ჭიათურა ერთადერთო

კინოს უყვარს ქალაქები, სადაც ან არაფერი ხდება, ან ყველაფერი ხდება. ფრანგებისთვის ასეთი იყო და არის პარიზი. ამერიკული კინოსთვის ერთი-ერთი ასეთი არის ნიუ-იორკი, ხოლო ბოლო პერიოდის თანამედროვე ქართული კინოსთვის ასეთი შთაგონების წყაროდ იქცა ჭიათურა, ქალაქი, სადაც მდიდრები უნდა ცხოვრობდნენ, თუმცა იქაურობა ორუელის სამყაროს ჰგავს.

ჭიათურა თავისი მადანივით ამოუწურავია თემებითა და პრობლემებით, ამიტომაც რეჟისორები ცდილობენ ამდენი „ძვირფასი თვლიდან“ იპოვონ თავისთვის მნიშვნელოვანი, საინტერესოდ მოსაყოლი ამბები. ეს ისტორიული ქალაქი ფრანგ-კანადელი რეჟისორის, ტობი ანდრისის ყურადღების ქვეშ მოექცა. მისთვის, როგორც ყველასთვის, სოციალური პრობლემა გახდა შთაგონების წყარო. მაღაროში მომუშავე მუშებისა და დასაქმებულების არასრულფასოვანი ფინანსური ანაზღაურება, უსაფრთხოების ნორმების უქონლობა და ა.შ. მან ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმით, „ჭიათურა“ (2021) მიაგო პატივი მაღაროელებს.

ფილმის მოქმედება უახლოეს წარსულში ხდება, როდესაც მაღაროელები დაღუპული თანამშრომლის გამო გაიფიცნენ, თუმცა დამსაქმებლებთან მოლაპარაკებას მიაღწიეს და გააგრძელეს სამუშაო. ამ ყოველივეს კი მხოლოდ ერთი ადამიანი, საბაგიროს მემანქანე, ელისო არ ეთანხმება. დაღუპული მაღაროელი მისი მეუღლე იყო, ამიტომ ის აგრძელებს უფრო მკაცრი ფორმებით გაფიცვას, ახლა უკვე ქმრის დანატოვარი სანადირო თოფით.

ხელოვნებაში ყოველთვის საინტერესოა სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენის აღწერა მაშინ, როდესაც ავტორი სხვა ქვეყნის წარმომადგენელია. მიზეზი კი ობიექტური ხედვა არის. ამ კონკრეტულ ნამუშევარშიც ჩანს, რომ რეჟისორი უბრალოდ არ დაინტერესდა ამ ამბით და გულთან მიიტანა ის გასაჭირი, რაც მაღაროელებს აქვთ სამუშაო გარემოში. ავტორი ელისოს პერსონაჟით ბევრს არ ლაპარაკობს. მისთვის თითქოს ის „ხალხის ხმა“ არ არის (როგორც ეს შეიძლება კენ ლოუჩის ფილმებში შეგვხვედროდა). მისი აზრით, ეს პიროვნება თავის მეუღლისნაირად მსხვერპლია არამარტო სისტემის, არამედ ნიჰილიზმისა. ყველაფერზე მეტად ეს დგას წინ ფილმის მთავარ პრობლემად. ამ ყველაფერს ძალიან მარტივი დომინოს მოთამაშე მუშების კადრითაც ვხვდებით, როდესაც ერთ-ერთ სცენაში ელისო აჩერებს საბაგიროს და ქმნის კოლაფსს. იქ შეკრებილი ხალხისგან ყველას მთავარი პერსონაჟის გასაჭირი კი არა, არამედ თავისი საქმე ანაღვლებს, სანამ თოფი არ გაისვრის, რის გამოც მას პოლიცია წაიყვანს.

არსად ჩანან ქმრის მეგობრები, თანამშრომლები… ადამიანები, რომლებიც დადგებიან ქალბატონის გვერდში, გარდა ერთისა ნინოსი, რომელმაც ბოლომდე უერთგულა და ფილმის მიწურულს შურიც იძია მეგობრის მაგივრად. იგი შუა გზაში გააჩერებს საბაგიროში მსხდომ უფროსობას. ეს იქნება ყველაზე მეტი, რაც მას შეეძლო გაეკეთებინა.

უცხოელი რეჟისორისთვის ფილმი ნამდვილი „წარმატებად“ შეიძლება ვაღიაროთ, როგორც შემდგარი პროექტისა, თუმცა რამდენად არის ეს „პროდუქტი“ დახვეწილი ან ზუსტი თემასთან დაკავშირებით? არ არის, რადგანაც ყველაფერი ყალბია ამ ფილმში. სიყალბის პირველი ნიშნები დიალოგებში იგრძნობა, როდესაც პერსონაჟები ზედმეტად გამართული და დახვეწილი ქართული ენით ლაპარაკობენ. ამას ემატება „ჰოლივუდური“ ტიპის ტექსტების გადმოთარგმნილი ვერსიები, რაც აბსოლუტურად არ ესადაგება ენას და ესთეტიკას. ეს ყველაფერი პერსონაჟების აგების პრინციპთანაც ქმნის პრობლემას. ელისო ზედმეტად დრამატულია, თითქოს „ოთარაანთ ქვრივის“ ტიპაჟის მიხედვით არის შექმნილი, თუმცა უნდა აღინიშნოს მსახიობ დარეჯან ხარშილაძის ძალიან კარგი თამაში, ვინაიდან მან მეტი სიმსუბუქე და ბუნებრიობა შესძინა ელისოს გმირს.

კინოსურათის დამდგმელი ოპერატორი ლუდვიკ პრუშკოვსკი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. იგი ჩაწვდა ჭიათურის იმ ძველ, საბჭოთა დროს აშენებული შენობების ესთეტიკას და ფილმში მისი პანორამული კადრებით თუ მიზანსცენებით ნამდვილი ჰარმონია შექმნა, თუმცა ეს ყოველივე არ იყო მხატვრული, ეს იყო უბრალოდ ძალიან მაღალი დონის „ხელოსნის“ მიერ შესრულებული ნამუშევარი. არანაირ სარგებელს ფილმის მსვლელობისას არ იძლეოდა მის მიერ მშვენიერი დოკუმენტურ სტილში გადაღებული და შემდგომში მემონტაჟის მიერ საინტერესოდ დამონტაჟებული კადრები. პირიქით, რითმიდანაც კი აგდებდა ნაწარმოებს. მან ის ზედაპირული ქაოსის სიმფონია დაიჭირა და ვერ ჩაწვდა, თუ რა იმალებოდა ამ გეტოსმაგვარ გარემოში.

თავად რეჟისორი ცდილობს აიყვანოს საერთაშორისო დონეზე მუშათა პრობლემა. მისთვის ჭიათურა უბრალოდ სიმბოლოა, მსოფლიო მუშათა კლასის მეტაფორაა, თუმცა ავიწყდება ისტორიული და, შეიძლება ითქვას, ის მენტალური „ჰომო სოვიეტიკუსის“ ცნება, რომელითაც ქართველი დამსაქმებლების უმეტესობაა მოწამლული. მისი გაგება ძალიან ზედაპირული აღმოჩნდა, მაგრამ ყველა მცდელობა, რომ ეჩვენებინა მუშათა კლასის ტრაგედია, გულწრფელია.

ის ასევე გულწრფელია იმ „ბავშვურ“ ოინში, როდესაც ფილმის ბოლოს ელისოს მეგობარი და თანამშრომელი ნინო, რომელიც მის მაგივრად დანიშნეს საბაგიროს მემანქანედ, უფროსობას უჩერებს ტრანსპორტს შუა გზაში და გამოკიდებულს ტოვებს ჭიათურის თავზე. ეს გადაწყვეტილება ის პატარა გულის მოფხანვა არის, რომელიც მაყურებლისთვის მიცემული ფოჩიანი კანფეტია, რათა რაიმეთი მოხდეს იმ უიმედობის გალამაზება. დასრულებისას ყველასთვის ნათელი იქნებოდა პერსონაჟების ბედი, თუმცა სხვა შეგრძნება არის, როდესაც ფილმის ყურების შემდეგ მნახველი გაიფიქრებს „უხ, ეგრე მოუხდებოდა მაგათ!“. ამ პატარა ნაპერწკლით იბადება სხვა ფილმებში საბრძოლო სული და ის რევოლუციები, რაც მუშათა კლასმა გამოიარა, თუმცა ფილმის ავტორი აქ წყვეტს ფილმს.

ამ საკითხზე ქართველებს უკვე მრავალი დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმი გადაუღიათ. ამაზე ბევრად უკეთესი, თუმცა აშკარა აღმოჩნდა რომ უცხოელის თვალით დანახული ეს კინოსურათი საინტერესო გამოდგა თავისი სათქმელითა და პოზიციით. არ შეიძლება არ გავიხსენოთ რატი ონელის ფილმი „მზის ქალაქი“ (2017), რომელშიც ავტორი არამარტო ქალაქზე და მის მადანზე გვესაუბრება, არამედ გვიხატავს იქ მცხოვრები ადამიანების პორტრეტებს. სტილისტიკისა და ქრონომეტრაჟის გათვალისწინებით, უხეირო იქნება ამ ორი ფილმის შედარება, თუმცა თემიდან გამომდინარე, მაინც შეიძლება ითქვას, ტობი ანდრისმა, დიდი მონდომების მიუხედავად, ვერ შეძლო მოკლემეტრაჟიან ქრონომეტრაჟში ჭიათურის თემის გამოყენება. მისთვის იქაური ყოფა გახდა მიზეზი, შეექმნა ფსიქოლოგიური დრამის ფილმი, რომელშიც სოციალურ-პოლიტიკურ თემასაც გააჟღერებდა. ოღონდ ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ რეჟისორი ამ ასპექტში არ ჩანს და არც სურს რაიმე აზრის დაფიქსირება. მისთვის პრობლემა მხოლოდ მუშათა კლასია, რომელშიც გამოერევიან ხოლმე ელისოსნაირი გმირები, გაბრაზებული ქმარმკვდარი მემანქანე, რომელისთვისაც აღარაფერს აქვს აზრი, გარდა შურისძიებისა, ამიტომაც დაჰყვება ფილმს სათეატრო ტრაგიზმი და ცოტაოდენი გაურკვევლობა, რადგანაც მისთვის მნიშვნელოვანია ის ქალი, რომელმაც სამსახურეობრივი მოვალეობისას ქმარი დაკარგა და არა მთლიანად მაღაროელების პრობლემა. რეჟისორს სურს დაქვრივებული პერსონაჟი გახადოს ხმა, თუმცა, სამწუხაროდ, ის ჩურჩულიც კი არ არის.

ჭიათურის პრობლემა ერთადერი არაა მსოფლიოში, თუმცა თავისი ისტორიით, ესთეტიკითა და გარემოთი ამ ქალაქში ყველაფერი ეგზოტიკური ხდება, ამიტომაც გამოდგა მაღალი დონის პროფესიონალებისგან შემდგარი ჯგუფის ნამუშევარი ასეთი სუსტი. რადგან მათ მოინდომეს მარტივი ამერიკული სტილის ჩარჩოებში ჩასმა, თუმცა ვერ განსაზღვრეს თემის სიღრმე, რომელიც ანგრევს ამ ჩარჩოებს.

საბა მახარაშვილი
 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *