ოცნების კვალდაკვალ

ემიგრაციის თემა ფართოდ განიხილება კინოში. ეს პრობლემა მუდმივად აქტუალურია, მასზე იქმნება არა მხოლოდ მხატვრული, არამედ დოკუმენტური ფილმებიც. ასახო შიშები იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან დატოვონ სამშობლო და წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ამის გულწრფელი ჩვენება დოკუმენტურ ფილმებში უფრო კარგადაა შესაძლებელი, რადგან ადამიანი თავად ყვება საკუთარ ამბავს, განვლილ გზას, ზედაპირზე ამოაქვს შინაგანი ემოციები, რითაც უფრო ზუსტადაა შესაძლებელი სათქმელის მაყურებლამდე მიტანა.

დღესდღეობით, თანამედროვე ფილმების უმეტესობა ორ კატეგორიად იყოფა: კომერციული ფილმები, რომლებიც იქმნება მხოლოდ მოგების მისაღებად და არ აქვს მნიშვნელობა, რა ჟანრის ან როგორი შინაარსის იქნება ისინი და მეორე, კინოსურათები, რომლებიც შექმნილია ხელოვნების სიყვარულით. ძალიან იშვიათად გხვდება ფილმები, რომლებიც უბრალო, ემოციური და ცხოვრებისეულია, ისეთები, რომლებიც სულს გამოაფხიზლებენ. სწორედ ასეთ ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს თამარ ბართაიასა და გიორგი ბართაიას დოკუმენტური ფილმი, “დილა მშვიდობისა თქვენ! ღამე მშვიდობისა მე!“ (2021).

ბოლო ათწლეულებში, განსაკუთრებით დოკუმენტური ფილმებში, პოპულარული გახდა ემიგრაციის თემა და სოციალური პრობლემები, რომლებსაც აწყდებიან არა მხოლოდ ემიგრანტები, არამედ სამშობლოში დატოვებული ოჯახები. უმეტესწილად, ასეთ ფილმებს აქვთ არა იმდენად დრამატული ეფექტი, რამდენადაც მწვავე სოციალური ხასიათი. ხშირად, ისინი უფრო გლობალურ საკითხებს აჩვენებენ, რომლებშიც უშუალოდ მონაწილეობენ ემიგრანტები და ადგილობრივი მცხოვრებლები, თუმცა ზემოთ ხსენებულ ნამუშევარში საუბარია არა სამშობლოდან უცხო ქვეყნამდე განვლილ მძიმე გზაზე, არა დატოვებულ ოჯახზე, არამედ იმაზე, რომ, ემიგრანტობის ფონზე, შესაძლებელია იყო ბედნიერი და აისრულო ოცნებები.

ფილმი გვიყვება ელგა ფორჩხიძეზე, ქალზე საქართველოს პატარა სოფლიდან, რომელიც მღერის პარიზის ცნობილ კაბარეში, სადაც გამოდიოდა არაერთი ცნობილი მომღერალი.

როცა სამშობლოს ტოვებ, მრავალ მიზეზთა შორის არის ორი ძირითადი: სოციალური პრობლემები და კარიერული განვითარება, აკეთო შენი საყვარელი საქმე. ეს ნამუშევარი მეორე შემთხვევაზე გვიყვება (ეს უფრო გამოკვეთილად წარმოაიჩინეს რეჟისორებმა). შესაძლოა, მათ სხვა ჩანაფიქრი ჰქონდათ, მაგრამ ყურადღება სხვა რამეებზე ნაკლებადაა გამახვილებული. შესაბამისად, ყველაფერი დანარჩენი გახდა მეორეხარისხოვანი, დამხმარე ინსტრუმენტი ძირითადი ამბის მოსაყოლად.

რა უნდა ყოფილიყო ფილმის საბოლოო შედეგი? ეჩვენებინა ემიგრანტობის სიმძიმე თუ ენახებინა, რომ ამ სიტუაციაშიც არის რაღაც კარგი, რაც სამშობლოდან შორს თავს ბედნიერად გაგრძნობინებს. მთავარი სათქმელი მაინც იმედია, დიდი შრომით რომ არის შესაძლებელი სანუკვარი მიზნის მიღწევა.

თავისთავად, ფილმს უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიმართულება და თემა. როგორც მისი სინოფსისიდან ვიგებთ, მან უნდა მოყვეს ელგას მძიმე თავგადასავალი საქართველოდან საფრანგეთამდე, თუმცა რას ვხედავთ? ვაკვირდებით წარმატებული ქალის რამდენიმე დღეს და უკანა რიგში გადადის ძირითადი ამბის მოყოლა. მთავარი გმირი შიგადაშიგ კი გვიყვება საკუთარ განვლილ გზაზე, მაგრამ ეს იმდენად მწირია, რომ რთულია თემა სრულად ამოწუროს.

რაღაც მომენტში სიუჟეტი თითქოს ნაწილებად იყოფა. თავიდან ვხედავთ ახალი წლის პერიოდში, თბილისის ქუჩებში მიმავალ მანქანას, რომელშიც ორი ქალი საუბრობს. მთავარი გმირი იხსენებს ჯონი დეპთან შეხვედრას. ამის შემდეგ ელგას ვხედავთ უკვე პარიზში და აქედან იწყება მთავარი თავგადასავალი. ამდენად, თბილისური შესავალი, ალბათ, საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან თუ მის ამოცანას წარმოადგენდა ელგასა და ჯონი დეპის შეხვედრის აღნიშვნა, ამაზე ფილმის სხვა ნაწილშიც არის საუბარი.

მოვლენები საკმაოდ სწრაფად ვითარდება. როცა ერთი მოქმედება არ არის დასრულებული, თხრობა გადადის მეორეში, ამიტომაც აზრის გამოტანა ჭირს და საყურებლადაც დამღლელია. ერთ ეპიზოდში, ელგა კაბარეში ყვება თავის ამბავს და უცებ კადრში შემოდის ქართველების ჯგუფი სულ სხვა გარემოდან, სადაც ელგა გვაცნობს რადენიმექართველს, მერე ისევ მოულოდნელად კაბარეში ბრუნდება კამერა და მთავარი გმირი საკუთარი ამბის მოყოლას აგრძელებს. ეს ყველაფერი ისეა ჩახლართული, რომ, საბოლოო ჯამში, სახეზეა მწყობრი თანმიმდევრობის ერთგვარი დარღვევა.

ფილმი უფრო მხატვრულის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე დოკუმენტურის, რადგან უმრავლეს ეპიზოდში ეტყობა, რომ სიტუაციები დადგმულია. ელგას წინასწარ აქვს ნაფიქრი, რა უნდა თქვას, როგორ მოიქცეს, ცდილობს იმაზე კარგად დახატოს სიტუაცია, ვიდრე არის სინამდვილეში, რაც უფრო ანელებს დოკუმენტურობის სტილს. მთავარი გმირი არ ცდილობს ბოლომდე გაიხსნას, აჩვენოს შინაგანი გრძნობები, არ არის გულწრფელი, საუბრობს გაპრანჭული ფრანგულით, მის თითოეულ სიტყვასა თუ მოქმედებაში იგრძნობა სიამაყე, რომ მან ეს შეძლო, მაგრამ, ამასთანავე, თითქოს ერიდება მძიმე წარსულის გახსენება.

კინოსურათის უცილობელი ღირსებაა სიმღერები, უხვად რომ არის გამოყენებული სიუჟეტში და იმდენად ზუსტად, რომ ამით გადაიფარა არაერთი ხარვეზი და, გარკვეულწილად, შეიკრა ამბავი.

აღსანიშნავია, ოპერატორის ნამუშევარი მუქი ჩრდილებით, ნისლიანი და მოღუშული გარემოს ჩვენებით, რითაცუფრო მარტივად მისახვედრია ემიგრანტის შინაგანი სამყარო. სიტყვებზე მეტად გარემო გადმოსცემს ელგას გულისტკივილსა და სამშობლოს მონატრებას. ამით ასევე ხაზია გასმული მთავარი გმირის ღამის ცხოვრებაზე. ამ შემთხვევაში, ღამის ცხოვრება დადებით კონტექსტშია ნახსენები.

ძალიან ემოციურია ხანდაზმულ მშობლებთან სატელეფონო საუბარი. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ეპიზოდია, რომელიც ემოციას იწვევს. ასევე გულისამაჩუყებელია ფინალური სცენა. დასარულს ვხედავთ ორ ადამიანს – ელგას, რომელიც ბრუნება სამსახურიდან და პურის მცხობელს, რომელიც ახლა იწყებს მუშაობას. ეს ყველაფერი დილაადრიან ხდება, როდესაც სძინავს მთელ ქალაქს. ეს ორი ადამიანი სიმბოლოა იმისა, თუ როგორი რთულია ემიგრანტის შრომა.

ფილმი დამონტაჟებულია მოზაიკის სტილში, ერთი მოქმედებიდან მეორეზე გადახტომით. ეს კარგი ხერხია ორიგინალური და დასამახსოვრებელი ნამუშევრის შესაქმნელად, თუმცა ასეთი სვლა იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, ეპიზოდები ბოლომდე რომ ყოფილიყო მიყვანილი და დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას არ ტოვებდეს.

ფილმი მაინც არ სცემს კითხვაზე პასუხს, რომ ემიგრანტობაში შეიძლება იყო ბედნიერი თუ სამშობლოდან მოწყვეტილი ყველა ადამიანი ერთნაირად საცოდავია. ამაზე ცალსახა პასუხი არ არის, მიუხედავად იმისა, რომმთავარი გმირი ერთ-ერთ ახალ ჩასულ ემიგრანტზე აღნიშნავს, ძალიან უჭირდა და დახეული ფეხსაცმლით დადიოდაო. ეს და კიდე რამდენიმე სხვა ფრაზა არ არის საკმარისი იმისათვის, რათა ემიგრანტობის ტკივილი სრულყოფილად გადმოსცე. საბოლოო ჯამში, ელგა მაინც ბედნიერია, რამეთუ ამაყობს სამსახურითა და იმ ხალხით, რომლებიც გვერდით უდგანან. მას რომ არჩევანი ჰქონდეს, მაინც ღამის გათენებას და კაბარეს აირჩევდა, რადგან იგი მთელი ფილმის მანძილზე გაბრწყინებული თვალებით ლაპარაკობს საკუთარ შემოქმედებაზე. ეს მისთვის ფინანსურად გადარჩენის საშუალებაცაა და განვითარების გზაც. ასე რომ, ფილმი არის არ იმაზე, თუ როგორი რთულია ემიგრანტობა, არამედ იმაზე რომ, სხვაგანაც შეგიძლია იცხოვრო ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში და აკეთო საყვარელი საქმე.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *