ორ სამყაროს შორის

ქართული კინოს ისტორიაში, პოეტური და მეტაფორული მხატვრული აზროვნების კვალდაკვალ, მუდმივად იცვლება როგორც ხედვის მახასიათებლები, ასევე ის, რასაც დღეს ეწოდება ფაქტებად და მოვლენებად აღქმული თანამედროვეობა, რომელიც ყოველთვის თანმდევია თავისთავადი, გარდატეხებით თუ ომებითა და პანდემიებით გამოწვეული ეგზისტენციალური კრიზისით.
ამ ფონზე ხელოვნება, დროდადრო, საკუთარ თავთან დიალოგსაც მიმართავს, რაც სრულიად პროზაულ ფორმაშიც შეიძლება გამოიხატოს. გიორგი ოვაშვილის ფილმში, ,,მშვენიერი ელენე“ (2022) სწორედ ასეთი პროზაული ტიპის წარმოსახვით-რეალისტური ნიშნები აისახა.
ახალგაზრდა ელენესა და უკვე შემდგარი რეჟისორის, გაბრიელის ეგზისტენციალური ძიების დრამა წარმოდგენილის მიხედვით, ერთ-ერთი, ყველაზე რთული დიალოგია საკუთარ თავთან, რთული და ხელოვნებაში, კერძოდ, კინოში ხიფათის შემცველიც, ვინაიდან ამ არც თუ ნათელი თავგადასავლის რამდენიმე შრე თითქმის არ მოიცავს დინამიკის, ტემპო-რიტმის იმ აუცილებელ მინიმუმს, რომელიც მაყურებელში თანამონაწილეობის განცდას შექმნიდა. თუმცა, ეს მოცემულობაც კითხვის ქვეშ დგას – რამდენად იძლევა საშუალებას ვრცელი ტექსტუალური პროზაული მასალა ამ თანამონაწილეობის შესაძლებლობას და მეორე – რამდენად სურდა რეჟისორს ამ განცდის არსებობა საერთოდ.
თავისთავად, გიორგი ოვაშვილის მიერ არჩეული პროზაული არადინამიკური თხრობის სტილი გააზრებული ფორმაა როგორც დრამატურგიულად, ასევე კომპოზიციურად, ვიზუალური მასალის მიმართულებით, სადაც ნისლითა და პირველქმნილი ბუნების მკაცრი პეიზაჟებით შექმნილი განწყობა პირდაპირ შესატყვისია იმისა, რასაც სულიერი სიცარიელე და შეცნობისკენ სწრაფვა ქმნის. დიმიტრი ხვთისიაშვილის კინორეჟისორი გაბრიელი – პერსონაჟი, რომლის ოდნავ ინფანტილური სულიერი ,,მეც“, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ჩანს, სწორედ ასეთია – თითქოს ამ პეიზაჟის, თუ სანახევროდ მტვრით დაფარული სამუშაო ოთახის ლოგიკური გაგრძელებაა, შეჩერებული სამყაროდან მოსული ბოლო, მოუწესრიგებელი, შემოქმედებითად განწყობილი პერსონაა, რომელიც მომავალს ვერ ხედავს, სამაგიეროდ, გრძნობს, რასაც განიცდის, ბოლომდე არ ამბობს, დაუსრულებლად ციტირებს… შესაძლებელია, ეს ტონი სავსებით ლოგიკურად გამოიყურება გაბრიელის ხასიათთან, მაგრამ მაინც, ეგზისტენციალური მიკროსამყაროს ფონზე, მისი სახე დაუსრულებლად ჩანს ისევე, როგორც მშვენიერი ელენე (ნათია ჩიქვილაძე), საკუთარი მაქსიმალიზმისა და სამართლიანი სიჯიუტის გამოხატვის პროცესში.
ამ სივრცეს თითქოს საყრდენი გამოეცალა – ახლად დამეგობრებული შემოქმედებითი პარტნიორები, უცნაური ,,ბმის“ შეგრძნებით, მოგზაურობას იწყებენ და შეჩერებული დროის ან საკუთარი შინაგანი ,,მეს“ მეორე მხარეს აღმოჩნდებიან, სადაც კინოპროდიუსერი და კინორეჟისორი კარგავენ წარსულს, არ გააჩნიათ მომავალი და, სხვა ადამიანების მიღმიერი პარალელების გავლით, ცდილობენ საკუთარი თავის შეცნობას.
სარკესთან ნახევრად ნათელ, სასტუმროდ გადაკეთებულ საძინებელში, სარკის წინ გაბრიელი დაემსგავსება მარიონეტის უნებლიეთ მოთამაშე ფიგურას, რომელიც თავისი ისტერიის არეალს ზრდის: ხტუნავს, ხელებს იქნევს, თითქოს საკუთარი თავისაგან თავისუფლდება ისე, როგორც თანამედროვე სამყარო სჩადის ამას და ხშირად ტრაგიკულ შედეგებამდეც მიდის. მცირეა ეს სამყარო – პატარა ოთახში ჩაკეტილი, მოქცეული ლამაზ ნისლიან პეიზაჟებში, ღამის სინათლეში, ცივ თოვლიან გაშლილ სივრცეში და, ბოლოს, ეკრანის პირობით ჩარჩოში. ალბათ, სწორედ ეს ჩარჩოა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ფილმში სამყაროს ჩაკეტილობის მეტაფორად შეიძლება იქცეს, თუმცა მას აკლია მხატვრული განზოგადების უფრო ვრცელი და ბუნებრივი მახასიათებლები, ისეთი მაგალითად, როგორიცაა, მთავარი გმირების ქცევითი მოტივაციის სიმკვეთრე ან მათი უხერხულობის გამომწვევი განცდების მაქსიმალური ბუნებრიობა – როგორიც ახასიათებს დარეჯან ხარშილაძისა და სალომე ფაღავას გმირებს – სასტუმროს მეპატრონე ელენესა და რეჟისორის მეუღლეს, რომელსაც რეალობასთან ურთიერთობა დიდი ხანია პირადი დისკომფორტის, მართლაც რომ, ტრაგიკულ ჭრილში აქვს აღქმული. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩნდება ეკრანზე, ერთიმეორეს მიყოლებით, კონკრეტულად ამ პერსონაჟის, გაბრიელის ცოლის აგრესიულ-დრამატული განცდების ნაირსახეობა, ისევე, როგორც უფროსი ელენეს გროტესკნარევი და იდუმალი ტრაგიკული განცდა, რომელიც ერთ მცირე გამოხედვაში ჩაეტია: ,,ჩემს მეუღლესაც გაბრიელი ერქვა, გაბო…“… ეს არა პარალელი, არამედ ეგზისტენციალური კრიზისის სხვა, უცნობი სახეა – ყოველთვის ტრაგიკული და ამოუცნობი ფატალიზმით სავსე.
მნიშვნელოვანია ფილმის მთავარი სამოქმედო სივრცის უძრავი, შესაშინებლად მეტყველი პეიზაჟების კონტრასტი, თითქოსდა, ამ სამყაროს უცოდინარი შვილების კითხვა-პასუხებთან, რომელთაც საკუთარი ,,გზა“ სავარაუდო ჩარჩოში ჩასმული საქციელების ერთობლიობად წარმოუდგენიათ, რომ არა ორი მთავარი გმირის დისონანსური და ხანდახან დროითი რეალობის შეგრძნებიდან ამოვარდნილი მხატვრული მოტივი, მაგალითად, იმგვარი, როგორიცაა ელენეს შეხვედრა მეგობრებთან სივრცეში, სადაც სივრცე უფრო მეტს მეტყველებს განწყობის შესახებ ან მისი დიალოგი მეგობარ გოგონასთან, კაფეში.
გადასაღები ადგილების მოსაძებნად ახლო მოგზაურობაში წასული წყვილი, სიტყვიერ მეტაფორულ მინიშნებებსა და ამოკითხულ ფრაზებში (გაბრიელის მიერ ამოკითხული ამბავი), უკვე საკუთარი, ჩაკეტილი ჩარჩოს შექმნას ცდილობს, თუმცა გაუაზრებლად – ყოველ შემთხვევაში, ასეთი უცნაური განცდის მომტანია მათი მცდელობა, დატოვონ საკუთარი თავი და, გამოქვაბულის უხსოვარი დროის ბინადართა მსგავსად, მიეცნენ უცნაურ უძრაობას.
ადამიანს არ შეუძლია დიდხანს იყოს კრიზისული ჩარჩოს ტყვე – როგორიც არ უნდა იყოს ის, მტკიცე, პირობითი და ა. შ. ამიტომ ფილმის რეჟისორის დრამატურგიული ჩანაფიქრი, თავისთავად, პირობითი ჩარჩოა, რომელიც, მეტწილად, საინტერესოა ორი პერსონაჟის – გაბრიელის ცოლისა და სასტუმროს დიასახლისის მაგალითზე და ნაკლებად დინამიკურია აკუმულირებული ენერგიით მოქმედი ორი მთავარი გმირის ფონზე.
წინასწარ არავინ იცის, როგორი რთული იქნება XXI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისის შემდგომი გააზრება ხელოვნებაში, კინოში, უფრო გვიან, რამდენიმე წლის შემდეგ, თუმცა დღეს ამ მოვლენის აღქმა სხვაგვარად გამოიყურება – ისე, როგორც საკუთარ თავთან და სასტიკ ,,მესთან“ პირისპირ დარჩენის შესაძლებლობა…
გიორგი ოვაშვილმა სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა თავისი რთული რისკებითა და მხატვრული განზოგადების შეზღუდული სივრცით – საკუთარ ეგზისტენციალურ აღქმასთან მიტოვებული ადამიანების დაკარგული, გაბნეული, ქაოტური ბორგვა ისეთივე მირაჟია, როგორც დღევანდელ სამყაროში მოსული, ახალი სინამდვილის მიერ მოტანილი კეთილდღეობა. ის, უბრალოდ, არ არსებობს და ,,მშვენიერი ელენეს“ გმირები ამას წინასწარ განიცდიან.

ქეთევან ტრაპაიძე,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *