„ჰორიზონტს“ იქით

იყო პერიოდი, როცა მსოფლიო კინემატოგრაფში, და რასაკვირველია, ქართულ კინოშიც, თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ კინორეჟისორი ქალები. კინორეჟისურა, სრულიად უსაფუძვლოდ, მამაკაცების საქმედ უფრო ითვლებოდა. დღევანდელ ქართულ კინოში, მართლაც, წარმატებულია მრავალი კინორეჟისორი ქალი. მათი ფილმების უმეტესობაში მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, მათ გარშემო ტრიალებს სამყარო ყოველდღიური და, არა მხოლოდ ყოველდღიური, პრობლემებით.

თინათინ ყაჯრიშვილის კინოსურათის, „ჰორიზონტი“ (2018) მთავარი გმირი, ამჯერად, მამაკაცია და, ალბათ, მხოლოდ კინორეჟისორ ქალს შეეძლო ყოფილიყო ასეთი გულწრფელი და ფაქიზი ადამიანთა სულიერი სამყაროს წარმოჩენისას, იმ ტრაგიზმის მოსატანად, რომელმაც შეიპყრო ახალგაზრდა მამაკაცი გიო. მისი სიყვარულის ამბით მთავარ ფასეულობებზე გვაფიქრებენ ფილმის ავტორები (სცენარისტები: თინათინ ყაჯრიშვილი და დათო ჩუბინიშვილი).

მორალურ-ეთიკური და სოციალური პრობლემები, რომელიც ცოლ-ქმრულ ურთიერთობებთან არის დაკავშირებული, ყოველდღიური საინფორმაციო საშუალებების მუდმივი თემაა: მოძალადე მამაკაცები, დანგრეული ოჯახები, უმშობლებოდ დარჩენილი ბავშვები, შესაბამისად, მათი დამახინჯებული მომავალი, მაგრამ, როგორც იტყვიან, “მედალს მეორე მხარეც აქვს”. სწორედ ეს მხარე აინტერსებს ამ ფილმის რეჟისორს, ბედი იმ მამაკაცისა, რომელსაც ცხოვრება დაენგრა და კითხვაზე: “შენ გყავს ოჯახი?”, პასუხობს – “არ ვიცი!”.

ფილმის დასაწყისში გიო გაურკვეველ მდგომარეობაშია. მან მხოლოდ ის იცის, რომ არ არის კარგად  და მთელი კინოსურათის განმავლობაში ვხედავთ, რომ ეს იმწუთიერი მდგომარეობა კი არ არის, არამედ ასეთია მისი ცხოვრება, რომელსაც ვერაფერს უხერხებს, ვერ ცვლის, იმიტომ რომ დაკარგა საყვარელი ქალი. ის (გიორგი ბოჭორიშვილი) და ანა (ია სუხიტაშვილი) დაშორდნენ ერთმანეთს, დროსა და სივრცეში აცდნენ ერთმანეთს. ანას სიყვარული დამთავრდა, გიოსი კი არა. რატომ დაიწყო ცოლ-ქმრის გაუცხოვება? ამ მიზეზის „გამხელას“ ფილმის ავტორებმა გვერდი აუარეს. ეს შეიძლება საკამათოც იყოს. არსებობენ, ალბათ, ისეთებიც, ვინც არ იზიარებს ამ პოზიციას, მე კი ვემხრობი მას, რადგან უმნიშვნელოა მიზეზების ძებნა, მაგრამ ვხვდებით, რომ დაშორება ანას მოთხოვნით თუ თხოვნით მოხდა, თუმცა ანას არ სძულს გიო, მეორე ქორწინების დროს არ აპირებს გაწყვიტოს კონტაქტი ყოფილ ქმართან. მან კვლავ უნდა ატაროს შვილები ცურვაზე, წამოიყვანოს სკოლიდან, ანა გააგრძელებს გიოზე ზრუნვას, უბრალოდ, მისმა სიყვარულმა „ფერი იცვალა“: „მიყვარხარ, გიო, როგორც ახლობელი, ოჯახის წევრი!“

ვინ არის გიო? რატომ თანავუგრძნობთ მას? მის პროფესიულ ღირსებაზე, პატიოსნებაზე ვიგებთ, როცა ის უარს ამბობს ძველი სადარბაზოს არასწორ განახლებაზე, მოხატულობის მოშორებაზე, რადიკალურ ცვლილებაზე. ასეთივე მართალია იგი სიყვარულში. მისთვის არ არსებობს სხვა ქალი, მხოლოდ ყოფილი ცოლის ერთგულია, ანას სახეს აქანდაკებინებს მეგობარს, გულის ჯიბით ნატარები ფოტოს მიხედვით შეაქმნევინებს მხატვარს ანას პორტრეტს. შეიძლება საკამათო იყოს გიორგი ბოჭორიშვილის თამაშის მანერა, ემოციების გამოხატვის მინიმალიზმი, მაგრამ დრამატურგიულად გამართლებულია.

გიოს და ანას შვილების (ორი ვაჟი) დამოკიდებულება დედ-მამის დაშორების მიმართ არ არის განსაკუთრებული ინტერესის საგანი. მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ისინი დაბნეულები არიან, ვერ გაუგიათ, რატომ აჩუქა ნიკომ დედას დაბადების დღეზე ყვავილების მაგივრად ბეჭედი. მოზარდებს დედაც და მამაც სიმართლეს არ უმხელენ (ალბათ, ნიკოს სახლში გადასვლამდე). შესაძლოა, შვილებთან ურთიერთობისას უფრო გამოიკვეთებოდა ზედმიწევნით ზუსტად და ნათლად ანას არჩევანის საფუძველი, რადგან ფილმის სხვადასხვა ეპიზოდში ეს პერსონაჟი არათანმიმდევრულია, თითქოს “ეთამაშება” ყოფილ ქმარსაც და საქმროსაც, ვერცერთს ვერ თმობს. საერთოდ, ვერაფერს ვიგებთ ნიკოს (სერგო ბუიღლიშვილი) შესახებ. გიოსაგან განსხვავებული ჩაცმულობის იმპოზანტური მამაკაცი თავის საცოლის ყოფილ ქმარს კონიაკსა და ფეხბურთის მატჩის ერთად ყურებას სთავაზობს. “კეთილშობილი” მეტოქის გასაცნობად ეს მხოლოდ უმნიშვნელო ფაქტია. იქნებ ნიკოს პიროვნულმა ღირსებებმა განაპირობა ანას არჩევანი მის სასარგებლოდ, მის გვერდით უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს? ვარაუდი ვარაუდად რჩება.

ფილმის ძირითადი ნაწილი პალიასტომის ტბასა და კუნძულზე ვითარდება. აქვე აღსანიშნავია, ოპერატორ ირაკლი ახალკაცის გამორჩეული ნამუშევარი. მისი გადაღებული პეიზაჟები უფრო მეტ დრამატიზმს სძენს სიუჟეტს.

კუნძულზე გარიყულ ადამიანებს, რომლებსაც გიოც შეუერთდა, თავისი ტრაგიკული თავგადასავლები აქვთ: ჯანო (ჯანო იზორია) ცოლმა მიატოვა, ვალიკო (სოსო გოგიჩაიშვილი) და ლარისა (ნანა დათუნაშვილი) მარტოხელები არიან, ისინი მონადირის სახლში მუშაობდნენ და კუნძულზე შემორჩნენ, მარიკას (ლიკა ოყროშიძე) არც სახლი აქვს და არც არავინ ჰყავს. ეს ადამიანები ერთმანეთს უდგანან გვერდით, ერთ ოჯახად ცხოვრობენ, ერთმანეთის იმედი არიან, მაგრამ გარე სამყაროსთან კონტაქტს მაინც ეჭიდებიან, როცა ლარისას ნათესავები დაივიწყებენ და დისშვილის ქორწილში არ წაიყვანენ, ეს ძაფი წყდება, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტი ტრაგედიად გადაიქცევა. ლარისა კვდება, მისი სიკვდილი კი ვალიკოს დაძაბუნებას იწვევს. ლარისამ ახლობლებთან ურთიერთობის იმედი  დაასამარა, ვალიკოს იმედი კი ლარისა იყო და ისიც გარდაიცვალა.

გიოც საბოლოოდ მაშინ გატყდა, როცა ანას ჩამოსვლისას ეგონა, რომ მოლოდინი დასრულდა, საყვარელი ქალი და ბედნიერება დაუბრუნდა. აღმოჩნდება, რომ ანა ხელს აწერს სასურველ მამაკაცთან და ამის სათქმელად ჩამოვიდა. შემდეგ კი არის მისი სატელეფონო ზარი, რომ ის უკვე გადავიდა საცხოვრებლად ნიკოსთან, ბავშვებთან ერთად და მათი ბინა გააქირავა… მორჩა! გიოს იმედი აღარ არსებობდა და ისიც მოკვდა ჩუმად, შველა არავის სთხოვა, მისთვის სიკვდილი ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. იგი სიყვარულითა და სიყვარულის გამო მოკვდა.

როცა ძველ რომანებში გმირები სიყვარულის გამო იღუპებიან, არავის უკვირს, მაგრამ თანამედროვე ფილმში? ამ კინოსურათის ღირსებაც ის არის, რომ გჯერა და თანაუგრძნობ, სულისშემძვრელი მწუხარება გიპყრობს. შეიძლებოდა აქ წერტილი დაესვათ ფილმის ავტორებს, მაგრამ მოულოდნელმა ფინალმა, რომლის წინაპირობა სპეციალურად არ შეგვიქმნეს, სიმძაფრე შემატა ფილმს, ახალი ეფექტური სვლაც შემოიტანა.

გიოს გარდაცვალების გამო კუნძულზე ჩასული ანა და გიოს მეგობარი, სანდრო უცნაური ფაქტის მოწმე ხდებიან. ეს მარიკას აღსარებაა გიოს შესახებ: „კარგად იყო, არაფერი არ აწუხებდა, ჩვენ მალე ხელის მოწერას ვაპირებდით, იმდენი გეგმები გვქონდა, სახლის აშენებას აპირებდა… უხაროდა აქ ყოფნა, ნადირობდა, თევზაობდა, რა ბედნიერები ვიყავით! მე ასე დამიბარა, თუ მოვკვდები, აქ დამმარხეთო…“

სანდროს არ სჯერა, რომ გიოს იქ უნდოდა დარჩენა, ანას კი შვებას გვრის, რომ ბოლოს გიო ბედნიერი იყო, რადგან ყოფილი ქმრის სიკვდილში თავს დამნაშავედ თვლის, ამიტომ დაწყნარებული სინდისით ტოვებს კუნძულს გიოს ნაჩუქარი პორტრეტითა და შვილებისთვის შეგროვილი ნიჟარებით. მარიკა რჩება თავისი სიცრუით, რომელიც ოცნებად აქცია. გიო მისი ახალი ცხოვრების იმედი იყო. მასაც, სხვებივით, იმედი მოუკვდა, გამოჩნდა ჰორიზონტზე და გაქრა…

ნანა თუთბერიძე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *