რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმები განსაკუთრებით პოპულარულია მაყურებელში. ადამიანისთვის ბევრად საინტერესოა არა სუპერმენის მიერ ერთი ხელით გადარჩენილი მსოფლიო, არამედ რეალური ადამიანის ღვაწლი, ადამიანისა, რომელიც რთულ მომენტში არ დანებდა და ბოლომდე მიჰყვა მიზანს, ამიტომ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული ფილმების გადაღება, რაც ძალიან კარგია. მსგავსი კინოსურათები იძლევა შესაძლებლობას, ახლებურად შევხედოთ და განსხვავებული თვალით შევაფასოთ მოვლენები, რასაც ემსახურება კიდეც ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ-ბიოგრაფიული ნამუშევარი, „ექვთიმე ღვთისკაცი“ (2018). ფილმში ნაჩვენებია ერთი ადამიანის გასაოცარი ამბავი, რომელმაც შეძლო ემიგრაციაში ყოფნისას ქვეყნისთვის კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა.
ნებისმიერი ასეთი ფილმის საფუძველი მისი ატმოსფეროა, ეპოქა, რომელშიც მოვლენები ვითარდება. აქ ნაჩვენებია არა მხოლოდ მოგზაურობა, არამედ შეღწევა ასი წლის წინანდელ წარსულში. ყველა სამოსი, ინტერიერი, აბსოლუტურად ყველაფერი შეესაბამება იმ დროინდელ ეპოქას. რაც შეეხება თავად ექვთიმეს გამოსახულებას, აქაც ოქროს შუალედი აღმოჩნდა იდეალურ გამოსახულებასა და ისტორიულ ფიგურას შორის. ფილმი პატრიოტულია და ექვთიმე თაყაიშვილის დიდებულ იმიჯს ხატავს. დაცულია ბალანსი პოლიტიკური და პირადი ცხოვრების ჩვენებას შორის, ვხედავთ არა მხოლოდ ისტორიულ ფიგურას, არამედ ქმარს, მეგობარს და უბრალო ადამიანს.
მოქმედება იწყება 1893 წლით, ექვთიმეს ბავშვობის ეპიზოდით, თხრობის მთავარი ხაზი კი, ფოკუსირებულია 1921-1945 წლების მოღვაწეობაზე. რომლის პარალელურად ნაჩვენებია საქართველოს ამ წლების ტრაგიკული ისტორია.
მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, როგორ როგორ განვითარდება მოვლენები, საკმაოდ დამაინტრიგებელია მისი ყურება. მთავარი სიუჟეტის პარალელურად, ამ ნამუშევარში გვხვდება იმ პერიოდის არაერთი გამორჩეული ისტორიული პიროვნება, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქვეყნის ბედზე. წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის, დავით სარაჯიშვილის, ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელისა და სხვათა პორტრეტები. ძალიან მცირე დოზით შემოსული იუმორი ამსუბუქებს ატმოსფეროს და შემოაქვს მეტი სილაღე სერიოზულ დრამატულ ფილმში.
ცალკე აღსანიშნავია, ჟანრული კომპონენტი. „ექვთიმე ღვთისკაცი“ ნამდვილად ეკუთვნის ისტორიულ-ბიოგრაფიულ ჟანრს. თუმცა მას აქვს ომის შესახებ ფილმის, თრილერისა და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური დრამის ელემენტებიც. ასეთი ჟანრული მრავალფეროვნება ნამუშევარს მეტად ყურებადს ხდის.
ფორმალურად, ხომასურიძის ფილმს ერთზე მეტი პერსონაჟი ჰყავს, მაგრამ არსებითად ის ერთი კაცის ფილმია და, ასეთ შემთხვევაში, ეს მსახიობისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცევა, თუნდაც ეს რეზო ჩხიკვიშვილი იყოს. ის ამ ამოცანას ზედმიწევნით კარგად ართმევს თავს და კიდევ ერთ დასამახსოვრებელ და წარმატებულ როლს მატებს თავის ფილმოგრაფიას. არ შეგიძლია გულგრილად შეხედო მის პროფესიონალიზმს, პატივი არ სცე და არ აღფრთოვანდე. იგი დამაჯერებლია თავის ემოციებში და ფაქტიურად ცხოვრობს იმ რთულ დღეებში. მართალია, შეუძლებელია სრული სიზუსტით აღწერო ის გამოცდილება და განცდები, რაც ექვთიმეს ოცდაოთხწლიანემიგრაციაში ჰქონდა, მაგრამ როცა მის გმირს ადევნებ თვალს, გჯერა, რომ ის, რაც მან იგრძნო და განიცდა, ძალიან ახლოს იყო სიმართლესთან. განსაკუთრებით გამოსაყოფია მრავლისმეტყველი გამოხედვებით დახუნძლული მისი კადრები, როგორც შორიდან, ისე ახლო ხედიდან. ყოველი მისი გამოჩენა მეტად ღრმად წარმოაჩენს გმირის განწყობასა და განცდებს.
რაც შეეხება დანარჩენ მსახიობებს, აქ შესაძლებელია, იხილოთ ბოლო დროის ერთ-ერთი ნიჭიერი სამსახიობო ანსამბლი. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ანა წერეთელი, რომელმაც ღირსეული პარტნიორობა გაუწია რეზო ჩხიკვიშვილს. ასევე დასამახსოვრებელი იყო გიორგი მეგრელიშვილის, ლაშა რამიშვილისა და გოგი თურქაშვილის მიერ შესრულებული პერსონაჟები. ვერ ნახავთ ზედმეტ პერსონაჟებს, რომლებიც მხოლოდ ეკრანის დროის შესავსებადაა წარმოდგენილი, არ არის ზედმეტი სიტყვები, რომლებიც არანაირად არ იმოქმედებს თხრობის განვითარებაზე.
გრიმიორების მიერ შესრულებულმა სამუშაომ შესაძლებელი კი გახადა მსახიობსა და მის პერსონაჟს შორის მაქსიმალური გარეგნული მსგავსების მიღწევა, თუმცა ახლო კადრებში აშკარად ჩანს დიდი რაოდენობით გრიმის კვალი, რაც ართულებს ფილმის სერიოზულად აღქმას.
ხომასურიძის ფილმში ბევრია გმირების სახეების ახლო ხედები, დიდი ყურადღება ეთმობა მზერას, რომელიც გადმოსცემს მათ სულიერ მდგომარეობას, რაც გასაკუთრებით შესამჩნევია დაძაბულ სცენებში. ოცდაოთხწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების სცენა ყველაზე მტკივნეული და დასამახსოვრებელია. გმირის გრძნობებს მოქმედებები ბევრად უფრო სრულად გადმოსცემს, ვიდრე სიტყვები.
ეს ნამუშევარი ექვთიმეს მოღვაწეობაზეა, მაგრამ მხოლოდ ფილმის გამჭირვალე გარსია, მის შიგნით არის პოლიტიკა, მეზობელი ქვეყნის აგრესია, ემიგრაციაში თავის გადარჩენა და დამკვიდრება, ბრძოლა თავისუფლებისთვის.
ლამაზი ხედების სამსახიობო ოსტატობასთან შერწყმით, რეჟისორი ახერხებს მიაღწიოს, როგორც სათანადო დინამიკას, ასევე შესანიშნავ ემოციურ დაძაბულობას, მიუხედავად სიუჟეტის პროგნოზირებადობისა, ნამუშევარი კარგად არის აგებული ვიზუალური კინოს ენაზე, დოკუმენტური ფაქტების უღიმღამო მიწოდების გარეშე. და, რა თქმა უნდა, მუსიკალური აკომპანიმენტი ქმნის აუცილებელ განწყობას.
კრიტიკული შეიძლება ვიყოთ ისტორიის სიზუსტესთან მიმართებაში. პირველ რიგში, საყურადღებოა თარიღები. ტიტრებში ვხედავთ, 5 10 და 14 მარტს და ამ დროს განვითარებული მოვლენები არ ემთხვევა ისტორიულ სინამდვილეს. თარიღები მოცემულია რამდენიმედღიანი აცდენით. მეორე რიგში, მთავრობის წარმომადგენლების სახე ისეა შექმნილი თითქოს, მათ მხოლოდ განძის გაყიდვა და კარგად ცხოვრება აინტერესებდათ, თითქოს უბრძოლველად დატოვეს თბილისი და ემიგრაციაში ყოფნისას არაფერი სასარგებლო არ გაუკეთებიათ სამშობლოსთვის. არადა, ისტორია ამ ყველაფერზე სხვა ცნობებს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი მხატვრულია და არა დოკუმენტური, შესაბამისად, რეჟისორს ჰქონდა უფლება თავის შეხედულებისამებრ გადაეღო საკუთარი ნამუშევარი, თუმცა ისედაც მძიმე ისტორიის ზედმეტად დაძაბვა და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობას იმაზე მეტი შეცდომები დავაბრალოთ, ვიდრე სინამდვილეში ჰქონდა, არასწორია. თან ეს ფაქტების დამახინჯებაც გამოდის. გარდა ისტორიული ფაქტების სიზუსტისა, შეიძლება არ მოგეწონოთ ფილმის ხანგრძლივობა, რომელიც თითქმის ორსაათნახევრიანია. გარკვეულ ეპიზოდებში არის რეალობისა და წარსულის კადრების არევა. თუ საკმაოდ ყურადღებით არ იქნება, შესაძლებელია მაყურებელი დაიბნეს და ზოგიერთი ეპიზოდი კონტექსტიდან ამოვარდნილად მოეჩვენოს. ამის ერთ-ერთი მაგალითია, ექვთიმეს ექსპედიციების ჩვენება შუა ფილმში, ყოველგვარი წინასწარი შესავლის გარეშე. სიუჟეტის ძლიერი კავშირი ისტორიასთან იმისათვისაა საჭირო, რომ მიხვდეთ, რა ხდება ეკრანზე, ამიტომ გქონდეთ საბაზისო ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ. ფილმი, ძირითადად, გათვლილია ქართველ მაყურებელზე, თუმცა ეს ყველაფერი ზედმეტ გავლენას არ ახდენს მის სწორ აღქმაზე.
შეუძლებელია თუ არა, რომ ერთმა ჩვეულებრივმა ადამიანმა ამხელა საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის: გშიოდეს, გციოდეს, წამლის ფული გჭირდებოდეს, მაგრამ იმ მრავალირცხოვანი საგანძურიდან ხელი არაფერს ახლო. წარმოუდგენლად რთულია ღმერთის ნების გარეშე ასეთი დიდი საქმეები კეთდებოდეს. ყველა ადამიანს თავისი მისია აკისრია, რაც არ უნდა რთული იყოს მისი შესრულება. ძნელად, მაგრამ ბოლომდე მაინც მიიყვანო.
რამხელა სიამაყეა, როდესაც ექვთიმეს მსგავსი ადამიანი შენი სამშობლოს ისტორის ნაწილი რომ არის. მისნაირები, ალბათ, იშვიათად იბადებიან და რომელთა მაგალითზე თაობები უნდა იზრდებოდეს. ხომასურიძეს გამოუვიდა კარგი ფილმი კარგ ადამიანზე, რომელმაც შეუძლებელი გააკეთა ისე, რომ ერთი წუთითაც არ შეპარვია ეჭვი თავის გადაწყვეტილების სისწორეში. მან დასახული მიზნისთვის, ზედმეტი ემოციების გარეშე, ბოლომდე იბრძოლა, არაერთი მორალური თუ ფიზიკური ზეწოლის მიუხედავად, ექვთიმე დარტყმას ღირსეულად იღებდა.
ერთ-ერთი ყველაზე რთული ჟანრი გადასაღებად ბიოგრაფიულია და თუ ამას ასეთი მძიმე თავგადასავალი ემატება, საქმე უფრო რთულდება. საჭიროა პატარა დეტალებიც მაქსიმალურად იყოს სიზუსტესთან მიახლოებული. გარკველწილად, მაინც რომ განსხვავდებოდეს ჟანრის სხვა წარმომადგენლებისგან, საჭიროა ახალი ტექნიკის მოძებნა. „ექვთიმე ღვთისკაცის“ ავტორებმა ამაში, გარკვეულწილად, მიაღწიეს წარმატებას. არის დეტალები, რომლებშიც საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზებია, მაგრამ ის ისეთი ვიზუალური ეფექტითა გაფორმებული, რომ პრაქტიკულად უხილავია (თუ თარიღების თვალშისაცემ უზუსტობას არ ჩავთვლით).
„ექვთიმე ღვთისკაცის“ მსაგავი ნამუშევრები ძალიან მნივნელოვანია. მათი ნახვით უკეთესად გაეცნობით საკუთარი ქვეყნის ისტორიას.
თეონა ვეკუა