მშვენიერი და სანახაობრივი

როდესაც რეჟისორები მრავალმხრივი იდეის გამოსახატავად ეძებდნენ უნიკალურ ტექნიკასა და საავტორო სტილს, სწორედ ამ დროს შეიქმნა იგავური თხრობა კინოში. ადგილისა და დროის დაუკონკრეტებლად, შეფარვით, ისე რომ ერთ პერსონაჟში მრავალი ადამიანის სახე ასახო, არ აწყენინო არავის და, ამავდროულად, გააკრიტიკო ყველა. ამის მშვენიერი მაგალითია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „მოქალაქე წმინდანი“ (2023) – ფილოსოფიური იგავი რწმენაზე, შიშზე, ადამიანებსა და მათ სისუსტეებზე. იგი ასახავს ყველაფერ მიწიერსაც და ზღაპრულსაც. რეჟისორი სვამს კითხვებს და აჩვენებს სხვადასხვა თვალსაზრისს.

კინოიგავს, როგორც კულტურულ ფენომენს, ძირითადად, იყენებენ ის კინორეჟისორები, რომლებიც მუშაობენ საავტორო კინოში და ხელს უწყობენ მისი ინტელექტუალური ხაზის განვითარებას. იგავი კინოში აღმოჩნდა შესაძლებლობა, შექმნილიყო ახალი ტიპის მხატვრული აზროვნება, ცხოვრებისეულ თავგადასავლებში წარმოეჩინა ადამიანი თავისი ინდივიდუალური სახით, ეჩვენებინა ყველაზე ალოგიკური და აბსურდული სიტუაციები. იგავური თხრობა რეჟისორს საშუალებას აძლევს, აღმოაჩინოს და დაეუფლოს ახალ გამომხატველ შესაძლებლობებს. კონკრეტული ყოველდღიური დეტალებისგან დაცლილი ადგილისა და დროის ისტორიული ნიშნებიდან ამოვარდნილი ეპიზოდები მაყურებელს მოუწოდებს, რომ დაფიქრდეს, გააანალიზოს და თავადვე გასცეს პასუხი ფილმში დასმულ შეკითხვებს. „მოქალაქე წმინდანი“ ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ამიტომას მას თამამად შეიძლება ეწოდოს კინოიგავი.

მაღაროელების ქალაქში მრავალი საუკუნის წინ ჯვარცმული წმინდანის ქანდაკება დგას. ის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მცხოვრებლისათვის, მასზე ლოცულობენ. მაღაროელებს სწამთ, რომ მისი დახმარებით მათი საქმე ნაკლებად სახიფათოა.

ერთ დღესაც რესტავრაციისათვის ქანდაკებას საწყობში გადაიტანენ, თუმცა დილას აღმოაჩენენ, რომ ჯვარზე გაკრული წმინდანი გაქრა. მთელი ქალაქი სასოწარკვეთილი დაეძებს მას. ამის პარალელურად, გამოჩნდა უცნობი ადამიანი, რომელიც არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერი ესმის. ეს უცნობი გაცოცხლებული წმინდანი ჰგონიათ, ჩნდება შიში და ეჭვი, რამდენად სწორია მისი თაყვანისცემა, აქვს კი მას იმხელა ძალა, კვლავინდებურად რომ დაიცვას თანაქალაქელები. ამასთან ერთად, მაყურებელი თვალს ადევნებს არაერთ აქტუალურსა და მნიშვნელოვან ქვეთემას. ჩანს ადამიანების შინაგანი ტრანსფორმაცია. მაღაროელების პატარა ქალაქში უბრალო ხალხის ბედზე გადაღებული ეს ფილმი საოცრად ჯადოსნურად გამოიყურება.

ვიზუალური თვალსაზრისით, ნამუშევარი შესანიშნავია. რეჟისორი ზედმიწევნით ცვლის კადრებს, ხან აჩქარებს მონტაჟს, ხან გარემოს ნელი ტემპით წარმოაჩენს. კამერის ობიექტივში ხვდება უმნიშვნელო დეტალებიც კი. იდეალურად შერჩეული მუსიკა და სამსახიობო ოსტატობა აძლიერებს ეფექტს. შავ-თეთრი კადრები აქ არ არის უიმედობის, სისასტიკის ან განწირულობის ატმოსფეროსთვის შექმნილი, არამედ ეს ტექნიკა გამოყენებულია, რათა ხაზი გაუსვას ამ ქალაქში არსებულ აბსურდულობას.

ეს არის მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი კინო, ნაფიქრი, ყველაფერი ზედმეტისაგან გასუფთავებული, გულში ჩამწვდომი და დამაფიქრებელი. ესაა ფილმი, რომლის ყურება არეულ გრძნობებს იწვევს, თუმცა მისი პათოსი დიდი ხნის განმავლობაში გაგყვება თან და გაიძულებს შენში შეცვალო მანკიერი თვისებები, გახდე უფრო ჰუმანური და კაცთმოყვარე, გაიძულებს იფიქრო შენს ყველა მოქმედებაზე, თავად ცხოვრებაზე და უფრო მეტად შეხედო მას სულიერი მხრიდან. მისი ატმოსფერო გაჯერებულია მისტიკით, სიუჟეტი ნელა ვითარდება და აქცენტი მთლიანად გადატანილია შინაგანი განცდების გადმოცემაზე.

ფილმი არ არის რელიგიაზე, არამედ, ზოგადად, რწმენაზეა. რწმენა ისეთი ძლიერი ძალაა, რომელიც კურნავს, ის ძალაა, რომელშიც შეგიძლია იპოვო საკუთარი თავი. მართალია, სიუჟეტი მისტიკითაა გაჯერებული, მაგრამ ყოველ ეპიზოდში არის მინიშნება პერსონაჟის სულიერ გამოჯანმრთელებაზე. თხობის განვითარებასთან ერთად, ყველა გმირი იცვლება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ავტორმა შეძლო მათი სულიერი ტკივილის ზედმიწევნით ასახვა და ღირებულებების რეალური მასშტაბების ჩვენება. ეპიზოდური როლების პერსონაჟების შინაგანი სამყარო და განცდებიც კი გასაგები გახდა მაყურებლისთვის: მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელთაც შესაწირი მოიყვანეს წმიმდანისთვის მადლობის ნიშნად; სკოლის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლებთან ერთად ქანდაკების სანახავადაა მოსული; მაღაროელები, რომლებსაც ათი წელია არ გახსენებიათ ვანოს მოკითხა; მოხუცი, რომელიც სასაფლაოდან მარტო მოათრევს მძიმე ჯვარს იმის ფიქრით, რომ წმინდანია; ბერდოს ცოლი, შვილის დაღუპვისგან მოუშუშებელი ტკივილით. თითოეული მათგანი ფილმის სულია, არანაკლებ მნიშვნელოვანი მთავარ გმირებზე. აქვეა პატარა დეტალები, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი კინოსურათისთვის. ყოველ გმირში შეგიძლია ამოიცნო შენი მეზობელი, თანაქალაქელი ან თუნდაც ტელევიზორში ხშირად ნანახი პიროვნებები.ფილმში კარგად არის აღწერილი თითოეული პერსონაჟის პიროვნულობა, ყველას თავისი ამბავი აქვს და ამიტომაც მაყურებელი განიცდის და თანაუგრძნობს მათ.

მნიშვნელოვანი კომპონენტია დიალოგები. ხშირად ბევრ რეჟისორს ავიწყდება, რომ მარტო კარგი მსახიობებით, ორიგინალური სიუჟეტითა და ტექნიკური მახასიათებლებით ვერ გადაიღებენ კარგ ფილმს გმირების მკაფიო, მკვეთრი უნიკალური დიალოგებისა და მონოლოგების გარეშე. ამ ნამუშევარში ყველა პერსონაჟი და მათი რეპლიკები საუკეთესოდ გამოიყურება. აბსოლუტურად ყველა საუბარს აქვს წონა და მნიშვნელობა. ასევე საინტერესოა სიუჟეტის ემოციური კომპონენტი, რამეთუ ეს ნამუშევარი შეიცავს არაერთ მტკივნეულ სცენას, რომელიც იწვევს თანაგრძნობას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერდოს (ლევან ბერიკაშვილი) პერსონაჟი, რომელსაც გვირაბის ჩამონგრევისას დაეღუპა შვილი. ათი წელია მას დანაშაულის გრძნობა აწუხებს. უბედური შემთხვევის შემდეგ იგი ერთ-ერთ გაუქმებულ გვირაბში ცხოვრობს, ვერ ახერხებს ცოლთან დალაპარაკებას. თავადვე აღნიშნავს: მამაომ მითხრა ცოლს პატიება სთხოვეო, მაგრამ როგორ ვთხოვო, როცა მე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვისო. ბერდო არის სახე ყველა იმ ოჯახისა, ვისაც მის მსგავსად მაღაროში ოჯახის წევრი დაეღუპა. ყველა თავისებურად ცდილობს ტკივილს გაუმკლავდეს – ზოგი მეტად მორწმუნე ხდება, ზოგიც, პირიქით. ბერდო ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავს, განსაკუთრებით, წმინდანის ქანდაკებაზე. ალბათ რთული წარმოსადგენია, რას გრძნობს მამა, რომელმაც ერთადერთი შვილი გვირაბში დატოვა და ვერაფრით დაეხმარა. რამდენი ოჯახია მის მსგავსად გამწარებული. მსოფლიოში ხომ ყოველწლიურად ათასობით მაღაროელი იღუპება და, სამწუხაროდ, საქართველოშიც მსგავსი არაერთი შემთხვევა დაფიქსირებულა. ფილმის პირველივე წუთებიდან ჟღერდება ინფორმაციები მაღაროელების მძიმე შემთხვევების შესახებ: ვალერი გვირაბის ჩამონგრევის შემდეგ ვეღარავის ცნობდა, არ ლაპარაკობდა, ვანო ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა, ზოგმა შვილი დაკარგა, ზოგმა მეუღლე, ზოგმაც – მამა…

რწმენა მნიშვნელოვანია ცხოვრების გასაგრძელებლად. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება რელიგია. როცა რაღაცის გჯერა, მარტივია ცხოვრების გაგრძელება, თუ გწამს, შესაძლებელია მშვიდად გააგრძელო საქმის კეთება, როგორც ამას მაღაროელები აკეთებენ. მათთვის, ვინც ყოველდღე, სამუშაოზე გასვლით, რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ სიცოცხლეს, წმინდანის ქანდაკება აძლევს ძალასა და შემართებას. ასეთია ბერდოც, ხოლო ვანომ ყველანაირი რწმენა დაკარგა, დავიწყებული აქვს, რომ თავად არის პასუხისმგებელი თავის ცხოვრებაზე და მას ეკისრება სრული პასუხისგებლობა ყველაფერზე. იგი ფიქრობს, მის წინაშე მთელი სამყაროა დამნაშავე, მართალია, სამაგალითო პიროვნება არ იყო, მაგრამ არც სხვებზე მეტი დაუშავებია რა, თუმცა მასაც უბრუნდება რწმენა მაშინ, როცა თვითმკვლელობით უნდა სიცოცხლის დასრულება, დაინახავს ჯვარს, რომელზეც წმინდანი იყო გაკრული და მოულოდნელად ფეხზე დადგება. ვანოს ცოლს, მარის (მარიამ კიტია) წაშლილი აქვს ზღვარი რწმენასა და ფანატიზმს შორის. მისი აზრით, ყველა მის უბედურებასა თუ ბედნიერებაში წმინდანია დამნაშავე. ის შესჩივლებს მას, რატომ გამიმეტე ამ ყველაფრისთვისო. მარი ხომ მუდმივად ლოცულობდა და ზრუნავდა ქანდაკებაზე. მაღაროს ხელმძღვანელებისათვის (გია ბურჯანაძისა და თემიკო ჭიჭინაძის პერსონაჟები) რწმენა მეტი შემოსავლისა და სტაბილურობის გარანტიაა, მათში არსებობს მხოლოდ შიში იმაზე, რომ არ გახდეს ცნობილი მათ არაკეთილსინდისიერ საქმეებზე.

წმინდანს ყველა ერთნაირ პატივს სცემს – მაღაროელები, ქალაქის მთავრობა, სკოლის მოსწავლეები თუ უბრალო მოქალაქები. რატომ მაინც და მაინც მაღაროელთა ქალაქი, ჯვარცმული წმიმდანი ხომ ყველა სიტუაციას ასევე წარმატებით მოერგებოდა. ალბათ, იმიტომ, რომ სწორედ ასეთი ხალხისთვისაა ყველაზე მნიშვნელოვანი რწმენა, ბევრი სიძნელის მიუხედავად, შეინარჩუნოს სიკეთე და არ გაბოროტდეს.

თავისთავად უცნაურია, რომ ქალაქში უცნობის გამოჩენა არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა, ყოველგარი შესავლის გარეშე, ის ერთხმად აღიარეს გაცოცხლებულ წმინდანად. ეს ზედმეტად აბსურდულია და მეტ დაკონკრეტებას საჭიროებს.

რეჟისორი ახერხებს აუდივიზუალური გამოსახულებისა და კინოენის სპეციალური ტექნიკის გამოყენებით რთული სიუჟეტის მოყოლას ისე, რომ მაყურებელი მასში შეუმჩნევლად ჩაეფლოს. „მოქალაქე წმინდანი” ერთმნიშვნელოვნად იმსახურებდა „ოსკარზე“ წარდგენას. ამ ნამუშევარმა შეძლო ეჩვენებინა, რომ ქართულ კინოს ძალუძს თქვას თავის სიტყვა და შექმნას საინტერესო და დასამახსოვრებელი კინოსურათი.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *