ერთი ნახვით შეყვარების ფენომენი, მის მიერ ცხოვრების კალაპოტის სამუდამოდ შეცვლა და ამ სიყვარულის დაკარგვით დაღდასმული ადამიანის ერთფეროვანი, აუტანელი ყოფა – ეს ის თემებია, რომლებიც თავიდანვე მოექცა კინემატოგრაფის ინტერესში, იქამდე კი საუკუნეთა განმავლობაში იპყრობდა მკითხველთა გულებს. რადგან სიყვარული ასეთ კონცეპტუალურ, შეუცვლელ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მკითხველთა თუ მაყურებელთა თვალს უნახავს და გონებაში ჩაუბეჭდავს მრავალფეროვან ამბავთა მთელი კასკადი სახასიათო შეყვარებულ წყვილებზე, რთული ამოცანაა შექმნა სიუჟეტი და პერსონაჟები, რომლებიც მაყურებლის ყურადღებას მიიქცევენ.
ბექა ჭაბიაშვილის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი, „მხოლოდ ერთი“ (2018) ცდილობს ზემოთ ხსენებულ თემებს შეეხოს, თუმცა ვერ ახერხებს ვერც მოცემული სიუჟეტის სიღრმისეულ დრამატურგიულ განვითარებას და ვერც პერსონაჟის სულიერი სამყაროს კინემატოგრაფიულ ასახვას. თხრობის ცენტრში მარტო მცხოვრები ახალგაზრდაა, რომელიც ოთახს აქირავებს და სიუჟეტიც სწორედ ამ ვითარების გარშემოა აგებული. ერთ დღესაც პერსონაჟი ჩვეულებრივი კლიენტის ნაცვლად კარს თავის ნამდვილ, ერთადერთ სიყვარულს უღებს და კვანძიც ამ მომენტში იკვრება, თუმცა მისი სიმყარე თავიდანვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თხრობის ბანალურობისა და მსახიობების ხელოვნურობიდან გამომდინარე.
მიუხედავად ყველაფრისა, პირველივე წუთებში, მთავარი გმირის ქცევა მის ტიპაჟზე ერთგვარ წარმოდგენას ქმნის. მაყურებლისთვის აშკარა ხდება, რომ იგი მარტოსული, „აუთსაიდერი“ ახალგაზრდაა, ადამიანებთან ურთიერთობასა და სიცილს გადაჩვეული. ასეთი პერსონაჟები, ხშირ შემთხვევაში, სწრაფადვე იწვევენ მაყურებლში სიმპათიას, ამიტომ ჭკვიანურია მოკლემეტრაჟიან ფილმში მსგავსი პერსონაჟის მთავარ გმირად გამოყვანა და მისი ხასიათის თავიდანვე გამოჩენა, მაგრამ, სამწუხაროდ, რეჟისორი ვერ იყენებს არსებულ პოტენციალს. შთაბეჭდილება იქმნება, რომ იგი არც ცდილობს მაყურებლის მიპატიჟებას თავისი მთავარი გმირის შინაგანი სამყაროს, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესაცნობად და მთლიანად მინდობილია თხრობის ზედაპირულობასა და მსახიობთა ოსტატობაზე, რაც დამწყებ რეჟისორებში საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა.
მსახიობები რეჟისორის ნდობას მეტწილად ვერ ამართლებენ, რისი მიზეზიც, შესაძლოა, დაუხვეწავი დიალოგებიც იყოს. სამი მსახიობიდან დამაჯერებლობითა და აუთენტურობით არცერთი არ გამოირჩევა, თითქოს მათ თვალებში არა პერსონაჟების ემოციები, არამედ კამერის ანარეკლი მოჩანს. ცხადია, მსახიობთა არაბუნებრიობა უარყოფითად მოქმედებს მაყურებლის მიერ ამბისა და პერსონაჟების აღქმაზე, რადგან ემოციური კავშირის დამყარება შეუძლებელი ხდება, რაც ისედაც რთულია მოკლემეტრაჟიან კინოში. რა თქმა უნდა, არის მომენტები და კომპონენტები, რომელთაც მსახიობები თავს ართმევენ. მაგალითად, მთავარი როლის შემსრულებელი, ვაკო ქართველიშვილი, ახერხებს გადმოსცეს პერსონაჟის სახასიათო მიმიკები და მისი ხასიათის თავისებურება, თუმცა თხუთმეტი წუთის განმავლობაში შეუცვლელი გამომეტყველების ყურება მომაბეზრებელი ხდება და, თავისთავად, არც თხრობის განვითარებას უწყობს ხელს. ეს უკვე არა მსახიობის თამაშის, არამედ დრამატურგიის პრობლემაა, რადგან სცენარისტმა ვერ შეძლო პერსონაჟის განვითარების რეალისტურად, სწორად გადმოცემა.
ამ ფილმის დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მთავარი პერსონაჟის ერთფეროვნება, მისი მხოლოდ ერთი კუთხიდან წარმოჩენაა. თითქოს არ არსებობს მის ცხოვრებაში არაფერი გარდა სიყვარულის პოვნისა და დაკარგვისა, გარდა უსიცოცხლო გამომეტყველებისა. იგი ძალიან ცდილობს, იყოს სახასიათო და სიტუაციიდან გამომდინარე ადეკვატური, თუმცა ზედმეტ მცდელობაში ემოციები იცვითება და მისი სახე განადგურებული, უიმედო და ცოცხალ-მკვდარი ადამიანის ექსცენტრიკულ პაროდიას ემსგავსება, რაც საშინლად თვალშისაცემია დღევანდელი მაყურებლისთვის. შესაძლოა, რეჟისორის ხედვაში სწორედ ეს იყო – მთავარი გმირის განსაზღვრა სიყვარულის დაკარგვის ტრაგედიით (თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი არც სიყვარულის პოვნამდე იყო სიცოცხლით სავსე და არც მისი პოვნის შემდეგ), რადგან, რა თქმა უნდა, ასეთი რამ ძალას აცლის ადამიანს, უფერულს ხდის მის ცხოვრებას და გარკვეული დროით მაინც აქრობს მასში სიცოცხლის ნაპერწკალს. ამ შემთხვევაში, ასე თუ ისე, გასაგებია რეჟისორის ჩანაფიქრი, მაგრამ თუ მას იმის ჩვენება უნდოდა, როგორი მტკივნეულია საყვარელ ადამიანთან ერთად მეცხრე ცაზე ფრენის შემდეგ მიწაზე ეულად დანარცხება, ფილმის ექსპოზიციურ ნაწილში სხვა კუთხით უნდა ეჩვენებინა მთავარი პერსონაჟი, რათა ცვლილება აშკარა ყოფილიყო და მაყურებელის ემოციებზეც უკეთ ემოქმედა. სავარაუდოა, რეჟისორის ჩანაფიქრის მეორე ვარიანტიც – შესაძლოა, მას უნდოდა ეჩვენებინა, როგორ შემოიტანა ფერი ერთმა ნათელმა ადამიანმა მეორე ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც მის გამოჩენამდე ჩამქრალი და უფერული იყო და წასვლისას როგორ გაიყოლა ის უკან. თუ მართლაც ასეთი იყო ავტორის ხედვა, მაშინ ამ პერსონაჟების ურთიერთობა უფრო ხაზგასმული უნდა ყოფილიყო, უფრო მეტი დრო და ენერგია უნდა დათმობოდა პატარა დეტალების ჩვენებას, რომლებიც სიუჟეტის შემდგომი განვითარებისას, როდესაც პერსონაჟების გზები იყოფა, მეტ თანაგრძნობას გაუჩენდა მაყურებელს მათ მიმართ და, რაც მთავარია, აშკარა უნდა ყოფილიყო მთავარი გმირის შავ-თეთრ ცხოვრებაში შეტანილი სინათლე.
პრობლემურია ფილმის ტემპიც, რაც არა მხოლოდ დრამატურგიის, არამედ ტექნიკური ელემენტების არასრულფასოვნად გამოყენების ბრალიცაა. მართალია, ფილმში თითქმის საერთოდ არ არის მოქმედება და იგი დიალოგებზე, უფრო ხშირად კი უხერხულ სიჩუმეზეა აგებული, მაგრამ მაინც შეიძლებოდა კინოკამერის მეტად დატვირთვა, მისი უფრო ჭკვიანურად გამოყენება, რათა ისედაც გაწელილი სცენები კიდევ უფრო დაუსრულებლად არ მოსჩვენებოდა მაყურებელს. ამ კუთხით, განსაკუთრებით გამორჩეულია სადილობის ორი სხვადასხვა სცენა, რაც, ერთი მხრივ, კარგად არის გამოყენებული, როგორც პარალელი მთავარი პერსონაჟის ნამდვილ სიყვარულთან ურთიერთობისა და მისი დაკარგვის შემდეგ დაწყებული ურთიერთობის შესადარებლად, თუმცა, მეორე მხრივ, ფილმის მცირედი ქრონომეტრაჟის ზედმეტად დიდ ადგილს იკავებს და თითქმის სრულიად ფარავს ყოველივე დადებითს, რაც ამ სცენების არსებობას მოაქვს თხრობის განვითარებისთვის. გადაჭარბებულად ხანგრძლივი სცენები კიდევ უფრო შესამჩნევია დასაწყისის სწრაფი ტემპის ფონზე და ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ბუნდოვანი ხდება ის, რისი თქმაც უნდა რეჟისორს.
რეჟისორი გვაძლევს მინიშნებას (საყურის მეშვეობით), რომ მიუხედავად სიყვარულის დაკარგვისა, ის პერსონაჟის ცხოვრებიდან არ გამქრალა, პირიქით, ლანდივით დაყვება მას. ახლანდელ შეყვარებულთან ურთიერთობაც, რომელშიც სიყვარულისა და ურთიერთგაგების მცირედი ნაპერწკალიც არ ჩანს, ერთ-ერთი მინიშნებაა იმაზე, რომ მთავარი გმირი კვლავ წარსულით ცხოვრობს, კვლავ ის უყვარს, ვინც თავის ნამდვილ, ერთადერთ სიყვარულად მიაჩნია. ეს ყველაფერი საკმაოდ არაბუნებრივია, ისევ და ისევ იმ მიზეზით, რომ ამ ორი პერსონაჟის ურთიერთობის სიმძაფრე და მნიშვნელობა ისე სიღრმისეულად არ არის ნაჩვენები, როგორც ამას სიუჟეტი და მისი ფინალი მოითხოვს. მეტიც, ფილმის სათაური უფრო მეტს გვეუბნება პერსონაჟის გრძნობებზე, ვიდრე ის მცირედი საეკრანო დრო, რომელსაც ეს ორი გმირი ერთად ატარებს. გასაგებია, რომ ამ მინიშნებებითა და სიუჟეტის მსგავსი განვითარებით ავტორს იმ ფინალამდე მისვლა უნდოდა, რომელიც ფილმის სათქმელს ამბობს – რომ ამ პერსონაჟის და, ალბათ, ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაში არსებობს ის ერთი ადამიანი, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებს, რომლისკენაც, სამყაროს შემთხვევითობის პრინციპითა თუ შინაგანი, ჩაუქრობელი გრძნობებით, ყველა გზა მიდის, მაგრამ თავად ფილმშივე არის პოტენციალი სათქმელის უკეთ, უფრო საინტერესოდ და მაყურებლისთვის გასაგებად გადმოსაცემად.
ფილმის ფინალი კითხვას აჩენს – რამდენად რეალურია ის, რასაც პერსონაჟი მანქანის სარკეში ხედავს? ერთი შეხედვით, თითქოს ღია ფინალია, მაგრამ მაყურებელს სპეკულაციისთვის საკმარისი სივრცე არ რჩება, ამიტომ, ალბათ, მთავარი გმირის რეალობის აღქმის უნარის ნდობა უფრო ლოგიკურია, თუმცა, ამ შემთხვევაში, თავად დასასრული გამოდის საკმაოდ არალოგიკური და გაურკვეველი… სწორედ ამიტომ, საბოლოო ჯამში, დასასრულის ახსნაც და ფილმის მთავარი სათქმელიც მაყურებელზეა დამოკიდებული. საკითხავია, გაირჯება თუ არა მაყურებელი იმ ურთიერთობის ამოსახსნელად, რომელმაც მის გონებამდე ვერ მიაღწია.
თამარ ზანდუკელი