უარყოფილი უარყოფითები – მსჯელობა ფილმზე და არა მხოლოდ

„თან არსებობენ და თან არ არსებობენ“- ასე უხსნის ნიკას დაჩი, რა არის უარყოფითი რიცხვები. ნიკა და დაჩი არასრულწლოვანთა კოლონიის პატიმრები არიან ისევე, როგორც იქ მყოფი მათი თანატოლები – საზოგადოებისაგან და, ზოგჯერ, ოჯახისაგანაც კი უარყოფილები. „უარყოფითი რიცხვები“ (2019) უტა ბერიას ფილმია, რომელსაც პროექტის, „კინო სკოლაში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უჩვენებენ ბავშვებს და შემდეგ საუბრობენ მასზე. კარგი პროექტია და ფილმის კარგი არჩევანიც. თემები, რომლებიც ამ ფილმში მხატვრულ ფორმას იღებს, ნებისმიერ საზოგადოებას მუდმივად აღელვებს: ციხეში გამომწყვდეული ადამიანები, მითუმეტეს, არასრულწლოვნები; მართლმსაჯულების არაკეთილსინდისიერი წარმომადგენლები; კრიმინალური სამყაროს გავლენები ბავშვებსა და მოზარდებზე და, ზოგადად, საზოგადოებაზე; ადამიანის ჩაგვრა მეორე ადამიანის მიერ, მასზე რაიმეთი უფროსის, სისტემის მიერ.

ფილმის მთავარ გმირზე, ნიკაზე (სანდრო კალანდაძე) არასრულწლოვანთა კოლონიაში ამბობენ – სასჯელს უფროსი ძმის ნაცვლად იხდისო. ძმა ხშირად ურეკავს ნიკას და რჩევებს აძლევს – როგორ უნდა მოიქცეს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი, ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ გახდეს და სამომავლო „კარიერა“ აიწყოს. ეს რჩევები სასტიკია და დაუნდობელი ნიკას მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების მიმართ. ზოგჯერ ეს არც ნიკას მოსწონს, მაგრამ ძმა მუდმივად არწმუნებს ამგვარი ქცევის აუცილებლობაში და მოითხოვს, რომ ნიკას „ერთ დაძახილზე მთელი ციხე ფეხზე უნდა დადგეს“. ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ასეთი მდგომარეობა სავსებით აწყობს ციხის ადმინისტრაციას. ამიტომაც ხუჭავს ის თვალს პატიმრების მიერ ე.წ. „ობშიაკის“ შეგროვებაზე.

კრიმინალური სამყაროს მმართველობა და გავლენები ციხეებსა თუ ციხის გარეთ ძლიერი იყო საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და ის ხშირად ხელისუფლების წარმომადგენლებს უკავშირდებოდა. მიუხედავად თემატიკისა, ეს ფილმი არ არის საბჭოთა კრიმინალური სამყაროს გავლენებზე დღეს (სამწუხაროდ, მას ძალა ბოლომდე ჯერ არ დაუკარგავს). ეს ფილმი ჩვენი, უფროსების გავლენაზეა მოზარდების მიმართ. ეს გავლენები ოჯახებიდან იწყება და ბაღით თუ სკოლით გრძელდება და განსაკუთრებით ძლიერია, როცა ბავშვები ჩაკეტილ სივრცეში არიან. გავლენა, შეიძლება, ცუდიც იყოს და კარგიც. სამწუხაროდ, ცუდი გავლენა უფრო ძლიერია და კარგად ჩანს.

რატომ ხვდებიან ნიკასნაირი, დაჩისნაირი, მათესნაირი მოზარდები ციხეში? ან უფრო ხშირად რატომ არ იცვლებიან ისინი სასჯელის მოხდის შემდეგ?

ფილმში ნათლადაა ნაჩვენები, რომ ამის მიზეზი გარემოა: ბადრაგი და კოლონიის ხელმძღვანელობა, რომლებსაც პატიმრების თავაუტკივებლად მართვისთვის აწყობთ, რომ მათთან შეთანხმებით ვიღაც შიგნიდანვე მართავდეს მათ „მკაცრი ხელით“; კრიმინალური სამყარო, რომელიც გარედან ცდილობს მომავალი კადრების მომზადებას; საზოგადოება, რომელშიც ჭირს სოციალიზაცია აქედან გამოსული მოზარდებისთვის. ერთ-ერთი გათავისუფლებული პატიმარი ძალიან ჩქარა ბრუნდება უკან და გაცილებით უფრო მოტივირებულია იმისთვის, რომ კრიმინალურ სამყაროში დაიმკვიდროს ადგილი.

მწერალი და კინოდრამატურგი, ერლომ ახვლედიანი წერდა: „ბავშვის ფსიქიკა არამყარია. ის სუფთა დაფაა და რაც მასზე იწერება, თავადაც და სხვაც იმას ამოიკითხავს. მასზე კი ყველაფერი იწერება, კარგიც და ცუდიც… ბავშვი ღრუბელივით ისრუტავს არა იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებით, არამედ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და გულმოდგინედ ვმალავთ. მას თანდაყოლილი უნარი აქვს, ამოიკითხოს, რა წერია სტრიქონებს შორის“ (ახვლედიანი ე. ძველი და ახალი. თბილისი, „სეზანი“, 2003, გვ.175).

გასაგებია, რაც „ამოიკითხეს“ ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში თუ სხვაგან ფილმის პერსონაჟებმა კოლონიაში მოხვედრამდე და მერეც, თუმცა აქვეა პოზიტიური მაგალითიც რაგბის მწვრთნელების სახით, რომელთაც თავიანთი რეალური პროტოტიპები ჰყავთ. მათ მოთმინებით, ყველას მიმართ თანაბარი კეთილგანწყობითა და პატივისცემით, შრომისმოყვარეობით აჩვენეს სხვა მაგალითი, სხვა გზა, რომელიც გულისხმობს არა ერთმანეთის დაჩაგვრას და ეგოიზმს, არამედ თანამშრომლობას, გუნდურობასა და თანასწორობას. ეს სრულიად სხვა წესებია, საპატიმროს წესების საწინააღმდეგო. სავალალო კი ის არის, რომ ციხის თანამშრომლებიც ასეთივე წესებით მოქმედებენ ერთმანეთთან და ამგვარად წინ მიიწევენ კარიერულ კიბეზე. როცა რაგბის წესებმა მოედნიდან გარეთ დაიწყო მოქმედება, მაშინ დაიწყო ნამდვილი კონფლიქტი. მოზარდებმა დაინახეს, რომ სხვანაირადაც შეიძლება ცხოვრება და ამის მაგალითი ლიტერატურაშიც აღმოაჩინეს ვაჟა-ფშაველას პოემის, „ალუდა ქეთელაურის“ სახით. ზოგმა გაიგო, რა გააკეთა ალუდამ, ზოგმა – ვერა, ზოგიც დაფიქრდა ამაზე ისევე, როგორც ფილმის ისედაც დაფიქრებული და ჩაფიქრებული მთავარი გმირი.

კინორეჟისორი უტა ბერია პროფესიონალი სცენარისტიცაა. მან კარგად იცის სცენარის აგების სტრუქტურა, მთავარი გმირის სახის შექმნის ხერხები. ეს უკანაკნელი ის ცენტრალური ფიგურაა, რომლის გამოც და რომლის გარშემოც ვითარდება ამბავი და მისი ხასიათი ამ ამბავთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს. „უარყოფით რიცხვებში“ მთავარი გმირი იცვლება და იცვლება გარემოც. ნიკა განიცდის ტრანსფორმაციას და მის გარშემოც ცვლილებაა და ამაში მისი დამსახურებაცაა. მერე რა, თუ ასეთმა ცვლილებამ შეიძლება ცოტა ხანი გასტანოს.

ნიკას ცვლილებას გადაფასება იწვევს – მოვლენების, ადამიანების, სიტუაციების გადაფასება. მან უნდა გაავლოს ზღვარი კარგსა და ცუდს, მტერსა და მოყვარეს, მთავარსა და მეორეხარისხოვანს, საკუთარ ნამდვილ და თავსმოხვეულ სურვილებს შორის. ეს მტკივნეული პროცესია, რადგან ამ ძიებაში ყველაფერი თავდაყირა დგება. ნიკას აღარ უნდა მჩაგვრელად ყოფნა.

ნაშრომში „ადამიანური მოტივაციის თეორია“ ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, ეიბრეჰემ მეზლოუ მოთხოვნილებათა იერარქიას აყალიბებს. ამ თეორიის მიხედვით ადამიანს შვიდი ძირითადი მოთხოვნილება აქვს: 1. ფიზიოლოგიური (ორგანული); 2. უსაფრთხოების; 3. ფლობისა და სიყვარულის; 4. პატივისცემის; 5. შემეცნებითი; 6. ესთეტიკური; 7. თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები.

რომელი მოთხოვნილებაა დაკმაყოფილებული გისოსებს მიღმა მყოფი მოზარდებისთვის? 1.ფიზიოლოგიური? ბოლომდე – არა (ფილმში მინიშნებაა სექსუალური მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობაზე). 2. უსაფრთხოების? ნამდვილად – არა. ვხედავთ ფიზიკურ ძალადობას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, სუიციდის შემთხვევის მოწმეები ვხდებით. 3. ფლობისა და სიყვარულის მოთხოვნილება? ის, რა თქმა უნდა, გამძაფრებულია, რადგან ჯგუფში უსაფრთხოება მეტია, თუმცა ჯგუფებიც იერარქიულად გამიჯნულია (ვხედავთ, როგორ მიუჩენენ ადგილს ახლადმისულ მათეს სასადილოში). 4. პატივისცემის მოთხოვნილება არსებობს, მაგრამ პატივისცემა ძნელი მოსაპოვებელია და ამ სივრცეში უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 5. შემეცნებით მოთხოვნილებაზე შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში მინიმალურად მაინც შესაძლებელია მისი დაკმაყოფილება, რადგან არასრულწლოვნები სწავლობენ და შეიმეცნებენ. პასაჟი ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ შესახებ ამის დასტურია. ბავშვები პოულობენ კავშირს ლიტერატურასა და საკუთარ ცხოვრებას შორის. 6. ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოცემულ გარემოში რთულია, თუმცა მახსენდება თავად უტა ბერიას მონათხრობი, რომელიც სცენარის მზადების პერიოდში არასრულწლოვანთა კოლონიაში დადიოდა მასალის უკეთ გასაცნობად და აღნიშნავდა, როგორ აქცევდნენ პატიმრები დიდ ყურადღებას ჩაცმას. ლამაზი და ბრენდირებული სამოსი არა მარტო იმ საზოგადოების თვალში ამაღლებს ინდივიდის ავტორიტეტს და თვითშეფასებას, არამედ ესთეტიკური მოთხოვნილების დაკმაყოფილების, ფაქტობრივად, ერთადერთი საშუალებაა (ფილმში გარემოს შესაბამისი კოსტიუმებია გამოყენებული). 7. და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება, რომელიც, ალბათ, ყველაზე რთული დასაკმაყოფილებელია. ამას კოლონიაში ერთეულები თუ ახერხებენ და ისიც ზოგჯერ. რაგბი ხდება სწორედ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება ბიჭების ნაწილისათვის. არ ვიცით, რა დანაშაული ჩაიდინეს მათ, მაგრამ ვხედავთ, რომ მათი კოლონიაში ყოფნა მხოლოდ სასჯელია, რომელიც არ იძლევა გამოსწორების, განვითარების, აქედან გასვლის მერე საზოგადოებასთან ადაპტაციის საშუალებას. ამ ჩაკეტილ გარემოში მხოლოდ თანაგრძნობას, სიყვარულსა და პირად მაგალითს შეუძლია ცვლილების მოტანა.

ამის მცდელობაა სწორედ ფილმი „უარყოფითი რიცხვები“. მისი ავტორები მაქსიმალური კორექტულობით, გულწრფელობით, მასალის ცოდნით გვიყვებიან ამბავს. თითქოს ოპერატორ ტატო კოტეტიშვილის კინოკამერა ერთ-ერთი პატიმარია და მოვლენების უშუალო მონაწილე. გამოსახულების ტონალობა, პორტრეტები, გარემო, დეკორაცია ზომიერი სიზუსტით გამოხატავს სათქმელს. ის არც ზედმეტად ნატურალისტურია და არც მეტისმეტად მხატვრული (დამდგმელი მხატვარი – ირაკლი ავალიანი) ისევე, როგორც მთლიანად ფილმი, რომელიც რეალურად არსებულ ადამიანებზე და პრობლემებზე მოგვითხრობს.

ქეთევან პატარაია

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *