დიდი ხანია კინო აღარ არის მასობრივი გასართობი სანახაობა. ის საზოგადოების ანარეკლია – ხან პროპაგანდისტული, ხან მკაცრი და ხანაც ფანტასტიკურად ნათელი, მაგრამ მან აშკარად უნდა აჩვენოს ზღვარი კარგსა და ცუდს, თეთრსა და შავს შორის და თუნდაც ეს იყოს ფილმი ნეგატიურ პერსონაჟზე, მის ადგილას ყოფნის სურვილი არ უნდა გაუჩნდეს მაყურებელს.
კინო სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თანამედროვეობის სხვადასხვა პრობლემას. სწორედ ერთ-ერთ ასეთ პრობლემას ეხმიანება ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ერთი საათი“ (2020). მასში მოთხრობილია ერთი დღის შესვენების ერთი საათი არაჩვეულებრივი გაგრძელებით. სასადილოდ სამსახურიდან გამოსული პატიოსანი ახალგაზრდა, დიტო გადაეყრება უჩვეულო მეგობარს, ბუთას, რომლის დამსახურებით აღმოჩნდება აფერისტობის, ტყუილისა და მევალეების ქარცეცხლში. ბევრისთვის ნაცნობი სიტუაცია სწრაფი ტემპითა და მსუბუქი იუმორით არის მოყოლილი.
ბუთა დიდი ხნის უნახავ მეგობარს საჭმელად ეპატიჟება და სწორედ აქედან იწყება დიტოს ცხოვრებაში საინტერესო ერთი საათი. მას ჯერ კიდევ არ აქვს წარმოდგენა, რომ ის, დიდ სტრესთან ერთად, ერთ საათში არამცთუ უფულოდ, არამედ უტანსაცმელოდაც დარჩება.
ამ კომედიას არ შეიძლება ეწოდოს რაღაც უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ კარგია საყურებლად და სახალისოდ. თემა, პრინციპში, ბანალურია, თითქმის ყველასთვის ნაცნობი და არაფერი განსხვავებულია, თუმცა ბევრად ორიგინალურადაა აღწერილი სიტუაცია, ვიდრე მსგავს ფილმებში. თაღლითობის ამბები არამხოლოდ ქართული კინოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც კარგადაა დამუშავებული, თუმცა რეჟისორი თანამედროვე სახით აღწერს ამ პრობლებას, რაც ფილმს აახლოებს მაყურებელთან – იგი თითქოს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს უყურებს ეკრანიდან. ავტორი ცდილობს, დაეხმაროს ადამიანს, გააცნობიეროს ჭეშმარიტი რეალობა და დაუბრუნოს მას დაკარგული გრძნობები.
რეჟისორი ყოველთვის არ არის ვალდებული დასვას კითხვები ან გასცეს პასუხები. ზოგჯერ ის აქტუალურია მხოლოდ იმიტომ, რომ ახერხებს დროის ადეკვატურ ინტონაციას, მანერის ან სტილის შექმნას. დროს სჭირდება ადეკვატური ენა. თავიდანვე კარგი დინამიკაა აღებული, სიუჟეტი არ არის მოსაწყენი. კინოკამერა, როგორც თანამედროვე ცხოვრების რიტმი, აჩქარებით მიყვება პერსონაჟთა თავგადასავალს. ფილმის პირველი კადრებიდან მაყურებელი მაშინვე ხვდება, რომ ის თაღლითობის მოწმეა.
ვახო ჩაჩანიძის გმირი (ბუთა) გამოირჩევა საზრიანობით, აქვს გარკვეული ქარიზმა და თვითგადარჩენის ინსტინქტი. იგი იმდენად გაწაფულია თაღლითურ ამბებში, რომ ფილმში განვითარებული მოვლენები მისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ის ყველაფრისთვის მზადაა, თან დააქვს საღეჭი რეზინი სტრესის მოსახსნელად, ყველაფერთან ერთად, ირონიულიცაა, მეგობარს რეზინის გადაგდებაზე შენიშვნას აძლევს: „მეორედ არ გააკეთო ეგ, თორემ ჩიტები კენკავენ, კვდებიან და მერე უამრავი უბედურება ხდება“. მსახიობი იმდენად ბუნებრივად აცოცხლებს პერსონაჟს, რომ შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს იმ პრობლემას აშუქებს, რაც მას თუ არა მის ახლო წრეს მაინც გადახდა. ის რეალურად კარგი მსახიობია, მის თამაშში ეჭვიც არ გეპარება. მისგან განსხვავებით დიტოს როლის შემსრულებელი (ნოდარ ნოზაძე) მასავით თამამი არ არის და მაყურებლისათვის ადვილი შესამჩნევია მისი დაბნეულობა.
მევალეების როლებშიც კარგად ნაცნობი სახეებია: მიშა გომიაშვილი, ეკა მჟავანაძე, გიგი დედალამაზიშვილი, გია გაბრიჭიძე.. მიშა გომიაშვილის ხელწერა პატარა ეპიზოდიდანაც დასამახსოვრებელი და თვალშისაცემია. ის არამხოლოდ ბუთას მევალეა, არამედ მასში თავმოყრილია ყველა მევალის განზოგადებული სახე.
სოციალური პრობლემის წარმოდგენა კინოში ყოველთვის არ არის ერთმნიშვნელოვანი. კინორეჟისორებს აქვთ უფლება, ჩამოაყალიბონ საკუთარი აზრი და მათ არჩევანს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს აუდიტორიის აღქმაზე. მაგ., ფილმებმა, რომლებიც აგრძელებენ სტერეოტიპებს ან აჩვენებენ კონკრეტული ჯგუფის ერთგანზომილებიან წარმოდგენას, შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიონ მაყურებლის შეხედულებაზე. მეორე მხრივ, ფილმებს, რომლებიც წარმოადგენენ უფრო დახვეწილსა და კომპლექსურ ხედვას კონკრეტული საკითხზე, შეუძლიათ გამოიწვიონ ამ საკითხის უფრო ღრმა გაგება და შეფასება. ამ მოკლეტრაჟიანი ნამუშევრით რეჟისორმა შეძლო ეჩვენებინა, თუ როგორი არ უნდა იყო სინამდვილეში ადამიანი. ორი უკიდურესობიდან, ერთი მხრივ, დიტო, რომელიც ზედმეტად პატიოსანია, საკუთარ მაისურსაც ვერ ართმევს აფერისტ მეგობარს და, მეორე მხრივ, ყველაფერზე წამსვლელი თაღლითი ბუთა. ფილმი არ არის შექმნილი მისაბაძი ადამიანების საჩვენებლად, მასში ასახულია რეალობა, რომ დადებითთან ერთად არსებობს უარყოფითი გამოცდილებებიც, რასაც მსუბუქად გვაწვდის ფილმის შემოქმედებით ჯგუფი.
ფილმი გადაღებულია ნათელ ფერებში, რაც იწვევს სიხარულისა და ოპტიმიზმის განცდას. მაყურებელი დადებითად აღიქვამს მოვლენებსა და პერსონაჟებს. საინტერესოდ არის გადწყვეტილი განათება და ხმა კონკრეტული განწყობისა და ზოგადი ატმოსფეროს შესაქმნელად.
ფილმის თავდაპირველი სათაური უნდა ყოფილიყო „შესვენება“. ალბათ, მისი დატოვება საბოლოო ვერსიად აჯობებდა, ვინაიდან უფრო მრავლისმთქმელი და საინტერესო იქნებოდა, ვიდრე „ერთი საათი“.
გიორგი თავართქილაძის კინოსურათი არის იმ რეალობაზე, რომელიც ბევრი ადამიანის ყოველდღიურობაა, თუმცა ამაზე არც არავინ ფიქრობს, რეჟისორი კი გვაიძულებს ამ საკითხზე სერიოზულად დავფიქრდეთ, იუმორისა და მსუბუქი დიალოგების მეშვეობით.
თეონა ვეკუა