2006 წელს კინორეჟისორმა, ილო ღლონტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ხუთი ვარიაცია“ წარუდგინა მაყურებელს და საკმაო წარმატებაც ხვდა წილად. სუბიექტური კამერით გადაღებული ეს ნამუშევარი მოგვითხრობს ხუთი პერსონაჟის მიერ დანახული ერთი ოჯახის თავგადასავალს. მართალია, კინოს არსებობის მანძილზე, ამ პრინციპით, არაერთი ფილმი შეუქმნიათ, მათ შორის, დიდ რეჟისორებსაც. მაგალითად, იაპონელი აკირა კუროსავას კინოსურათმა, „რაშომონი“ (1950) პირველად მიმართა ახლებურ ხედვას (რამდენიმე ადამიანის მიერ განსხვავებულად დანახულ ამბავს, რითაც დაანგრია დამკვიდრებული კინოდრამატურგია). ქართულ კინოში, რამდენადაც ცნობილია, მსგავსი პრეცენდენტი არ ყოფილა.
ამჯერად, რეჟისორმა კვლავ, კიდევ ერთი, არაორდინალური ოჯახის თავზე განვითარებულ, აბსურდულსა და, ამავე დროს, რეალურ ფაქტზე აგებულ, ტრაგიკომიკულ ამბავზე დაწერა სცენარი, მწერალ არჩილ ქიქოძესთან და ლევან ღლონტთან ერთად, და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რატომ ვართ ერთად“ (2022) გამოიტანა მაყურებლის სამსჯავროზე.
მთავარი გმირი, გიო თვითდამკვიდრებისა და იდენტობის ძიების პროცესში მყოფი ახალგაზრდა, წევრია დიდი ოჯახისა, რომელიც სამი თაობის წარმომადგენლებს აერთიანებს. ფილმში გამოკვეთილია მამათა და შვილთა საუკუნოვანი კონფლიქტი – ომგამოვლილ მამასა და დაუსაქმებელ შვილს შორის, გამუდმებით ველოსიპედით მოსეირნე ინდიფერენტულ ბიძასა და ძმისშვილს შორის. მხოლოდ ოჯახის ერთადერთი წევრი, ბებია, ცდილობს დაიცვას და აღადგინოს დარღვეული წონასწორობის ბალანსი, განსაკუთრებით კი საყვარელ შვილიშვილს თანაუგრძნოს. ის წუხს, რომ ოჯახის წევრები მას არაფერს ეკითხებიან და მის კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ. „რატომ არავინ არ მპასუხობთ? სად მიდიხართ ან რისთვის?“ – ეკითხება იგი შვილიშვილს. „იმიტომ, რომ თვითონ არ იციან, სად მიდიან“ – პასუხობს ახალგაზრდა. ამ პასუხში ვლინდება მთელი ოჯახის უფუნქციო წევრების შეუმდგარი ინერტული ცხოვრების წესი. ამასობაში, მათი მდორე ცხოვრების რიტმში ქარბორბალასავით შემოიჭრება გაურკვეველი დანაშაულის ბრალდება, მათსავე სადარბაზოში, ლიფტში გაჭედილი ქალის დაყაჩაღება და ამაში გიოს, რომელიც ბინიდან ახალი გასულია, დადანაშაულება. ამ უსამართლო ბრალდებას რატომღაც იჯერებს მამა, რომელიც, როგორც დიალოგებიდან ჩანს, სამართლიანი, რაინდული თვისებების მატარებელი უნდა ყოფილიყო წარსულში, ამჟამად კი უსახსრობის, დაუსაქმებულობისა და უსარგებლობის გამო, კაეშანს ისე დაქვემდებარებია, რომ საკუთარი შვილის უდანაშაულობაშიც კი ეჭვი შეაქვს, რაც ამ უკანასკნელის მძაფრ აღშფოთებას იწვევს და მამას საყვედურით და ნიშნის მოგებით მიმართავს – „დედა ამას არ დაიჯერებდა“ (დედა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა). თავისი უსუსურობის მიუხედავად, მამა მაინც ახერხებს შეეწინააღმდეგოს მის სახლში უცერემონიოდ შეჭრილ პოლიციელებს, რაც მისი დაკავებით სრულდება. ამ ეპიზოდში ყველაზე დასამახსოვრებელი, ბებიის, ინტელიგენტი ქალის შეფარული რისხვით გამოხატული დამოკიდებულებაა პოლიციელების მიმართ. იგი იმდენად წყნარად და აუღელვებლად კიცხავს მასთან ბანდიტებივით შევარდნილ ნიღბიან, შეიარაღებულ „რობოკოპებს“, რომ ისინი თავდახრილები ტოვებენ იქაურობას (რაც ცოტა დაუჯერებელია).
ფილმის რიტმი ამჯერად იცვლება. დაჩქარებული წესით იწყება დაუსაბუთებლად დაკავებული მამის ციხიდან გამოყვანის პროცესი. ხელმოკლე ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო, გაქირავებული ფართი, ციხიდან მის დახსნას ეწირება. ფილმის გმირები თავდაპირველი გაუცხოების ნაცვლად ფინალში ერთმანეთისთვის შეუცვლელი და მეტად ძვირფასი ხდებიან. განთავისუფლებული მამა-შვილი სახლში ბრუნდება და მთელი ღამე სამზარეულოს ფანჯრიდან მოციმციმე ღამის ქალაქის განათების ფონზე მშვიდობიანად საუბრობენ მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე.
ფილმის გამოსახულება (ოპერატორი მინდია ესაძე) სადა და მარტივი კომპოზიციური წყობით შემოიფარგლება, რაც ნათლად აჩვენებს ნულოვანი წლების პერიოდის ქალაქური ცხოვრების სტილსა და ხასიათს. ბუნდოვანი, ნაკლებად განათებული სივრცე, მოვლენების აუჩქარებელი რიტმი ხაზს უსვამს პერსონაჟთა გაურკვეველ, კონკრეტიკას მოკლებული სახეების მკაფიოდ გამოხატვას არსებულ რეალობაში. შინაასობრივად დამრთგუნველ კადრებს ამძაფრებს რეზო კიკნაძის საქსაფონით შესრულებული ძლიერმოქმედი მუსიკალური კომპოზიციები, რომელთა თემატური ბგერის ჟღერადობა აერთიანებს და თითქოს კრავს ფილმში განვითარებულ მოვლენებს.
მსახიობთა დასის მიერ განსახიერებული პერსონაჟები იმდენად ბუნებრივი და შთამბეჭდავი არიან, რომ ღრმად ფიქსირდებიან მაყურებლის მეხსიერებაში. რაც მთავარია, თითქმის ყველა როლის შემსრულებელი არაპროფესიონალი, მოყვარული მსახიობია და, შეიძლება, მაგიტომაც ბევრად უფრო დამაჯერებლად, ყოველგვარი ხელოვნურობის გარეშე ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებას. განსაკუთრებული უშუალობითა და ბუნებრიობით გამოირჩევა ბებიის როლის შემსრულებელი, მარინა ყუბანეიშვილი. მისი დამოკიდებულება თითეული ოჯახის წევრის მიმართ, თაშეკავებული და აუღელვებლად გამოთქმული ბრძნული აზრები ისეთი ღრმა ემოციის გამომხატველია, რომ მასში მცირედი სიყალბე ან ხელოვნურობა ოდნავადაც რომ იგრძნობოდეს, მის მიერ განსახიერებული როლი სათანადო მოწონებას ვერ დაიმსახურებდა. თბილისის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველასათვის მოულოდნელად, იგი გამოცხადდა ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად, თანაც იმ დღეს მას 90 წელი შეუსრულდა. ალბათ, ეს პრიზი საიუბილეოდ ყველაზე უძვირფასესი საჩუქარი იყო.
ფილმის კეთილი დასასრული ბევრ კითხვას აჩენს. მაგალითად, რატომ არიან ერთად სხვადასხვა ასაკის, განსხვავებული აზრებისა და გაგების მქონე ადამიანები? ამ კითხვაზე, ალბათ, ყველას თავისი ინდივიდუალური პასუხი ექნება, მაგრამ რეჟისორისათვის ამ კინოსურათის მამოძრავებელ ძალად ოჯახის ღირებულებებზე აგებული და გამოკვეთილი მოცემულობა მხოლოდ ერთ ჭეშმარიტ გრძნობაზე მიგვითითებს – სიყვარულზე, რაც ნებისმიერი ბარიერის გადალახვასა და დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება ადამიანს.
ქეთევან ჯაფარიძე,
კინომცოდნე