აზარტული თამაშები თავს აკარგვინებს ადამიანს. ის აჩრდილივით უკან დასდევს მას და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ნარკოტიკივით არის, ერთხელ თუ გასინჯე და მიეჩვიე, მერე გადაჩვევა შეუძლებელია.
ლევან კოღუაშვილის ფილმი, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021) გადარჩენისათვის ბრძოლას ჰგავს. თითოეული პერსონაჟი ცხოვრებისა და მისი სირთულეების წინაშე გამართულ რინგზეა, იბრძვის და ცდილობს, თავი გადაირჩინოს. რიგ შემთხვევაში იმარჯვებს, მაგრამ უფრო ხშირად მარცხდება. რთული სათქმელია, ვინ არის კინოსურათის მთავარი გმირი. ისინი ერთმანეთზე არიან გადაჯაჭვული და ერთნაირად მოძრაობენ, ერთი ტკივილი სტკივათ, უხარიათ და მარცხდებიან. ძნელია იმის თქმაც, რა არის სიუჟეტის მთავარი ხაზი: ურთიერთობები, აზარტული თამაშები, ემიგრანტობა თუ სხვა რამ. რეჟისორი ერთი თემიდან მეორეზე სწრაფად გადადის და ყველაფერი ერთმანეთშია გადახლართული.
თავიდან კინოსურათი კახის ძმის ამბით იწყება. მან ითამაშა და ცოლის ბინის რემონტისთვის გამოგზავნილი ფული წააგო. სწორედ აქედან იწყება ერთ-ერთი კონფლიქტი. კაცი, რომელიც ისედაც ცოლის ხარჯზე ცხოვრობს და თვითონ არ მუშაობს (ყოველ შემთხვევაში, სიუჟეტში ასე ჩანს) თამაშობს და კარგავს საცხოვრებელს. კახის ძმა რჩება სახლის გარეშე და არ იცის, ღამე სად გაათენოს. იგი თავის გადასარჩენად კახის აკითხავს. რეალურად, კახი თავად არის დილემის წინაშე – მან არ იცის, შვილთან წავიდეს ამერიკაში, თუ დარჩეს და ხელმოტეხილ ცოლს მოუაროს. იგი ამერიკაში მიდის. იქ ის სიტუაცია არ დახვდება, რასაც ელოდა. მისი შვილიც, სოსოც, თამაშობს და საკმაოდ ბევრი ვალი აქვს. კახი იმედგაცრუებულია, მაგრამ ხმას არ იღებს. სიჩუმე ის პრობლემაა, რომელიც სხვა სირთულეებსაც წარმოშობს. იგი არ საყვედურობს შვილს. უფრო მეტიც, ის არასდროს არავის არ საყვედურობს.
როგორც ჩანს, აზარტული თამაშების პრობლემა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ შორეულ ამერიკაშიც არსებობს, რომლისკენაც ყველა ასე მიისწრაფვის.
თბილისიდან წასული კახი ემიგრანტი ხდება და ეს მეორე თემაა, რაზეც რეჟისორი ცდილობს საუბარს. ის ემიგრანტებსა და მათ პრობლემებს მხოლოდ ამ ფილმში არ ასახავს. 2008 წელს მისივე გადაღებული დოკუმენტური კინოსურათი, „ქალები საქართველოდან“ ზუსტად ამ თემას ეძღვნებოდა. მასში ყველა დაბრკოლებაა ასახული, რომელსაც ქალები ემიგრაციაში ყოფნის დროს აწყდებიან: გაუცხოება, მარტოობა, გადარჩენისთვის ბრძოლა და სხვა მრავალი რამ. ისე გამოდის, თითქოს, რეჟისორი ერთ თემას ტკეპნის რამდენიმე წლის მანძილზე და ვერ ცდება ამ ამბავს.
კახი ცდილობს, ყველა გადაარჩინოს, ყველას მაშველი იყოს, მაგრამ ბოლოს თავად ეწირება ყველაფერს. იგი ხდება მსხვეპლი და შვილის პრობლემებისგან თავის დაღწევის გზა. ახლა უიმისოდ გააგრძელებენ სხვები ცხოვრებას.
ოჯახური ურთიერთობები და, არა მხოლოდ, მესამე თემაა, რომელსაც რეჟისორი ეჭიდება და აქ იბნევა კიდეც მაყურებელი. მან არ იცის, რომელ თემას მიაქციოს ყურადღება, რომელზე დაფიქრდეს, კაცის ტკივილი გაიზიაროს თუ იმაზე იფიქროს, რა ზიანი მოაქვს აზარტულ თამაშებს. თითქოს სამივე პრობლემა ერთმანეთს კვეთს: კაცი ცხოვრობს ცოლის ხარჯზე და თან თამაშობს. ეს ყველაფერი ოჯახის სხვა წევრებმა იციან, მაგრამ მაინც აფარებენ ხელს.
თითოეული პერსონაჟი ტიპური რადიკალისტია. ან ყველაფერი არსებობს მათთვის, ან არაფერი. მათ არ აქვთ შუალედური მდგომარეობა, ვერ იცავენ ბალანსს და ცხოვრების აიწონა-დაიწონას ეწირებიან კიდეც.
ნეტავ, რა მოხდებოდა შვილს რომ არ ეთამაშა და კარგად ესწავლა ან კახი დარჩენილიყო ცოლთან და საყვარელ ძაღლთან, თუნდაც არ წასულიყო არცერთი მათგანი ამერიკაში, ორივეს თბილისის ცენტრალურ უბანში ეცხოვრათ ბედნიერად? ან როგორი იქნებოდა სიუჟეტი მაშინ, თუ კახი არ დათანხმდებოდა ჭიდაობას და სხვა გამოსავალს მოიფიქრებდა ბიჭის გადასარჩენად? ალბათ, მან იცოდა როგორც დასრულდებოდა ყველაფერი, ისიც, რომ ჯანმრთელობა ხელს აღარ უწყობდა, მაგრამ მაინც გარისკა.
აზარტული თამაშებისგან თავის დასაღწევად სოსო არაფერს აკეთებს. უფრო მეტიც, იგი თავს იმართლებს. ამბობს, რომ ფული სჭირდება და ის, რასაც გამოიმუშავებს, არაფერში ყოფნის. რატომ არ გაჩერდა მაშინ, როცა პირველად წააგო და რატომ ავიდა მისი ვალი თოთხმეტი ათას დოლარამდე? ნებისყოფა არ ეყო. ეგონა, ერთხელ თუ წააგო, მეორედ აუცილებლად მოიგებდა. საბოლოოდ, იმდენჯერ წააგო, რომ ცხოვრების შავ ლაქად ექცა ეს ყველაფერი. ახლა ვალი აღარ აქვს კახის წყალობით, მაგრამ აღარც მამა ჰყავს. ის მშობლიურ ქვეყანაში მარტო ბრუნდება. საინტერესოა, რა პასუხს გასცემს შავებში ჩაცმულ დედამისს? შეძლებს კი ცხოვრება ისე გააგრძელოს, თითქოს არც არაფერი მომხდარა? როცა უფროსის გვერდით დგომა დასჭირდება და ყელში მარტოობა წაუჭერს, ვის მიაკითხავს? მამა აღარ არის ცოცხალი – შესაძლოა, ბიძას. იქნებ მათ ერთად გააგრძელონ ახლა აზარტული თამაშები და ბოლოს საკუთარი სიცოცხლეც წააგონ.
სამწუხაროა, რომ კახის ძმა მხოლოდ ფილმის დასაწყისში ჩანს და შემდეგ აღარ. რეჟისორმა დაკარგა ის პერსონაჟი, რომლის გამოც, ალბათ, სიუჟეტის გადაღება გადაწყვიტა. მაყურებლისთვის უცნობია, როგორ გააგრძელა ცხოვრება ამ ადამიანმა. ისიც არ ჩანს, იმ ყაზახმა დაუბრუნა თუ არა ქართველ ქალებს ვალი. ლევან კოღუაშვილი ერთად აგდებს რამდენიმე თემას კინოსურათში და მათგან მხოლოდ რამდენიმეს შლის და მათაც ბოლომდე ვერ შლის. იგი იწყებს საუბარს და სადღაც შუაში წყვეტს სათქმელს. სწორედ ამიტომაც არის, რომ თანაგრძნობა მხოლოდ კახის მიმართ ჩნდება და სხვა პერსონაჟები, უბრალოდ, ხელით სამართავ მექანიკურ არსებებს ემსგავსებიან.
საბოლოოდ საკითხავი სწორედ ისაა, რომ არის კი ამერიკაში ცხოვრება ისეთი საოცნებო, როგორიც შორიდან ჩანს? პასუხი მარტივია, არა. უბრალოდ, ადამიანებს ის ადგილი, სადაც არ არიან და მხოლოდ შორიდან იციან მის შესახებ, სამოთხედ ეჩვენებათ ხოლმე.
ბარბარე კალაიჯიშვილი