ჩვენი ცხოვრების ჟანრი – დრამა თუ შავი კომედია?

სოსო ბლიაძის ფილმი, „ოთარის სიკვდილი“ (2021) უცნაური ნამუშევარია. მთავრდება კინოსურათი და ვერ იგებ – მოგეწონა? არ მოგეწონა? რას გვეუბნება? იდეა ახლა მოდაში აღარ არის, მაგრამ თანამედროვე ენით – რა არის მისი მესიჯი? რომელია დადებითი გმირი? უარყოფითი? ვის უნდა უთანაგრძნოს მაყურებელმა?

ამბავი იმის შესახებ, როგორ დაარტყა მანქანა 16 წლის ახალგაზრდამ სოფლის ბნელ შარაგზაზე მოხუცს და მოკლა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სულაც არ მოკლა, მხოლოდ „გათიშა“ და მეორე დღესვე მოხუცი კვლავ სანადიროდ მიდის – ეფექტურია, ვნებებისა და განცდების გაშლის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. და ვნებები იშლება კიდეც, პარალელურად – ქალაქში და სოფლად.

სოფელში: მოხუცის შვილიშვილი, ოთო გამწარებით სცემს დამნაშავეს, ნიკას – მგონი, ერთადერთი ის განიცდის ბაბუის სიკვდილს. მისგან განსხვავებით, დედამისი, თამარა, მუსიკის მასწავლებელი, რომელსაც, როგორც ჩანს, დღემდე არ ემეტება თავი სოფლისთვის, გაცილებით პრაქტიკულად უდგება საკითხს. მამის დაღუპვაში ის თბილისში გადასვლის მოულოდნელ და უკანასკნელ შანსს ხედავს და სიჩუმის, საქმის აღუძვრელობის სანაცვლოდ თანხას ითხოვს.

ქალაქში: ნიკას დედა, ქეთი, მისთვის უზარმაზარი თანხის ძებნას იწყებს, ვადა კი მხოლოდ ერთი დღეა. ქეთის, მიუხედავად იმისა, რომ ბანკში იგი სესხის ასაღებად თავგამოდებით ამტკიცებს საპირისპიროს, მყარი შემოსავალი არ აქვს. არა მხოლოდ ბანკი, მშობლებიც ცივი უარით ისტუმრებენ მას. მხოლოდ მისი ყოფილი მეუღლე, ნიკას მამა, შინაგანი ბრძოლისა და, როგორც ჩანს, დიდი მსხვერპლის ფასად ახერხებს ამ თანხის შოვნას.

 ფილმის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სახიერად, ფაქტურულად დახატული გმირებია. თან ისიც აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ მთავარი გმირები, ეპიზოდური პერსონაჟებიც კი, სულ ერთხელ რომ ჩნდებიან კადრში, ასეთივე გულმოდგინებით არიან შერჩეული და მოფიქრებული, თითოეული „დაჯილდოებულია“ საკუთარი ჩაცმის თუ მოძრაობის მანერით, ლაპარაკის სტილით, დასამახსოვრებელი პერსონალურობით.

თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მთელი შემოქმედებითი ძალისხმევა მაინც ქეთის სახის დახატვაზე წავიდა. ნუცა კუხიანიძე ენერგიულად და ორგანულად კვეთს მის ნაკვთებს: ახალგაზრდა, ლამაზი, ზომიერად „ეგოისტი“ ქალი მოუწესრიგებელი ცხოვრებით. ის “თანამედროვე” და „მეგობრული დედაა“, მაგრამ ეს მეგობრულობა ზერელე გულისხმიერებასა და ძმაკაცურ ურთიერთობაში გამოიხატება. თუმცა მხოლოდ დედის მხრიდან – ბიჭი უფრო ჩაკეტილია და მისი საყვედურით სავსე მზერა ხშირად გვეუბნება, რომ ასეთი „თბილი“ დამოკიდებულებით სულაც არ არის ბედნიერი, რადგან დედა-შვილის ურთიერთობაში ხშირად სწორედ ნიკას უხდება ზრუნვის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება. ურთიერთგაგება არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს უსიყვარულობას – კრიტიკულ მომენტში ქეთი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს შვილის გადასარჩენად, თუმცა გაგება ისევ არაა.

 თამარას, ეკა ჩავლეიშვილის პერსონაჟის სახე – ქეთის საპირისპიროდ, რომელიც ნერვული ტეხილებით მოძრაობს ეკრანზე – მძიმე ხაზებით არის წარმოდგენილი: პეპელასავით ფარფატა ქეთისგან განსხვავებით, ის მყარად დგას მიწაზე, მოქმედებითაც დინჯად ირჯება, პრაგმატულობაც არ აკლია, თუმცა შიგნით, სიღრმეში, როგორც ჩანს, მასაც „პეპლები უფარფატებს“ – ზამთრის მარაგის შესანახ ხუხულაში ის ჩელოსთან ეძლევა სხვებისაგან ფარულ ცხოვრებას. ეს განსხვავებული სამყაროა, ვიდრე მუსიკის გაკვეთილები სოფლის სკოლაში. შვილთან ურთიერთობაც საპირისპიროა – ტრადიციული, ავტორიტარული, მსგავსება კი აქაც ურთიერთგაგების ნაკლებობაშია.

რას უფრო გამოხატავს ეს ორი, ასე განსხვავებული ქალი – დაპირისპირებას სოფელსა და ქალაქს შორის? თუ მათ ერთიანობას დამოკიდებულებების „გაცვეთაში“, ეგოიზმში?

ასეთივე დაპირისპირება-ერთიანობის წყვილს ქმნიან ნიკა და ოთო. მხოლოდ ისინი განიცდიან მომხდარს, როგორც უბედურებას; ისინი ერთნაირად გაუცხოებული არიან უფროსების პრაქტიკული მიზნებისგან და „საჭირო“ ქმედებებისგან; ორივე შვებას თუ განცდებისგან განმუხტვას ქალში ეძებს. ოთო თითქოს პოულობს კიდეც მას მეზობელ, თავისზე უფროს ქალთან რუტინულ სექსში, ნიკა კი თანამედროვე, დამოუკიდებელი გოგონას მკვეთრად განსაზღვრულ სამყაროს ეჯახება, რომელსაც არ სურს ასე უპირობოდ გაუგოს ვაჟს, მიიღოს მისი უეცარი აგრესია.

მსახიობი თაკი მუმლაძე ანას სახეს ცოცხალი, დამაჯერებელი შტრიხებით ქმნის და გვამახსოვრებს თავს, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მას ფილმში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა, დრამატურგიულად ვერ ხდება მნიშვნელოვანი ფიგურა – ის მხოლოდ ნიკას სამყაროსთან გაუცხოებას უსვამს ხაზს. და ისევ – განსხვავებით ირმასგან (რუსუდან კობიაშვილი), რომელიც, პირიქით, ოთოს სამყაროსთან „შემარიგებელი“ ძაფია. ქალი, რომელიც საჭირო დროს მიგიღებს, ზედმეტი კითხვების გარეშე განუგეშებს, მოსვლის მიზეზსაც შეგახსენებს („ნიგოზი არ დაგრჩეს!“ – მშვენიერია) – პატრიარქალური საზოგადოებისთვის ურთიერთობის იდეალური მოდელია.

სიუჟეტურ ცენტრად ვერ იქცა კოსტუმირებული საღამოც კლუბში, რომელზე წასასვლელადაც ახალგაზრდები მთელი ფილმის განმავლობაში ემზადებიან. მზადების თემა იმდენად ხშირად ჩნდება კინოსურათის მსვლელობაში, რომ საღამო მაყურებლის წარმოდგენაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა ნიშნით ის ფილმის კულმინაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ შედეგად ვიღებთ მხოლოდ კარგად დახატულ, ატმოსფერულ ეპიზოდს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნიკას სამყაროსთან გაუცხოებას, მის სასოწარკვეთას.

ფინალი ღიაა. გაშიშვლებული ნიკა ტბაში შედის და კადრიდან ცურვით გადის. მაყურებელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, ეს თვითმკვლელობაა თუ მხოლოდ ტბაში გაცურვის სურვილი, რომელიც ფილმის დასაწყისში, დედასთან კონფლიქტის გამო, ვერ აისრულა.

გადაწყვეტილების მიღებას ართულებს ამ დროს ნაპირზე დაყრილ ტანსაცმელთან ჩავლილი ოთარი, თოფით ხელში და ძაღლით გვერდზე, ისე, როგორც ფილმის პროლოგში გავიცანით იგი.

საერთოდ, ოთარის „მკვდრეთით აღდგომის“ მკვეთრად ირონიული ეპიზოდი თავის ელფერს აძლევს და ზედაპირზე ამოაქვს დანარჩენი ეპიზოდების ფარული ირონიულობაც, მაგრამ ის არასაკმარისია, რომ მაყურებელი ირონიის ტალღაზე გადაეწყოს. ამასთან, დრამატიზმიც ვერ დგას ისეთ სიმაღლეზე, რომ პერსონაჟების განცდებმა საპასუხო ემოციები გამოიწვიოს. ამ მხრივ, განსაკუთრებით, ნიკას ხაზი სცოდავს. ჩვენ კი გვიწვევენ მისი განცდების გასაზიარებლად, მაგრამ ის ხერხები, რითაც ისინია გადმოცემული, თანაგანცდის აღსაძვრელად საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, დრამა და ირონია ჰარმონიულად ვერ შეერწყა ერთმანეთს და მაყურებლისთვის არჩევანის ალტერნატიულ ვარიანტებად დარჩა. ამის საპირისპიროდ, აშკარაა ავტორის დისტანცირებული, აბსურდის შეგრძნებით გამსჭვალული დამოკიდებულება ამ პერსონაჟებისა და ამავე გარემოს მიმართ.

და აქვე ფილმის მეორე დიდი ღირსება – მიუხედავად გარემოს აბსურდულობის განცდისა, ეს გარემო უაღრესად ნაცნობი და ახლობელია. სოსო ბლიაძე ქართულ კინოსივრცეში რეალობის განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. მისთვის სიუჟეტი არასდროს არ არის ამბავი, რომელიც ამა თუ იმ გარემოში ვითარდება, მაგრამ მშვენივრად შეიძლება განვითარდეს სხვაგანაც, სხვა ფონზე. ამ ფილმშიც გარემო, დახატული ფაქტურულად მსუყე დეტალებით, ცოცხალი, ნაცნობი, მაგრამ არაბანალურად მოწოდებული შტრიხებით (აქ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ დიტო დეკანოსიძის შესანიშნავი ოპერატორული ნამუშევარი), პერსონაჟებთან ერთად ზემოქმედების მთავარ ძალად გვევლინება და ჯაბნის დრამატურგიას.

„ოთარის სიკვდილი“ არ განეკუთვნება სოციალური კინოს კატეგორიას, მაგრამ სწორედ პერსონაჟების მეტყველი მახასიათებელებით, რეალობით, რომელიც თითქოს უმნიშვნელო დეტალების გავლით მოდის მაყურებლამდე, გაცილებით უკეთ გვიხატავს ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს, მათი მცხოვრებლების საერთო საწუხარს, ვიდრე ბევრი ე. წ. „სოციალური დრამა“.

ფილმის შემდეგ ბევრი კითხვა რჩება, მაგრამ რჩება თავად ფილმიც ძალზე ტიპური, მაგრამ ამავე დროს მკვეთრად ინდივიდუალური პერსონაჟებით; ნიუანსებით, დეტალებით, რომლებიც თავისთავად ლაპარაკობენ პრობლემებზე, ურთიერთობების ხასიათზე თუ მის ცვლილებებზე; ფრაზებით, რომლებიც ზოგჯერ მეტს გვეუბნება, ვიდრე მისი შემადგენელი სიტყვები. და ცოტა ხნის შემდეგ ხვდები, ფილმი მოგეწონა და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვერ განცდილი დრამაა ის თუ ბოლომდე ვერ შემდგარი შავი კომედია.

მანანა ლეკბორაშვილი

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *