აფხაზეთიდან წყალტუბოში მიმავალო ქარო…

აფხაზეთი საქართველოს უახლესი ისტორიის, ალბათ, ყველაზე ტრაგიკული და დღემდე მოუგვარებელი ნაწილია, პრობლემაა, უშუალოდაც და შედეგებით. სოციალური თუ პოლიტიკური ასპექტის პარალელურად, სწორედ აქედან გამომდინარე, ქართულ ხელოვნებაშიც, დღემდე ერთ-ერთი მთავარ და თანადროულ თემად რჩება. აფხაზეთის პრობლემით, დაკარგული ტერიტორიებითა და, ზოგადად, და მასთან სხვადასხვა გზით დაკავშირებული ადამიანების ხვედრით ახალგაზრდებიც (თაობა, რომელიც ომს აფხაზეთში უშუალოდ არ მოესწრო) ინტერესდებიან – კინოშიც, თეატრშიც, ლიტერატურაშიც, მუსიკაშიც, სახვით ხელოვნებაშიც.

ასეთი შემთხვევაა გიორგი ვარსიმაშვილის (იგია – მონტაჟის რეჟისორიც, კლაუდიო იუგთან ერთად, პროდიუსერიც – პიერ ჟესტაზთან ერთად და ოპერატორიც) და ჟან ნუშის (მათივე იდეითა და სცენარით) დოკუმენტური ფილმი, „სასტუმრო „მეტალურგი“ (საქართველო-საფრანგეთი, 2023).

მოქმედება ფილმში ჩვენს დღეებში, წყალტუბოში, ყოფილი სასტუმრო „მეტალურგის“ შენობაში ხდება. იქ, სადაც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ (ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, როდესაც გადაღებები მიმდინარეობდა) აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ და რომელიც 30 წლის განმავლობაში მათ ერთადერთ სახლად და „მიწად“ იყო ქცეული, ნამდვილის ნაცვლად. და რომელიც თვალსა და ხელსშუა ნელ-ნელა იცლება. და დაიცლება ბოლომდე, სანამ უკანასკნელი ბინადარიც არ გაიხურავს, კუთვნილი კუთხის (საცხოვრებლად არც ისე გამოსადეგი, არაკომფორტული, მოუწყობელი – დროებითის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს) კარს. ამჟამად, ალბათ, ეს ბოლო კარიც უკვე დაკეტილია.

ფილმი „სასტუმრო „მეტალურგი“, ისევე, როგორც თავად სასტუმრო „მეტალურგი“ –  საქართველოს ისტორიის რამდენიმე ფრაგმენტს აერთიანებს და ხანგრძლივი, სხვადასხვა ნაწილად დაშლილი დროის მეტაფორად წარმოსდგება. ასახიერებს საბჭოთა ეპოქას და დროის ხსოვნას, როდესაც, იმდროინდელი ვითარების მიხედვით, არსებობდა უწყებრივი სანატორიუმები თუ სასტუმროები, რომლებშიც მშრომელები კუთვნილი საგზურებით ისვენებდნენ და ჯანმრთელობასაც იუმჯობესებდნენ, ახალი შრომითი წარმატებების მისაღწევად.

სასტუმროს შენობა სტალინური ეპოქის – იმპერიის ტიპური არქიტექტურის ნიმუშია, ფაქტობრივად, სასახლესავით ნაგებობა – ფსევდოანტიკური სვეტებით, კოლონებით, დიდი ვესტიბულით, გარშემოსავლელი წრიული, რიკულებიანი აივნით, რატომღაც შემორჩენილი ბროლის ჭაღით დამშვენებული. სიმდიდრისა და კომუნისტური ფუფუნების ნაშთი, უპატრონობითა და მოუვლელობით, პოსტსაბჭოთა ეპოქაში განადგურებული, თითქოს საცხოვრებლად გამოუსადეგი ტერიტორია, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, რომელიც მათ ერთადერთ თავშესაფრად იქცა.

ახალ დროებას კი, კვლავ ახალი ცვლილებები მოსდევს, როდესაც ვიღაც ინვესტორი, არავინ იცის, რის ხარჯზე და რა ფასად – ძველი სასტუმროს ახალ სასტუმროდ ქცევის სურვილითა და, შესაბამისი გამომდინარე შედეგებით, სანაცვლოდ ახალ საცხოვრებელს სთავაზობს და უკვე დამკვიდრებული და შეგუებული საცხოვრებლიდან, კვლავ იძულებით გადაადგილებულ პირებად აქცევს.

სასტუმრო „მეტალურგი“ ამ ყველაფრის მხატვრული სახე და ბოლო პერიოდის ქართული კინოს ერთ-ერთ გამორჩეული ნიმუშია, რამდენიმე ნიშნით. ყველაფერი კი, უპირველესად, გამომდინარეობს ავტორების მოქალაქეობრივი პოზიციიდან, არაგულგრილი დამოკიდებულებიდან ქვეყნის, სამყაროს, ადამიანების მდგომარეობისა და ბედის მიმართ.

ფილმის უმთავრესი ღირსება სწორედ ის პრობლემატიკა და საკითხის კვლევაა, რომელიც საქართველოსთვის და სხვა დანარჩენი სამყაროსთვის არსებითი და ერთ-ერთი უმთავრესია – რეალობა – მოქცეული და გამოხატული ბუნებრივ სივრცეში, რომელიც გადამღებმა (მცირერიცხოვანმა) ჯგუფმა მოულოდნელ ადგილას აღმოაჩინა.

„სასტუმრო „მეტალურგს“ წარმატებული სადისტრიბუციო და საფესტივალო ცხოვრებაც აქვს – იგი უჩვენეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ნეპალში და ბევრგან სხვაგან. ის იყო კინოგაქირავებაშიც – საქართველოში, ბრიტანეთსა და საფრანგეთში. მისი თემატიკის, მასში წამოჭრილი პრობლემებისა და საკითხების გარშემო, სხვადასხვა ფოკუს-ჯგუფთან, გაიმართა და იმართება განხილვები, პროფესიონალებისა და უშუალოდ „მთავარი გმირების“, ბედის თანაზიართა ჩართულობით; საზოგადოების არაინფორმირებული ნაწილი კი იღებს ინფორმაციას იმაზე, რისი არსებობაც არ იცოდა და რაც ყურადღების მიღმა შემთხვევით თუ განზრახ დარჩა.

გამორჩეულობის კიდევ ერთი ნიშანი – ჩანაფიქრის, მიზნის, ამოცანის მხატვრულ ფორმაში გადატანაა, ამბის არაბანალური თხრობა, არატრაფარეტული და არაპლაკატური, არატირაჟირებული ხერხებით (რისი საშიშროებაც არსებობდა თემის აქტუალობიდან და სიმწვავიდან გამომდინარე).

შენობას, რომელიც ნელ-ნელა აფხაზეთივით იცლება (ცხადია, არა ისე ტრაგიკულად, როგორც აფხაზეთი, მაგრამ მსგავსად), ბუნებრივ და შეულამაზებელ „დეკორაციას“, გარემოს, რეჟისორები მეტყველ მეტაფორად აქცევენ – საზოგადოების ყოფის, წარსულის, აწმყოსა და მომავლისაც. იყენებენ ნაწილობრივ დადგმულ, თუმცა, დოკუმენტურ და დოკუმენტური სიზუსტით, უშუალობით აღნიშნულ კადრებს, რომლებშიც პერსონაჟები თავიანთ ამბებს ყვებიან. ან კადრებს, როდესაც კამერა მხოლოდ „დამკვირვებელია“. და ცხოვრებას თავისი ხელშეუხებელი დინება აქვს.

აჩვენებენ ეპიზოდებს – ყოფილი პანსიონატისა და, ამჯერად, დევნილთა თავშესაფრის ცხოვრებიდან და კიდევ უფრო ნეიტრალურს – როდესაც შენობაში (რატომღაც ტრადიციადქცეულ ადგილზე) ახალდაქორწინებული წყვილები სამახსოვრო, ვიდეოსა და ფოტოების გადასაღებად მიდიან. და „მეტალურგის“ ბინადრების ყოფის პარალელურად, მის კედლებს მიღმა მიმდინარე ცხოვრების არსებობას ადასტურებენ.

ასეთი შეჭრების დროს, მიმსვლელებს არ აინტერესებთ, თითქოს, ვერც ამჩნევენ, ვინ ხვდებათ იქ; არც იმას, რომ ვიღაც საერთოდ ხვდებათ და რომ აქ ადამიანები ცხოვრობენ. რომ, ოდესღაც საერთო სასტუმროს შენობა – ვიღაცის სახლია და მის ზღურბლზე გადასვლა, სხვისი ტერიტორიის, სხვისი სივრცის დარღვევას ნიშნავს. კამერაც მათ შორიდან, ნეიტრალური წერტილიდან იღებს და შემდეგ აღარსად მიჰყვება.

აქ კი მათ ხვდებიან სხვადასხვა ასაკის ქალები და ბავშვები. რვა ოჯახი, თუმცა, არც ერთი ეს ოჯახი არაა სრული – ვიღაც ქვრივია, ვიღაცის ქმარს სხვა ოჯახი აქვს, თანაც ემიგრაციაში. ან მარტოხელა ქალები არიან. უქმრო და უშვილო. სხვადასხვა ხასიათის, სურვილების, ცხოვრების წესის – თავიანთი აწმყოთი, წარსულით, მოგონებებითა და ყველა – ერთნაირი სოციალური მდგომარეობითა და ცხოვრების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებით. და ყველა, რა თქმა უნდა, სახლში დაბრუნებაზე ოცნებობს. ამ ყველაფერს მათი მონაყოლიდან, ერთმანეთთან საუბრიდან და აფხაზეთში, ძველ მეგობართან, სატელეფონო საუბრიდან ვიგებთ. და კიდევ ვიზუალური მასალიდან, საავტორო კომენტარის გარეშე.

ფილმი ამ ადამიანების ყოველდღიურობას აჩვენებს, რომლის ერთფეროვან მსვლელობასა და ერთგვარობას – თუმცა, უკვე დამკვიდრებულსა და გათავისებულს – გადასახლების ახალი ეტაპი არღვევს. თუნდაც უკეთეს პირობებში, საკუთარ კედლებში, საკუთარი „ჩაკეტილობით“, საკუთარ ბინებში. გადასახლება იქიდან, სადაც ზოგმა 30 წელი, ზოგმა ნაკლები, თუმცა მთელი ცხოვრება გაატარა. თუმცა, როგორი ამაღელვებელიც უნდა იყოს მორიგი „დევნილობა“ – ახალი ადგილები ახალ პირობებს უმზადებენ და ვინ იცის, იქნებ კიდევ ერთ და უფრო ბედნიერ ცხოვრებასაც.

„სასტუმრო „მეტალურგი“ არა მხოლოდ აფხაზეთის ომისა და ტრაგედიის შეხსენებაა თანამედროვე საზოგადოებისთვის, არამედ იმ ომებისაც, რომლებიც დღეს მიმდინარეობს უკრაინასა თუ ისრაელში. იმის შეხსენებაც, თუ, ზოგადად, რას ნიშნავს ომი. რა კვალს ტოვებს ძალადობა ადამიანებსა და ქვეყნებზე, როგორ აისახება მათ არსებობაზე და რად იქცევა ხოლმე ომის პერიოდისა და ომისშემდგომი ცხოვრება.

ყოველდღიური ცხოვრება და ახალი ცხოვრების – ახალ სივრცეში გადასახლების მოლოდინში და გადაადგილების პროცესში კი, შემდეგი „ახალი“ ცხოვრება იწყება. იმის იმედით, რომ კიდევ შემდეგი და „ახალი“ ადგილი – სოხუმი, ოჩამჩირე, გაგრა, გუდაუთა, განთიადი, ბიჭვინთა, გულრიფში, ლიძავა, კინდღი თუ ათონი იქნება. და ჩვენი ყველას საერთო ოცნებითა და იმედით რომ შევხვდებით აფხაზეთში.

და მართლაც შესაძლებელია, ერთ დღესაც, ამ მოზარდებიდან რომელიმემ (რომლებიც ხან ეზოში თამაშობენ, ხან სასტუმროს დერეფნებში, ხან დედებს ეხმარებიან და ხანაც ახალდაქორწინებულების სტუმრობას ზემოდან ინტერესითა და მხიარულად უთვალთვალებენ), ან ვიღაც სხვამ, ვინც ფილმში არ ჩანს, მაგრამ აფხაზეთიდანაა, ან ენგურსგაღმა ცხოვრობს – სამახსოვრო ფოტო ქორწინების დღეს, სოხუმში, აფხაზური თეატრისა თუ სასტუმრო „აფხაზეთის“ წინ, გაგრაში – კოლონადებთან ან სასტუმრო „გაგრიფშის“ კიბეებზე, ან რიწის ტბის პირას, ან ბიჭვინთაში, ზღვის სანაპიროზე, „მედეასა“ თუ „ზღვის“ ქანდაკებებთან გადაიღოს. ქართველმა და ქართველმა. ქართველმა და აფხაზმა. აფხაზმა და აფხაზმა. ქართველი და აფხაზი მეჯვარეებისა და სტუმრების, ქართველი და აფხაზი ბავშვების ყურადღებიანი და ცოცხალი მზერის გარემოცვაში.

ლელა ოჩიაური

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *