ხელოვნების სხვადასხვა დარგს თავისი გამომსახველობითი საშუალებები აქვს. მხატვრობა ვიზუალურ ფორმებს იყენებს, ლიტერატურა – სიტყვებს, კინო კი – ერთსაც და მეორესაც (და, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ სხვასაც). საინტერესოა იმაზე დაკვირვება, თუ როგორ გადადის ერთი და იგივე სათქმელი, თემა, ხელოვნების ერთი დარგიდან მეორეში ან როგორ ხდება ერთი დარგის ნაწარმოები შთამაგონებელი ხელოვნების მეორე (ზოგჯერ კი მესამე) დარგის ნაწარმოებისათვის. ასეთია ნიკო ფიროსმანის ნახატი, „კახეთის მატარებელი“, რომელმაც ჯერ არჩილ ქიქოძის ამავე სახელწოდების მოთხრობას დაუდო საფუძველი, მერე კი ეს მოთხრობა რეჟისორ ლალი კიკნაველიძის ფილმად იქცა (2019).
ფილმის ამბის თხრობის არათანმიმდევრული სტილი მოთხრობაშივეა ჩადებული. ნაგავსაყრელზე მოსროლილი ცოცხალ-მკვდარი მიშა (მოთხრობაში გურგენა) გონს მოდის და ხედავს ცხენს, რომელიც თავზე დასდგომია. ეს ის ცხენია, თბილისის ძველ უბანში საიდანღაც რომ მოვიდა და მთელი უბნის მცხოვრებლების, მათ შორის, მიშას ახალგაზრდა ვაჟის, კეთილგანწყობა და თანაგრძნობა მოიპოვა. ამიტომაც აგონებს ეს ცხენი ვაჟს.
თხრობა სამ დროში მიმდინარეობს: როცა ნაცემი და ნაწამები მიშა ნაგავსაყრელიდან რაღაცნაირად მიაღწევს სახლამდე; ქრონოლოგიურად უფრო ადრე, როცა იგი პოლიციელებთანაა გამოკითხვაზე; და როდესაც ცდილობს გაიაზროს და მიიღოს ყველაფერი, რაც თავს გარდახდა, პირველ რიგში კი, ვაჟის მკვლელობა.
მისი ვაჟი კი მარტო მსხვერპლი არაა, ის ორი ადამიანის მკვლელიცაა, ბანდიტი, რომელიც სხვის ოჯახზე თავდასხმის დროს მოკლეს. არჩილ ქიქოძის მოთხრობაში მინიშნებულია მშობლის პასუხისმგებლობის თემა შვილის საქციელის გამო. მამამ დაკარგა შვილთან კონტაქტი, ხვდება, ხედავს, რა გზასაც ადგას ის, მაგრამ ვერაფერს ეუბნება, თითქოს ეშინია კიდეც იმის, რაც ზუსტად იცის, „ყველაფერს ხვდებოდა და არაფერი გააკეთა არც შვილის და არც იმ ხალხის გადასარჩენად“. ფილმში ეს თემა არ ჩანს. მიშას (მიხეილ გომიაშვილი) ძალიან უყვარს თავისი ვაჟი და ბრაზობს მისი ცხოვრების სტილის გამო, თუმცა მხოლოდ ერთხელ წამოსცდება საყვედურისმაგვარი სიტყვები. მას ახსენდება შვილის ბავშვობა, როცა ის, გამთენიისას მშობლების საწოლისკენ მიიჩქაროდა და „წამიერი, სიფრიფანა და მშფოთვარე ბედნიერება, რომელიც მათკენ მიზანსწრაფულად მომავალი პატარა, შიშველი ფეხების ხმის გაგონებაზე ეუფლებოდა“.
მას მერე დრო გავიდა და მამამ ჯერ შვილთან დაკარგა საერთო ენა, მერე – თვითონ შვილი, წერს მოთხრობის ავტორი. როცა დაკითხვაზე ცემენ და აგინებენ, მიშა პოლიციელებს თხოვს, შვილს ნუ მიგინებთ, გარდაცვლილიაო, ფილმში კი (მოთხრობისგან განსხვავებით) იმასაც ამბობს –კარგი შვილი მყავდაო.
ფილმში ჩანს მამა, რომელიც შეძრულია და დედა – ია (ია შუღლიაშვილი), რომელიც დამწუხრებულია შვილის სიკვდილის გამო. ცოლს ნუგეში ეკლესიაში უპოვია და უნდა, რომ ქმარიც მიიყვანოს და შეუმსუბუქოს მდგომარეობა (უნდა ითქვას, რომ ცოლის როლი მოთხრობასთან შედარებით უფრო გამოკვეთილია). ის ხედავს, რომ კაცი მასზე მძიმე მდგომარეობაშია. მიშა შვილის სიკვდილის შემდეგ პოლიციელებმა წაიყვანეს დაკითხვაზე, სადაც წამების შედეგად სიკვდილამდე მიიყვანეს და ნაგავსაყრელზე მოისროლეს, რადგან ცოცხალი აღარც ეგონათ. კაცი ვერ ივიწყებს ამას. იქ ხომ მხოლოდ ფიზიკურად არ აწამებდნენ, არამედ შეურაცხყოფდნენ, მის ღირსებას ამცირებდნენ, დასცინოდნენ, მოითხოვდნენ ეთქვა, სად გადამალა მისმა შვილმა ნაქურდალი, რომლის შესახებაც მიშამ არაფერი იცოდა.
რატომ გაცივდა ვაჟი მშობლების მიმართ, რა ბრალს დებდა მათ, რა შეცდომები დაუშვეს მიშამ და იამ, ეს მაყურებლისთვის (ისევე, როგორც მკითხველისთვის) ბოლომდე უცნობი რჩება. არადა, ფაქტია, რომ ეს უფსკრული მათ შორის სწორედ შვილმა გაჭრა და მამის მცდელობების მიუხედავად, არაფრით იღებს მშობლებს. ის მათ საერთოდ არ ელაპარაკება. ერთ ოჯახში მცხოვრები სხვადასხვა თაობის ადამიანები ვერ უგებენ, თითქოს არ იცნობენ ერთმანეთს. უფრო მეტიც, შვილი მტრულად არის განწყობილი მშობლების მიმართ. მარადიული თემა – თაობათა შორის დაპირისპირება ამ ფილმში თითქოს მხოლოდ მოცემულობაა. ერთი მხრივ, უთანაგრძნობ მთავარ გმირს, როგორც შვილმკვდარ მამას და უდანაშაულოდ ნაწამებ ადამიანს, მაგრამ ვერ იზიარებ იმ ტკივილს, რომელიც შენთვის გაუგებარი მიზეზებით მშობლების უარმყოფელი, ბანდიტი, ქურდი და ადამიანების მკვლელი ვაჟის სიკვდილით მიადგა მიშას.
მამა იტანჯება. ვერ მოუნელებია ის, რაც პოლიციაში მოუწყვეს და ვერ მოუნელებია შვილის სიკვდილი, მაგრამ მისი ტკივილის წყარო მის გარეთაა. ის არ ეძებს პასუხებს საკუთარ თავში. სიუჟეტში ბევრი არაფერი შეიცვლებოდა, თუ მიშას შვილი უდანაშაულო მსხვერპლი იქნებოდა, თვითონ კი, უბრალოდ, მცდარი ეჭვის საფუძველზე ჩაუტარებდნენ სასტიკ დაკითხვას. მოთხრობაში შედარებით აქცენტირებული, დამნაშავე შვილის სიკვდილის თემა, ფილმში ჩაიკარგა.
თხრობა ახალ საფეხურზე გადადის, როდესაც მიშა ბაზრობაზე ფიროსმანის ნახატის ასლს დაინახავს. ეს „კახეთის მატარებელია“. „ლომი ლომს არ ჰგავს და დათვი დათვს“ – აქამდე ეს იყო მისთვის (და მისი წრისთვის) ფიროსმანი. ახლა კი რაღაც იგრძნო ამ სურათის დანახვაზე.
არჩილ ქიქოძის მოთხრობაში მთავარი გმირი, მღებავი გურგენა, რომელიც მუზეუმის შენობაში სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს შემთხვევით მოისმენს ფიროსმანის ნახატების შესახებ სპეციალისტის საუბარს, ახალ სამყაროს აღმოაჩენს. აქ, ამ ნახატებში ჩიტები, რომლებიც, მაგალითად, აქტრისა მარგარიტას ახვევია, სიყვარულს ნიშნავს; ნამუშევარში „ალაზნის ველი“ ჭირი და ლხინი ერთმანეთის გვერდიგვერდაა; „კრუხი, მამალი და წიწილების“ფონზე მთელი სამყაროა; „მეეზოვეში“ მოხუცი კაცი კი, ერთდროულად, მეეზოვეცაა და წმინდანიც…. და კიდევ, ფიროსმანი საეკლესიო მხატვრობის ტრადიციებს აგრძელებს, ოღონდ ამას თანამედროვედ აკეთებს. ამიტომაა, რომ მისი ნამუშევრები ხატებს ჰგავს.
მოთხრობაში სიტყვებით შესანიშნავად ახსნილი და შეფასებული ფიროსმანის მხატვრობა ფილმში ვიზუალურად უნდა დაგვენახა. უნდა დაგვენახა, რომ მიშამ რაღაც გაიგო ამ ნახატებიდან, იგრძნო. ეს ძალიან რთული იყო და არც გამოვიდა. მოთხრობაში გარკვევითაა, რომ ნახატი მთავარ გმირს ახსენებს ბედნიერებას, ფილმში კი ის მხოლოდ სიტყვით ამბობს, რომ ახსენებს შვილს და ნახატს ჩუქნის მღვდელს. თუ მოთხრობა წაკითხული გაქვს, გაგახსენდება, რომ „ფიროსმანის ნახატები ხატებივითაა“ და მიხვდები, რატომ მიიტანა მიშამ „კახეთის მატარებლის“ ასლი ეკლესიაში, ხოლო, თუ წაკითხული არ გაქვს, ფილმიდან ამას ვერ გაიგებ.
თუ მოთხრობაში პირდაპირ ფიროსმანის ორიგინალი ნამუშევრების ნახვისას შეიძრა მთავარი გმირის შინაგანი სამყარო, ფილმში ეს მხატვრის იაფფასიანი ასლით და კალენდარზე დაბეჭდილი ფოტოთი დაიწყო და ნაკლებად დამაჯერებლად გაიჟღერა. ყველაზე მეტად კაცზე იმან იმოქმედა, რომ ამ ნახატზე მატარებელს წინ ლიანდაგები აქვს, მაგრამ უკან – არა. განათებულფანჯრებიანი მატარებელი თითქოს არსაიდან მოსულია, უწარსულოა, წინ მიდის და უკან ვერ დაბრუნდება. მიშასაც ასე არევია თავში წარსული და აწმყო. მართალია, ფილმში კარგად არ ჩანს, რატომ იმოქმედა მიშაზე ფიროსმანის ამ ნახატმა, მაგრამ ვხედავთ, რომ ამის მერე ხელოსანი, „მალიარი“ მიშა ხელოვნად იქცა. ის ყიდულობს საღებავებს, ფუნჯებს და თავის სახელოსნოში ჩაკეტილი თავდავიწყებით იწყებს ხატვას. გამოუცდელი მოყვარულის ხელით დახატავს თავის ტკივილს დაკარგული ბედნიერების გამო. მოთხრობის გმირის, გურგენას ნახატში ცენტრში ოდნავ დიდთავა, ფეხებგაფარჩხული ცხენია, ცაზე ნამგალა მთვარე, უკან კი ორი პატარა ფიგურა ჩანს – ერთი, შეშინებულია, ხელები აქვს აწეული, მეორე კი, წითელქურთუკიანი, თოფს უმიზნებს. ვხვდებით, რომ ეს მისი ვაჟია, იმ მძარცველს კი გარშემო ჩიტები ახვევია, სიყვარულის სიმბოლო.
ფილმში მთავარია განათებული მატარებელი, რომელსაც ლიანდაგები წინაც აქვს და უკანაც. აქ ფონზე ვხედავთ ცხენს, რომელიც მთავარ გმირს შვილს აგონებს და რომელმაც ცოცხალ-მკვდარს მიაკითხა ნაგავსაყრელზე. ამ ცხენზე მიშას იმ ასაკის ვაჟი ზის, რომელიც გამთენიისას მშობლების საწოლისკენ გარბოდა პატარა ფეხების ფრატუნით. სიკვდილის წინ რომ იყო, იმ ასაკის ვაჟიც აქაა – ის თოფს უმიზნებს ხელებაწეულ კაცს (როგორც ეს ფიროსმანის სხვა ნამუშევარში, „ალაზნის ველშია“). მთავარი გმირის მიერ დახატული სურათის შინაარსი ფილმის ავტორებმა უკეთ გადაწყვიტეს. ცხენიცა და მატარებელიც მოცემულ სურათში კარგად გაერთიანდა. ამ ნახატის დახატვამ კათარზისი განაცდევინა სულიერად განადგურებულ გმირს, ფიროსმანის „კახეთის მატარებლის“ შავ-ყვითელმა ნათებამ შეძლო ის, რაც ეკლესიამ შეძლო მისი ცოლისთვის – ნუგეშისცემა.
ქეთევან პატარაია