წმინდა ელექტროენერგიის თვალისმომჭრელი მიმზიდველობა

სახელი – ტატო კოტეტიშვილი ქართულ კინოში, პირველად, ხმამაღლა 1987 წელს გაისმა, როდესაც მან (მაშინ ახალგაზრდა რეჟისორმა) პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „ანემია“ გადაიღო. მეორედ კი, სულ ახლახან, 2024 წელს, ასევე ხმამაღლა, ასევე ახალგაზრდა რეჟისორის, ასევე პირველ სრულმეტრაჟიან ფილმთან, „წმინდა ელექტროენერგია“ დაკავშირებით. მეორე პირველის ძმისშვილია, რომელმაც კინოსამყარო, საქართველოშიც და მის გარშემოც (თავის დროზე, ბიძამისივით) ახალ ქართულ კინოსა და საქართველოზეც, კიდევ ერთხელ აალაპარაკა.

„წმინდა ელექტროენერგია“ საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს კოპროდუქციაა. და არის 2024 წლის ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს ლეოპარდის“ მფლობელი, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კინოაკადემიის პრიზის ნომინანტი საუკეთესო კინორეჟისორის ნომინაციაში.

ტატო კოტეტიშვილის ხელწერა (როგორც უფროსი ტატო კოტეტიშვილის სადებიუტო მოკლემეტრაჟიან ფილმებში: „გმირსა“ და „მატარებელში“) წინამორბედ, მოკლემეტრაჟიან კინოსურათებში – „საზამთრო“ და „ოგასავარა“ (რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული, პრემია „წინანდლის“ ნომინანტი) „მოინიშნა“ და უკვე მაშინ გამოიკვეთა მისი თავისთავადი აზროვნებისა და ხედვის თავისებურებები.

„წმინდა ელექტროენერგია“ თანამედროვე საქართველოზეა (როგორც იმდროინდელ თანამედროვეზე „ანემია“), ქვეყანაზე, სხვადასხვა პრობლემით, საზოგადოების არსებობის განსხვავებულობით, სხვადასხვა ეროვნების, ასაკის, ორიენტაციის, ყოფის, ინტერესების ადამიანებზე, რომლებიც თავის რეალურსა და თავად რეჟისორის მიერ შექმნილ ეკრანულ სინამდვილეში ცხოვრობენ.

ფილმის სცენარის ავტორები ტატო კოტეტიშვილთან (რომელიც თან ოპერატორიცაა) ერთად, არიან ირინე ჟორდანია და ნუცა წიქარიძე და მათი აგებულია ძირითადი ხაზიცა და აწყობილ-გამართულია არაერთი იმპროვიზებული ეპიზოდი, პერსონაჟი თუ პასაჟი. იმპროვიზაცია და პერსონაჟებისა და მათი ამბების „აკრეფა“ კინოსურათის ფორმისა და სტილური გადაწყვეტის ერთ-ერთი მთავარი, ხერხადქცეული საფუძველია. ასეთი „შეთხზულობა“ განსაკუთრებულ გამომსახველობასა და დინამიკას ანიჭებს „წმინდა ელექტროენერგიას“ და რეჟისორის ხედვის თავისებურებაზე მეტყველებს.

ფილმი იწყება სიკვდილით. პანაშვიდის, გასვენებისა და დაკრძალვის რიტუალის ჩვეულ, თუმცა უცნაურ რაკურსში გადაღებული ეპიზოდით. როდესაც ერთის სიცოცხლის დასრულებასთან ერთად, სხვისი ცხოვრება მიმართულებას იცვლის და ახალი იწყება ორი ადამიანისთვის – ბიძისა და ძმისშვილის – ბარტისთვის (ბარტ ნიკოლო/ღვინიაშვილი) და გონგასთვის (ნიკა გონგაძე). იწყება ახალი ცხოვრება და გმირების ოდისეა ახალი საქმიანობით, ახალი შეხვედრებით, ახალი ნაცნობებით (რომლებშიც გამოირჩევა გონგასა და ბოშა გოგონას დამეგობრება), ახალი ურთიერთობებით, კონფლიქტებითა და უკონფლიქტობით, მოგზაურობით ნაგავსაყრელიდან, მანქანების „სასაფლაოდან“ ქალაქში. ძირითადად, გარეუბნებში, ბაზრობებზე, ქუჩიდან ქუჩაში, ბინიდან ბინაში… მამის ვალების კვალდაკვალ, პირდაპირი და მეტაფორული მნიშვნელობით. და პლუს ბარტის ახალაკიდებული ვალებით.

მთავარი ამბის დასაწყისი კი ისაა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ ბიძა ძმისშვილს ჰპირდება, რომ არ მიატოვებს და მათ ცხოვრებაშიც ახალი ურთიერთობა იღებს სტარტს. არსებობის საშუალებების ძიებაში. შემდეგ ისინი „ჯადოსნურ სკივრს“ – სამეურნეო ნივთებისა თუ იარაღების ყუთს/ჩემოდანს პოულობენ, ძველი და გაურკვეველი დანიშნულების (შეიძლება საფლავების ან რაიმე სხვა) ჯვრებით სავსეს და მათ ნეონის განათებით აღჭურვასა და გაყიდვას გადაწყვეტენ. იდეა ამართლებს და ბარტისა და გონგას „მცირე ბიზნესი“ ქალაქის სხვადასხვა სივრცეში იშლება და ქალაქის ხშირად შეფარულ, უცხო და ზოგჯერ საჯაროდ გახსნილ და ნაცნობ სივრცეში გადადის.

ნაგავსაყრელზე დაწყებული ოდისეა სხვა სივრცეებში გადის და, ბევრ ადგილთან ერთად, ბევრ ამბავსაც მოიცავს. ყოველი მორიგი ადგილი და ახალი შეხვედრა, თავისთავად არა, მაგრამ ერთად, ვრცელ პანორამად იშლება. მრავლისმეტყველად აერთიანებს სოციალურ, პირად, პიროვნულ, ლგბტ, იდენტობისა და სხვა ჩვეულებრივ და არაჩვეულებრივ საკითხებს მიუღებლობაზე, მიმღებლობაზე, სიყვარულზე, თანაგრძნობაზე, თანაზიარობაზე, ჩვეულებრივ „სტანდარტულ“ ცხოვრების წესზე, არჩევანზე, იძულებაზე, თავდაცვაზე. მრავალშვილიან და ნაკლებშვილიან ოჯახებზე, მარტოხელა და მარტოსულ ადამიანებზე. იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ სხვადასხვა ტიპის, თვისებების, წეს-ჩვეულებების, ეროვნების, მსოფლხედვის, სხვადასხვა ასაკისა და ფსიქო-ემოციური კატეგორიის ადამიანები სახლებში, ქუჩებში, ბაზრობებზე, დასწებულებებში, იმაზე, თუ რა უჭირთ და რა ახარებთ მათ, რა და როგორია ყოფიერება, მათი ხედვითა და ჩართულობით.

ბევრი პერსონაჟია. მთავარ, მეორეხარისხოვან და ეპიზოდურ როლებს არაპროფესიონალი მსახიობები ასრულებენ და უმეტესობა საკუთარ თავს „თამაშობს“, ფრაგმენტებს, მახასიათებელ ეპიზოდებს საკუთარი ცხოვრებიდან. ყველა მეტყველებს თავის ენაზე, ცოცხლად, ბუნებრივად, „ცენზურის“ გარეშე და ცხადია, უცენზუროდაც.

ფილმი რამდენიმე სივრცეში იშლება. უსარგებლო, ძველი ნივთებით გადავსებულ ოთახებსა და ქუჩებში, მიწაზე გასაყიდად დაწყობილ, ასეთივე ნივთებით ოჯახებიდან, გარშემო (რასაც ხშირად ვხედავათ ბაზრობებზე, მშრალ ხიდსა თუ გარევაჭრობის სხვა ობიექტებზე). სხვა სივრცეებში – ნანგრევები, მიტოვებული მშენებლობები, სანაგვეები, ნაავარიები ავტომანქანები, საბურავების მთები, ფოლადის კასრები, მაცივრები, დამტვრეული ნივთები და გადაყრილი ავეჯი, ჯართი, დაჟანგული და გაუქმებული ჯიხურები. ეს კიდევ სხვა სამყაროა, ძახილი და გზავნილები წარსულიდან, როდესაც ყველა ეს ნივთი და ობიექტი ქმედითი იყო, ფუნქციური, ახლა კი ყავლი გაუვიდა და ნაგვად იქცა.

ადგილებსა და მოვლენებს ტატო კოტეტიშვილი თავისთავადი რაკურსითა და აზრობრივი დატვირთვით აჩვენებს. მოიცავს ბევრ ადგილს, უბანს, კუთხეს, ბევრ ობიექტს და იქაც შედის, სადაც ან არავის მოსდის აზრად შესვლა, ან შეიძლება ვერც მოხვდეს გარეშე, უცხო ადამიანი. ყველაფერს კი აკრავს ცოცხალი რიტმის, სოციალურად და საზოგადოებრივად დატვირთული ხალხმრავალი გარეუბნები მოვაჭრეებით, გზაჯვარედინებით, მეტროების შესასვლელებითა და ბაქნებით, ქუჩის მუსიკოსებით, გამვლელი მოქალაქეებით, კადრში შემთხვევით რომ ხვდებიან და კიდეც „რჩებიან“.

ბარტისა და გონგას და ყველას ერთად ცხოვრება კი ისეთია, როგორიც ბევრი ადამიანისა. თავისი ურთიერთობებით, კავშირებით, უკუკავშირებით, კონფლიქტებით ერთმანეთთან და სხვებთან, ყოველდღიურობის ერთფეროვნებითა და ერთგვარობით და ახალი ნათებებით – ნეონისა თუ მზის შუქის სხივებით, სიბნელით, ჩაკეტილობით – საკუთარ თავსა თუ გარემოსგან იზოლირებით, მისგან განუყოფლობით, როგორც სმალტის ფერადი ნაწილებისა.

სწორედ მოზაიკის პრინციპით აგებს ტატო კოტეტიშვილი ფილმის სტრუქტურას, რომელშიც შეიძლება რომელიღაც ნატეხი არასრული ფორმისა მართლა „ნატეხი“ აღმოჩნდეს, არათანაბარი ზომისა და ფორმის, მაგრამ ორგანულად ჩამჯდარი საერთო სიბრტყესა თუ სივრცეში. როგორც სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა ტიპისა და კატეგორიის ადამიანებთან შეხვედრები, კამერის ობიექტივში შემთხვევით მოხვედრილი და შემდეგ ზუსტად მოძებნილადგილიანი თუ სხვადასხვა ხანგრძლივობის ესა თუ ის ეპიზოდი, რომლებიც სწრაფი და დინამიკური მოძრაობით ცვლიან და აგრძელებენ ერთმანეთს. ასეთივე მოზაიკური, სხვადასხვა თემისმომცველი და კონტრპუნქტულია ნოდარ ნოზაძის, ნიკა ფანიაშვილისა და ვაქოს მუსიკა, რომელიც არა, ვთქვათ, ემოციურ და ყალბად შთამბეჭდავ გავლენას ახდენს, არამედ ქმნის ატმოსფეროსა და მის ხასიათს, შინაგან განწყობებს გამოხატავს.

რეჟისორი-ოპერატორი და მთავარი გმირები ისე ერთვებიან ცხოვრების მსვლელობაში, თითქოს თავადაც მისი ნაწილები იყვნენ და თან უკუეფექტითაც – სხვების ცხოვრების, თითქოს მათგან განყენებული, დამოუკიდებელი, თავისთავადი ნაკადი ორგანულად გადადის ბარტისა და გონგას, ანუ შეთხზულ ამბავში, გამონაგონში, რომელსაც, გარემოსთან ერთიანობის მიუხედავად, თავის სიუჟეტურ-იდეური ხაზი, სვლები, „გადახვევები“ და დრამატურგიული განვითარების წესები აქვს. ნოდარ ნოზაძის მონტაჟი აჩვენებს შინაგანად დამუხტული და ემოციებით სავსე, მაგრამ მაინც მშვიდ და გაწონასწორებულ ატმოსფეროს, ყოველგვარი „ზედმეტი“ ვიზუალური ემოციური გაძლიერებების, ეფექტების, შთაბეჭდილების „მომხდენი“ სვლების, რადიკალური ნახტომების გარეშე.

დოკუმენტურ მასალაზე ბევრი ეპიზოდია აგებული, თუმცა ეს დოკუმენტები, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა კუთხეს სხვადასხვა ასპექტსა და რაკურსში აჩვენებენ, სრულიად გარდასახულია მხატვრულ და აბსტრაგირებულ სახეებად. ტატო კოტეტიშვილი იღებს დოკუმენტურ მასალას, ქმნის ქალაქის, დროის, ადგილის, სივრცის, საზოგადოების ყოფის დოკუმენტს და მას სტილით, თხრობის მანერითა და მონტაჟით, აღწერილობის თავისებურებითა და წარმოსახვით მხატვრულ გამონაგონად, მხატვრულ სინამდვილედ გარდაქმნის. მხატვარები ნატო ბაგრატიონი და ანუკა კალანდარიშვილი არჩევენ და ქმნიან ასეთ ინტერიერებს, ექსტერიერებსა და ნატურას. მხატვრული და მხატვრულ სინამდვილედ გარდასახული დოკუმენტურობა იუმორით, მხიარულებითა და სილაღით, ხალისითა და კეთილგანწყობით იფერება, ყოველგვარი „დამამძიმებელი გარემოებების“ გარეშე. ქართული კინოსთვის იშვიათობად ქცეული სილაღით, აქა-იქ რომ შემორჩენია ახალი თაობის რეჟისორების ფილმებსაც. კინოს, რომელიც თითქოს ახლა იბრუნებს არა მხოლოდ ხარისხს, არამედ ფერადოვნებას.

ამ თავისებურ ლედ ჯვრებს და არა, ვთქვათ, ჩვეულებრივ ჯვრებს (როგორც დღევანდელობის ერთგვარ მეტაფორას, რომლებიც, პოვნამდე და განათებამდე, ნაგავშია გადაყრილი, როგორც უსარგებლო ნივთი) დაკარგული აქვთ კულტისა და რწმენის ობიექტის მნიშვნელობა. რაც, არა მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობითა და რაკურსით, არამედ, ზოგადად, საზოგადოების ფარისევლობას, სულიერ სიცარიელესა და გაუფასურებულ ღირებულებებსაც გამოხატავს. როგორც ოთარ იოსელიანის ფილმში, „და იქმნა ნათელი“ ხდება, რომლის პერსონაჟები, აფრიკული ტომის წარმომადგენლები, პირველქმნილ და დაცულ სამყაროში ცივილიზაციის შეჭრის შემდეგ, სალოცავ სარიტუალო კერპებს, ტურისტებისთვის განკუთვნილ სუვენირებად ჰყიდიან.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *