თხრობა დროსა და სივრცეში

ღამეა. რამო და მახო სარკინიგზო რელსს იპარავენ, ჩქარობენ…შალვა სოყურაშვილის კინოკამერა ნერვიულად მიყვება მათ მოძრაობას. ეს კამერა ფილმის ერთ-ერთი მოქმედი გმირია, რომელიც ხან სხვა პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას გადმოსცემს, ხან ობიექტური მთხრობელია და ხანაც გაირინდება ხოლმე და გაიძულებს, რომ შენც აღმოაჩინო ახალი დეტალები თითქოს უკვე ნაცნობ გამოსახულებაში, ჩაიძირო მასში.
რეჟისორმა გიგა ლიკლიკაძემ მხატვრული ფილმი „ღორი“ 2019 წელს გადაიღო. იგი თავადაა სცენარის ავტორი. მას ეს კარგად გამოსდის. 2017 წელს მისი სცენარით გადაღებულმა ფილმმა „სამი საფეხური“ (რეჟისორი სოსო ბლიაძე) ლატვიაში, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე აიღო პრიზი საუკეთესო სცენარისთვის.
„ღორის“ სიუჟეტიც კლასიკური დრამატურგიის კანონებს მიუყვება: ამბავი თავისი შესავლით, კვანძის შეკვრით, განვითარებით, ფინალით; პროტაგონისტი, ორი ანტაგონისტი, რომელიც ერთ მთლიანობად შეიძლება გავიხილოთ და სულ რამდენიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი.
ბაჩანა (ბაბუ ხუციშვილი) ფიზიკური შესაძლებლობების გამო ჯარისთვის უვარგისად ცნეს და იმედგაცრუებული სახლში, სოფელში ბრუნდება. გზად ავტობუსი გაფუჭდება და მძღოლი მგზავრებს ჩამოსვამს, რათა მასთან ერთად ავტობუსის ჩამოვარდნილი დეტალი მოძებნონ. ბაჩანა, ყველა მგზავრივით, დაკარგული დეტალის მოსაძებნად იმ გზაზე კი არ მიდის, სადაც უკვე გაიარეს, არამედ წინ, სადაც ჯერ არ გაუვლიათ, რითაც, ფიზიკურთან ერთად, მის გონებრივ შესაძლებლობებშიც გვეპარება ეჭვი.
დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ბაჩანა რელსების ქურდების მოუვლელ ბაღში, მაყვლის ბუჩქში გაებმება, სადაც იპოვიან კიდეც ბაღის პატრონები. რამო და მახო (ნიკა გოზალოვი, თემო გოგინავა) ხვდებიან, რომ შეიძლება რაღაცას გამორჩნენ ბიჭისგან, რომელსაც თავის დაცვა არ შეუძლია, შარს მოსდებენ, ვითომ ბაჩანამ მათი დაკარგული ტელეფონი იპოვა და მიითვისა და დაატყვევებენ მას. 300 ლარი – ეს ის თანხაა, რომელიც გამოსასყიდის სახით შესთავაზეს ბაჩანას მშობლებს და ბიჭი ღორივით დააბეს ჯაჭვით. ახლა მხოლოდ ლოდინია საჭირო. ამ ლოდინში ისინი რაღაც ნარკოტიკებს ხარშავენ და ბრუვდებიან. ასე გაურბიან პრობლემებს: პირობით სასჯელს, ვალებს, სიღარიბეს, ყველაფერს… კიდევ, მახოს ორი პრინციპი აქვს: არ შეიძლება ვინმეს წყალზე უარი უთხრა და პურის გადაგდება არ შეიძლება. ამიტომ წყალს უპირობოდ სთავაზობენ ტყვეს. მერე საჭმელსაც სთავაზობენ და მერე სხვასაც. . .
ფილმის პერსონაჟები ქალაქის გარეუბნიდან სოფელში შემოხეტებულებს გვანან. ვერ გაიგებ, სადაურები არიან, ვინ არიან ერთმანეთის – მეგობრები? ნათესავები? იქნებ ძმები? ვიცით, რომ ერთად გაზრდილები არიან. „გახსოვს, რომ გიტყაპუნებდი ბავშვობაში?“ – ეუბნება მახო რამოს. ახლაც უფროსი ძმასავით იქცევა მასთან. რატომღაც ერთს დასავლური აქცენტი შეეპარება ხოლმე ლაპარაკში, მეორეს არა.
გმირების ლექსიკა ხომ ცალკე მსჯელობის საგანია. ეკრანიდან ბილწსიტყვაობის დაუსრულებელი ნიაღვარი მოედინება. პერსონაჟები უხამს ლექსიკას იყენებენ არა მხოლოდ ძლიერი ემოციის, შფოთვის ან აგრესიის დროს, არამედ ჩვეულებრივ საუბარშიც.
გინებისა და ბილწსიტყვაობის ფსიქოლოგიურ ასპექტებს XIX საუკუნის ფრანგი ნევროლოგი, ჟილ დე ლა ტურეტი იკვლევდა. სწორედ ტურეტის სინდრომი ეწოდება ქრონიკულ დაავადებას, როცა ადამიანი უხამს გამონათქვამებს წამოიძახებს უეცრად, უმიზეზოდ, ხშირად და აკვიატებულად ან აქვს უნებლიე უხამსი ჟესტები და მოძრაობები, სხვადასხვა ტიკები. ზოგჯერ ის თავისდაუნებურად იმეორებს სხვათა ხმებს და მოძრაობებს.
მსგავსი არაფერი სჭირთ ფილმის გმირებს. ისინი სრულიად ჯანმრთელი ადამიანები არიან და მათ ბილწსიტყვაობას სულ სხვა საფუძველი აქვს. ისინი ასე აზროვნებენ, ასეთი ლექსიკური მარაგი აქვთ. თითქოს ზოგჯერ აგემოვნებენ კიდეც გამოთქმებს, შინაარსს უკვირდებიან. მათი გინება უფრო დაგროვილი, დესტრუქციული ენერგიის გამოვლინებაა მეტყველებაში, იმ ენერგიისა, რომელსაც არ მიეცა რეალიზების საშუალება. მაგალითად, მათი არარეალიზებული სექსუალური ენერგიისა, რომელიც ამ ფორმით ვლინდება, თუმცა, როცა შანსი მიეცემათ, რომ ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდნენ, უკან იხევენ და სხვას აძლევენ ამის საშუალებას. ზოგმა კრიტიკოსმა ამ პერსონაჟების ურთიერთობაში ჰომოეროტიკული ნიშნები დაინახა. ვფიქრობ, ფილმში მათი შინაგანი იმპოტენცია უფრო ჩანს. მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, დანაშაულის ჩადენაც კი. მხოლოდ გინება გამოსდით. თუმცა, შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს გინების სიტყვებიც დასწავლილია (ვიღაც იქცევა ასე და მეც უნდა მოვიქცე). როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თუ ბავშვი იგინება, ეს ყურადღების მიქცევის ფორმაა. ფილმის პერსონაჟები ავლენენ კიდეც გარკვეულ ინფანტილიზმს – მათი მაგარი ბიჭობა იქ მთავრდება, როდესაც ბებია ვარდიკო დარეკავს და ჩამოსვლის შესახებ ამცნობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, სიტყვიერი აგრესია და უხამსობა, როგორც მისი გამოვლინება, სოციალური არაკეთილდღეობის ერთ-ერთი ნიშანია. ასე ცხოვრობენ კიდეც ფილმის პერსონაჟები. მეტიც, მათ იმის მოვლისა და შენახვის თავიც არ აქვთ, რაც წინაპრებმა დაუტოვეს. ყველაფერი ინგრევა, იშლება, ლპება და მათ კი არც არაფრის კეთება იციან და არც აქვთ ამის სურვილი. მამა-პაპისეული სახლი მათ საღორედ აქციეს და ცხოვრობენ კიდეც ღორებივით.
ღორებთან თავისი დამოკიდებულება აქვს მთავარ გმირსაც. მისი ბავშვობის ერთ-ერთი მოგონება სწორედ იმას უკავშირდება, თუ როგორ დასდევდა და აწვალებდა პატარა ბაჩანა ღორს. სიზმარში გაცოცხლებული ეს მოგონება ძველი ვიდეოს მსგავსი ხარვეზებიანი, მოყვარულის ხელით გადაღებული გამოსახულებით გვიჩვენა ავტორმა. ახლა ასეთივე ღორმა უნდა იხსნას ბაჩანა ტყვეობიდან, რადგანაც მის მშობლებს ფული არ აქვთ, სანამ სახლში გამოზრდილ ღორს არ გაყიდიან კვირას, ბაზრობაზე ან, თუ გამომძალველები დათანხმდებიან, პირდაპირ ღორში გაცვლიან საკუთარ შვილს. ბაჩანა უსიტყვოდ იტანს ყოველივეს. სათქმელიც არაფერი აქვს. იგი აკვირდება ყველაფერს. არც მაშინ უთქვამს არაფერი, როცა მის მშობლებს აგინებდნენ, თუმცა, ერთადერთი, რაზეც აღშფოთდა, დის გინება აღმოჩნდა. როგორც ჩანს, დასთან ურთიერთობაა მისთვის განსაკუთრებული.
ფილმმა კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. ერთი ნაკლი, რომელსაც ერთხმად აღნიშნავენ, სახლში ქალის მოყვანის სცენაა. დრამატურგიულად, ეს სცენა სავსებით გამართლებულია – მთავარი გმირი გადის ახალ გზას, იღებს გამოცდილებას, პირველად მოწევს სიგარეტს, ალბათ, პირველად შეიგინება, პირველად წვება ქალთან. მეც ასე დავწერდი, სცენარში შევიტანდი ქალის სცენას და შევეცდებოდი დამეცვა ჩემი პოზიცია, ოღონდ, როცა რეჟისორი მეტყოდა, რომ ეს სცენა სტილისტურად ამოვარდნილია ფილმის საერთო დინებიდან, დავეთანხმებოდი. აქ კი სცენარისტმა გიგა ლიკლიკაძემ „აჯობა“ რეჟისორ გიგა ლიკლიკაძეს.
ფილმს საფუძვლად რეალური ამბავი უდევსო – ყველა ინტერვიუში ამბობს ავტორი. ვფიქრობ, არც აქვს არსებითი მნიშვნელობა – ასეთი ან დაახლოებით ასეთი ამბავი მოხდა თუ არა. არც ფილმს დაუკარგავს არაფერი დროის გასვლის გამო. ფილმის თხრობა სრულიად დამაჯერებელია, დამაფიქრებელიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მოხდა ან მოხდება ოდესმე. ამდაგვარი დასკვნა კი ფილმის კინემატოგრაფიული თხრობის შედეგად მოდის, რომელსაც საოცრად უხდება პაუზები. პაუზა მოქმედების განვითარებისას ხშირად იმისთვისაა, რომ მაყურებელმა სული მოითქვას, დაფიქრდეს იმაზე, რაც უკვე ნახა წინა სცენებში, გაიმყაროს შთაბეჭდილება. გიგა ლიკლიკაძის პაუზები კი ცალკე თხრობაა, ახალი შთაბეჭდილება და ახალი გასააზრებელი მშვენიერება, რომელსაც, ოპერატორთან ერთად, დამდგმელი მხატვარი, კახა ბერელიძე ქმნის. თითქოს უცნაურია, მაგრამ ზოგი სცენა პერსონაჟთა მონაწილეობით უფრო გაწელილი გეჩვენება, ვიდრე უძრავი პეიზაჟების ხანგრძლივი ხედები. ეს არის კიდეც კინემატოგრაფიული თხრობის მანიშნებელი. პერსონაჟებს, მოვლენებს ხან ახლოდან ვაკვირდებით, ხან დისტანციიდან, დროისა და სივრცის ფონზე და ვხვდებით მათ მნიშვნელობასაც და უმნიშვნელობასაც.
ეს ფილმი ზღაპარივითაა: გმირი გამოვიდა სახლიდან, იარა, იარა, მინდორი გადაიარა, მთა გადაიარა, იხტუნა, ითამაშა, დაიძინა, თხრილები გადალახა, ტყვეობაში აღმოჩნდა, მიიღო გამოცდილება, შეიმეცნა რაღაც, შეიცვალა (უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ, ეს კიდევ საკითხავია) და… სახლში დაბრუნების ნაცვლად კვლავ გზაზე დარჩა. ამჯერად, ვხედავთ, როგორ დატოვა ბაჩანამ ტელეფონი, რომლითაც ოჯახს უნდა დაკავშირებოდა და სადღაც ცემენტის ქარხანასთან წმენდს დიდი საბარგო მანქანების ფარებს. როგორც ჩანს, წინ კიდევ ახალი გამოცდილებაა. 
გიგა ლიკლიკაძე ის რეჟისორია, რომელიც სწორედ მნიშვნელოვან და ძალზე საინტერესო ფილმებს გადაიღებს, თუმცა როგორც მაყურებელი, მხოლოდ ერთს ვისურვებდი, რომ მისი მომავალი ფილმების პერსონაჟები აღარ მეტყველებდნენ მსგავსი ლექსიკით.

ქეთევან პატარაია,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,
კინომცოდნე

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *