რომანი ქალებზე

ფილმის, „ანას ცხოვრება“ შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ მასში მოთხრობილ ამბავს გაგრძელება ექნებოდა. დღეს ნინო ბასილიას ეს კინოსურათი და შემდგომი ორი ნამუშევარი – „პერსონა №2“ და „ქიმიური ქორწილი“ კინოტრილოგიად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათში ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ.

დრამატურგის, რეჟისორის, მწერლის, ნინო ბასილიას რომანს, „პლასტმასის ნერვს“ ამგვარი მინაწერი აქვს: „მდედრობითი სქესის რომანი“. შესაბამისად, ეს კინოტრილოგიაც მდედრობით სქესზეა, კონკრეტულად კი „პერსონა №2“ (2020), პარაფრაზს თუ გამოვიყენებთ, „მდედრობითი სქესის ფილმია“. მან გამახსენა ჩემი ფავორიტი პიესა, ჟან კოკტოს „ადამიანის ხმა“, რომელშიც, სხვადასხვა დროს, თამაშობდნენ მსოფლიოს უდიდესი მსახიობები, მათ შორის, ანა მანიანი და ინგრიდ ბერგმანი. ჩვენთან ამ პიესის დაუვიწყარი სახეები შექმნეს სოფიკო ჭიაურელმა და ნინელი ჭანკვეტაძემ. „ადამიანის ხმასთან“ ნინო ბასილიას ფილმს „ერთი მსახიობის თეატრი“ აკავშირებს.

ცხრა „ერთი მსახიობის თეატრი“ – ასე შეიძლება შეფასდეს აღნიშნულ ფილმში თამაში იმ ცხრა მსახიობი ქალისა, რომელთა მონოლოგებს, აღსარებებს ვისმენთ და ვუყურებთ. მასში არიან წარმოდგენილი სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა ასაკისა და იმიჯის მსახიობები: ლამზირა ჩხეიძე, თათული დოლიძე, დარეჯან ხარშილაძე, ეკატერინე დემეტრაძე, ნანა ბუთხუზი, ანა ნიკოლაშვილი, ანა იმნაძე, ანა-მარია გურგენიშვილი, ანა ჯავახიშვილი.

შესაძლოა, ვინმემ ამ ფილმთან დაკავშირებით „სამსახიობო კინოც“ გაიხსენოს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს ტერმინი იმდენად წინააღმდეგობრივია, რომ რამდენადმე აკნინებს კიდეც დრამატურგიის, რეჟისურის, სახვითი მხარისა და ა.შ. მნიშვნელობას.

რეჟისორ ნინო ბასილიას ზედმიწევნით ზუსტად აქვს გათვლილი კადრში ყოველი მოძრაობა, ყოველი სიტყვა (არადა, თითქოს იმპროვიზაციას უფრო ჰგავს), მაგრამ მას ზოგჯერ არ „ემორჩილება“ მწერალი და დრამატურგი, ნინო ბასილია, რათა შეამციროს ტექსტი და ცოტა ადრე დასვას წერტილი. ამ მიზეზითაა „ნეგატივის კადრებით“ გადაჭარბებული გატაცებაც, მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მონაცვლეობა კადრში თუ კადრს გარეთ საუბრების, უხმო კადრების (მსახიობების მომზადება გადაღებისთვის, ვიზაჟის გაკეთება), გარე სამყაროს, ბუნების პანორამების და ა.შ. ერთ შემავსებელ მთლიანობად აღიქმება (ოპერატორები – თეიმურაზ გაბაშვილი და გელა ჩინჩალაძე).

ნინო ბასილიამ ეს ნამუშევარი ტელეფილმის პრინციპით შექმნა, თუმცა ძალიან ეფექტურია დიდ ეკრანზე პერსონაჟ ქალთა სახეები, მაგრამ, როცა ტელეეკრანზე უყურებ მას, ნათელია, როგორ „მოერგო“ იგი „პატარა ეკრანს“, როგორ შეიქმნა ის ინტიმი, როცა ტელეეკრანიდან გესაუბრებიან მხოლოდ და მხოლოდ შენ, როგორ განმარტოვდი ფილმის გმირებთან.

სპეკტაკლში ახლო ხედი არ არსებობს. ამ ფილმში მონაწილე მსახიობების მთავარი არეალი სწორედ თეატრია, კინოში მათ ახლო ხედზე მუშაობის ფუფუნება მიეცათ. ისინი ამ ფუფუნებას გამორჩეული უნარითა და ნიჭით შეხვდნენ. არასოდეს მინახავს ასეთი თათული დოლიძე, მისი ამაღელვებელი მონოლოგი სიყვარულზე, კიდევ რვა არაჩვეულებრივი მსახიობი, რომლებიც „კამერას ძალიან უყვარს“.

ვინ შეიძლება იყვნენ ამ ქალების პერსონაჟები? რა სურთ? რას ფიქრობენ? როგორები არიან? ამის შესახებ პასუხი გაცემულია „პლასტმასის ნერვის“ ერთ-ერთ დიალოგში:

„მე – შენ, ეტყობა, ქალებს ჭამ…

ივა – არა, ზოგი არ იჭმევა, რაგინდ ვარდის ფურცლები დააყარე; ზოგი გავნებს და ჯანმრთელობისთვისაც არ ვარგა; ზოგი მაკდონალდსავითაა – ჰოპ-ჰოპ და ისევ გშია; ზოგი ძალიან ცხელია და დაიწვები; ზოგი იმდენად ჩვეულებრივია, რომ გშიოდეს, მადას დაკარგავ; ზოგი იმდენად გემრიელია, რომ დაგენანება; ზოგიც იქით შეგჭამს!“

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის, „ბიაფის“ ჟიურის თავმჯდომარე, ლანა ღოღობერიძე თავის წიგნში, „ვისთვის გალობს შაშვი“ წერდა: „ჟიურის სპეციალური პრიზი გადავეცით ახალგაზრდა ქართველ კინორეჟისორს, ნინო ბასილიას და მე ამით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგანაც „პერსონა №2“ არის თამამი სარეჟისორო განაცხადი, კარგი გაგებით, ექსპერიმენტი, ცხრა ქალის ფიქრის ეკრანიზაციის გაბედული ცდა.“

თავად ფილმის რეჟისორი აცხადებს, რომ არასოდეს უფიქრია კინოტრილოგიაზე და ვერც კი წარმოედგინა, რომ ამის საშუალება მიეცემოდა. კინოწარმოებაში რთულია წინასწარ განსაზღვრო, რას გადაიღებ ან გადაიღებ თუ არა რაიმეს საერთოდ. როგორც ირკვევა, „ანა ცხოვრების“ შემდეგ მას ერთმა უცხოელმა კინოკრიტიკოსმა უთხრა, რომ ამ სოციალურ დრამას ტრილოგიის პირველ ფილმად ხედავდა. სწორედ ამან გამოიწვია კინოტრილოგიის გაკეთება. ამიტომაცაა, რომ მსახიობთა გუნდი თითქმის უცვლელია, რათა ერთ სტრუქტურაში, ერთ ქსოვილში გაერთიანებულიყო.

ფილმის სახელწოდებას თავისებური ახსნა აქვს – პერსონა №1 ესაუბრება პერსონა №2-ს. როგორც ცნობილი ფსიქოთერაპევტი, კარლ გუსტავ იუნგი აღნიშნავდა: №1 ვართ ჩვენ თავად, ხოლო №2 ჩვენი ალტერ ეგოა, ჩვენივე მეორე მე, რომლის გაცნობიერებისა და, შემდგომ, მასთან დიალოგის პროცესში, საკუთარი თავის გამთლიანებაა შესაძლებელი. ამ მეტამორფოზას, გმირებთან ერთად, მაყურებელიც განიცდის და სწორედ ეს იყო მიზანიც. ფილმში დასმული კითხვები მაყურებლის გრძნობათა სისტემაზე ირიბად თუ პირდაპირ აისახება.

ნინო ბასილიამ 2000-იან წლებში რამდენიმე სპექტაკლი დადგა სხვადასხვა სცენაზე. ამ პრაქტიკამ ბევრი მსახიობი გააცნო და დაანახა, როგორც ადამიანური, ასევე პროფესიული კუთხითაც და კინოსათვის არჩევანის დიდი საშუალება მისცა. პროფესიონალებთან მუშაობა იმითაც არის კარგი, რომ ბევრს არ წვალობ სცენების გადაღებაზე და არც თავად წვალობენ. როცა ყველამ თავისი საქმე კარგად იცის, მუშაობაც სასიამოვნოა. გენდობიან და შენც ენდობი. ურთიერთობები გარკვეულია, დალაგებულია და ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობიან, ეს კი გადასაღებ მოედანზე, კომფორტულ გარემოს ქმნის.

რეჟისორი გააოცა ლამზირა ჩხეიძის პიროვნულმა თვისებებმა, ჰაეროვნებამ, სინაზემ, მტკიცე ხასიათმა და, რაც მთავარია, პროფესიონალიზმმა. თურმე მას ბავშვივით უხაროდა გადაღება. როდესაც იგი ფინალურ სცენაში მონოლოგს კითხულობდა, დასრულებისთანავე უთქვამს რეჟისორისათვის, ასე მგონია ჩემზეა დაწერილი და საკუთარ თავს ვთამაშობ, რადგან ზუსტად ასევე ვფიქრობ და ასევე განვიცდიო.

ნინიო ბასილიასათვის კინორეჟისორობა მოიცავს დრამატურგიასაც, მწერალობასაც და კიდევ ბევრ სხვას. ეს უნივერსალური პროფესიაა, რომელსაც ცხოვრებისეული გამოცდილებაც სჭირდება თავისი ქარტეხილებითა და, რაც მთვარია, მუდვმივად ახლის შეცნობის წყურვილით. ეს პერმანენტული ძიებაა, ხოლო დრამატურგია და მწერლობა ოსტატობის დახვეწისათვის ძალიან კარგი გამოცდილებაა. მითუმეტეს, როცა სცენარის ავტორიც ხარ და რეჟისორიც, ეს უსაზღვრო თავისუფლებისა და ათასნაირი ლავირების საშუალებას იძლევა, თავისუფლება კი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებაა საავტორო კინოს რეჟისორისთვის.

ნანა თუთბერიძე,
კინოჟურნალისტი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *