მოგონებათა ლაბირინთში დაკარგულები

„სამოციანელები“ ეწოდება რეჟისორთა ერთ თაობას, რომლის წარმომადგენლებმაც ყველაზე მეტად მოახერხეს დაპირისპირებოდნენ „მამებს“ თავიანთი ეროვნული, დემოკრატიული ღირებულებებით, თავისუფლებისაკენ სწრაფვითა და ინდივიდუალიზმით. ფაქტობრივად, ქართული კინოს განვითარების შემდგომ ეტაპებზე ვერც ერთმა თაობამ ვერ მოახერხა მათი ჩანაცვლება, მათთან დაპირისპირება, პირიქით, სწორედ „სამოციანელების“ ხელოვნებამ „ასაზრდოვა“ შემდეგი თაობების კინო.

ლანა ღოღობერიძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საბჭოთა კავშირში არსებული ძლიერი ცენზურის პირობებში შეძლეს ესაუბრათ საზოგადოებაში არსებულ მორალურ-ზნეობრივ პრობლემებზე, თუნდაც შეფარული ფორმებით მოეთხროთ რეპრესირებული ოჯახების, ქალთა პრობლემების შესახებ. „ერთი ცის ქვეშ“, „ინტერვიუ პირად საკითხებზე“, „დღეს ღამე უთენებია“, „როცა აყვავდა ნუში“ – მისი ფილმებია, რომლებიც საუბრობენ გენდერულ პრობლემებზე, საბჭოეთზე და მის მიერ დეგრადირებულ მორალურ-ზნეობრივ კრიტერიუმებზე.

ლანა ღოღობერიძე ახალი თაობისთვის „საკულტო ავტორია“. საქართველოში დაბრუნებული რეჟისორი დღეს უფრო პოპულარულია, ვიდრე ოდესმე, მაგრამ უფრო მეტად თავისი პიროვნული თვისებების, მოქალაქეობრივი პოზიციებისა და პოლიტიკური მოღვაწეობის გამო. სამწუხაროდ, ახალ თაობას ქართული კინო არც უყვარს და არც იცის. რატომ ? ეს სხვა საკითხია. ფაქტია, რომ დღესაც ლანა ღოღობერიძის ნებისმიერი აქტივობა, მისი ყოველი ნამუშევარი საზოგადოების ინტერესის საგანი ხდება.

მისი ფილმს, „ოქროს ძაფის“ (2019) სათაურს ასოციაციურად მითიურ სამყაროში მივყავართ: მოირების ბედის ოქროს ძაფები და ლაბირინთიდან თავდასახსნელად გაბმული არიადნას ოქროს ძაფი. ორივე მითი, ერთგვარად, ეხმიანება ამ ფილმის სიუჟეტს – მოგონებებში დაკარგული პერსონაჟები, თითქოს, ოქროს ძაფის მეშვეობით ცდილობენ ამ ლაბირინთიდან გამოსვლას, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთი ახერხებს ამას.

როგორ ახდენს ადამიანის შინაგანი სამყაროს, მისი ბედის ფორმირებას სოციუმი? რა მექანიზმებით ცდილობს ის ინდივიდის სახეცვლას და მის დამორჩილებას? რამდენად განსაზღვრავს ეპოქალური ცვლილებები, სოციალურ-პოლიტიკური გარემო პიროვნების რაობას? ლანა ღოღობერიძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი ეს თემები ამ ფილმშიც გრძელდება.

ფილმი მოგვითხრობს ორი სრულიად განსხვავებული ასაკოვანი ქალის, ელენესა და მირანდას თავგადასავალს. მათ საბჭოთა კავშირში იცხოვრეს განსხვავებული ინტერესებითა და ღირებულებებით, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო, რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილით. იცხოვრეს ისე, როგორც ცხოვრობდა მათი ქვეყანა, რომელიც წარსულივით, სადღაც უსასრულობაში ჩაიკარგა.

ლანა ღოღობერიძე გვათავაზობს სამი თაობის დახასიათებას: უფროსი თაობა – საბჭოთა ეპოქის მოხუცები, საშუალო თაობა, რომლის წევრები ფრაგმენტულად ჩნდებიან (მათი დახასიათებისას ხაზგასმულია ცხოვრების აქტიური რიტმი, რომელიც არ იძლევა ახლობლებთან კომუნიკაციის საშუალებას) და მომავალი თაობა – ბავშვი, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში ჩნდება და ტოვებს ძალიან ხელოვნურ, სხვა ეპოქიდან „გადმოსული“ თინეიჯერის შთაბეჭდილებას.

ელენე განსხვავებულად მოაზროვნე, სულიერად თავისუფალი საბჭოთა მწერალი ქალია, რომელიც ავადმყოფობის გამო ოთხ კედელს შორის მოქცეული, თავის მიკროსამყროში გამოკეტილი, ცდილობს ფილოსოფიურ ჭრილში გაიაზროს წარსული და აწმყო. ურთიერთობა შვილთან და მის ოჯახთან, იტალიური ეზოს ბინადრებთან, გარე სამყაროსთან მისი კონტაქტის ერთადერთი საშუალებაა. გარე არეალის შეზღუდულობა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ელენეს, საკუთარ სამყაროში ჩაიკეტოს. მის ამ იდილიურ გარემოში მოულოდნელად იჭრება ახალი პერსონაჟი – ელენეს ანტიპოდი მირანდა და ძველი თაყვანისმცემელი, რომელიც ისევე, როგორც ეს ორი მოხუცი პერსონაჟი, ავადმყოფობის გამო, საკუთარ სახლშია გამოკეტილი და მოგონებების გაღვიძებას ცდილობს. მთელი სიუჟეტი ამ პერსონაჟების ურთიერთობაზეა აგებული. მთლიანად ფილმის ძირითადი თემა და იდეა პერსონაჟთა დიალოგით იგება.

ფილმში ძალიან სწორხაზოვანია ამბავი შეყვარებული მამაკაცისა, რომელიც გამუდმებით იხსენებს ელენესა და მის რომანტიკულ სასიყვარულო თავგადასავალს. იგი ნოსტალგიური გრძნობების დემონსტრირებით შემოიფარგლება და თითქოს თავის წარმოსახვას ესაუბრება. რატომღაც ამ ეპიზოდების ნახვის დროს ამომიტივტივდა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „ბებრები“, რომლის სტრუქტურაც იგება მოხუცი ცოლ-ქმრის მოგონებებზე, „გახსოვს“ – ეს სიტყვა ახალი ისტორიის დასაწყისია, რომელსაც მარტო დარჩენილი მოხუცები იხსენებენ. მკითხველის თვალწინ, თითქოსდა, ერთი ამოსუნთქვით გაიელვებს წყვილის რომანტიკული ამბავი. ლანა ღოღობერიძის ფილმის გმირებიც ხშირად ხმარობენ სიტყვას „გახსოვს“ და, თითქოს, ამით ცდილობენ აღადგინონ, ხელახლა გააღვივონ დავიწყებული, ოდესღაც დაუსრულებელი სასიყვარულო ურთიერთობა. თუმცა ეს მოგონებები ძალიან ხელოვნური და ბანალურია.

„ღმერთო, რა აწყობილი ქვეყანა დაანგრიეს!“ – რეალობაში არაერთხელ გაჟღერებული ეს ფრაზა, მირანდას მიერ წარმოთქმული, ერთდროულად, მის წუხილს, პროტესტსა და საყვედურს გამოხატავს. მისთვის საბჭოთა რეალობა, მისგან მინიჭებული მატერიალური კეთილდღეობა, ძალაუფლების სრული შეგრძნება და, ამავდროულად, მონური ერთგულება ცხოვრების მისაღები სტილია. მას არ უნდა და არც შეუძლია მიიღოს თანამედროვე სამყარო, სადაც „იდეოლოგიურად არასწორად“ ცხოვრობენ.

მირანდა ძალაუფლების მოყვარული ძლიერი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენელია. მასში თავს იყრის ყველა ის სტერეოტიპული წარმოდგენა, რომელიც ამ ტიპის ქალებს უკავშირდება: ქალები, რომლებსაც არ აქვთ პირადი ცხოვრება, ძალაუფლების მოყვარული და კარიერაზე ორიენტირებული არიან, რომლებსაც არაფრად არ უღირთ სხვა ადამიანის ბედ-იღბალი. ელენე და მირანდა წარმოადგენენ სხვადასხვა მენტალობის, ცხოვრების სტილისა და მსოფლმხედველობის ადამიანებს, რომლებიც ბედის ირონიამ გააერთიანა და, როგორც ფილმიდან ჩანს, მტრებადაც კი აქცია. მირანდაში იმდენად გამჯდარია საბჭოთა მენტალობა, რომ ავადმყოფობა მხოლოდ იმ ეპოქას, მასთან დაკავშირებულ მოგონებებს უტოვებს. სწორედ იმ რეალობის, ნაცნობი გარემოსა და ადამიანების სანახავად მიდის კიდეც ის თანამედროვე თბილისის ქუჩებში და საბჭოთა ე.წ. „სტალინური ეპოქის“ შენობის ნანგრევებში ემშვიდობება სიცოცხლეს, ვინაიდან მისი არსებობა ახალ გარემოში აზრს კარგავს, ისევე, როგორც ლანა ღოღობერიძის ფილმის, „ერთი ცის ქვეშ“ მაიას პერსონაჟი. ისიც რევოლუციური მოვლენების შედეგად კარგავს ოჯახს, სოციალურ სტატუსს, საყვარელ ადამიანებს და იღებს გადაწყვეტილებას გავიდეს ამ სამყაროდან.

მიუხედავად იმისა, რომ თხრობა ელენეს პერსონაჟის ირგვლივ იგება, იგი ხდება გარე სამყაროს დამკვირვებელი, შემფასებელი, მაინც ფილმში მეტ ინტერესს იწვევს მირანდას პერსონაჟი თავისი ხასიათის შტრიხების მრავალფეროვნებით, ზუსტი აქცენტებით, პერსონაჟის შინაგანი განვითარებით. შესაძლოა, ეს განპირობებულია არაპროფესიონალი და პროფესიონალი მსახიობების გვერდიგვერდ მუშაობის დროს წარმოქმნილი კონტრასტით.

ვერ ვიტყვი, რომ „ოქროს ძაფი“ ლანა ღოღობერიძის საუკეთესო ფილმია. შეიძლება ითქვა, რომ ეს მისი ერთ-ერთი სუსტი ნამუშევარია, მაგრამ მაინც რეჟისორმა ამ „დუნე“ რიტმსა და გარემოში შეძლო საინტერესო აქცენტების დასმა, საბჭოთა მენტალობისათვის დამახასიათებელი ნიშნების წინა რიგში წამოწევა.

მაია ლევანიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *