ნიკო ლომოურის ლექსი, „ყინვა და პატარა მოწაფე“ თითქმის ყველასთვის, ვისაც ეს ლექსი უსწავლია, ბავშვობის პირველი სიღრმისეული განცდის, წარუშლელი სევდიანი ემოციების გამომწვევ მოგონებად არის სამუდამოდ ჩაბეჭდილი. რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის (2023) ინსპირაცია სწორედ მისი ბავშვობიდან გამოყოლილი ანალოგიური შეგრძნებების პროდუქტს წარმოადგენს. მართალია, საბავშვო ჟანრის ფილმი ოვაშვილის შემოქმედებაში სიახლედ აღიქმება, მაგრამ თუ დავუკვირდებით, მის წინა ნამუშევრებშიც („გაღმა ნაპირი“, „სიმინდის კუნძული“) წამყვანი როლი ბავშვებს ან მოზარდებს ეკუთვნით. მათი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და გაუცნობიერებელი ყოფიერების არსი, ფილმში განვითარებული მოვლენების შედეგად იხვეწება, ყალიბდება და ფინალში, ძლიერი ემოციების შედეგად, ისინი კათარზისს მიღწეულ, დაბრძენებულ ადამიანებად გვევლინებიან.
რეჟისორი ვიზუალურად აცოცხლებს ლექსად მოყოლილ ამბავს – სწავლას მოწყურებული პატარა ბიჭისა და დაუნდობელი ყინვის შერკინების შესახებ. დათოვლილი, ყინულოვანი მთებით გარემოცულ, პირქუში, მკაცრი, მაგრამ ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმულ უტყვ არემარეში, სიცივისგან გათოშილი პატარა ბიჭი წიგნით ხელში ჯიუტად მიიკვლევს გზას სკოლისაკენ. ყინვა კი მეთოდურად ჩასჩურჩულებს:
„ჩემთან კერპობა შენ ვერ გაგივა,
მალე გეცვლება წითელი ფერი,
იცოდე, შენზე დიდებისათვის
მომიგრეხია მწარედ კისერი.“
ბავშვი კი შეუპოვრად მირბის სკოლისაკენ, სადაც მოგიზგიზე ცეცხლით გამთბარი და განათებული საკლასო ოთახი, მოსიყვარულე მასწავლებელი და თანაკლასელი გოგონა ელოდებიან. სირბილის დროს მას ძვრება ქუდი, რომელიც უსასრულოდ მიგორავს დაღმართზე და ალბერ ლამორისის გახმაურებული კინოსურათის, „წითელი ბუშტის“ (1956) მსგავსად, თავისუფლებისა და მიზანსწრაფულობის სიმბოლოდ აღიქმება.
XIX საუკუნეში დაწერილი ლექსის საფუძველზე შექმნილი მცირე მოცულობის ფილმი „ყინვა და პატარა მოწაფე“ სავსეა მეტაფორებითა და მინიშნებებით, რომლებიც XXI საუკუნეშიც არსებულ პრობლემებს ეხმიანება. განსაკუთრებით კი, ჩვენს მაღალმთიან რეგიონებს, სადაც გამოკვეთილია დემოგრაფიული პრობლემა. დაცარიელებულ სოფლებში, ბავშვების სიმცირისა და მასწავლებლების ნაკლებობის, სტიქიისგან დაზარალებული უგზოობის გამო სკოლები იხურება, უსახსრობისა თუ გაუმართავი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობებლად მცხოვრებლები არა მხოლოდ სოფლებს, არამედ მასიურად ქვეყანასაც ტოვებენ. ამ მინორული ჩანართის გარდა, ფილმში ასევე იკვეთება ადამიანის სწრაფვა დასახული მიზნის მისაღწევად, რასაც ვერანაირი დაბრკოლება ვერ შეაჩერებს. აქვე, აგრეთვე, შეუმდგარი სიყვარულის თემაც გაიჟღერებს ორი პატარა გმირის მეტყველ თვალებში. აღნიშნული გრძნობის ჩანასახს ამკვეთრებს მათივე სახელები – რომეო და ჯულიეტა, რაც მაყურებელში შექსპირის უკვდავი ნაწარმოების ალუზორულ მოლოდინს იწვევს, მაგრამ ამ ლაკონურად გადმოცემულ ამბავში ოვაშვილისათვის დამახასიათებელი სიტყვაძუნწობითა და გამოსახულების აქცენტირებით, მხოლოდ მზერით გამოვლენილი განცდების ფონზე, ეს შექსპირისეული პასაჟი, ცოტა არ იყოს, გადამეტებული, საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია და აუდიტორიას იმედგაცრუებულს ტოვებს. თითქოსდა, ბავშვებში ჩასახული გრძნობა იქვე სრულდება, რადგან გოგონა მშობლებს ქალაქში გადაჰყავთ სასწავლებლად, კლასში კი ერთი მოსწავლის დარჩენა სკოლას დახურვას უქადის. პირველი სიყვარული ვერ შედგა, ტრაგიზმი კი შენარჩუნდა.
განსაკუთრებით გამოიკვეთება ფილმის ვიზუალური მხარე. დამდგმელი მხატვრის, ნინო ჩაკვეტაძის ფერწერული ნამუშევრები ზედმიწევნით შეერწყა და მიესადაგა ფილმის არსსა და შინაარსს, რასაც, საბოლოოდ, სრულყოფს ოპერატორი ტურაჯ ასლანი (ირანი). რატომღაც გიორგი ოვაშვილი ქართველ ოპერატორებს არ წყალობს. მისი ყველა ფილმის ოპერატორი სხვადასხვა ქვეყნიდანაა მოწვეული და რეჟისორის მოცემულობას სათანადოდ ასრულებს. ამჯერადაც, ფილმის გამოსახულება შთამბეჭდავ ჰარმონიულ ერთიანობას ქმნის და მძაფრად გვაწვდის ეკრანიდან, რასაც უფრო მეტ ჟღერადობას მატებს კომპოზიტორ როი შვარცის (ისრაელი) მუსიკა.
ეს ფილმი შემადგენელი ნაწილია დიდი საერთაშორისო პროექტისა, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის კინორეჟისორი იღებს მონაწილეობას. როგორც წყლის ერთ წვეთში შეიძლება მთელი სამყარო აირეკლოს, ასევე ამ გაერთიანებულ კინოპროექტში აისახება, ალბათ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანების პრობლემები და განცდები, მათი ერთიანობა კი საიმედო გახდება, რაც ამ არეულ საუკუნეში ძალზე მნიშვნელოვანია.
ქეთევან ჯაფარიძე
კინოკრიტიკოსი