ქართული კინოს ტრადიცია თემატურად თუ მეორდება და მხატვრულ-თემატურ ინტერპრეტაციებს საინტერესოდ თუ განავითარებს, მაშინ ეს ყველაზე ნათლად და ცხადად ადამიანის მიერ საკუთარი თავის ძიების, უფუნქციობის, ან შემგუებლობის და სულიერი კრიზისის ვერსიებს ეხება – მათ, რომელნიც სათავეს სამოციანელთა მიერ ინტერპრეტირებულ თემებში იღებენ და შემდეგ ათწლეულების მანძილზე სხვადასხვაგვარ გამოვლინებას პოულობენ – 1980-1990-იან, 2000-იან და უახლესი პერიოდის ქართულ კინოში.
რამდენადაც რთულია ავცდეთ ამ თემაზე ნებისმიერ რიტორიკას, იმდენად სხვადასხვანაირად გამოიყურება ხასიათის ყველაზე რთული ნიშნების და გამოსაცნობი ,,ციტირების“ თანამედროვე ხერხები. ქართულ კინოში, ფილმის „იყო შაშვი მგალობელი“ მიერ წარმოქმნილი მთელი კითხვითი სპექტრი, ყოფიერების ამაოების, მომხიბვლელი უფუნქციობისა და, თუნდაც, გარინდული ერთფეროვნების მოტივები, ყოველ ათწლეულში პოულობს გამოძახილს. როგორც ჩანს, კინოსთვის ეს თემა – ყოფის არარსებულ, ილუზორულ დინამიკაში მოქცეული გმირების მოტივი, ყოველთვის ეფუძნება მცირე, მაგრამ მაინც განსხვავებულ მოსაზრებებს.
ნინო ჟვანიას ფილმი, „აღლუმი“ (2019) კალეიდოსკოპური ილუზიებისა და ყოფითი სიშიშვლის ერთგვარი ნაზავია. თავად საავტორო პოზიციის მთავარი ნიშანიც სწორედ ამაში იძებნება: ფილმის სამივე გმირი, დასავლეთევროპული ლიტერატურული მემკვიდრეობის, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის ილუზიადაკარგულ პერსონაჟებს მოგვაგონებენ, ჩაძირულს ნაცნობ ყოფით ქაოსში, ამოუცნობი ნისლით და გაუგებრობით მოსილს.
ისევე, როგორც ერიხ მარია რემარკის გმირები, ნინო ჟვანიას პერსონაჟებიც ვერ თმობენ და ვერ გრძნობენ დროის წარმავლობას – შესაძლებელია, ბევრად უფრო ადრეულ ასაკში შეგუებული ამ ყოფით ამაოებას, ვიდრე ლიტერატურული პერსონაჟები.
გუგა კოტეტიშვილი, არჩილ ქიქოძე და გოგა პიპინაშვილი – ნაკლებად იღბლიანი მსახიობი, ხელმოცარული მხატვარი და ციხიდან ახლად გამოსული კრიმინალი. სოციალური საფეხურების ეს მემკვიდრეობა მათში მირაჟის მსგავსად ცოცხლობს – მონათხრობით, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ფრაზებით თუ ვხვდებით მათი ცხოვრების ილუზორულსა და ნამდვილ სახეს – გამოფიტულს შიგნიდან და უცნაურად დეპრესიულს, მხიარულს და ლაღსაც კი, რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს ეს.
ავტორის სურვილი, სრული და რეალისტური იყოს ყოველი მათგანის მხატვრული განზოგადების ნიშნები, ნათელია და გასაგებია, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამივე ხასიათში სწორედ ისაა, რომ არცერთი ამ პერსონაჟთაგანი არ იწვევს გაუგებრობის, კიცხვის ან გაღიზიანების რაიმე განცდას.
გაუგებარი, მეტაფორული აღლუმი ცივი პეიზაჟის სიღრმეში მიმავალი პროცესიით ისეთივე აბსტრაგირებული მოვლენაა, როგორც მოხეტიალე ცირკი მეოცე საუკუნის სოციუმისთვის. ჭრელი პროცესია და აკრობატი ოჩოფეხებზე, ცივ, ურბანულ ზამთრისპირა შემოდგომაში, თაობაში ოდესღაც არსებული ილუზიების ცივი კონტრასტივით საინტერესო სანახაობაა. მდორე, გაშლილი პეიზაჟების მონაცვლე რიტმი მდუმარედ ესატყვისება ჟარგონსა და ოცნებებში გაზრდილ, ბავშვობის მეგობრების პირობით მოგზაურობას ,,არსაიდან არსად“. პეიზაჟში, რომელსაც ნანგრევების, მეძავების, დამშრალი მდინარის კალაპოტებისა და ზამთრისპირა ან ზამთრის შემდგომი ბუნების სიცივე მოსავს, რეჟისორი და მისი გმირები დაკარგულ, გზააბნეულ, დაუსრულებელი აღლუმისგან გამოქცეულ მოზარდებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ზრდასრულ ადამიანებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომი თაობის ილუზიადაკარგული კათარზისი და ეკრანზე შექმნილი თაობის პორტრეტი, თავისი თბილი, ოდნავ მკაცრი სიშიშვლით, ნამდვილად ჰგავს ერთმანეთს, თუმცა ნინო ჟვანიას ფილმი 2019 წელსაა გადაღებული, ხოლო ომის შემდგომი რეალობა 1940-50-იან წლებში ჯერ კიდევ გულისხმობდა ილუზიებს იმის შესახებ, რომ სულიერი სიცარიელე ომის და კვლავაც ომის შედეგია.
არჩილ ქიქოძის პერონაჟი, ალბათ, შედარებით უფრო მეტად აბსტრაგირებულია, ვიდრე გუგა კოტეტეიშვილის მსახიობი, ან გოგა პიპინაშვილის კრიმინალი, რომელიც მაინც ყველაზე მეტად და ყველაზე ცხადად არის მატარებელი იმ სინამდვილისა, რაც მათ, დაკარგულებს, მემკვიდრეობად ერგოთ. ნათელია აბსტრაგირების მასშტაბიც, თუმცა მეძავებთან და ახალგაზრდა მოძალადეებთან ურთიერთშელაპარაკების ეპიზოდებში განსაკუთრებით მკვეთრდება და რთული ხდება სათქმელის და განწყობის ამოცნობა, ვინაიდან არ არის იოლი ადამიანურ განცდებსა და წარსულის ხატებს ამ კონტრასტულ გარემოში ერთად მოუყარო თავი. დაშლილი, ძველი ნაგებობის სიღრმეში იძულებითი თავშესაფარი, მეძავებთან ერთად, საშიში და ძრწოლის მომგვრელიცაა თავისი მარტივი, დაუნდობელი ,,რკინის“ პოეტური ხიბლით: ცუდად განათებულ ინტერიერში სკაბრეზულ ლექსს კითხულობს მსახიობი, მხატვარი მეძავს იმის რწმენას უნერგავს, რომ მის წინაშე ულამაზესი ქალია, ხოლო კრიმინალი, უმეტესწილად, ღირსეულად დუმს. პროზის ყველაზე რეალისტურ წახნაგებშიც კი რთულია აღმოაჩინო თაობის ერთი ნაწილის ილუზიათა ამგვარი დასასრულის დაუნდობელი მეტაფორა, რომელიც, მეორე მხრივ, ადამიანური განცდითაც იქნება შეფერილი.
ნამდვილი აღლუმისაგან განსხვავებით, ეს პეიზაჟები მუდმივი გამოუვალობის განცდას ატარებენ ისევე, როგორც მრუმე, ნისლისფერ დილაში გახვეული, უსასოოდ მიტოვებული სამი გმირი. იქნებ, არცერთ მათგანს არც სჭირდება რაიმე დიდი, ნათელი მომავალი, რომელიც მხოლოდ ილუზია კი არა, შესაძლებელია, კომიკურ ცნებადაც კი ჟღერდეს მათთვის.
გუგა კოტეტიშვილის და არჩილ ქიქოძის პერსონაჟები, საკუთარი თავგადასავლების თხრობისას, არღვევენ ამ სევდიანი და მიტოვებული განწყობის რიტმს, რაც მოქმედებს ამ უცნაური ჰარმონიის სრულად აღქმაზე. შესაძლებელია, ეს სტატიკურობის ზედმეტ ნაწილს მივაწეროთ – მაგალითად, ეპიზოდს რესტორანში ან სიტყვიერი მასალის შიგადაშიგ ძალზე დიდ როლს, სადაც ეს განცდა, მკვეთრი დისონანსის შეგრძნებას იწვევს სამწუხაროდ. და არა იმიტომ, რომ ეპიზოდი რესტორანში თითქმის სტატიკურია, არამედ იმის გამო, რომ ამ უძრაობაში, გამოსახულებისთვის, გმირებისთვის დამახასიათებელი სევდის გამოხატულება თითქმის იკარგება. ალბათ, ისევ და ისევ, სიტყვაზე გადატანილი აქცენტების გამო. ასეთი აქცენტები მხოლოდ ამ ეპიზოდში არ იჩენს თავს. ის შესამჩნევად საგრძნობია ფილმის საწყის ეპიზოდებშიც.
მსახიობი კვდება, ქრება, მიდის. იგი მიდის ისევე შეუმჩნევლად, როგორც, სავარაუდოდ, აქამდე, ამ უცნაურ სამყაროში, აღლუმის ავანგარდში სიმბოლურ მოქცევამდე ცხოვრობდა. შესაძლებელია, სწორედ ეს მოტივი აერთიანებს მას მეოცე საუკუნის ლიტერატურულ და კინოგმირებთან, რომელთა არსებობაც დედამიწაზე ტრაგიკულად შეუმჩნეველი დარჩა მათივე პიროვნული უმოქმედობის ან, თუ გნებავთ, უფუნქციობის გამო.
სევდიანია ამ მოგზაურობის დასასრულიც: გუგა კოტეტიშვილის მსახიობი, ხალისიანი, ზნეობრივი ბარიერებით, მაგრამ კომპრომისული საქციელებით სავსე კაცი, რომელსაც თითქოს რამდენიმე თაობის თვისებების ტვირთვა უწევს, უბრალოდ, ჩამოცილდა აღლუმს, იპოდრომის საჯინიბოში შევიდა ფეხარეული, ხველაატეხილი და იქვე, რამდენიმე ნაბიჯში დაეცა… გაქრა… მისი არარსებობაც ჯერჯერობით ვერავინ შეამჩნია, თვით იქვე შესასვენებლად ჩამომსხდარმა მეგობრებმაც კი.
ცივი, სევდიანია პეიზაჟი ნინო ჟვანიას ფილმში. უსასოოდ გრძელი და ასოციაციურად საინტერესოა ეს გზა, მოგზაურობა არსად, ბავშვობასა და ნანგრევებში დანთებულ კოცონს შორის, სადაც არავინ აღარაფერს აღარ ელის. არათუ ნამდვილი ოცნებები, ილუზიებიც კი იკარგებიან ასეთ არაფრისმთქმელ აღლუმებსა და სიცივით გაჟღენთილ ჰაერს აყოლილ ხმებს შორის.
ქეთევან ტრაპაიძე