პირველად იყო სიტყვა

რა აქვს საერთო სიტყვებს, რომლებსაც ამ ფილმის დასაწყისში ადამიანები ქართულად ან იტალიურად წარმოთქვამენ: ფუტკარი, სიკეთე, ასხივებს, აღმზრდელი, ინტელიგენტი, უბრალოება, მარგალიტი ობოლი, გმირი, კეთილშობილი, მრავალმხრივი, ბეჯითი, თავგანწირვა, არისტოკრატულობა, ბერმუხა, ერთგული, მღვდელი, ლიტერატორი, მუსიკოსი?

ყოველი სიტყვის გაგებისას ვხედავთ მის ნაბეჭდ ვერსიას და იტალიურ ან ქართულ თარგმანს ლექსიკონიდან, რომელიც უცებ ქაღალდის ნაკუწად იქცევა და ანიმაციური ხერხით ადამიანის სილუეტის ფორმაში ადგილს პოულობს.

ბოლოს, ასე სიტყვებით აწყობილი კაცი გაცოცხლდება, ამოძრავდება და ჩვენ თვალწინ რეალურ ადამიანად იქცევა. ეკრანზე გამოდის ფილმის სათაური: „სიტყვის კაცი“ (2018, იდეა, სცენარი, რეჟისურა – ლელა ბერიძე).

სიტყვის კაცი დასავლეთ საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, თითქმის 90 წელს მიღწეული, დონ ლუიჯი მანტოვანია. ის უკვე 20 წელია საქართველოში, ქუთაისში ცხოვრობს და მუშაობს.

მაყურებელი ხედავს, როგორ დადის ოთახებში შავბერეტიანი სანდომიანი მოხუცი კაცი და ყველგან კარს ხურავს – მცივანაა და განსაკუთრებით ორპირი ქარის ეშინია, ქუთაისში კი ქარი ხშირადაა.

„საქართველოში რომ ჩამოვედი, ძალიან გამიმართლა, რადგან 5 თვე მზე ანათებდა, ერთი წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა ციდან. ელექტროდენი არ იყო, მაგრამ მზე გვათბობდა. კატასავით მივეფიცხებოდი მზეს და ვმუშაობდი“ – ამბობს დონ ლუიჯი.

მუშაობით კი მართლაც ბევრს მუშაობს. იგი ენათმეცნიერია, შედგენილი აქვს ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონები; იტალიელთათვის ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო; არის ავტორი ქართულ-ლათინური ლექსიკონისა, რომელიც დაახლოებით 50 000 სიტყვას მოიცავს და ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ და მდიდარ ლექსიკონად ითვლება. ამასთან, მამა ლუიჯი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებას ატარებს. იგი საფუძვლიანად ფლობს რამდენიმე ენას: ლათინურს, ბერძნულს, იტალიურს, ფრანგულს, ინგლისურს, ესპანურს, პორტუგალიურს, რუსულსა და ქართულს. ყოველ შერჩეულ სიტყვას ამ ცხრა ენაზე ადარებს ერთმანეთს.

ქართულის სწავლა იტალიაში, ვერონას უნივერსიტეტში დაუწყია, რაშიც ამ ფილმის რეჟისორი, ლელა ბერიძე ეხმარებოდა. ლელა ბერიძის პირველი პროფესიაც ფილოლოგიაა (კინორეჟისურას იგი ბერლინის კინოტელეაკადემიაში დაეუფლა). მისი ამ ფილმის გმირთან მეგობრობა და თანამშრომლობაც მაშინ დაიწყო – ქართული ენის შესწავლისას.

დონ ლუიჯის მოსწონს ქართული ენა: „ლამაზია, მაგრამ რთულიო“ – ამბობს. ყოველ სიტყვას უკვირდება, ლექსიკონში პოულობს, სხვებს ადარებს… მას აშკარად უყვარს ეს საქმე. „მინიმუმ 14 წელი დილიდან საღამომდე სულ ვიჯექი და დავეძებდი სიტყვებს და მათ მნიშვნელობებსო“. ასეთი ცხოვრება თავად აირჩია.

მაყურებელი მოწმე, უფრო სწორად კი, მთავარი გმირის ყოველდღიურობის მონაწილე ხდება.

ამ შთაბეჭდილებას ქმნის ფილმის ტემპო-რიტმი, გააზრებული პაუზები. ფილმი დოკუმენტურია, თუმცა უფრო მეტად მხატვრული ფილმის სიუჟეტისთვის დამახასიათებელი ინტერესით ადევნებ თვალს.

ფილმში ასეთი მხატვრული ჩანართი შემოდის: ბიბლიოთეკაში დონ ლუიჯის ნაშრომებით სტუდენტები სარგებლობენ. ერთი ვაჟი, ივერი, გოგოებთან თავს მოიწონებს – მე ვიცნობ ამ წიგნის ავტორსო. გოგონები არ იჯერებენ და ვაჟიც პირდება – თუ სურვილი გაქვთ, თქვენც გაგაცნობთო. ფილმის მსვლელობისას ვხედავთ, როგორ ეძებს დონ ლუიჯის მისამართს და მასთან მისასვლელ გზას ივერი, მეგობართან ერთად, რათა ჯერ თვითონ გაეცნოს და მერე გოგონების მასთან მიყვანა სთხოვოს. საბოლოოდ, იგი მოხვდება დონ ლუიჯისთან და გულწრფელად აუხსნის თავის მდგომარეობას, ეტყვის, რომ გოგოებს პირობა მისცა და სიტყვის გატეხვა არ უნდა. სიტყვის კაცს ეს მოეწონება, გოგონებსაც დაპატიჟებს და ვაჟს თავის წიგნსაც აჩუქებს. მერე დიდხანს ფიქრობს სიტყვაზე, მის მნიშვნელობაზე: „სიტყვა ქმედება არ არის, მაგრამ „შენი სიტყვით ვისვრი ბადეს“, თქვა პეტრემ, ხომ? ანუ, „მე შენ გენდობი, შენი მჯერა“. სიტყვა ხდება ადამიანის გამოხატულება, უტოლდება ადამიანს. გენდობი შენ, შენს სიტყვას“…

ახალგაზრდა პერსონაჟების არსებობა სიუჟეტურ ხაზში იმაზე მიგვანიშნებს, რომ დონ ლუიჯის საქმე სამომავლო მნიშვნელობისაა და ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებისთვისაა.

ფილმს აქვს მეტად საინტერესო ფორმა – ეს არის ერთგვარი მინი-ლექსიკონი დონ ლუიჯიზე ანუ ეს ფილმი არის ლექსიკონი ლექსიკონების ავტორზე, რადგან მთავარი გმირის ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი სიტყვის სააშკარაოზე გამოტანით და მათზე კონცენტრირებით ვეცნობით დონ ლუიჯის პიროვნებასა და მოღვაწეობას.

ეს მართალი ფილმია, არაფერს ალამაზებს, უსხლტება ყოველგვარ პათეტიკას, რაც თხრობას სიმსუბუქეს და მთავარ გმირს სიმპატიას მატებს. თხრობის სტილი, ხერხი, გამოსახულება, ხმა, ზოგადად, კინოსამეტყველო ენა ჰარმონიაშია როგორც ფილმის თემატიკასთან, ასევე მისი ავტორის, ლელა ბერიძის შემოქმედებით ინდივიდუალურობასთან.

ზოგადად, ეს არის ფილმი-მედიტაცია, ჩაღრმავება სიტყვების სამყაროში. ავტორი გვთავაზობს, რომ ფილმის მიმდინარეობისას ჩვენც მთავარი გმირივით ვიცხოვროთ, ვიაზროვნოთ, ვეძიოთ.

მთავარ გმირს თავისი ცხოვრების დასახასიათებლად ორი სიტყვა აურჩევია: მონა და კრავი. „მონა – რომ სარგებელი მოვიტანო და კრავი – რომ ვიყო კეთილი, თანავუგრძნო სხვას“ – ამბობს დონ ლუიჯი.

ფილმში მას მეგობარი ასე ახასიათებს – „თავის სოროში შემძვრალი ჭრიჭინა“. ის მართლაც უკვე აღარ გამოდის თავისი საცხოვრებლიდან – კათოლიკური მისიის შენობიდან. მას ქუჩაში ვერ ვხედავთ, მხოლოდ აივანზე თუ მიეფიცხება მზეს. მართალია, ახალგაზრდობა უკან მოიტოვა, მაგრამ საქმეში კვლავ ახალგაზრდულად, ბავშვურადაც კი ინტერესიანი, დაუზარელი და კირკიტაა.

ზედმიწევნით ზუსტად შერჩეული სათაური ფილმის დრამატურგიული ღერძია. ერთი მხრივ, ქართულ ენაში სიტყვის კაცს ისეთ ადამიანზე იტყვიან, ვინც ასრულებს თავის დანაპირებს, ემსახურება სიმართლეს, და, მეორე მხრივ, მთავარი გმირი ის ადამიანია, რომელიც სიტყვებს ეძებს, სწავლობს, უყვარს ისინი, ადგენს ლექსიკონებს და მათში ინახავს სიტყვებს. იგი ამ საქმეს უდგება, როგორც მისიას. ის ამ მხრივაც მისიონერია და, ამავე დროს, რელიგიური მისიონერობა მისი საქმეა – ის კათოლიკე მღვდელმსახურია. ამდენად „სიტყვის კაცი“ ამ შემთხვევაში ასევე გულისხმობს ცნებას: „ღვთის კაცი“. ამ ყველაფრის ერთიანობაა დონ ლუიჯი – ფილმის მთავარი გმირი.

უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის მხატვრულ ღირებულებას მისი ისტორიული ღირებულებაც ემატება. წუთით წარმოვიდგინოთ, რომ რომ უკვე მე-16-17 საუკუნეებში შესაძლებელი ყოფილიყო ფილმის გადაღება მაშინ მოღვაწე იტალიელ მისიონერებზე – სტეფანო პაოლინიზე, ფრანჩესკო მარია მაჯოსა და სხვებზე. ამ ადამიანებმა დაგვიტოვეს პირველი „იტალიურ-ქართული ლექსიკონი“, „ქართული ენის გრამატიკა“. სწორედ მათი გზის გამგრძელებელია დონ ლუიჯი და ამიტომაც ამ ფილმს დიდი მნიშვნელობა აქვს ორივე ერის კულტურებისთვის.

ენა ცოცხალი ორგანიზმია, მუდმივად განახლებადი, მუდმივად თანამედროვე. „ჩვენ ენა ვიმემკვიდრეთ წარსულიდან. ენა არაფერია, თუ არა დღევანდელ დღედ ქცეული წარსული“ – ამბობს დონ ლუიჯი.

P.S. ფილმის მთავარი გმირი ახლაც მხნედაა, ისევ ქუთაისშია და კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას.

ქეთევან პატარაია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *