როდესაც ფილმის პირველწყარო ლიტერატურაა, თანაც სულ ახალი და ძალიან პოპულარული, ბუნებრივია, ვერ აცდები შედარებებს და შემიძლია თავიდანვე ვთქვა, ამ შედარებისას ელენე ნავერიანის ფილმი, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023) წაგებული არ გამოდის.
სიმართლე ვთქვა, არ ვარ თამთა მელაშვილის რომანის თავგადაკლული მოტრფიალე. ბევრი რამ მასში ზედმეტად გათვლილი, აქტუალური ტენდენციებისა და მოდური მოსაზრებების ილუსტრაციად მეჩვენა. თუმცა როცა მისი ეკრანიზების გეგმის შესახებ შევიტყვე, პირველივე რეაქცია სასიამოვნო მოლოდინი იყო – ნაწარმოებს მკაფიოდ გააჩნდა ეკრანული გარდასახვის პოტენციალი.
მოლოდინი გამართლდა… ლიტერატურული ტექსტის ეკრანულ ტექსტად ტრანსფორმირების პროცესი ყოველთვის რისკთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს, ასეთი – პირველ პირში, პირადი განცდებით დატვირთული შინაგანი მონოლოგით დაწერილი ტექსტისა. ფილმში შინაგანი მონოლოგების ნაწილი წარმოსახვითი სცენებით ჩანაცვლდა; რომანში, ცოტა არ იყოს, უხეშად გაფანტული ფემინისტური მესიჯები თავად მსახიობის სახეზე აღბეჭდილი გრძნობებით დარბილდა; შინაგანი მონოლოგის გრძნობები, განცდები ავტორებმა მსახიობს ანდეს: მის გამოხედვას, მიმიკას, ჟესტებს, სხეულის პლასტიკას – აპლოდისმენტები სცენარის ავტორებს (ნიკოლოზ მდივანი, თამთა მელაშვილი, ელენე ნავერიანი) და, რა თქმა უნდა, რეჟისორს. დანაკარგები არის, თუმცა სხვანაირადაც შეიძლება თქმა – პერსონაჟმა, გარკვეულწილად, სახე იცვალა.
კვლავ აპლოდისმენტები ელენე ნავერიანს მთავარ როლზე ეკა ჩავლეიშვილის შერჩევის გამო. ეკა ჩავლეიშვილის მიერ გაცოცხლებული ეთერო (არა, შესრულებული ან ხორცშესხმული როლი, არამედ სწორედაც გაცოცხლებული) ფილმის წარმატების მთავარი კომპონენტია და მან სავსებით სამართლიანად დაიმსახურა პრიზები საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციებში (სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, კოტბუსში, აღმოსავლეთ ევროპის საერთაშორისო კინოფესტივალზე) და ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტთა შორისაც მოხვდა.
ფილმში ეკა ჩავლეიშვილის ეთერო თავისუფალი, ძლიერი ქალია, რომელიც უფრთხილდება თავის ძნელად და მხოლოდ წლების შემდეგ, გვიან მოპოვებულ თავისუფლებას. თუმცა არც იმდენად თავისუფალი და არც იმდენად ძლიერი, რომ არაფრად ჩააგდოს სოფლის, მეზობლების შეხედულებები ქალის პატიოსან სახელზე. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღია კონფლიქტზე წასვლისთვის მზაობა ჯერ არ მომწიფებულა მის პიროვნებაში ან, იქნებ უბრალოდ, არ უღირს პირადი შეხედულებების გაცხადების გულისთვის თავისი თავისუფლების გაწირვა?
ცხოვრებისეულმა მწარე გამოცდილებამ ეთეროს თავისუფლების დაფასება ასწავლა – უდედოდ გაზრდილს მთელი ყმაწვილქალობა და, ალბათ, ბავშვობაც ძმისა და მამის მოვლა – დალაგება, რეცხვა, გამოკვება – უხდებოდა. როგორც მეზობლის სიტყვებიდან ირკვევა, შეიძლება ამიტომაც არ გააკარეს არავინ, არ მისცეს სიყვარულისა და გათხოვების საშუალება.
ეთეროს ახალგაზრდობის ამბები მეზობლების რეპლიკებიდან ირკვევა და არა თვითონ გვიყვება თავის თავზე, როგორც რომანშია. და ეს კარგია, მაგრამ რეჟისურის პრობლემა, როგორც ამავე კინორეჟისორის წინა ფილმში, აქაც იჩენს თავს. როგორც „სველ ქვიშაში“, აქაც რეჟისორი ვერ ახერხებს ვერც მეორეხარისხოვანი პერსონაჟებისა და, შესაბამისად, ვერც ინფორმაციის მატარებელი ფრაზების „მოთვინიერებას“, გაცოცხლებას. ეთეროს მეზობლები ცოტა არ იყოს ფუნქციურ ფიგურებად რჩებიან, რომლებმაც უნდა შეგვიყვანონ საქმის კურსში, შექმნან სოფლის განწყობების ატმოსფერო და ა.შ., მაგრამ ვერა და ვერ ცოცხლდებიან როგორც პერსონაჟები. სცენები მათი მონაწილეობით უფრო ხშირად არადამაჯერებლად და ყალბად გამოიყურება.
სამაგიეროდ, სიყალბის არც ერთი ნოტი არ არის ეკა ჩავლეიშვილის ეთეროში. იგი მიწაზე მყარად მდგომი და მეზობელ-მეგობრების პატარ-პატარა წაკბენებისადმი შეუვალი ქალია – ის ხომ, მათგან განსხვავებითა და მიღებული წესის საწინააღმდეგოდ, არც გათხოვილია და არც შვილები „ამძიმებს“. ძმისა და მამის გარდაცვალების შემდეგ ეთერო მარტო დარჩა, მარტო, მაგრამ თავისუფალი მოყირჭებული ვალდებულებებისგან. სახლთან პატარა მაღაზიაც აქვს გახსნილი და არც მატერიალური პრობლემები აწუხებს. ის უფრთხილდება თავის თავისუფლებას, აფასებს მას, გემრიელად ირგებს, როგორც საყვარელ მაყვლის მურაბას ჩაისთან ერთად. იგი არც სხვა პატარა სიამოვნებებს იკლებს. მაგალითად, ორ კვირაში ერთხელ რაიონულ ცენტრში გასეირნებასა და კაფეში ნამცხვრისმირთმევის რიტუალს. ეთერო თავისი ბიზნესით ცოტ-ცოტა ფულის გადანახვასაც ახერხებს და დანაზოგით მშვიდი და ბედნიერი სიბერის მოწყობას გეგმავს. ამ ბედნიერ მომავალში არავისთვის არის ადგილი, საკუთარი თავისთვის და თავისი „რასაც მინდა, იმას გავაკეთებ“-ისთვის მხოლოდ.
მაგრამ ერთხელაც 48 წლის ეთერო სიკვდილს ჩახედავს თვალებში და სიკვდილის შიში მასში აქამდე „გამოუყენებელ“ (იქნებ გადადებულ?) გრძნობებს აღვიძებს. ეთეროსა და მაღაზიის დისტრიბუტორ მურმანს შორის ფარული რომანი იფეთქებს. ბოლომდე ვერ ვიგებთ, არის ეს გრძნობა კონკრეტული ადამიანის მიმართ თუ არჩევანი შემთხვევითი იყო. ფილმში რამდენჯერმე მეორდება ფრაზა: „მიყვარხარ, როგორ არა“, თუმცა თითქოს გაოცებული ინტონაციით, უფრო საკუთარ თავს რომ უმტკიცებს ამ მისთვის უცნაურ და ახალ გრძნობას.
აი, მურმანს (თემიკო ჭიჭინაძე) კი ნამდვილად უყვარს. ის გაცილებით რომანტიკული პიროვნებაა. უკვე ორი შვილიშვილის პატრონი, ახალგაზრდასავით ატაცებულია მოულოდნელი რომანით, მორცხვობს, ლექსებს წერს, განიცდის განშორებას და მოუთმენლად ელოდება კვლავ შეხვედრას. განსხვავებით მისგან ეთერო თავშეკავებით ხვდება სიხარულსაც და იმედგაცრუებასაც. მეტიც, მყისიერად, დაუფიქრებლად უარყოფს მურმანის შეთავაზებას თურქეთში წაჰყვეს მას, იყოს „საყვარელ ადამიანთან“ ერთად, რადგან ამას საპირწონედ სხვის მოვლას ან სხვისი სახლის დალაგებას – დამოუკიდებლობის დაკარგვას სთავაზობენ.
არის ეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეულეველობა თუ ეგოიზმი? მაყურებელი თავისუფალია თავის არჩევანში.
თუმცა ეთეროს რომანი ამით არ მთავრდება, მას ახალი განსაცდელი ელის წინ – სავარაუდო კიბოს ნაცვლად სრულიად წარმოუდგენელი კარგი ამბავი – ის ფეხმძიმედაა.
ფინალი ღიაა, თუმცა ამავე დროს მკაფიო – ეკა ჩავლეიშვილის ეთერო პირველად ტირის ეკრანზე. ამ ცრემლებში ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლება: რაც რეჟისორმა ჩადო, რაც მსახიობის აურამ დაამატა და რითაც მაყურებლის ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, შეხედულებებმა, თანაგანცდამ გაამდიდრა. ჩემთვის ეს დიდი ხნის შებოჭილი გრძნობების განთავისუფლებაა, იმ ბორკილების აყრა, რაც ხელს უშლიდა ეთეროს თავის სიძლიერეში სუსტიც ყოფილიყო, იმის აღიარების შესაძლებლობა, რომ მის მიერ თავის წარმოსახვაში დახატული ბედნიერი სიბერის სამოთხე სულაც არ იყო ასეთი. ეს მხოლოდ და მხოლოდ სიმშვიდე იყო და არა ბედნიერება, რომელიც თითქოს აუკრძალა საკუთარ თავს (თუ აუკრძალეს სხვებმა), არჩევანი, თითქოსდა, საკუთარი, მაგრამ მხოლოდ შესაძლო ვარიანტებიდან მოცემულ გარემოში.
მანანა ლეკბორაშვილი