„ბოროტმოქმედი“ – ასე ჰქვია დიმიტრი მამულიას ფილმს, რომელიც გადაღებულია 2019 წელს. რეჟისორი სათაურით უკვე ქმნის განწყობას და მოლოდინს. მთავარი გმირი ავტორის მიერ იდენტიფიცირებული და შერაცხულია ბოროტმოქმედად. კეთილისა და ბოროტის ჭიდილში მხარე გარკვეულია. მაყურებელმა წინასწარ იცის, ვისთან ექნება საქმე. ბოროტებასთან შესახვედრად მას დიდხანს ლოდინი არ უწევს.
ფილმი იწყება მკვლელობის ეპიზოდით, რომლის მოწმეც მთავარი გმირი გიორგი მესხია (გიორგი პეტრიაშვილი). ზოგადად, იგი მოთვალთვალე პერსონაჟია, რომელიც ხშირად ჩნდება იქ, სადაც არ უნდა იყოს, სადაც რაღაც არასწორი, დრამატული ხდება – დანაშაულის ადგილი იქნება ეს თუ ვინმეს პირადი, გასაიდუმლოებული ცხოვრება.
დიმიტრი მამულია, თითქმის მთელ ფილმს ბოროტმოქმედის მხრიდან დაკვირვების პროცესად აქცევს. გიორგი მესხის ინტერესის საგანი ბოროტებაზე დაკვირვება და ბოროტების შესწავლაა, მისი შედეგების თვალთვალი, ბოროტების მონაწილეებსა და მსხვერპლებზე თვალყურის დევნებაა. იგი ცდილობს ბოროტმოქმედების ბუნებაში გარკვევას. საამისოდ არქივიდან იპარავს ცნობილი მანიაკი მკვლელების დოსიეებს და ეცნობა მათ, ტელევიზორში უსმენს ამბებს „სახელოვან“ მკვლელებსა და მოკლულებზე, ყიდულობს იარაღს, აშინებს ბავშვებს და მერე აკვირდება, როგორ მოქმედებს შიში. ის დადის ისეთი თავშეყრის ადგილებში, სადაც იკრიბებიან იმედისაგან, სიხარულისაგან დაცლილი ადამიანები, სადაც ბუდობს მხოლოდ სასოწარკვეთილება.
ფილმში ყველა ურთიერთობა კონფლიქტურია. უფრო მეტიც – დრამატული და ტრაგიკული – დედისა და შვილის, ადამიანისა და ცხოველის, ცოლ-ქმრის, თანამშრომლების, ბავშვების. ფილმის ავტორებს შერჩეული აქვთ სამყაროს ჭვრეტის ის რაკურსი, სადაც ყველაფერი გამრუდებულად ჩანს, თვით ადამიანის სახეებიც.
რეჟისორს ფილმში არაპროფესიონალი მსახიობები ჰყავს დაკავებული, ისეთი ტიპაჟები, რაც სათქმელს გაუმძაფრებს. თუმცა ფილმში ყველა მათგანის სახე კიდევ უფრო გროტესკული ხდება. თითქოს მათ უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში წაასწრეს და ასეთები აღბეჭდეს კინოეკრანზე. ბოროტმოქმედის თვალი ადამიანებს არა პიროვნებებად, არამედ ერთგვარ უფორმო აჩრდილებად ხედავს, არსებებად, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ და ამ სამყაროშიც ვერაფერს ცვლიან.
ფილმში ხდება სამი მკვლელობა, რომელთაც მოტივი არ გააჩნია. კლავენ იმიტომ, რომ მოკლან. რადგან თავად მთავარი გმირის მიერ დანახული და, შესაბამისად, ფილმის ავტორის მიერ შექმნილი გარემოა მკვლელი – სინათლიდან დაცლილი, გამოფიტული, უსიყვარულო.
მაყურებელიც მთელი ორი საათი მოგზაურობს ამ ბნელ სამყაროში, სადაც ადამიანების უმეტესობას რატომღაც ფიზიკური ნაკლი აქვს, ნაწილს – მენტალური პრობლემა, სადაც მიმინოები და ძაღლები კვდებიან, ბავშვები ფსიქიკურად და ფიზიკურად ავადმყოფობენ, ბოროტმოქმედი კი მათ შორის დააბიჯებს და მიდის ლოგიკური ფინალისკენ.
„მკვლელობა მასში თითქოს ვირუსივით შევა“, – ამბობს რეჟისორი მისი ფილმის მთავარ გმირზე. ბოროტების „შემეცნების“ გზაზე ამ ვირუსის გაჩენა და მერე გმირის დასნებოვნება კანონზომიერია.
მთავარი გმირი რაღაც მომენტში დაკვირვებიდან მოქმედებაზე გადადის. მაყურებელს ეს მოლოდინი თავიდანვე ერთვება და მალევე რწმუნდება, რომ გიორგი მესხი მოწმიდან, მოთვალთვალიდან, მსმენელიდან, მკვლევარიდან მკვლელად იქცევა. მოკლავს იმიტომ, რომ ბოროტების ბუნებაა ასეთი. როდესაც მის წიაღში მოგზაურობ დისტანცირების გარეშე, მისი კანონების გამზიარებელიც ხდები. მთავარი გმირიც ემორჩილება „ჟანრის“ ამ კანონს.
„ყოველთვის მაინტერესებდა ეს თემა – როგორ შედის ადამიანში ავადმყოფობა. რაღაც ფსიქიკური, რამაც შეიძლება დაანგრიოს მისი სული, იდენტობა და როგორ არის ეს კავშირში დანაშაულთან“, – ამბობს დიმიტრი მამულია ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსგავსი ძიებებით იყვნენ დაკავებული რუსულ კინოში გასული საუკუნის 90-იან წლებში. იმ პერიოდის რუსულ ფილმებში იქმნებოდა მახინჯი, ბნელი, იმედისა და სიკეთისაგან გამოცლილი კინოსამყაროები, უკათარზისო ტრაგედიები, რომლებიც ე.წ. „ჩერნუხას“ ასახავდნენ („პატარა ვერა“, „მე არლეკინი მქვია“, „ძვირფასო ელენა სერგეევნა“ და ა.შ.). ეს ფილმები, არაფერს იძლეოდა არც ფორმის, არც შინაარსის თვალსაზრისით, გარდა დათრგუნვისა და სასოწარკვეთისა. რა მოლოდინიც ხელოვნებისა და მხატვრული ნაწარმოებების მიმართ ზოგადად არსებობს, პრაქტიკულად ყველა უგულებელყოფილი იყო. იმ პერიოდის ბევრი რუსული ფილმი ერთგვარ მოჯადოებულ წრეზე ატრიალებდა მაყურებელს ანტიესთეტიკის, ანტისილამაზის, ანტიკათარზისის მორევში.
რაღაც თვალსაზრისით ასეთ ატმოსფეროს ქმნის დიმიტრი მამულიაც თავის ფილმში, რაც შეიძლება გამართლებულია ბოროტების „კვლევის“, მისი შემეცნების სურვილით. ფილმის ავტორებისთვის მნიშვნელოვანი იყო გვენახა, როგორ გამოიყურება ბოროტება „შიგნიდან“, რა ფორმით, რა ფერით გამოისახება, რაც გრთგუნავს და მისგან განრიდების სურვილს გიჩენს.
თანაც ისიც ცხადი ხდება რომ ბოროტების კვლევა, მხოლოდ სიბნელეში სვლით, მისგან დისტანცირების გარეშე, ცეცხლთან თამაშს ემსგავსება, რაც, ადრე თუ გვიან, მკვლევარს მკვლელად აქცევს. ამ მორევში ცურვა უკან დასაბრუნებელ გზას აღარ ტოვებს. ასეთ მოგზაურობაში ბოროტმოქმედის თანამგზავრია მაყურებელიც. რომელიც გზის ბოლოს იმას პოულობს, რაც გზის დასაწყისშივე იცოდა.
შეიძლება ამის გამეორება, რომ ბოროტება ცუდია, ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ამ „აღმოჩენამ“ მაყურებელი რაღაც ახალ, საინტერესო პლასტზე უნდა გაიყვანოს. „ბოროტმოქმედის“ მაყურებელი კი პირიქით, ყოველი ეპიზოდის შემდეგ ითრგუნება და ემოციურად ვერ ერევა იმ მძიმე განწყობას, რაც ეპიზოდიდან ეპიზოდს მოაქვს და რაც მას არაფერს აძლევს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ფილმში „ბოროტება იმარჯვებს“.
ბოლო ეპიზოდები, ნათელი კადრები ვერ აბალანსებს იმ სიბნელეს და ავადმყოფურ გარემოს, რაშიც ავტორები ორი საათი გვამყოფებენ. კადრები და ზოგჯერ მთელი ეპიზოდებიც ხშირად გაუმართლებლად გაწელილია. ავტორები თითქოს მაყურებლის მოთმინებას ცდიან – რამდენად გაძლებს იგი, ფილმს არ გამორთავს ან კინოთეატრიდან არ გაიქცევა.
ზოგჯერ ამ სამყაროდან გაქცევის სურვილი რეჟისორსაც უჩნდება. ფილმის ღია სივრცეში გადაღებული ხედები უაღრესად ლამაზია (ოპერატორები – ანტონ გრომოვი და ალიშერ ჰამიდხოჯაევი) და ამოსუნთქვის საშუალებას იძლევა, თუმცა მერე ისევ გვაბრუნებს ნაცრისფერ, მძიმე, სიბინძურითა და სასოწარკვეთით გაჟღენთილ ბოროტმოქმედისეულ რეალობაში.
ფილმში მოქმედება, უმეტესად, ჭიათურაში ხდება, მაღაროელების ქალაქში. უნდა ითქვას, რომ ჭიათურის მიმართგაჩნდა მტკიცე შაბლონი. როდესაც ავტორები მძიმე ყოფაზე, ეგზისტენციალურ კრიზისებზე, სოციალურ პრობლემებზე, უსამართლობასა და სიღარიბეზე ყვებიან, მოქმედებას რატომღაც ჭიათურაში ავითარებენ. ამ ქალაქში წარმოადგენენ მძიმე, უკიდურესად ღარიბ, ნაცრისფერ და დეპრესიულ გარემოს ფონად თავიანთი სათქმელის გამოსახატად.
თუმცა სხვა ჭიათურა, მისი აუხსნელი მისტიციზმი, უნიკალურობა, უცნაური და განუმეორებელი სილამაზე, არცერთსხვა ქალაქს რომ არ ჰგავს ისეთი, არცერთ ფილმში არ ჩანს. არც ხსენებული ფილმების პერსონაჟები გვანან, ხშირ შემთხვევაში, ჭიათურელებს, ზემო იმერლებს, მართალია, მძიმე ყოფაში მცხოვრებ, თუმცა სიალალითა და იუმორით სავსე ხალხს. ჭიათურასთან მიმართებაში კინო გამყარდა ერთ სტერეოტიპში და არაფრით უნდა მასზე უარი თქვას, არ უნდა დაინახოს ქალაქის სხვა პლასტი. არადა, ეს პლასტი არსებობს, თან არაერთი.
ბევრი პლასტი აქვს ბოროტებასაც, რომელიც ხშირად სიკეთის სახელით მოქმედებს და ამით ართულებს მის გამოცნობას. მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება დიმიტრი მამულიას ფილმში. აქ გაცხადებულ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. იგი არსად ცდილობს რაიმე სხვა ნიღბის მორგებას. აქ სიბნელე ბადებს სიბნელეს, მკვლელობა – მკვლელობას, იმიტომ რომ ბოროტებას სხვა შედეგი არა აქვს, რაც არ უნდა ჩაეძიო. მთავარი გმირიც წყვეტს ამ ძიებას და სურვილი უჩნდება, რომ ხელახლა დაიბადოს დიდ, ნათელ სამყაროში, სადაც მზე უხვად ანათებს და დედის მკლავები ათბობს. ეს შეიძლება ათბობს გმირს, მაგრამ ვერ ათბობს მაყურებელს.
ეკა კუხალაშვილი