პეპლები ჩვენ ვართ…

ნანა ჯორჯაძე პირველი პროფესიით არქიტექტორია. მან იმუშავა კიდეც ამ სფეროში, მაგრამ ხელოვნის მრავალმხრივობამ კინოს მიანიჭა უპირატესობა, ქართულ კინოს კი ნამდვილად გაუმართლა, რომ მას შემოემატა ყველასაგან განსხვავებული შემოქმედი.

მისი ფილმები მოულოდნელობით, გულწრფელობით, სითამამითაა გამორჩეული. მან არამარტო სრულიად სხვა კინოენა შემოიტანა, არამედ ქართულ კინოს მრავალი ჯილდოც მოუტანა, მათ შორის ორი პირველად: 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი „ოქროს კამერა“ ფილმისათვის, „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“  და  „ოსკარის“ ნომინაცია 1996 წელს კინოსურათისათვის, „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“. პირველად ქართველების კინოჯგუფი მონაწილეობდა „ოსკარით“ დაჯილდოვების ცერემონიალში, პირველად, მთელი მსოფლიოს გასაგონად, საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი იყო ქართული ფილმი…  და ეს იყო, როგორც მოიხსენიებენ, „შავ-ბნელ“ 1990-იან წლებში.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე ქართული ფილმების უმრავლესობა დრამაა, ცხოვრების კატაკლიზმებით განადგურებულ, დაბეჩავებულ,  უპერსპექტივო ადამიანებზე, რომლებიც თავის მიერ შექმნილ, ჩაკეტილ სივრცეში მოქცეულან, ჰაერის სუფთა ნაკადიც კი  ვერ აღწევს მათთან. 

ასეთი ნაკადია ნანა ჯორჯაძის ფილმი, „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ (2024), რომელიც ფერადი კი არა, ფერადოვანია სურათში შექმნილი სამყაროთი, რომლის მკვიდრნი, უჩვეულოდ მომხიბვლელი ადამიანები, სიცოცხლისუნარიანები არიან. ადამიანი იშვიათად იაზრებს, რომ სიცოცხლე შეუფასებელია, რომ ბედნიერებაა ყოველი დღის გათენება. ამ ფილმის პერსონაჟები სწორედ ასე ცხოვრობენ: მუსიკოსები, ბალერინა, სამოსის დიზაინერი, მორჩილი (ყოფილი ფოტოგრაფი). ეს ერთი სამეგობროა, მხატვარ კოსტას გარშემო შემოკრებილი.

მათ გამოიარეს ომები, პოლიტიკური კერპების კვდომა, გაუგებარი დამანგრეველი ცვლილებები, რომლებიც იჭრებოდა მათ ცხოვრებაში. ფილმში ეს ფოტოგრაფ ნატას (ნათია ნიკოლაიშვილი) არქივის ნაწილია, რომელსაც მხოლოდ ფონის ფუნქცია არ აქვს, ის ადამიანების ბიოგრაფიაა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, საერთო სიხარული და მწუხარება აერთიანებთ და მიუხედავად დრამატიზმისა, მათი კარი მუდამ ღიაა, ეს ცხოვრების წესია.                                                                          

ასეთ ერთ კარებს კინოსურათის მთავარი გმირის, კოსტას (რატი ერაძე) სამფლობელოში, ნახევარსარდაფში შევყავართ, სადაც მუდმივად ბინადრობენ მისი მეგობრები. სივრცეს კი ამშვენებენ ფერწერული ტილოები (ნანა ჯორჯაძემ თანამედროვე ბრწყინვალე ქართველი მხატვრების ნამუშევრები გამოფინა), რომლებიც ფილმის სრულფასოვანი პერსონაჟები ხდებიან, ფუნქცია აქვთ, თავის ამბებს ყვებიან. მთავარი მათ შორის ერთ-ერთი ტილოა –  „პებლების მიგრაცია“ (დამდგმელი მხატვრის, გიორგი მასხარაშვილის ნახატი), რომელიც სპეციალურად ამ ფილმისათვის შეიქმნა და ის საწყისია, რომლის გარშემო ტრიალებს სიუჟეტის იდეა „მათ არ იციან საიდან დაუბერავს ქარი“ – ეს კოსტას სიტყვებია ამ ნახატის შესახებ, რომელსაც არასოდეს გაყიდის.

გვინახავს ან წაგვიკითხავს მაინც, პეპლების უნიკალურ კოლექციებზე. ენტომოლოგებმა ყველაფერი იციან თითოეულ ჯიშზე, სად ბინადრობენ, რამდენ ხანს ცოცხლობენ. პეპელა თუ არ მოხვდა თავის ჰარმონიულ გარემოში, სიცოცხლისუნარიანობას კარგავს, გადაგვარდება, კვდება.                                                                                                                                          

ლამაზი, ფაქიზი პეპელა ვართ თითოეული ჩვენთაგანი და ყველა ერთად.  ეს, რომ გავიაზროთ და ვიგრძნოთ ლაღად, კეთილი იუმორით ტრაგიკომედიაში, „პეპლების იძულებითი მიგრაცია“ ავტორებმა (სცენარისტები: ნანა ჯორჯაძე, თამარ ბართაია, ჯორჯ შეპარდი) შეიძლება ითქვას, პირობითად, კინოსურათის პერსონაჟების ცხოვრება ოთხ ამბად გააერთიანეს: 

პირველი – მხატვარი კოსტა, მისი მთელი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული,  ყოფილი ბალერინა ნინა და ამერიკელი ფერწერული ტილოების კოლექციონერი სტივი;              

მეორე – კოსტუმების დიზაინერი ლორა და იტალიელი ენტომოლოგი, პეპლების მკვლევარი მარკო;                                                                          

მესამე – მუსიკოსები მურა და მიშა, მიშას მოხუცი, დემენციით დაავადებული დედა ნუნუ და მიშას სატრფო ტასო;                                                                          

მეოთხე – ყოფილი ფოტოგრაფი, მორჩილი ნატა, რომელიც თავის მეგობრებს და ქუჩაში მომხდარ მოვლენებს თავისი ძველი ვიდეოკამერით იღებს.    

ერთად ისინი ქმნიან სამყაროს, სადაც მხოლოდ თანადგომა, მეგობრობა, სიკეთე არსებობს და ეხმარებათ ცხოვრების სიძნელეების გადატანაში. კოსტა სხვა მხატვრისათვის თეატრალურ ესკიზებს ხატავს, გაყიდული ნახატების თანხებით კოლეგებს ეხმარება, ნატას მონასტერს სახურავს შეუკეთებს, თვით ნატა კი ყველას დამხმარე, იმედისმომცემია; ბალერინა ნინა (თაკო ტაბატაძე) მართლაც ფარფატა პეპელას რომ ჰგავს, სულ გარბის და უკან ბრუნდება კოსტასთან, უერთმანეთოდ ვერ ძლებენ, მაგრამ  ერთადაც დიდხანს ვერ ჩერდებინ, „ალბათ ყოფიერებას გაურბიან“ – როგორც ამბობს ნინა. ეს არც ფუქსავატობაა და არც ღალატი. „წადი, აქ არავის ვჭირდებით!“ – ასე ეუბნება კოსტაც. მურა (ბუბა ჯორჯაძე) და მიშა (გიორგი ცაგარელი), მუსიკოსები, იძულებული არიან იპოვონ გზა არსებობისთვის. მიშა წლებია წერს მუსიკას, რომელიც არავის ჭირდება (მისი დაწერილი თემა ფინალში ჟღერს. ფილმის კომპოზიტორია დავით ევგენიძე). 

ეს ადამიანები სიყმაწვილიდან ერთად მოდიან. სწორედ ასეთებს ვეცნობით კინოფილმის დასაწყისში, „ყველანი ერთად მივდივართ სოხუმში!“ – იმედიანი, მხიარული  ახალგაზრდების შეძახილია. მას მოჰყვება კვლავ კინოქრონიკა. ამჯერად, აფხაზეთში ომის ამსახველი კადრები და შემდეგ ტიტრი, „ომიდან 27 წლის შემდეგ“. ამ დროიდან ხვდებიან ისინი ჩვენი დაკვირვების ობიექტივში. დამდგმელი ოპერატორის, მიხეილ კვირიკაძის კამერის მოძრაობა საოცარ დინამიკასა და სიმსუბუქეს ქმნის, ყოველი კადრი ფერწერული ტილოა, განათება ჰაეროვანი და თითქოს სპეციალურად შექმნილი მშვენიერებაა.

ნანა ჯორჯაძის ოსტატობა როლებისათვის პროფესიონალი მსახიობების თუ არაპროფესიონალების შერჩევასა და მათთან მუშაობაშიც ვლინდება. ფილმის მთავარ პერსონაჟს არაპროფესიონალი რატი ერაძე ასახიერებს. მისი გულწრფელობა, უშუალობა შესაშურად დამაჯერებელია. ვერ დავივიწყებთ ასევე ძალიან შთამბეჭდავ, ბუბა ჯორჯაძისა და გიორგი ცაგარელის დუეტს. 

ფილმში თავისი უკანასკნელი კინოროლები შეასრულეს ბრწყინვალე მსახიობებმა: მარინა ჯანაშიამ და თამარ სხირტლაძემ. ალბათ, ასეთიც დაამახსოვრდებათ მარინა ჯანაშია მის თაყვანისმცემლებს: უსიტყვო ეპიზოდებში კიმონოში გამოწყობილი, იაპონიაზე შეყვარებული, ამერიკელი ქალბატონი. თამარ სხირტლაძის დეიდა ნუნუს, ინვალიდის სავარძელში მოკალათებულს, დემენცია შეყრია, არადა, როგორი ბუნებრივი და მართალია მისი აზრები: „აშენების შნო, რომ არ აქვთ, ძველის ნგრევას იწყებენ… ნუთუ ტაძარსაც დაანგრევენ?“. 

მხოლოდ ერთი ეპიზოდით წარსდგა ამ ფილმში დარეჯან ხარშილაძე (იგი ასახიერებს ოპერის ყოფილ მომღერალს, ამჟამად კი მეძავს). ვფიქრობ, ეს მსახიობის ერთ-ერთი საუკეთესო კინოროლია. ნინო ლეჟავას სახასიათო როლიც საინტერესოდ ჩაეწერა ფილმის პერსონაჟებში, ისევე როგორც ანა ქურთუბაძე, რომლის გმირი ტასო მოულოდნელად შემოიჭრა უცნობ სამყაროში, მისი აუცილებელი ნაწილი გახდა, მისი სიმღერა („ჰიმნი სიყვარულს“) ფილმის ლაიტმოტივად გაჟღერდა. შეუძლებელია მოხიბლული არ დარჩე თამარ ბზიავას ტრაგიკომიკური ნიჭით. მის მიერ განსახიერებული ლორა სამოსის დიზაინერია, უცხოელზე დაქორწინებით რომ ცდილობს გაერიდოს ამ გარემოს, იქნებ იქ მაინც გაუმართლოს თავის საქმიანობით. არჩევანი იტალიელ ენტომოლოგზე ჩერდება, რომელიც საქართველოში აღმოაჩენს მისთვის საინტერესო პეპლების უნიკალურ ჯიშს, რომელსაც თურმე მხოლოდ მშობლიურ გარემოში შეუძლია არსებობა და აქ სჭირდებათ გაფრთხილება. ლორაც ასეთია, მისი მეგობრებიც, თითოეული ქართველიც. ფილმში პეპელა ხომ მათი მეტაფორული სახეა, ამიტომ აუცილებლად დაბრუნდებიან მშობლიურ გარემოში ინდიელებთან შეხიზნული მურა და მიშა, ამიტომ ბრუნდება ამერიკიდან ნინა: „პეპლები ვერ უძლებენ იძულებით მიგრაციას!“, ამ სიტყვების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ნატა ქუჩაში უცნობ ბიჭუნას ჩუქნის ფოტოაპარატს (ნინას ჩამოტანილს ამერიკიდან) მან „თავისი წილი“ უკვე გადაიღო, ახლა ამ ბიჭის ჯერია, ახალი თაობის ხელშია მომავალი.

იშვიათად ვინმეს ამჟამად ისე ლაღად, მსუბუქად შეეძლოს გვითხრას თავისი სათქმელი ყველაზე მნიშვნელოვანსა და მთავარზე, როგორც ნანა ჯორჯაძეს. გვითხრას ყველას და თითოეულს შთამბეჭდავად და დასამახსოვრებლად ისე, რომ არავის არ ჰგავდეს, ისე, რომ კიდევ არაერთხელ ისურვო მისი ფილმის ნახვა.

რეჟისორი კინოსურათის შემოქმედებითი ჯგუფის თითოეული წევრის (მათ შორის, პროდიუსერის, ჟანა სარდლიშვილის, კოპროდიუსერების: გიორგი მიქელაძისა და სერგეი სარქისოვის) თავდადებული მუშაობის მადლიერია.

და ბოლოს, ნანა ჯორჯაძის სიტყვებით დავასრულებ: „სამწუხაროდ, ხელოვნება ვერ აჩერებს კაცობრიობას ბოროტმოქმედებისაგან, მაგრამ ამ უბედურებაში გვაძლევს შანსს, ადამიანებად დავრჩეთ. ამ ფილმით ვეცადე ჩემს მეგობრებს, ჩემს თაობას  სიყვარულში გამოვუტყდე!“.

ნანა თუთბერიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *