გლობალური კატასტროფისა და მთელი პლანეტის სიკვდილის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ამჟამინდელ კრიზისულ სამყაროში ის უფრო მიმზიდველია. მასზე საუბრები განსაკუთრებით გახშირდა 2012 წელს, როდესაც მაიას კალენდრის მიხედვით გლობალური კატასტროფა იყო მოსალოდნელი. ახლა ეს უკვე წარსულია და მას კინოში ბევრი ნამუშევარი მიეძღვნა. ამ თემას არაერთმა რეჟისორმა მიმართა. მათ შორის არიან სტივენ სპილბერგი და ლარს ფონ ტრიერი. ისინი თავიანთ ფილმებში იყენებენ შთამბეჭდავ სპეციალურ ეფექტებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, მათი შექმნილი კინოსურათები თვალს გვჭრის და დასამახსოვრებელია მაყურებლისათვის. ქართველმა რეჟისორებმა მცირე ბიუჯეტითა და სპეცეფექტების გარეშე, მოკლემეტრაჟიანი ფილმით შეძლეს არაერთი ჯილდოს აღება და მოაგროვეს მრავალი დადებითი რეცენზია. საინტერესოა, ნუთუ მართლა ასეთი იდეალურია ფილმი „8 წუთი“ (2017) და რამდენად კარგად შეძლეს მისმა შემქმნელებმა მაყურებლამდე მიეტანათ მთავარი იდეა.
გიორგი გოგიჩაიშვილისა და დავით აბრამიშვილის ამ კინოსურათში მზე ჩაქრა და მხოლოდ 8 წუთია დარჩენილი სინათლის სხივის სრულ გაქრობამდე. სამყარო პანიკაშია, ერთი ადამიანის გარდა. სწორედ მასზე და ამ დროში განვითარებულ ამბავზე გვიყვება ფილმი. ნამუშევარი გვიჩვენებს გლობალურ კატასტროფას და, ამავდროულად, ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ადამიანის ბედზე. ამგვარი ფილმისთვის მნიშვნელოვანია ტრაგედიის ჩვენება, მორალი და მომავლის შიში, რომელიც მოჰყვება ასეთ გლობალურ ცვლილებებს. ჰოლივუდში გადაღებული მსგავს ფილმებში მოქმედება, უმეტესად, ვითარდება მამა-შვილს შორის, ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს ქართული ფილმია.
მიუხედავად იმისა, რომ იგი მოკლემეტრაჟიანია, რეჟისორებმა მასში ორი მთავარი ხაზის გატარება შეძლეს. სიუჟეტს აქვს იმის საშუალება, რომ მოვლენები დაიყოს ორ ნაწილად. პირველი ნაწილი შესავალი და მზადებაა აპოკალიფსისათვის, რითვისაც ყველა თავისებურად ემზადება, მეორე ნაწილი კი არის ურთიერთობის აღდგენის მცდელობა და სინანული გამოუხატავი სიყვარულის გამო.
კინოსურათის დასაწყისიდან უკვე შესამჩნევია, რომ ,,8 წუთი” არ ასახავს აპოკალიფსური კინოსთვის დამახასიათებელ ეფექტებს. მისი მთავარი მიზანია, აჩვენოს მამა-შვილის ურთიერთობა გლობალური მოვლენების ფონზე, თუმცა უსამართლობა იქნება ამ ნამუშევრის დადებითი ასპექტის იგნორირება და ეს პოზიტივი ოპერატორული ნამუშევრითა და რამდენიმე წარმატებული რეჟისორული სვლით გამოიხატება. სამყაროს აღსასრულთან დაკავშირებით სიმბოლურია მუქ ფერებში გადაღებული კადრები, ჩაბნელებული ოთახები. მთვარე, რომელსაც ნელ-ნელა შორდება კამერა, უიმედობის განწყობას იწვევს, ხოლო ფანჯრიდან შემოსული მზის სხივი დასასრულის სიმბოლოა. ასევე უნდა აღინიშნოს დამთრგუნველი შემზარავი მუსიკა, რომელიც შესანიშნავად ემთხვევა ფილმის განწყობას. მზის გამოსახულება იმდენად რეალურად არის ნაჩვენები, რომ შიშის გრძნობა გეუფლება და ერთი წამით ფიქრობ, მართლა რომ გაქრეს მზე, მერე რა მოხდება? რა ბედი ეწევა ადამიანთა მოდგმას?
ფილმში არის რამდენიმე ნაპერწკალი, რითაც აქცენტი კეთდება ბუნებრიობაზე, რასაც ხელს უწყობს დამახასიათებელი ფონური ხმაური. რაც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას შეიგრძნოს ქალაქის ატმოსფერო. რაც შეეხება პირველ ხაზს, ვიზუალური ეფექტები არ გამოიყურება სანახაობრივად, ვერ ქმნის აპოკალიფსური ფილმის მძაფრ შთაბეჭდილებას. საინფორმაციო გამოშვების ხმის ფონზე, რომელიც მზის ჩაქრობას იუწყება, ვხედავთ პანიკაში ჩავარდნილ ხალხს, რომლებიც მზადებაში არიან, თუმცა ეს დაძაბულობა ბოლომდე არ მიყვება და, ერთწუთიანი შესავლის შემდეგ, სამეცნიერო ფანტასტიკა იქცევა მორიგ დრამად, მამა-შვილის დაძაბული ურთიერთობის ჩვენებით.
თანამედროვე კინოს მოყვარულთათვის, ვინც მიჩვეულია, ,,ავატარის“, „დასაწყისისა” ან თუნდაც ,,მარტიცის” ნახვას, აქ არაფერია სანახავი. ქაოსის მაგივრად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, თავისი ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობს, გარდა მცირე ქაოსისა და რამდენიმე თვითმკვლელობისა, ყველაფერი ძველებურადაა. მაღაზიები ღიაა, მუშაობს ტელევიზია, საინფორმაციო გამოშვებები ავრცელებენ ინფორმაციას უახლესი მოვლენების შესახებ. ჟურნალისტების სადარდებელი ქვეყანაში შემოსული მეზობელი ხალხია, რომლებმაც შემოღწევა იმით შეძლეს, რომ მესაზღვრეებმა საზღვრის დაცვაზე უარი თქვეს. მოსალოდნელ კატასროფას ისინი აღელვების გარეშე ამცნობებ მოსახლებას, თითქო ეს პრობლემა საქართველოსთვის მეორეხარისხოვანი იყოს და პირად მათ საერთოდ არ ეხებოდეთ. სამყაროს მოახლოებული აღსასრულის შეგრძნება აქ თითქმის არ არსებობს და რაც ნაჩვენებია, ის პრიმიტიულადაც კი გამოიყურება.
ფილმი შინაგან ლოგიკას მოკლებულია. თუ მზე ჩაქრა, ჩალაგებას და სხვაგან გადასვლას რა აზრი აქვს? ნუთუ დედამიწაზე იქნება სადმე ადგილი, სადაც ის იარსებებს? მითუმეტეს, საინფორმაციო გადაცემიდან ისმის, რომ რამდენიმე ქვეყანაში მზე უკვე ჩამქრალია. რვა წუთში მთავარი გმირი ასწრებს აუჩქარებლად და აუღელვებლად თავის მოწესრიგებას, წვერის გაპარსვას, ტელევიზორში ამბების მოსმენას და მასზე დაფიქრებას, შვილთან ორჯერ დარეკვას და პარალელურად მეზობელთან გამოლაპარაკებას. ეს ყველაფერი რბილად რომ ვთქვათ, ამ მცირე დროში სასაცილოდ გამოიყურება.
ფილმს ნამდვილად არ შეიძლება ეწოდოს სამეცნიერო ფანტასტიკა. ამ ჟანრისთვის საჭირო ელემენტები დასაწყისშივე უგულებელყოფილია. მხოლოდ დასაწყისი გადმოსცემს არეულობასა და სასოწარკვეთას, საკუთარი თავისა და ახლობლების გადარჩენის მცდელობას. შემდეგ კი იწყება დრამა, ყოველგვარი წინარე ისტორიის გარეშე. მზის ჩაქრობის პრობლემა სამი წუთის შემდეგ უკანა რიგში გადადის, რადგან ავტორებს წინ გამოაქვთ ერთი ოჯახის ამბავი, თავისი რთული ფსიქოლოგიური პრობლემებით. მალევე გავიწყდება მოსალოდნელი უბედურება და სიუჟეტი იქცევა ოჯახურ დრამად, რომელიც არც ისე ამაღელვებელია.
სამყაროს დასასრული უზარმაზარ შესაძლებლობებს იძლევა წარმოსახვისათვის და იმპროვიზაციისთვის. ყველაფერი შესაძლებელია როგორც რეალურის, ისე არარეალურის გამოსაყენებლად. ამიტომაც მეორე ხაზი მამა-შვილს შორის კონფლიქტია, რომელიც თავიდანვეა ნაჩვენები, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მაყურებელმა არაფერი იცის არც ერთი ამ პერსონაჟის შესახებ. უცნობია, რატომ აღარ არის ნიკასათვის მისაბაძი ადამიანი მამა, რომელსაც ერთ დროს გაბრწყინებული თვალებით უყურებდა? რატომ არ ურეკავს დიდი ხნის განმავლობაში მთავარი გმირი შვილს და არ ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას?
ადამიანები თავად წყვეტენ, როგორ გაატარონ რვა წუთი სრულ დაბნელებამდე. მთავარი გმირის მსგავსად, აღსასრულამდე ყველა ხვდება, რა არის მათთვის ყველაზე ძვირფასი, მაგრამ შეცდომების გამოსასწორებლად დრო აღარ ყოფნით. ნამდვილად არ არის საკმარისი დარჩენილი წუთები წლობით განაწყენებული შვილი შემოირიგო, გაუმხილო გულისნადები და უთხრა, თუ როგორ ძალიან გიყვარს. აქ მჟღავნდება ადამიანების ურთიერთობები და მათი გრძნობები. ორი ყველაზე მთავარი გრძნობა სიყვარული და სიკვდილის შიშია. ფილმში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მთავარი გმირის მიერ გარდაუვალობის გაცნობიერება და რაიმეს შეცვლის შეუძლებლობა, რადგან ამას უკვე აზრი აღარ აქვს.
დინამიკის უქონლობის გამო ფილმი ზედმეტად გრძლად გამოიყურება, არადა, ქრონომეტრაჟი სულ რაღაც თორმეტი წუთია. ავტორები ისე ჩქარობდნენ თავისი სამუშაოს დასრულებას, რომ დაავიწყდათ, ეჩვენებინათ ყველაზე მთავარი – კინოსურათმა ვერ გადმოსცა განწირულობა და სიბნელე, როგორც ამ ჟანრს შეეფერება.
რაც შეეხება მთავარი გმირის, მსახიობ სლავა ნათენაძის პერსონაჟს, იგი ზედმეტად მოწყენილი და დაღლილი გეჩვენება. რაღაც დოზით ეს შეიძლება რეჟისორების ჩანაფიქრიც ყოფილიყო, თუმცა ეს არ ცვლის მთლიან შთაბეჭდილებას. ბოლომდე გაუხსნელი პერსონაჟი ხელს უშლის მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაანალიზებას. სხვა მსახიობების თამაშზეც ბევრს ვერაფერს იტყვი, რადგან ამ ნამუშევარს არ ჰყავს დასამახსოვრებელი პერსონაჟები, რომლებიც შეძლებდნენ მაყურებელზე შთაბეჭდილების მოხდენას.
დასასრული ღიაა. არაფერს ვიტყვი იმ ნოტაზე, რომლითაც დასრულდა ამბავი აპოკალიფსის შესახებ, თუმცა მას ჰქონდა დიდი პოტენციალი. ის შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაც მეტი, ვიდრე ერთფეროვანი ფილმი. მეტი დროის გამოყოფა ფინალისთვის უკეთესი იქნებოდა.
პირველი და მეორე ხაზების ერთმანეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი ხელჩასაჭიდი არის საინფორმაციო გადაცემა, რომელიც მთელ ნამუშევარს გასდევს ფონად. რომ არა ეს, მისი ერთ მთლიანობად აღქმა შეუძლებელი იქნებოდა.
კინოსურათი არის პირველი და, თუ მის ჯილდოებს გავითვალისწინებთ, წარმატებული მცდელობა, რომ ქართველ რეჟისორებს ძალა მოესინჯათ ახალ ჟანრში. მათთვის ეს არის სადებიუტო ნამუშევარი. აშკარაა, რომ ორივეს ნამდვილად აქვს პოტენციალი კარგი კინოდრამატურგიითა და მეტი გამოცდილებით შექმნას უფრო შეკრული, ნაკლებად ხარვეზიანი და გაცილებით საინტერესო კინოპროდუქცია.
თეონა ვეკუა