რატომ შეხვდნენ ულმობელი დუმილით? უკმეხად ბრალს რატომ სდებს ახალბედა ვაჟია? მარიას მუდამ ალერსიან თვალებშიც რატომ ჩამდგარა სიცივე? კაცმა რომ თქვას, გელა მათთან ხომ თანაგრძნობის საძებნელად, პატიების სათხოვნელად არც მოსულა… მაშ, რიღასთვის მობრუნდაო, იკითხავთ.

ამ კითხვებზე კონკრეტულ პასუხს ფილმი არ იძლევა. ჩვენი აზრით, ეს უფრო გელას შინაგანად მერყევი ბუნების გამოვლინებაა. დარწმუნებული ვართ, თუმცა ავტორები გელას წინააღმდეგობრივი ხასიათის გახსნისკენ კი მიისწრაფოდნენ, მაგრამ მასში სუსტსა და თავის თავში, საკუთარი გზის სისწორეში დაურწმუნებელ ადამიანს მაინც ვერ ჭვრეტდნენ. გაიხსენეთ, როგორი სიჯიუტით ცდილობს იგი მარიას სიყვარულის მოპოვებას, როგორი მტკიცე, შეუვალია მამასთან და მეგობრებთან შეხლისას და დაღესტანელ მეცხვარეებთან კამათშიც, როგორი შეუპოვრობით მიილტვის ქალაქისაკენ…

და მაინც მობრუნდა… მობრუნდა კია?.. ერთხელ მარია ეუბნება გელას, შენ თვითონაც არ იცი, რა გინდაო… ანდა ვითომ შემთხვევითია ის სცენა, უფრო ზუსტად, ერთი დეტალი იმ სცენაში, როცა ახალწლის ღამეს, გელასთან უთანხმოების შემდეგ, მეთევზეთა სოფელში დაბრუნებული მარია ქუჩაში გამართულ ფერხულში ჩაერთვება და ცეკვავს, ცეკვავს თავდავიწყებით, თითქოს ამ დაუოკებელ მოძრაობაში იპოვესო გამოსავალი მისმა სულიერმა შფოთვამ და ტკივილებმა, უარყოფილმა სიყვარულმა, ქალის შელახულმა ღირსებამ, ეჭვმა… ირგვლივ მყოფნი ვერაფერს ხვდებიან, მხოლოდ დღვირა გრძნობს, რაც მარიას სულში ტრიალებს. ამ დროს მარიას გამოეთამაშება ვიღაც ყმაწვილი, რომელსაც სახეზე აუფარებია ნიღაბი – ყალბი, უსიცოცხლო… შემდეგ ეს ნიღაბი, სწრაფ მონტაჟში, რამდენჯერმე განმეორდება ეკრანზე: მოცეკვავე მარიას სახე… მეგარმონე… ნიღაბი… მერე ისევ მარია… ისევ ნიღაბი… მარია.. ნიღაბი… დღვირა შებრუნდება, მიდის… აცრემლებული მარიას სახე… არა მგონია, რომ ეს კადრები შემთხვევითი იყოს. მაგრამ რაზე მიგვანიშნებენ ისინი – მარიას შერყეულ რწმენაზე, თუ მის მიერ ამოკითხულ გელას შინაგანად მერყევ ბუნებაზე?..

ფილმის ავტორები ნამდვილი მხატვრები არიან, ამიტომაც ვერ ღალატობენ თავიანთი გმირის ხასიათის ლოგიკას, თუმცა მათ სურთ, რომ გელა სხვა, უფრო მტკიცე, ჭეშმარიტად მაძიებელი იყოს. სწორედ ამ გმირის ირგვლივ იყრის თავს განსაკუთრებით ბევრი კითხვა, უფრო მეტი, ვიდრე ეს მაყურებლის აზრის გააქტიურებისათვის არის საჭირო. მრავალი კითხვა კი პასუხგაუცემელი რჩება. ხომ არ შეჩერდნენ ახალგაზრდა ავტორები, ამ შემთხვევაში, ნახევარ გზაზე?.. ეს კია, რომ ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თითქოს, სათქმელი ბოლომდე ნათქვამი არ არის. ზოგიერთმა ეს გარკვეულ ორიგინალობადაც კი მიიჩნია, „ფილმი კითხვა“ უწოდა „თეთრ ქარავანს“. ნუ მივაწერთ ავტორებს იმას, რაც მათ აზრადაც არ მოსვლიათ. უბრალოდ, ეს ჩვენი აზრით, სურათის დრამატურგიული საფუძვლიდან თანდაყოლილი ნაკლოვანებებია. საბედნიეროდ, ფილმის ჭეშმარიტი ღირებულება არ ამოიწურება არც მისი ფაბულით, არც კონფლიქტებით. სურათის აზრი ბევრად უფრო ღრმაა, მნიშვნელობა – ფართო, მხატვრული სიმართლე – უფრო მაღალი.

ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოებს მუდამ მოაქვს უცნობთან შეხვედრის, რაღაც ახლის აღმოჩენის სიხარული. „თეთრმა ქარავანმაც“ ბევრი სიხარული გვარგუნა. პირველ რიგში, ეს იყო ჩვენს კინოში კიდევ ორი ნიჭიერი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას მოსვლა. გახარებთ მათი პროფესიონალიზმი, შესანიშნავი ოსტატობა, ახლის გრძნობა და ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციებთან ორგანული კავშირი. ისინი არ ცდილობენ, გაგვაოცონ რაღაც წრეგადასული და ფუყე „ორიგინალური“ ხერხებით, აყირავებული კადრებისა და აზრდაბინდული მონტაჟის დემონსტრირებით. მათ უკვე იციან ხელოვნებაში უბრალოების ფასი, ამიტომაც ასე ვიგრძენით მათ მხატვრულ ჭვრეტაში მიწისა და მშრომელი კაცის მეხოტბენი. ისინი ნამდვილი პოეტური ფერებით, განწყობილებით გვიხატავენ ადამიანებს, რომელთა ყოფა ისევე უპრეტენზიო და უბრალოა, როგორც წყალი, ხოლო შრომა ისევე ჩვეულებრივი და ძნელი, როგორც მოპოვება პურის ჩვენი არსობისა. მათ დაგვანახეს ამ ადამიანებში ჩამდგარი და განსახიერებული ბუნების სიწმინდე და მშვენიერება. ამიტომაა, რომ ფილმი გაღელვებთ, გაფიქრებთ, გხიბლავთ ეროვნული ხასიათის, ეროვნული ფორმის საუკეთესო გრძნობით.

ნამდვილ სიხარულად, ზეიმად იქცა ჩვენი კინოსათვის სპარტაკ ბაღაშვილის მეორედ აღმოჩენა. რაინდული სული, ძლიერება და ახოვანება, გამჭრიახობა, სახალხო საქმისათვის თავდადება, თავისებურად მკაცრი, მოყვარული გული და კიდევ ერთგვარი ტრაგიზმი, რომელიც გამჟღავნებულა მისი სახის რელიეფურ ნაკვთებში, ღრმად ჩამჯდარ თვალებში, ხმაში – ეს ყოველივე ქმნის მარტიას ძლიერ შთამბეჭდავ ფიგურას. სპარტაკ ბაღაშვილის მარტია გარეგნულად დინჯი და თავშეკავებულია, მაგრამ მასში მუდამ იგრძნობა რაღაც დიდი შინაგანი დაძაბულობა, სულიერი ძალების საოცარი კონცენტრირება, რომელიც სწორედ ქარიშხალთან შერკინებაში უნდა გამოვლენილიყო.

დიდხანს არ დაგავიწყდებათ შესანიშნავი კადრები: გამძვინვარებულ ქარიშხალს თანაბარი სისასტიკით დაურევია ხელი ზღვისა და ფარისათვის, გაშმაგებული ზღვა და შეშლილი ცხვრის ფარა ბრმა თავგანწირვით, წამლეკავად, შემზარავი ძალით დაძრულან ერთმანეთისაკენ. ეს არის ფილმის შინაგანი დინამიკის ლოგიკური კულმინაცია. რეჟისორებიცა და ოპერატორებიც, გ. კალატოზიშვილი და ლ. კალაშნიკოვი ნამდვილი მხატვრული ალღოთი და ტაქტით გვახვედრებენ ამ მოახლოებულ კატასტროფას, მსახვრელად ტორაღმართულ და ბოროტად დაძრულ სტიქიას, რომელსაც წინ აღუდგება დიდი ადამიანური ძალა და ნებისყოფა. და გჯერათ, რომ ბნელი და ნათელი საწყისების – ავისმქმნელი სტიქიისა და სიკეთის დამამკვიდრებელი ადამიანური ნებისყოფის ამ შერკინებაში, სიკვდილ-სიცოცხლის ამ შეჯახებაში გამარჯვებული გამოვა ადამიანი, რადგან უკვე კარგად ვიცნობთ ფილმის გმირებს, მათ ინდივიდუალობით აღბეჭდილ ხასიათებს, შინაგან ბუნებას, რომელიც ასე შესანიშნავად გადმოგვცეს მსახიობებმა: დ. აბაშიძემ (დღვირა) და ვ. დონღუზაშვილმა (გლახო), ა. კუპრაშვილმა (ყივანა) და გ. კიკაბიძემ (ვაჟია), სცენარის ავტორმა მერაბ ელიოზიშვილმა (ბალთა). მხოლოდ გელას (იმედა კახიანი) და მარიას (არიადნა შენგელაია) სახეები დარჩა დაუსრულებელი, მაგრამ როლების შემსრულებელთა რა ბრალია, თუ ისინი ფილმის ლიტერატურულ საფუძველშივე არ იყვნენ ბოლომდე გამოკვეთილი. გელასა და მარიას სახეებში, ისევე როგორც მათ სიყვარულსა და კონფლიქტშიც ბევრი რამ სადავო და საკამათოა… მართალია, „თეთრი ქარავნის“ სცენარის ტრადიციული ფაბულა ერთგვარად კიდეც განსაზღვრავს და გარკვეული მიმართულებით უბიძგებს ნაწარმოების აზრის მოძრაობას, მაგრამ მას მრავალი ღირსება აქვს: პირველ რიგში ის, რამაც საშუალება მისცა როგორც დამდგმელებს, ისე როლების შემსრულებლებს, გამოევლინათ გმირთა სულიერი სამყარო, ხასიათები, მათი შინაგანი კავშირი, ის უხილავი ძაფები, მათ რომ ერთმანეთისაგან, გარემოსაგან, სინამდვილისაგან განუყოფელს ხდის. არსად ყალბი თეატრალურობისაკენ, ბუნების ეგზოტიკური ჭვრეტისაკენ მიდრეკილება! ფილმის ლიტერატურულ პირველწყაროშივეა გამჟღავნებული გარემოსა და შრომის პოეტური ხილვა და განცდა, რაც ასე სწორად იგრძნეს დამდგმელებმა, ოპერატორებმა, მხატვრებმა. აქვეა ის ცოცხალი და ძარღვიანი ქართული ენა, სახიერი დიალოგები, რითაც ასე გამოირჩა ეს სურათი და ამითაც საგრძნობლად ამაღლდა, უფრო მკვეთრად გამოხატული ეროვნული სული ჩაიდგა.

ის, რაც ცოცხალია, ლაბორატორულ ანალიზს არ უნდა ემორჩილებოდეს. ნურც „თეთრი ქარავანი“ დანებდება მას. მთავარია, რომ იგი გაღელვებთ, აღგიძრავთ ფიქრს სიცოცხლესა და შემოქმედებაზე, მთებსა და გზებზე – ადამიანთა სავალ გზებზე, იმაზე, რომ იგი დიდია და უსასრულო, აღსავსეა ხიფათითა და მოულოდნელობით, რომ მხოლოდ სუსტთა და მერყევთ რჩებათ იგი გაუვლელი.

(იბეჭდება შემოკლებით)

ოთარ სეფიაშვილი,

კრებულიდან „ეკრანი და დრო“. თბილისი, „ხელოვნება“, 1969, გვ. 207-224.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *