ფილმი, რომელიც კითხვებს აჩენს

ახალგაზრდა რეჟისორის, იოსებ (სოსო) ბლიაძის სრულმეტრაჟიან კინოსურათს, „ჩემი ოთახი“ (2022) ბოლო დროს გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო. იდეა, რის გარშემოც რეჟისორმა შექმნა ნამუშევარი, ცხადი და გასაგებია – საკუთარი თავის ძებნის პროცესში მყოფი ახალგაზრდა ქალი და ცხოვრებისეული მოულოდნელობები, არაერთი პრობლემა, რაც თანამედროვე ქართველის ცხოვრებაში არსებობს.

კინოსურათის დადებითი და მნიშვნელოვანი დეტალები საქართველოშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც აღინიშნა და შეფასდა, მაგრამ არსებობს რიგი კითხვებისა, რომლებსაც ფილმის კონკრეტული დეტალები აჩენს. შესამჩნევია არაერთი დრამატურგიული ხარვეზი, რასაც თემების სიუხვე, მცირე დრო და ყურადღების ნაკლებობა იწვევს.

ქრონოლოგიურად რომ მივყვეთ, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი მთავარ გმირს, თინას მეგიმდე მიიყვანს, რომელთანაც ერთად მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში უნდა იცხოვროს. ფილმის პირველი ნახევარი შემდგომი განვითარების არაერთ ვარიაციას აჩენს. ფაქტია, რომ ამ ორ გოგოს შორის რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს, მაგრამ აქ მთავარი არის სხვადასხვა გარემო ფაქტორები, რაც თინას არეულ ცხოვრებას კიდევ უფრო აურევს.

რეჟისორს ნელ-ნელა, ეტაპობრივად მზის სინათლეზე გამოაქვს ყოველდღიურობაში არსებული, როგორც მატერიალური, ასევე სულიერი და მენტალური პრობლემები, ჩვენს წინ აშიშვლებს მთავარი პერსონაჟის ცხოვრების ყველა დეტალს, დროს უთმობს სხვადასხვა პრობლემას, მაგრამ არ გვთავაზობს ამ მათი მოგვარების გზას. მეტიც, კინოფილმის არაერთი პარალელი და მინი ამბები განვითარების ვერ პოულობს და დასკვნებისა და წერტილების გარეშე რჩება. თითქოს ცარიელი დროის შესავსებად წარმოიქმნა ფილმში ესა თუ ის სიუჟეტური ხაზი, მაგრამ ეს თავისუფალი დრო ზედმეტად მოკლე აღმოჩნდა.

ბლიაძე ფილმის დასაწყისში ცდილობს, რომ დრო გაწელოს და მთავარი ამბის გამჟღავნებას მაქსიმალურად აჭიანურებს. ამ გადაწყვეტილებით, მცირე დრო კიდევ უფრო მცირდება, რაც რეჟისორის ამოცანას, რომ მოკლე დროში სხვადასხვა თემა მიმოიხილოს, ართულებს. თინას მთავარ ცხოვრებისეულ ტრაგედიას ფარდა ფილმის შუა ნაწილში ეხდება, როცა ვიგებთ, რომ მან ქმარს მის მეგობართან უღალატა, რის შედეგადაც მოვლენები ჯაჭვური პრინციპით განვითარდა – მეუღლის ფიზიკური ანგარიშსწორება, პოლიციაში ჩივილი, საყვარელთან ერთად ცხოვრების გადაწყვეტილება, ამ გარდამავალ პერიოდში მხსნელად მოვლენილი მეგის სახლი და ა.შ.

თინას ცხოვრებაში არსებული ქაოსი შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ რეჟისორმა უფრო მეტი დრამატულობისათვის თავისი მთავარი გმირი ყველა იმ პრობლემით აავსო, რაც საქართველოში, და არამარტო საქართველოში, ქალებს აწუხებთ. სოსო ბლიაძე მთავარი პერსონაჟის ქაოსური ცხოვრებით თითქოს გვეუბნება: შეხედეთ, დააკვირდით, აი, ასე გამოიყურება პატრიარქალურ სამყაროში ქალი, რომელიც მუდამ უნდა იყოს კარგი ცოლი, მისი ვალია იყოს თავშეკავებული, მშვიდი, მომხიბვლელი. კაპიტალისტურ გარემოში ქალს არ აქვს უფლება იყოს ცუდად, არ უნდა იმჩნევდეს იმედგაცრუებებს, ტრაგედიებს, ცუდ განწყობას. თუმცა კინოსურათში პატრიარქალური სამყაროს გააზრება პლაკატურია, ეს მხოლოდ ჩანაფიქრია, ფილმში ამ პასაჟის ფიზიკურ მასალას ვერ ვხედავთ.

107 წუთი ზედმეტად მცირე დროა ყველა იმ პრობლემის სიღრმისეულად გასააზრებლად, რაც ბლიაძემ ფილმში უხვად შეიტანა: ოჯახური ძალადობა, მშობლებისა და შვილის კონფლიქტი, ღალატი, სოციალური გაჭირვება, ორიენტაციის გარკვევის პროცესი, ამერიკაში წასვლის ზღაპრული ოცნება, კოვიდპანდემია და ა.შ. ვუყურებთ ფილმს, რომელშიც უამრავი მნიშვნელოვანი თემა ერთმანეთშია გადახლართული, რაც რთულს ხდის მთავარი გზავნილების ნებისმიერ ძიებას.

რეჟისორი იმ პრობლემების მიმართ, რომლებსაც ფილმში ეხება, ბოლომდე გამოკვეთილ პოზიციას არ აფიქსირებს. შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ ასეთია ჩანაფიქრი – მაყურებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები და გამოიტანოს დასკვნები. ასევე სავარაუდოა, რომ ბლიაძეს სურდა კინოსურათი პირადი, სუბიექტური დამოკიდებულებისაგან გაემიჯნა და ცალკე მდგომი, რეჟისორისაგან განყენებული ნამუშევარი შეექმნა. ამით შესაძლოა, აიხსნას მისი ბუნდოვანი პოზიცია ქალთა ძალადობაზე, გაუპატიურებაზე, არასტაბილურ ეკონომიკურ გარემოზე, მაგრამ ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას რეჟისორი არცერთ საჯარო დისკურსიასა თუ ინტერვიუში არ აფიქსირებს.

ერთ-ერთი საკვანძო სცენა, სადაც მეგისა და თინას მოსალოდნელი სექსუალური აქტი შედგება, ერთი შეხედვით, ესთეტიკურად სასიამოვნოა, მაგრამ მისი შინაარსი – ორაზროვანი. ეს მონაკვეთი შეიძლება აღვიქვათ, როგორც გაუპატიურების სცენა, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ თინას, მისი ოთახის მეზობელი მეგი აუპატიურებს. ამ მოცემულობისათვის მომზადება რამდენიმე სცენით ადრე იწყება, სადაც თინა პირველად სინჯავს მარიხუანას, რომელიც მასზე უარყოფითად მოქმედებს და კარგავს ადეკვატურობის შეგრძნებას. მეგის დახმარების მცდელობა კი მალევე თინას გაუპატიურების აქტში იზრდება. ამ ეპიზოდის მნიშვნელობა რეჟისორის მხრიდან ბოლომდე არ არის გააზრებული, რადგან ფილმის მომდევნო ნაწილში ვეღარ ვხედავთ ვერანაირ განვითარებას. მაყურებლისათვის გაუგებარია, რომ რომელიმე პერსონაჟი მაინც ხვდებოდეს და აცნობიერებდეს იმ „შეცდომას“, რაც არაფხიზელ მდგომარეობაში დაუშვეს. ბლიაძე ამ მონაკვეთს ფუთავს და აუდიტორიას აწვდის, როგორც მთავარი პერსონაჟი ქალის რეინკარნაციის კულმინაციას. თინა მორცხვი, კომპლექსიანი, ტრამვირებული გოგონადან იქცევა ქალად, პოულობს საკუთარ თავსა და სასურველ ცხოვრებას. ამ მონაკვეთის სხვაგვარი გააზრება ფილმში არ ხდება.

კითხვებს აჩენს თინას დამოკიდებულებაც სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. მთელი ფილმის განმავლობაში „სცენაზეა“ მთავარი პერსონაჟი ქალი, მაგრამ არც ერთხელ არ ხდება მისი აზრებისა და დამოკიდებულებების პრეზენტაცია. ოცდაოთხი წლის ასაკში გადატანილი ტრამვები, კომპლექსები და ახალ გარემოში ადაპტაციის მცდელობა არის ფილმის მთავარი ლაიტმოტივი, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზეც კი მაყურებელმა თინას შესახებ არაფერი იცის, გარდა იმ ამბებისა, რომლის გარშემოც არის აშენებული კინოსურათი. შესაბამისად, არა მარტო რეჟისორის პოზიციაა ოდნავ ბუნდოვანი, არამედ, თავად თინას პერსონაჟის „ფიქრებიც“ გაურკვეველია. იმისათვის, რომ კინოში პერსონაჟი სრულყოფილად აღიქმებოდეს, საჭიროა რეჟისორმა და სცენარისტმა იდენტობა შესძინონ მას. თინას მხოლოდ დრამატული ცხოვრება მაყურებელში ემპათიას არ აღძრავს.

გაურკვეველია ქვიარ თემის მიმართ დამოკიდებულებაც. ფილმში მხოლოდ ერთი, თინას და მეგის სექსუალური კავშირის სცენა გვხვდება, სადაც ქვიარ თემა მთავარ ამბავში იჭრება. აქაც ჩნდება კითხვა, თუ ფილმი განიხილება, როგორც ქვიარ ფილმი, სრულიად მოსალოდნელია, რომ ამ თემის მიმართ უნდა ვხედავდეთ უფრო ღრმა, შინაარსიან განვითარებას. ნამუშევრის არცერთ მონაკვეთში ქვიარ თემის განვითარებას, გაშლას და განხილვას ვერ ვაწყდებით. ეს სიუჟეტური ხაზი მხოლოდ მთავარი პერსონაჟის იდენტობის კვლევას ემსახურება. თინა ეძებს საკუთარ თავს და ამ პროცესში მეგისთან გაუცნობიერებლად ამყარებს ფიზიკურ კავშირს. აქედან გამომდინარე, „ჩემი ოთახის“ ქვიარ ფილმად მოხსენება ორაზროვანია.

შინაარსში გვხვდება უმუშევრობის სიუჟეტური ხაზი, რომელსაც, სხვა დეტალებთან შედარებით, უფრო დიდი დრო ეთმობა. თინა უმუშევარია, მეგი ამერიკაში მიდის სამუშაოდ, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც პერსონაჟების დიალოგი სამსახურს ეხება, თინა ერთმანეთისგან გამომრიცხავ მოსაზრებებს აყალიბებს. ამ ყველაფრის პარალელურად, მეგი, რომელიც საქართველოდან გაქცევას ნატრობს, აქტიურად არის დაკავებული ონლაინ სამსახურით. აქ კიდევ ერთხელ ჩნდება აზრი, რომლის მიხედვითაც რეჟისორმა გადაწყვიტა პრობლემებით აღსავსე პერსონაჟები შეექმნა.

საბოლოო ჯამში, სიუჟეტურ ბუნდოვანებასა და ბოლომდე გაურკვეველ ორიენტირებს ფილმი ვერ აჰყავს მაღალმხატვრულ ღირებულებამდე. რაც უფრო ვაკვირდებით დეტალებს, მით უფრო მეტი შეცდომა ამოდის ზედაპირზე, მით უფრო ბევრი შეკითხვა ჩნდება, რომლებზე პასუხსაც ამ ნამუშევარში ვერ ვპოულობთ.

ევა გვრიტიშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *