ღირსებიდან სიჩუმემდე

ნებისმიერი სოციალური დრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფუნქციადაკარგული და ადამიანური ღირსების შემლახველი ფაქტების მხატვრული ინტერპრეტაცია, ძალიან იოლად შეიძლება გარდაისახოს ტრაგედიად – ასეთია თანამედროვე სინამდვილის მიერ ნაკარნახევი და ჯერ კიდევ იტალიური ნეორეალიზმის ეპოქიდან შემორჩენილი, სინამდვილესთან ურთიერთობის განსაკუთრებული გზა, რომელიც კინოსთვის უცვლელად იძლევა ტრაგიკულ დასასრულამდე მისვლის შესაძლებლობებს. სოციალური დრამის ეს უნარი, თუნდაც იმის გამო უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური დრამა, რომელმაც უამრავგზის იცვალა დამოკიდებულებათა სპექტრი ფასეულობებისადმი, დღეს ერთ-ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანრული და მხატვრული ფორმაა, რომელსაც შეუძლია შემაძრწუნებელი სინამდვილეც კი, თავისი საშიში, შიდა, მოულოდნელი მხრიდან დაინახოს და წარმოგვიდგინოს.

რეჟისორი, რომელსაც სოციალური მოტივების და რეალისტური ხედვის საკმაოდ დიდი, მნიშვნელოვანი მარაგი გააჩნია, მაინც, მიუხედავად ამ უნარისა, თავისუფლად იმოქმედოს სოციალური დრამის ჩარჩოებში, ყოველთვის ქმნიდა და ქმნის განსხვავებული თემატიკის ფილმებს. დიტო ცინცაძემ, თავისი მხატვრული ფილმით ,,ზღვარზე“, ჯერ კიდევ 1992 წელს შექმნა, ნაცნობი სოციო-პოლიტიკური სინამდვილის რეალისტური და, ამავე დროს, მაქსიმალურად განზოგადებული, ფსიქოლოგიურად დეტალიზებული, მხატვრული სივრცე, სადაც ყველაფერი, რაც კი თანამედროვე ან ახლო წარსულის სინამდვილეს ეხებოდა, დიდ სივრცობრივ და დროით მონაკვეთზე იყო შექმნილი და არ ეტეოდა ერთი სოციალური დრამის ფარგლებში.

სოციალური დრამის ყველაზე მკაცრი მოთხოვნების თანახმადაც კი, დიტო ცინცაძის ფილმში, „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ (2019) კიდევ უფრო უტრირებულად არ შეიძლება მოგვეჩვენოს ის გარემო, რომელიც ასე ნაცნობი და ძალზე მეტყველია. პროვინციის ქალაქის ცხოვრების ის დეტალები, რაც საბჭოთა პერიოდში აშენებული კორპუსების ვიწრო დერეფნებიდან მოუწყობელ აბაზანამდე აღწერს ყველაფერს, ნამდვილად ბევრს გვეუბნება. ბევრად უფრო მტკიცეა ამ გარემოს მიერ შექმნილი შემხუთველი კედლები, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ყოველი შესვლა და გამოსვლა ამ კედლებიდან, თითქოს გაუაზრებლად, უნებლიედ შენს სახლად აღიარებულ საპატიმროდან შესვლა-გამოსვლას უფრო ჰგავს, ვიდრე თუნდაც ყველაზე ტრივიალურ ყოველდღიურობას.

მაყურებლის სოციალურ და პოლიტიკურ, ასევე მორალურ ხედვაზეა დამოკიდებული ის, თუ რას ფიქრობს ყოველი ჩვენთაგანი სინამდვილეზე, რომელსაც გვთავაზობენ – ფილმის სიუჟეტში არსებული თანამედროვე სამყაროდან შემოსული ყალბი თავისუფლების ხატები, რომლებიც სინამდვილეში ისევ თანამედროვე სამყაროს პრიმიტიულ, გულგრილ ინტერესებს პასუხობენ. ეს მოტივი შეუძლებელია ერთგვაროვნად იყოს აღქმული და მაყურებლის ნაწილს ის გააღიზიანებს, თუნდაც იმიტომ, რომ მისი (ამ სამყაროს) სახე ფილმში იოგას რელაქსაციის კურსებით, მანერული პერფორმანსებით და მწირი დრამატული ხედვითაა წარმოჩენილი, ამიტომ კრიტიკის საგანი არა ეს პოზიცია (რომელიც, სხვათა შორის, არცთუ უადგილო და საკმარისად საინტერესოა), არამედ უფრო ამ განურჩევლობის, ზედაპირულობის დამღუპველი მოდელის ნახევრად მანერული სახეა.

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ციხეში ქმრისა და საკუთარი სოციალური ფსკერიდან მოსული ცხოვრების წესის გამო იხდიდა სასჯელს, თავის დაშლილ, არარსებულ, აგრესიული რეპლიკებით შემოფარგლულ ცხოვრებაში ბრუნდება გაცრეცილ კედლებთან და რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით მცხოვრებ დედამთილთან (დარეჯან ხარშილაძე), ნარკომან ქმართან (გიორგი ნაკაშიძე), მოზარდობაში უკვე ჩაკარგულ შვილებთან. აქ, ამ სამყაროში ყველაფერი ნაცნობი და აგრესიულია: უცხო გარემოდან მოსული ,,დახმარებაც“ კი (როგორც ახალ წელს, მონოტონურად შესრულებული ინგლისური სიმღერა, ერთადერთი ნაცნობი მოტივი, რომელიც ახალ წელთან ასოცირდება პატარა ბიჭისთვის), ასევე ტრანსგენდერი უდანაშაულო გმირისთვის ,,თვითგამორკვევის“ ნაძალადევი ბიძგი, რომელსაც ტრაგედია მოაქვს.

ამოისუნთქე წარსული ან ჩაისუნთქე ის, რასაც ასეთი აგრესიით ,,გირჩევენ“ და აღარ ამოისუნთქო – ამას ჰგავს სალომე დემურიას გმირის თვალით დანახული ის სამყარო, რომელიც დახვდა. სამყარო ბნელი, ცუდი და უგვანო სახლში, სადაც გაუგებარი ანგარიშვალდებულებების მთელი სისტემა ცოცხლობს: უფერულ საძინებელში, ქმარი საკუთარი კუჭის დისკომფორტს განიცდის ჩვეულად, ხმამაღლა თხრობით, დედამთილი, ეგზისტენციალურ კრიზისში მყოფი მოზარდის მსგავსად, საკუთარ თავს დასტირის, მოზარდი შვილი ყველა თავის უიღბლობაში დედას მიიჩნევს დამნაშავედ და ასე დაუსრულებლად…

ფილმის ყველა ეპიზოდი ამ დამთრგუნველი, ღია ცისფერი სიცივის ტონებითაა სავსე, ისევე როგორც ღამის სამყარო, რომელსაც ადრიან დილით მაღაროელთა სანათურები გაანათებს და ამ ყოფისაგან, ,,მხსნელთა“ საშინელი არმიისაგან გაქცეულ ქალს, თითქოს გზას გაუხსნის. არა ბედნიერი მომავლისაკენ, არამედ გაუგებარი მიმართულებით. მთავარია შორს. საბოლოოდ, ხომ ესეც ილუზიაა.

რომ არა, ტრანსგენდერის და განსხვავებული, არატრადიციული ცხოვრების წესის ადამიანთა მხსნელი ორგანიზაციების ხაზგასმული მანერული აქცენტები – ზედმეტად თბილი და პოზიორული ქცევა, ზედმეტად და არაბუნებრივად მდორე პაუზები, ზედმეტად ხაზგასმული უსიცოცხლო და ინდიფერენტული პერსონაჟი, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის ,,დავალებით“ იოგას გაკვეთილებსაც ატარებს – მაშინ ეს მოტივი პირიქით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა ასეთ რთულ, მრავალთემიან კონტექსტში.

ფაქტია, რომ თანამედროვეობის აგრესიის ეს ,,შერბილებული“, შემპარავი ფორმები ძალიან საინტერესოა, თუნდაც კინემატოგრაფიული რეალიზმის მიმართულებით. მით უმეტეს, რომ სოციალურ დრამაში – თანამედროვე სოციალურ ფენომენში მისი მოთავსება არაა ადვილი ამოცანა. გიორგი ნაკაშიძის, სალომე დემურიას და დარეჯან ხარშილაძის პერსონაჟები კი ამ რეალობის და სოციალური სინამდვილის წინ წამოწეულ, რელიეფურად გამორჩეულ ხასიათებს ქმნიან – დამძიმებულსაც და ტრაგიკულსაც, თუმცა განსხვავებით უკვე ნახსენები გმირებისაგან მძაფრად რეალისტურს, ვინაიდან მათი ყოფის ნიუანსებით დახასიათება ძალიან მდიდარია, მცირედის შემთხვევითი ჩვენებით: ემოციათა ბუნება სწრაფია, მზარდია და მონაცვლეობითი. ინტონაციაც კი, რომელიც ძალზე სახასიათოა გიორგი ნაკაშიძის შემთხვევაში, ბუნებრიობის ჩარჩოებს არ სცდება. თუნდაც აგრესიის გამოვლინებისას ეს პერსონაჟები ლოგიკურ ყოფით სურათს ქმნიან, რაც, სამწუხაროდ, სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც, როგორც ერთხელ უკვე აღინიშნა, ,,სხვა სამყაროდან“ მოსული პერსონაჟები გვიჩვენებენ, მარტივი და ზედაპირული მანერულობით.

სამყარო იცვლება. არაფერია მასში მუდმივი, ადამიანური გაუტანლობისა და ერთგულების გარდა. ერთიც მტკივნეულია და მეორეც, თუ დროულად არ ილაპარაკებ ამის შესახებ, თუ არ დახატავ იმას, რაც ეკრანზე აღბეჭდილი უფრო კარგად ავლენს, ყალბსაც და ნამდვილსაც. სოციალური დრამის მახასიათებელი ამასაც ითვალისწინებს და თუ ,,ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“ ამ მხრივ აქცენტებზე მიმართული ფილმია, მაშინ მისი თემატური და დრამატურგიული არეალი ნამდვილად იწვევს ინტერესს, გარკვეული მხატვრული სინამდვილისადმი გაჟღერებული უარყოფითი დეტალების გათვალისწინებითაც.

 

 ქეთევან ტრაპაიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *