წარსული, რომელიც ნივთებში რჩება

ფილმების უმეტესობა ომს აჩვენებს ხმაურით, მოქმედებით, დაპირისპირებით, მაგრამ არსებობს სხვა გზაცნელი, ჩუმი, ნივთებზე დაფუძნებული. ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმინივთები“ (2017) ამ განსხვავებული ენის წარმომადგენელია. იგი საუბრობს საგნებით, წარსულის არქივითა და დუმილით. ეს არ არის მხოლოდ დევნილობის ქრონიკა, ეს არის კინემატოგრაფიული მცდელობა, აღადგინოს სახლის იდეა იმ სივრცეში, სადაც სახლი აღარ არსებობს, მაგრამ საგნები ჯერ კიდევ ლაპარაკობენ. რა რჩება მაშინ, როცა სახლი წართმეულია, სიტყვა დადუმებულია და დრო აღარ მოძრაობს? შესაძლოანივთი, უბრალო საგანი, რომელიც გადარჩა, გადაადგილდა, მაგრამ არ დაკარგულა.

ნივთებიგანეკუთვნება იმ დოკუმენტურ ნამუშევარს, რომელიც სიზუსტეს, ემოციურ სიღრმესა და ვიზუალურ მრავალფეროვნებას აერთიანებს. ეს ფილმი არ ყვება ომისა და ტრავმის ამბებს პირდაპირ. იგი არ გვაჩვენებს აფეთქებებს, ცრემლსადენ გაზსა და ჭრილობებს. პირიქით, „ნივთებიგვთავაზობს სივრცეს, სადაც დუმილი მეტყველებს, კადრი კი ემოციურ გამოცდილებად იქცევა. 

სიუჟეტი თითქმის მინიმალურია. ხურვალეთში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებას ეწევიან. ისინი სარეცხს ფენენ, ჭურჭელს რეცხავენ, ბაღში მუშაობენ, თუმცა სინამდვილე სწორედ ამ ყოველდღიურობაში ვლინდება, იმ რუტინაში, რომელიც მძიმე პოლიტიკურ და პირად წარსულს ფარავს. გმირები შეიძლება არ საუბრობენ პირდაპირ პოლიტიკაზე, ომზე ან ტერიტორიებზე, მაგრამ მათი ოთახების სიღრმეში გამოკეტილი საგნები საკუთარ ენაზე ყვებიან დაკარგულ სახლებზე. აღარ არსებობს სახლი, სადაც უნდა ყოფილიყვნენ, გაძარცვულია, გადამწვარია ან დანგრეულია, მაგრამ ნივთები გადარჩა და ახლა ისინი სხვა სივრცეშია, უცხო ბინებში.

პირველი, რაც ფილმში შეიგრძნობა, არის უძრაობა. სტატიკური კადრებში, რომლებშიც დრო არ მიედინება, არამედ ჩერდება, კამერა არ არღვევს სივრცეს, არც მოქმედებაში ერთვება. ის თანაარსებობს გარემოსთან, ადამიანებთან და ნივთებთან. განწყობას წარმართავს ისე, რომ მაყურებელი ცდილობს, დაინახოს ის, რაც არ მოძრაობს, ჩაწვდეს ნივთის დანიშნულებას. 

კამერა ხშირად ცენტრალიზებულია ან სიმეტრიული, თითქოს საგნისთვის ან ადამიანის ფიგურისთვის ცენტრალური ადგილის მოძებნა აუცილებელი პირობაა. მაგალითად, ქალი ზის სკამზე, მის უკან სიცარიელეა, სინათლე მას ნაწილობრივ ანათებს. იგი გვიყვება, როგორ მოიტანა ჭადრაკის ერთადერთი ძველი დაფა. ეს უბრალო ამბავია, მაგრამ კადრი ისეა დაგეგმილი, რომ მაყურებელი გრძნობს არა მხოლოდ ამ ქალის სიტყვებს, არამედ მის მეხსიერებაში გამჯდარ იმ ნივთის წონასაც. 

ამ წონას ხაზს უსვამს ფილმის ფერადოვანი გარემოც. გოგუას მიერ არჩეული ფერთა პალიტრა ნაცრისფერი, ყავისფერი და ღია მწვანეა, თითქოს ზუსტად იმ უხილავი ფერწერის ნაწილია, რომელსაც წარსული ტოვებს საგნებზე. არ არის კონტრასტები. არ არსებობს არც მკვეთრი ნათელი, არც ღრმა ჩრდილი. ფერები თითქოს დაშლილია, გარემოში გაფანტული, გაყინული. ეს ემოციური ნეიტრალიტეტი, ფერის დონეზე, ქმნის ფილმის ფსიქოლოგიურ ტემპსმონოტონურს, წყნარს, მაგრამ უკიდურესად მძაფრს შიგნიდან.
ფილმი აჩვენებს, რომ საგნები ფლობენ ემოციურ სიმძიმეს, რომელიც ზოგჯერ აღემატება სიტყვას. ამ ნივთების არსებობა თავად გვიყვება ომზე, მეხსიერებაზე, წართმეულ სახლში დარჩენილ სიჩუმეზე. ისინი არიან არა მსხვერპლი, არამედ მწუხარე გადარჩენილები ისევე, როგორც ადამიანები, რომლებსაც ომმა სახლი კი არა, ადგილი წაართვა სივრცეში. არ გვთავაზობს კინომუსიკას, არ ყვირის, არ მოგვითხრობს გმირებზე. ის გვაცლის ხმების მოსმენასქარის გუგუნი, კარის გახმაურება, ნაბიჯების შრაშუნი მიწაზე.

ნივთები“, ერთდროულად, არის დოკუმენტურიცა და პოეტურიც. მასში არ არსებობს მკვეთრი მოქმედება, კულმინაცია. ეს დოკუმენტური სტილიზაცია ნელ კინოს უახლოვდება, სადაც გამოსახულება და დრო თანაბრად მნიშვნელოვანი ხდება. ის არც გმირებს გვაჩვენებს, არც მოძველებულ პათეტიკას. გვთავაზობს, ვიყოთ სიჩუმეში იქ, სადაც ომი არ ისმის, მაგრამ მისი ნარჩენები ნივთებად გვევლინება. ფილმის ფორმა მკვეთრად უპირისპირდება საინფორმაციო დოკუმენტალისტიკის ტემპს. მისი კამერა რჩება ერთ წერტილში, იყინება სივრცეში, თითქოს ცდილობს, ღრმად ჩაწვდეს ნივთების სიღრმეს. არ აკეთებს კომენტარს, არ ეძებს მოვლენას, დრამას ან გადამწყვეტ მომენტს და სწორედ ამ წერტილში დგება ის კრიტიკული ზღვარი, სადაც ნივთები თავად ხდებიან ფილმის პერსონაჟები.

ნამუშევრის მდორე სვლა გვაიძულებს შევჩერდეთ. ის, რაც პირველ ათ წუთში შეიძლება მოგვეჩვენოს უშინაარსოდ ნელ მოძრაობად, მალე გარდაიქმნება ვიზუალურ ხელოვნებად: დრო, რომელიც გაწელილია, საგნები, რომლებიც აღარ მოძრაობენ, მაგრამ გვაიძულებენ მათთან ვიყოთ. 

მთლიანი ესთეტიკაკადრის კომპოზიცია, ფერი და ხმა ნაზად და მჭიდროდ არის დაკავშირებული ამ ობიექტების სიმბოლურობასთან. კამერა, უმეტესად, ბუნებრივ განათებაზე აფიქსირებს ობიექტებს და მათ გარშემო სივრცეს, რაც ქმნის ვიზუალურ დიალოგს საგნისა და ადამიანის ცხოვრების გარემოს შორის. კადრების მკაცრი, გამოკვეთილი კომპოზიცია გვაფიქრებს იმის მნიშვნელობაზე, თუ როგორ არის ეს ნივთები პოეტურად წარმოჩენილი, თითქოს დროის წყვდიადში მოხვდნენ. 

ფერთა პალიტრა ფილმში საკმაოდ მორგებულია დევნილთა ცხოვრების მძიმე მდგომარეობაზე. აქ დომინირებს მტვრიანი, ბუნებრივი, შეუსაბამი ფერები, რომლებიც ქმნიან მძიმე და ფაქიზ კომპოზიციას. ეს არ არის მუქი დრამატული ფერები, არამედ ფერმკრთალი, თითქმის განწყობისებური ტონები, რაც შიგნიდან ასახავს სამწუხარო რეალობას. მაგალითად, ყავისფერი, ნაცრისფერი და მწვანე შეფერილობები არა მარტო ვიზუალურად უწყობენ ხელს დევნილთა სივრცის ჩამოყალიბებას, არამედ უკავშირდებიან მათ ისტორიას, აგრეთვე იმ პერიოდს, როდესაც ეს ნივთები ჯერ კიდევ აქტიურად იყო გამოყენებული. 

ხმის ფონი ფილმში ხშირად მოიცავს ბუნებრივ გარემოს ხმებსქარის წივილს, ჩუმ სიმღერას, მედიტაციურ სიჩუმეს და აღიქვამს ომისგან დაღლილი ადამიანის ყოველდღიურ ბრძოლას. ხმაური ამ ფილმში არაა უბრალო ფონური ბუნება. ის იქცევა მთავარ მოქმედ გმირად, როდესაც ადამიანი აღარ საუბრობს და რეჟისორიც არ სვამს კითხვებს. ხმები გვიყვებიან ისტორიას. ნაჩვენებია, რომ ტრავმა და მეხსიერება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ნივთებითაცაა გადმოცემული. ნივთების ხმა, მათი წყობა და სივრცე ქმნის მეტაფორას ადამიანების დაკარგული სახლისა და მეხსიერების შესახებ. ნივთები არა უბრალოდ ინახავენ ინფორმაციას, არამედ თავად საუბრობენ ტრავმაზე. 

აქ ჭადრაკის დაფა, ბაბუას დატოვებული იარაღი ან ძველი გახუნებული წინაპრების სურათები აღარ არის ჩვეულებრივი ობიექტები, არამედ ისინი ხელშესახებ სიმბოლოებად იქცევიან, რომლებიც ახსენებენ ადამიანებს წარსულსა და დაკარგულ სახლს. ნივთები ამ ახალ გარემოში თითქოს იბრძვიან, რომ შეინარჩუნონ თავიანთი მნიშვნელობა და ფუნქცია. 

ფილმი წარმოადგენს კინემატოგრაფიულ დიალოგს თანამედროვე მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, რომელშიც კადრის პოეტიკა და მედიტაციური სიჩუმე ცენტრალურ როლს თამაშობს, სადაც გამორჩეულია ბუნებრივი განათება, ნელი მოძრაობა და ვიზუალური მედიტაცია ცხოვრების დიდსა და წვრილმან დეტალებზე. 

ამ ფილმში საგნები თავად გადაიქცევიან ისტორიად, არა მხოლოდ მოგონებების მატარებლად, არამედ მეხსიერების აქტიურ მონაწილეებად. ისინი ლაპარაკობენ, მთავარი გმირები კი დუმან. საგანი ხდება ხიდი სივრცეებს შორის: ძველ სახლსა და ახალ თავშესაფარს შორის, დაკარგულსა და დღევანდელობაში არსებობას შორის. ამითნივთებიგვთავაზობს კინემატოგრაფიულ ალტერნატივას ტრავმის გადმოცემისთვის. არ აჩვენებს ომის საშინელებას პირდაპირ, არამედ აჩვენებს მის შედეგად დარჩენილ სიცარიელეს. 

ნივთებიერთერთი იმ იშვიათი ქართული დოკუმენტური ფილმთაგანია, რომელიც ვიზუალურ მეხსიერებას ქმნის არა მედიისთვის, არამედ ადამიანისთვის, რომელიც ომის შემდეგაც აგრძელებს ცხოვრებას, თუმცა უკვე საგნების ლოგიკით. ეს არის ფილმი არა დაღუპვაზე, არამედ გადარჩენაზე, თუმცა ისეთ გადარჩენაზე, რომელიც მწუხარებასაც ატარებს. 

იქმნება არა ომის ანალიტიკური პორტრეტი, არამედ არქივიმყუდრო, ფაქიზი და შეუმჩნეველი, რომელიც მაინც ფლობს დიდ პოლიტიკურ ძალას. გვახსენებს, რომ ომში ყველაზე მტკიცე მოწმეებად რჩებიან ნივთები და სწორედ მათ შეუძლია თქვან ის, რასაც სიტყვა ვეღარ გამოთქვამს.

ნივთებიმხოლოდ დევნილობის შესახებ დოკუმენტური ფილმი არ არის. იგი გვაჩვენებს, როგორ შეიძლება კინო გახდეს ტრავმის არქივი ხმის, სინათლის და საგნებისა საშუალებით. ფილმი არ ყვირის და სწორედ ამ სიჩუმეში იბადება ყველაზე ძლიერი ხმა. ეს სიჩუმე არის წართმეული სახლების, წაშლილი დროისა და განუწყვეტელი მეხსიერების ხმად ქცეული სტრუქტურა. ფილმი არა მხოლოდ სოციალური დოკუმენტია, არამედ გადაიქცევა ფილოსოფიურ პოემად იმაზე, როგორ იტევს ნივთი ადამიანს და როგორ განაგრძობს ცხოვრებას წარსულის ფორმებში. ის ასახავს იმას, რომ ომი არა მხოლოდ ადამიანების გამოფიტვა, არამედ საგნებისა და სივრცეების ტრაგედიაა.

თეონა ვეკუა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *