მითოლოგიური სიმბოლოების გამოყენება მსოფლიო კინოში ნამდვილად არ არის ახალი. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართულ კინოშიც მოიძებნება რამდენიმე მსგავსი ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გუშაგები“ (2021), რომელიც ამ საკითხს განსხვავებული კუთხით განიხილავს. ქართული მრავალფეროვანი მითოლოგიური პერსონაჟები თემის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას იძლევიან. ყველა კუთხეს ხომ თავის სიმბოლო ჰყავს: მთიანეთში – ფუძის ანგელოზი, იახსარი, ჭინკა, მეგრულში – ტყაშმაფა, ოჩოკოჩი, სვანურში – აფსათი, დალი, შავხანი და ა.შ.
ავტორი ყვება ორი ძმის (ლაშა და გიო) ამბავს, რომლებიც მამასთან ერთად ცხოვრობენ სოფელში, ტყის განაპირას, მოსახლეობისაგან შორს. მათ ჰყავთ ერთადერთი საყვარელი თხა, როზი. ერთ დღესაც მეზობელი მოიტანს ამბავს, სოფელს მხეცები შემოეჩვივდნენ და საქონელი გაანადგურესო, თუმცა სოფლის ქალები ამბობენ, რომ ავი სულები არიან, რადგან ამხელა ზარალს ვერ მიაყენებდა ვერც მხეცი და ვერც ადამიანიო. ბიჭების მამას, როგორც კარგ მონადირეს, უწევს სოფლის დასახმარებლად შეურთდეს ჯგუფს. ორი დღით მარტო დარჩენილი ბავშვებისთვის სწორედ აქედან იწყება ნამდვილი თავგადასავალი.
დღეისთვის ბევრი ფილმია შექმნილი ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის. უმრავლესი მათგანი მარტივი და ზედაპირულია, „გუშაგებში“ კი ყველაფერი სრულიად განსხვავებულია. ეს არ არის უბრალო მორიგი ზღაპარი, არამედ მომხიბლავი ლეგენდაა, რომელიც გამოირჩევა საინტერესო სიუჟეტითა და ფილოსოფიით.
სიმართლის გამოსავლენად გმირებს უწევთ ტყის, გორაკის დათვალიერება, სახლის სახურავიდან გუშაგობა. ნამუშევარი გვიჩვენებს, როგორი უშიშარი ხდება ბავშვი საყვარელი არსების გადასარჩენად. შიშის მიუხედავად, ისინი დაუფიქრებლად მიდიან ტყეში როზის მოსაძებნად. მათ უკვე ამ ასაკში აქვთ გაცნობიერებული, რომ ადამიანებს სჭირდებათ ერთმანეთის მხარდაჭერა და არ უნდა გვეშინოდეს გამოწვევების, თუ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ ამას არავინ გააკეთებს ჩვენს მაგივრად.
ბიჭებს არა მხოლოდ სიმართლის გარკვევა უწევთ, არამედ იძულებული ხდებიან დაუპირისპირდნენ დიდ ბოროტებას, მეზობლის სახით, რომელიც კლავს შინაურ ცხოველებს და, თანასოფლელების დასაბნევად, იგონებს სხვადასხვა მითიურ ამბებს. ძმები ერთ ღამეში ემშვიდობებიან ბავშვობას და ხდებიან ზრდასრულები. თუ ფილმის დასაწყისში მათ სჯერათ ავი სულებისა, ფინალში ამულეტის გადაგდებით ისინი ივიწყებენ შიშს და ხდებიან უფრო თამამი. პირდაპირ ეჯახებიან რეალობას, იწყებენ გააზრებას იმისა, რომ ადამიანი მიზნის მისაღწევად ყველაფრისთვის მზად არის. იგი მხეცზე უფრო საშიშია.
ადამიანს ყოველთვის უჭირს, გაუმკლავდეს იმას, რაც არ ესმის, მაგრამ კიდევ უფრო რთულია იმის გადალახვა, რაც ნათელი და გარდაუვალია. ეს ჩვენს სამყაროს მუდმივ გამოცდად აქცევს. ზუსტად ასეთია ძმების ამბავი. ისინი ერთ ღამეში გამოეთხოვნენ ბავშვობას და თვალი გაუსწორეს სასტიკი რეალობას. თურმე არავითარი ავი სულები არ არსებობენ, ცხოველებს მათი მეზობელი კლავს და ამბებსაც თვითონ იგონებს. მაგრამ ნუთუ ასე ადვილია უცებ გაიზარდო, წინააღმდეგობა გაუწიო შენს პატარა უსაზღვრო სამყაროში სამუდამოდ დარჩენის სურვილს, სადაც შეგიძლია თამაში, ზღაპრული წარმოდგენები. ძალიან დიდია სურვილი იმისა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩე ამ პერიოდში. როდესაც სიკეთესა და ბოროტებას შორის საზღვრები არ არის მოხაზული, არაცნობიერი ქმედებები იწვევს სერიოზულ შედეგებს.
ფილმის იდეა ძალიან დამაინტრიგებელია და იმედს გიჩენს, რომ რაღაც არასტანდარტულსა და განსხვავებულს ნახავ, თუმცა დაწყებიდან რამდენიმე წუთში იმედგაცრუებული რჩები. თავდაპირველად ჩაფიქრებული საინტერესო იდეა, სამწუხაროდ, ვერ ვითარდება. ეს არ არის იმის გამო, რომ ბავშვები ცუდად თამაშობენ, რადგან ქართველი მაყურებელი მრავალი წლის განმავლობაში შეეჩვია ახალბედა მსახიობების ეკრანზე ხილვას. პროფესიონალი თუ არაპროფესიონალი ყველა ერთ დონეზე თამაშობს, არც ბრწყინვალედ და არც უხარისხოდ. მათი შესრულება ყოველთვის არ იყო ბუნებრივი, როცა ამ კინოსურათისთვის ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, როგორ მიიტანსგმირი სათქმელს მაყურებლამდე. მათი შესრულება ბოლომდე გაუხსნელია, ეს იგრძნობა ყველგან, ყოველ ჟესტში, გამოხედვასა და მოქმედებაში. მაგრამ ყველაზე დიდი მიზეზი ზედმეტად ბევრი ჭრაა კადრებს შორის, რაც სიუჟეტს დაუსრულებლად წარმოაჩენს. უხეშია მონტაჟი, რაც, ცოტა არ იყოს, დამღლელია. ფილმს არ აქვს ექსპოზიცია, რა, სად და რატომ ხდება, თავად უნდა გადაწყვიტო. შესაძლებელია, არსებობდა კიდეც სცენარში, თუმცა ეკრანზეც მასზე ორი სიტყვით ყურადღების გამახვილება ნამუშევარს უფრო სრულყოფილს გახდიდა. ავტორმა, ალბათ, ამ ყველაფრიდან გადახვევა გადაწყვიტა, რითაც დაზოგა ქრონომეტრაჟი, დრო და ბიუჯეტი. იდეა იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ყოფილიყო მეტი დინამიკა, ინტრიგა და იდუმალება. ფილმის დასასრულს ღიასაც ვერ დაარქმევ, უბრალოდ აკლია. კინოსურათი საპილოტე ეპიზოდს ჰგავს, რომელიც სადღაც შუაში დაიწყო და არ დასრულებულა.
თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთი პრობლემა დიალოგებია, რამაც, რა თქმა უნდა, აქაც იჩინა თავი იმდენად მკვეთრად, რომ ძალიან არის თვალშისაცემი, დიალოგები თითქმის არ არის და რაც არის, ძალიან ხელოვნურია,ვერ მიაქვს მაყურებლამდე ემოცია, რითაც კიდევ უფრო რთული აღსაქმელია კინოსურათი.
თუ „გუშაგებს“ აქვს პრეტენზია იწოდებოდეს დრამად, მაშინ ის ამ ჟანრის კანონების მაქსიმალურ გამოყენებას უნდა ცდილობდეს. დრამა ფოკუსირებულია არა სიუჟეტზე, არამედ პერსონაჟების გამოცდილებაზე, იმ გარემოებებზე, რომელიც შემოთავაზებულია სიუჟეტში. ის ეფუძნება დრამატულ კონფლიქტებს გმირსა და საზოგადოებას შორის, მასში არის კონფლიქტების წარმატებით მოგვარების შესაძლებლობა და ახასიათებს მწვავე სიტუაციები, რომლებიც უბიძგებს მთავარ გმირებს ემოციების გამოხატვისაკენ. აღნიშნულ ნამუშევარში ამ ყოველივეს მცდელობა კი არის, თუმცა ძალიან ზედაპირულად. მასში არაა ჩაღრმავებები გმირების შინაგან სამყაროში, ამიტომაც ის ვერ აღწევს დრამამდე. საჭირო იყო ემოციებზე მეტი ყურადღების გამახვილება.
უნდა აღინიშნოს ოპერატორული ნამუშევარი. ის არაჩვეულებრივი და საინტერესოა, ერთადერთი ნათელი წერტილია, რაც ბოლომდე გიჭერს ეკრანთან. გამოსახულება მომხიბვლელი და ნათელია, ფერადი, ცოცხალი და საოცრად ანიმაციური. ფილმში ასახული პეიზაჟები გაოცებს. ატმოსფერო, ქარი, სუსხიანი მიდამო და მწვანე მდელოები ისე რეალურადაა მაყურებლამდე მიტანილი, მართლაც გიტოვებს შეგრძნებას, რომ თითქოს ამ ბავშვებთან ერთად შენც ამ ამბის მონაწილე ხარ.
მუსიკის თითქმის უგულვებელყოფა ამ ნამუშევრისათვის დადებითი ფაქტორი აღმოჩნდა. იმდენად ორგანულადისმის ბუნების ხმა, მუსიკა, ამ შემთხვევაში, ხელის შემშლელი უფრო იქნებოდა, ვიდრე დამხმარე. მელოდია მხოლოდ ორჯერ, ისიც რამდენიმე წამით ჟღერს.
სამი გამსხვავებული ასაკის პიროვნებაზე დაკვირვებით ვიღებთ ერთმანეთისაგან განსხვავებული ამბის აღქმას: დიდი ხნის წინ ბავშვობის ასაკიდან გამოსული მამა, რომელსაც არ სჯერა ავი სულებისა, რეალურად უყურებს სამყაროს, ყველაფერი მხეცების ნამოქმედარი ჰგონია და მიდის პრობლემის გადასაჭრელად; უფროსი შვილი, ლაშა, მამის მსგავსად, გატაცებულია ნადირობით და კარგად ფლობს იარაღს. იგი ჯერ პატარაა იმისათვის, რომ მამაკაცი იყოს და ზედმეტად დიდი ზღაპრებისა სჯეროდეს, ამიტომ საკუთარ თავზე იღებს ოჯახის დაცვის პასუხისმგებლობას, თუმცა რეალურ სამყაროს ჯერ თვალს ვერ უსწორებს, გულის სიღრმეში მაინც სჯერა, რომ იქნებ მართლაც არსებობენ ავი სულები; უმცროსი ძმა, გიო, რომელიც ჯერ კიდევ ზღაპრებით ცხოვრობს და ამოუცნობი მოვლენების. ეშინია. მათზე დაკვირვებით მაყურებელი ხედავს, თუ როგორ იცვლება პიროვნების დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის მიმართ, ასაკთან ერთად. თითოეული ჩვენგანი გადის გიოს, ლაშასა და მათი მამის გზას.
რადგანაც ფილმის იდეა მრავლისმომცველია, მისგან რაღაც უფრო სანახაობრივს და დინამიკურს ელოდები, თუმცაფინალში იმედგაცრუებული რჩები, მაგრამ იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველი რეჟისორებისათვის ეს პირველი ნაბიჯებია, მცდელობა ნამდვილად დასაფასებელია და იმედს გაძლევს იმისას, რომ უფრო და უფრო მეტი მრავალფეროვნება იქნება, როგორც ჟანრობრივად, ასევე თემატურად.
თეონა ვეკუა