ძაფი, რომელიც ადრე თუ გვიან მაინც გაწყდება

რელიგიურ-ფილოსოფიური წარმოდგენები ბედისწერაზე ყოველთვის განსჯის საგანი იყო როგორც ხელოვნების ნაწარმოებებში, ასევე ფილოსოფოსთა ნააზრევში. ნიკოლოზ მაკიაველის აზრით: „ბედისწერა განაპირობებს ჩვენი მოქმედებების ნახევარს, ხოლო მეორე ნახევარს, მთლიანად თუ არა, ოდნავ ნაკლებს მაინც, ჩვენვე გვანდობს“. მითლოგიაში კი ბედისწერას, ღმერთებისა და მოკვდავების ცხოვრების განკარგვაში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. შეუძლებელია ამაზე ერთი ჭეშმარიტი აზრი არსებობდეს. ნამდვილად მხოლოდ ბედისწერა თამაშობს დიდ როლს ჩვენი ცხოვრების არჩევანში, ჩვენ ვმართავთ მას, თუ ორივეს თავისი მისია აკისრია. ალბათ, უფრო ლოგიკური ორივეს არსებობაა, ვინაიდან მხოლოდ ბედისწერის შემთხვევაში ადამიანი დაემსგავსებოდა მარიონეტს, რომლის თავისუფალი ნება უგულებელყოფილი იქნებოდა და მხოლოდ ბედისწერის ქალღმერთი მოირა – ატროპოსი როცა მოისურვებდა, მაშინ გადაჭრიდა მის მამოძრავებელ ძაფს. ადრე თუ გვიან ადამიანი გაიაზრებდა მის უპირატესობას, ფარ-ხმალს დაყრიდა და ბედისწერას მინდობილი დაკარგავდა მიზნისაკენ სწრაფვის ყოველგვარ არსს და, შესაბამისად, ცივილიზაციაც არ განვითარდებოდა.

ლევან თუთბერიძის ფილმი, „მოირა“ (2015), რომელიც აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა საუკეთესო ფილმად დაასახელა, მთავარი გმირის, მამუკას (პაატა ინაური) და მისი ოჯახის დრამატულ სიუჟეტზეა აგებული. ფილმი იწყება კადრით, თუ როგორ ტოვებს საპყრობილის ცივ კედლებს მამუკა, რომელსაც გარეთ მისი უმცროსი ძმა, შოთიკო (გიორგი ხურცილავა) ეგებება, სახლში მისულს კი მამა (ზაზა მაღალაშვილი), რომელიც ინსულტის შედეგად ეტლს არის მიჯაჭვული. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ოპტიმისტურად იწყება (გმირმა, როგორც, იქნა ხუთი წლის შემდეგ დააღწია თავი საპყრობილეს და, როგორც მეგობართან საუბრისას ვიგებთ, შემთხვევით გაება გაუგებრობაში და მეგობრების საქმის გამო იხდიდა სასჯელს), მაინც იგრძნობა წინასწარი განწყობა იმისა, რომ მას ბედი – მოირა (თუ მისი არსებობის გვჯერა) ახალ განსასჯელს უმზადებს.

დამსვენებლებისგან დაცლილი ზღვისპირა ქალაქი, შემოდგომის სუსხით განაცრისფერებული სანაპირო, სუსტი მზის სხივები, რომელიც ზღვას უღიმღამოდ ასხივებს, პირქუში და უსიცოცხლო გარემო – ეს ყველაფერი ფილმის სიუჟეტის განვითარების ერთგვარი გზავნილია. რეჟისორი წინასწარ განგვაწყობს იმისკენ, რომ მთავარმა გმირმა, მართალია, გამოიარა ერთი განსაცდელი, მაგრამ მას წინ უფრო დიდი სირთულეების გადალახვა მოუწევს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში წამოჭრილი გმირისა და მისი ოჯახის წევრების პრობლემა, ერთი შეხედვით, გადაღეჭილი თემაა და წესით არ უნდა იწვევდეს მაყურებელში განსხვავებული ემოციებისა და რაიმე სიახლის მოლოდინის განცდას, გარკვეულ შფოთვას. პაატა ინაური თავისი ბუნებრივი თამაშითა და პათეტიკას მოკლებული საუბრით იმდენად გვაახლოებს მასთან და გვითრევს თავის დრამაში, რომ კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმ გზასაცდენილ, ცხოვრებისგან გარიყულ უამრავ ახალგაზრდაზე, რომლებიც ბედისწერამ თუ არასაიმედო მეგობრების მიმართ ზედმეტმა ნდობამ ხაფანგში მოამწყვია.

ძმები, რომლებიც ცდილობენ წამოიწყონ თევზის ბიზნესი, გადაწყვეტენ სახლი ბანკში ჩადონ და უკვე წყობიდან გამოსული (მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე) ძველი თევზსაჭერი კატერი იყიდონ, რომელსაც სიმბოლურად „მოირას“ არქმევენ. მათი მიზანია, თევზის გაყიდვით შემოსული ფულით ემიგრაციაში წასული დედა (ქეთი ცხაკაია), რომელიც სიმღერით შოულობს ფულს, კონტრაქტის ვადის გასვლამდე სახლში დააბრუნონ, ხოლო შოთიკოს შეყვარებულის – თინას (ანი ბებია) მშობლებს კი დაუმტკიცონ, რომ ის ნამდვილად ღირსეული სასიძო იქნება მათთვის. სურვილი, რომ დაიწყონ უკეთესი ცხოვრება, იმდენად დიდია, რომ თავისდაუნებურად მთავარი გმირი ახალ დაუდევრობაში ეხვევა და მიუხედავად ყოყმანისა, იღებს მეგობრისგან ვითომდა მის დასახმარებლად გამოწვდილ ფულს. მართალია, რეჟისორი შეეცადა მამუკას პერსონაჟით, რომელიც თავისი ძმის გამოისობით ხელახალ განსაცდელში ეხვევა, მაყურებელში სიბრალური გამოეწვია, მაგრამ არანაკლებ გულისტკივილს მისი მამის მდგომარეობა იწვევს. მამა, რომელიც, როგორც ჩანს, შვილის ციხეში მოხვედრით ინსულტის დარტყმას იღებს, ნამდვილად იმსახურებს თანადგომას. შვილის დაპატიმრებით გამოწვეულ შოკს, ბუნებრივია, მოჰყვებოდა გაუთავებელი განცდები და დაძაბულობა, რაც შვილის გისოსებს მიღმა არსებობით იქნებოდა გამოწვეული. წლების განმავლობაში ეტლს მიჯაჭვული მამა, პატიმარი შვილისა და ემიგრაციაში წასული ცოლის მოლოდინით დათრგუნული, ახალ განსაცდელში ვარდება.

მამუკას დედის ემიგრაციიდან დაბრუნებით ფილმში ახალი ოჯახური დრამა იწყება, დრამა, რომელიც, ზოგადად, მასშტაბურ პრობლემად განიხილება თითქმის ყველგან, ვისი ოჯახის წევრიც ემიგრაციაში ოჯახის სარჩენად მიდის. დედის გადახვეწა სამშობლოდან, ბუნებრივია, საკუთარი ახლობლების, ოჯახის წევრების გაუცხოებას, კარ-მიდამოს მიუღებლობასა და დეპრესიის განცდას იწვევს. მამუკას მშობლებს ერთმანეთთან თითქმის აღარაფერი აკავშირებთ. ცოლის ბერძნული ლაპარაკი ისეთივე გაუგებარი და უცხოა ქმრისთვის, როგორც მათი ემოციური კავშირი ერთმანეთთან. დედა ჩამოდის, ოჯახი სრულყოფილ სახეს იძენს, წესით ყველაფერი კარგად უნდა იყოს, მაგრამ რეჟისორი აქაც არ ინდობს ისედაც მრავალი პრობლემით დახუნძლულ ოჯახს. განშორება ხეიბრად ქცეულ ქმარს ეჭვიანობისკენ უბიძგებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს იმას, მართლა საფუძვლიანია თუ არა ქმრის ეჭვიანობა ან უნდა განვიკითხოთ თუ არა ცოლი მისი მოულოდნელი გადაწყვეტილებების გამო, რაც შვილისთვისაც შოკისმომგვრელია. მთავარი პრობლემა ოჯახთან განშორებით გამოწვეული გაუცხოებაა, რასაც თან ახლავს გაურკვევლობა და შფოთი ორ გახლეჩილ „სამყაროს“ შორის. ცოტა არ იყოს, ამდენი ტრაგიზმი და უიმედობა ზედმეტად დამთრგუნევლია. ეტყობა, რეჟისორი შეეცადა მაყურებელზე ზემოქმედება ამ ოჯახის ყველა წევრის გაუკუღმართებული ბედით მოეხდინა, რაც თავისთავად პრიმიტიული ხერხია მაყურებლის მოსაზიდად.

ფილმში არ მოიძებნება არც ერთი პერსონაჟი, რომელიც იმედის ნაპერწკალს აჩენს. თითქმის ყველა გმირი თავისებურად მოღუშული და დათრგუნულია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მრავალი ეპიზოდი გარკვეულ ემოციურ განცდებს იწვევს, არის სცენები, რომლებიც დამაჯერებლობასაა მოკლებული. პოლიციელისა და მთავარი გმირის ვითომდა შემთხვევითი შეხვედრა მრავალ კითხვას ბადებს. რატომ მივიდა მამუკა პოლიციის განყოფილების ეზოში? იმიტომ, რომ ეჭვი აეღოთ მასზე და მის კვალს დასდგომოდნენ, რომელიც საბოლოოდ მათ დამნაშავეებთან მიიყვანდა? თუ მივიდა იმისთვის, რომ პირდაპირ ეთქვა კრიმინალების ადგილსამყოფელი და ძმის მაგივრად, საკუთარ თავზე აეღო მათთან თანამონაწილეობა? საინტერესოა, კრიმინალებზე პოლიციელების თავდასხმისას რატომ არ აკავებს მას პოლიციელი, როდესაც კუთხეში მიმალულს აღმოაჩენს. შეეცოდა? ეს ხომ აბსურდია. დაასმინა ისინი? ესეც ბოლომდე კარგად არ ვლინდება. ეს ეპიზოდი ცოტა გაურკვეველი და ბუნდოვანია, რაც საბოლოოდ ერთ დიდ თავსატეხს აჩენს. რა გადაწყვეტილებამდე მიდის გმირი, უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს. შეიძლებავიფიქროთ, რომ ესეც რეჟისორის ერთგვარი ხრიკია, დატოვოს მაყურებელი თავის ფიქრებთან და ვერსიებთან. თუ ეს ასეა, ამ შემთხვევაშიც დრამატურგიული სტრუქტურა მაინც დარღვეულია.

რაც შეეხება ფილმის მონოტონურ რიტმს, დასაწყისში ის საინტერესო და პოეტურ ხასიათს ატარებს, მაგრამ საათნახევრიანი მსვლელობისას, როდესაც უკვე ბევრი არაფრისმთქმელი პაუზებიანი ეპიზოდების სიხშირე მატულობს და ფილმიც მოსაწყენი ხდება. ამ მრავალმხრივი ემოციური ზემოქმედების მიუხედავად, ზოგიერთი კადრი იმდენად ლამაზი და ღრმაა, რომ პერიოდულად სუნთქვაც კი გეკვრის და ღრმა ფიქრებისკენ მიგაქანებს.

ეპიზოდში, რომელშიც დედა აივანზე სარეცხს ფენს, მაკრატლით ფრთხილად გადაჭრის თოკს. ეს სიმბოლური კადრი მთავარი პერსონაჟის ტრაგიკული დასასრულის პირდაპირი მინიშნებაა, რომელიც ბანალურად აღიქმება და ფილმის სტილისტურ სტრუქტურას არღვევს.

საბოლოოდ, მაინც რისი თქმა უნდოდა რეჟისორს? იმის, რომ ციხიდან გამოსული ყოფილი პატიმარი, რომელიც მოღალატე მეგობრების გამოისობით იხდიდა სასჯელს, ცხოვრებაში სამუდამოდ განწირულია და მისი მოირა მუდამ თან დასდევს, რათა „ძაფი გადაუჭრას“? თუ შეცდომებზე ვერ სწავლობს, განერიდოს თავად და განარიდოს საკუთარი ძმაც ისეთ არადასაყრდენ მეგობარს, როგორიც თენგოა? ვინაიდან რეჟისორმა სათაურად „მოირა“ აირჩია, მითოსულ კანონზომიერებას მიჰყვება და არაერთი მითოსური გმირის მსგავსად, რომლებიც შეეცადნენ საკუთარ ბედისწერას გასცლოდნენ, მაგრამ მაინც მისი მსხვერპლნი გახდნენ, ისიც თავის გმირს მოირას მსხვერპლად აქცევს.

შეიძლება ითქვას, რომ ფილმმა შეძლებისდაგვარად გაგვიზიარა თავისი ტკივილი და კიდევ ერთხელ შეგვახსენა ის მთავარი რამ, რაც უკვე ათეული წლებია ჩვენს ყოფაში რეალური, ხაფანგში გაბმული პერსონაჟების დრამას წარმოადგენს. ის ადამიანები, რომლებიც მამუკას მსგავსად გაეხვნენ ფათერაკში, შესაძლოა, ბედისწერის ქალღმერთმა ზოგიერთს მასავით არ გადაუჭრა სიცოცხლის ძაფი, მაგრამ ბედისწერის ძაფი ისე წაუჭირა ყელში, რომ სიცოცხლის ბოლომდე მაინც გაუჭირდებათ ისე ლაღად და თავისუფლად სუნთქვა, როგორც ამას მანამდე ახერხებდნენ.

ქეთევან ღონღაძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *