თავისუფლება რთულად მოსაპოვებელი მდგომარეობაა. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ამ მდგომარეობაში ყოფნას ცდილობენ. მათ ეს ხან გამოსდით, ხან არა. ხშირად სახელმწიფო წყობა პიროვნებებს რთულ სიტუაციაში არსებობას აიძულებს.
საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ და ეგონათ, რომ ყველაფერი, რაც ევროპიდან მოდიოდა, ცუდი და მიუღებელი იყო. სახელმწიფო თვალს უხვევდა ადამიანებს. ისინი სიცოცხლეს აგრძელებდნენ ქვეყანაში, სადაც სახარება და თავისუფალი ქვეყნის მუსიკა აკრძალული იყო, ლოცულობდნენ ჩუმად, კიბის ქვეშ ან ოთახის კუთხეში.
რეზო გიგინეიშვილის ფილმი, „მძევლები“ (2017) არაფრისმომცემი პროდუქტია. ის გადამღერებაა იმ თემისა, რომელიც არაერთგზის გაიმეორეს ხან თეატრში და ხან წიგნად გამოიცა. ამ კინოსურათმა არაფერი სიახლე არ მოუტანა საზოგადოებას, არაფერი მისცა მაყურებელს ისეთი, რაც აქამდე ან მოსმენილი, ან წაკითხული არ ჰქონდა. თავიდან აუდიტორიამ შეიძლება იფიქროს, რომ „მძევლები“ დათო ტურაშვილის წიგნის „ჯინსების თაობის“ ეკრანიზაციაა, მაგრამ, რეალურად, ეს ასე არ არის. სიუჟეტური ქარგა სცდება წიგნს ან სულაც მისი დამახინჯებული ვერსიაა.
კინოსურათი მთლიანად გახმაურებულ ამბავზეა აგებული და რეჟისორის არცერთ ინტერპრეტაციას არ მოიაზრებს. არ ჩანს რეზო გიგინეიშვილის ინდივიდუალიზმი. ტიტრებში მიწერილი რეჟისორი რომ არ წაიკითხო, ვერც კი მიხვდები, ვის ეკუთვნის ფილმი. თითქმის არაფერზეა ნაფიქრი – არც თხრობაზე, არც მსახიობების ჩაცმულობაზე. მანიმ პერიოდის მწვერვალზე მყოფი მსახიობები ერთად შეკრიბა და სცადა მათ ხარჯზე ნორმალური კინოსურათი შეექმნა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეს მსახიობების კი არა, არამედ მისი არათანმიმდევრული თხრობის ბრალია.
ფილმი, ფაქტობრივად, პირველ 50 წუთში დასრულდა, დანარჩენი კადრები ქრონომეტრაჟის გაწელვას უფრო ემსახურება და არანაირი ღირებულება არ აქვს. სასამართლო პროცესიც კი სწრაფად, არაპროფესიონალურად არის გადაღებული. მოქმედებები შეკვეცილია და ჩნდება შეგრძნება, რომ ყველაფერი, ქორწილიდან დაწყებული, ქალის ციხიდან გათავისუფლებით დამთავრებული, მაქსიმუმ სამ დღეში მოხდა და სულაც არ მოიაზრებს დიდ პერიოდს. თხრობის ტემპი ზედმეტად აჩქარებულია და ეს ყოველივე სცენარისტის დაუფიქრებლობაზე მიუთითებს. არავინ იცის, რეჟისორს რისი თქმა სურდა ამ ფილმით, მაგრამ ნათელია, რომ ვერც ვერაფერი თქვა.
ყველა კარგად უწყის, როგორ ცხოვრობდა ხალხი საბჭოთა კავშირის დროს, რა პრობლემები ჰქონდა, რა უხაროდა. საჭირო არ იყო ამ თემის კიდევ ერთხელ გამეორება. ან თუ უნდოდა უკან, წარსულში დაბრუნება ეცადა მაინც, რეჟისორს შეეძლო უკეთესი პროდუქტი შეექმნა.
ახლა არავინ დაიწყებს კამათს იმაზე, ტერორისტები იყვნენ „თვითმფრინავის ბიჭები“ თუ გმირები. საზოგადოებას როგორც უნდა, ისე აღიქვამს მათ. უკან რომ დავბრუნდეთ, შესაძლოა, მათი ცხოვრება რამდენიმე ჭრილშიც კი განვიხილოთ. „თვითმფრინავის ბიჭები“ ნორმალური ცხოვრებისთვის გაიქცნენ. მათ ეგონათ, რომ მარწუხებისგან თავის დაღწევას შეძლებდნენ, მშვიდად იცურავებდნენ ზღვაში, არავინ დაუშლიდა „ბითლზის“ მოსმენას და არც ჯინსების ან უკეთესი ტანსაცმლის ჩაცმის გამო დაჭრიდნენ ქუჩაში. ისინი იზრდებოდნენ და აღარ შეეძლოთ ყოველ წამს იმის მოსმენა, თუ რა ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. არავის არ ჰქონდა ამოსუნთქვის საშუალება. გარბოდნენ არა იმიტომ, რომ მშობლებთან ცხოვრება არ უნდოდათ, არამედ საბჭოთა კავშირი აღარ სჭირდებოდათ და მხოლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ სხვას აღარ ეცადა იგივეს გაკეთება. ისინი სხვების ჭკუის სასწავლებლად დახვრიტეს და სასამართლო პროცესზე ადამიანებს აიძულეს ეთქვათ ის, რისი მოსმენაც მაშინ სახელმწიფოს უნდოდა.
იმისათვის, რომ ფილმი რამით მაინც გახადოს ღირებული, რეჟისორი ცდილობს მისი სიმბოლოებით დატვირთვას.მაგალითად, მტრედი, იარაღი, თვითმფრინავი. მტრედი, როგორც მშვიდობის სიმბოლო. მაგრამ, სამწუხაროდ, სიმშვიდე და თავისუფლება ის ორი სიტყვა იყო, რომლებიც იმ პერიოდში არ არსებობდა და იმედია, უკან არასოდეს მოუწევს მაყურებელს დაბრუნება.
სად იწყება ფილმი? თვითმფრინავის გატაცების დაგეგმვიდან და მთავრდება მაშინ, როცა თვითმფრინავი ისევ თბილისში ეშვება. საინტერესოა, მართლა ცუდი ამინდი იყო ბათუმში თუ სპეციალურად შეაცვლევინეს დანიშნულების ადგილი პილოტს? რატომ ემსგავსებიან ისინი ტერორისტებს? დაუფიქრებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. უნდა გაჩერებულიყვნენ მაშინ, როცა მიხვდნენ, რომ თბილისში ბრუნდებოდნენ. არასწორმა გადაწყვეტილებებმა ის მძიმე შედეგები მოიტანა, რომელიც შავი ლაქასავით შემორჩა ისტორიას.
მაყურებელმა, შესაძლოა, იტიროს არა იმიტომ, რომ ფილმი კარგია, არამედ მას ის პერიოდი სტკივა, რომელშიც ცხოვრობდა. იმ პერიოდის ადამიანები თავს იტყუებდნენ. ნაწილი ფიქრობდა, რომ კარგ გარემოში ცხოვრობდა. მაშინ ნორმად მიაჩნდათ, როცა ხალხს განურჩევლად იჭერდნენ, ერთმანეთს ასმენდნენ და ზოგიერთი მათგანი, თანამდებობის გამო, ზემოდან უყურებდა სხვებს. დრო გავიდა, ხელისუფლება კი შეიცვალა, მაგრამ ახლაც, XXI საუკუნეშიც კი შემორჩნენ თანამდებობის ისეთი პირები, რომლებსაც ჩვეულებრივად ვერ დაელაპარაკები, ვერ დაჯდები მათთან და დისკუსიას ვერ გამართავ.
ეს სიტუაცია ჰგავს მარკო ფერერის ფილმს, „აუდიენცია“, რომელიც არა არსებული რეალობიდან გაქცევაზე, არამედ ცხოვრებისეული აზრის ძიებაზეა. მისი მთავარი გმირი, ამედეო, შვებულებაში მყოფი ოფიცერი, მიდის რომში, რათა შეძლოს რომის პაპთან საუბარი. ის ამბობს, რომ მას აქვს რაღაც სათქმელი მისთვის და ამას სხვა ვერავინ ეტყვის. კაცს ნებისმიერ ფასად სურს, რომ პაპმა პირად აუდიენციაზე მიიღოს. ასე იწყება პროცესი ვატიკანის ბიუროკრატიაში, რომელიც ამედეოს სხვადასხვა პერსონაჟთან და პარადოქსულ სიტუაციებთან აკავშირებს. კომუნიკაციის ნაკლებობა ყველა დროის მთავარი პრობლემაა. საინტერესოა, რა მოხდებოდა ამედეო რომის პაპთან რომ შეეშვათ, იქნებ მართლა რა ჰქონდა სათქმელი. რა იქნებოდა მაშინ, იმ პერიოდის თანამდებობის პირი „თვითმფრინავის ბიჭებს“ რომ დალაპარაკებოდა და შტურმით არ აეღოთ თვითმფრინავი, იქნებ კომუნიკაციას დადებითი შედეგები მოეტანა.
ფილმის სათაურს ორი მნიშვნელობა აქვს. საინტერესოა, რეჟისორმა მძევლებში ვინ მოიაზრა – ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავში იმყოფებოდნენ თუ პიროვნებები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ბორკილების ქვეშ ცხოვრობდნენ? მათი სიცოცხლე ჰგავდა ტყვეობას და იმ პერიოდს ციხისაგან მხოლოდ ის განასხვავებდა, რომ გარეთ სეირნობა უფრო დიდი ხნით შეეძლოთ.
„მძევლები“ აქტუალურ თემაზე გადაღებული პოპულისტური ფილმია. რეჟისორმა კარგად იცოდა ის, თუ რა გამოხმაურებები მოჰყვებოდა კინოსურათს. მან არც კი სცადა რაიმე ახალი გადაეღო. უბრალოდ, აიღო გარკვეული თემა და არც თუ ისე კარგად გააციფრულა. მას ბევრი არ უფიქრია კადრების წყობაზე, არც მუსიკალურ გაფორმებაზე, არც იდეაზე. ყველაფერი ისე დატოვა როგორც იყო. არც 2017 წელი არ უნდა ეწეროს გვერდით აღნიშნულ კინოსურათს. იგი საბჭოთა კავშირის დროინდელ ფილმებს უტოლდება.
ბარბარე კალაიჯიშვილი