კინოხელოვნება თავისი მრავალმხრივი გამომსახველობითი საშუალებებით რეჟისორს სთავაზობს სხვადასხვა შესაძლებლობას, მაყურებლამდე მიიტანოს თავისი სათქმელი ამა თუ იმ ფორმით. თუ როგორ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას თავად რეჟისორი, ეს უკვე მის ნიჭზეა დამოკიდებული. ორიგინალური ხედვა, თხრობის გამორჩეული სტილი, აქტუალური თემატიკა და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს ფილმის წარმატებას. ერთ-ერთ უმთავრეს როლს ასრულებს ფილმის ნარატივიც, თუ როგორ ვითარდება ესა თუ ის ამბავი და რამდენად ინარჩუნებს ფილმის სტრუქტურა თავის რიტმს, რომ სწორად გამოხატოს სათქმელი. უფრო რთული თავსატეხის წინაშე დგება რეჟისორი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისას. იგი ცდილობს, რაც შეიძლება ლაკონიკურად გადმოსცეს ფილმის არსი, ისე რომ არ დაკარგოს მთავარი აზრის მნიშვნელობა.
ამ მხრივ აღსანიშნავია, თანამედროვე ქართველი რეჟისორის, კატალინა ბაქრაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ჩემი მეგობარი ანდრო“(2021), რომლის სცენარი თავად რეჟისორს ეკუთვნის. ფილმმა 2022 წელს, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, მთავარი პრიზი „ოქროს პრომეთე“ მოიპოვა. ამასთანავე, ეს კინოსურათი არის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელიც.
მთავარი გმირი ანდრო (ლევან გაბრავა) მოყვარული ილუზიონისტია, რომელიც თავისი ვირტუოზული „ტყუილებით“ ცდილობს მნახველში გამოიწვიოს აღტაცება. პირველივე კადრებიდან, ოთახის კედლის ჰორიზონტალური პანორამის საშუალებით, ვეცნობით მთავარ გმირს. კედელზე კოლაჟურად დაკიდებული ნახატები, ფოტოები, სხვადასხვა სახის ნივთები, მინიატურული სკულპტურები გვამოგზაურებს ანდროს შინაგან სამყაროში. იქვე მდგარი ელექტროპიანინო და კედელზე გამოკრული საკონცერტო პლაკატი კი „მოგვითხრობს“ ანდროს, როგორცწარმატებული პიანისტის კარიერაზე.
რეჟისორი სიუჟეტის თხრობის ორიგინალურ ხერხს მიმართავს. ისმის კადრსმიღმა ხმა, რომელიც გვამცნობს, რომ მარიამი ფილმს იღებს. იგი დგას ანდროს ოთახის კედლის წინ და ხელის კინოკამერით, თითქოსდა, ფილმის ოპერატორთან ერთად, სინქრონულად იმეორებს კამერის მოძრაობას. მარიამი სიუჟეტის მსვლელობისას მუდმივად დაჰყვება ანდროს და იღებს მის ყველა ჯადოსნურ ტრიუკს. ამით იგი ასოცირდება ფილმის რეჟისორთან, რომელიც სიუჟეტის მიმდინარეობისას არ ტოვებს მთავარ გმირს, თანაუგრძნობს მას და ასე ავლენს მის მიმართ ემპათიურ დამოკიდებულებას.
ფილმში ასევე მუდმივად ჩნდებიან გამვლელები, რომლებსაც ანდრო თავის ფოკუსებს სთავაზობს. პირველივე ეპიზოდში, საიდანაც ვიგებთ ანდროს ნიჭის შესაძლებლობას, გამვლელების სახეები ძალიან ბუნებრივია. არც ერთი გადამეტებული ზედმეტი ჟესტი, მიმიკა, არანაირი თეატრალიზებური პათეტიკა არ იგრძნობა ამაში. უფრო მეტიც, ისინი ზედმეტად ინდიფერენტულებიც კი არიან. ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივია, რომ რაღაც მომენტში ფილმი დოკუმენტურ ესთეტიკას იძენს. ასევე საინფორმაციო გადაცემის ხასიათს ქმნის ერთ-ერთი ეპიზოდი, როდესაც ანდროს კოლეგა, თინა და მუსიკალური ხელმძღვანელი, ნიკა კადრსმიღმა მდგომი მარიამისადმი მიცემულ ინტერვიუში გამოხატავენ მთავარი გმირისადმი სკეპტიციზმს. რეჟისორი ასეთი სატელევიზიო ქრონიკალურ-დოკუმენტური ხასიათის მატარებელი კადრებით აფხიზლებს მაყურებელს და ახსენებს, რომ ანდროსნაირი ინდივიდები რეალურ ცხოვრებაში გვხვდებიან, რომლებსაც საზოგადოება რიყავს და განზე სწევს.
თხრობა თანდათანობით, მთავარი პერსონაჟის „გახსნის“ კვალდაკვალ, ვითარდება. ანდროს ,,ქუჩის აუდიტორია“ უფრო მეტ მასშტაბებს აღწევს, რაც თავად დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ესაა არა საკუთარი თავისადმი ტრფობა, არამედ სხვისადმი უანგაროდ გაცემული დადებითი მუხტი. ფილმის კულმინაცია ნელ-ნელა იკვეთება მაშინ, როდესაც ირკვევა, რომ ანდრო არ არის ჩვეულებრივი, მხოლოდ და მხოლოდ ნიჭიერი ილუზიონისტი, არამედ ჯადოქარია, რომელსაც არ სჭირდება რაღაც დაზეპირებული თანმიმდევრული ტრიუკებითა და მოქმედებებით მონუსხოს მაყურებელი, არამედ რასაც თავად აკეთებს, საბოლოო ჯამში, მისი განსაკუთრებული შესაძლებლობების დამსახურებაა.
რეჟისორი ხშირად მიმართავს ახლო ხედებს. ობიექტივი ისე უახლოვდება პერსონაჟების სახეს და ასევე ანდროს ტრიუკების წარმოდგენებს, რომ თავადაც ამ ჯადოქრობის მონაწილე ხდები. თითქოს იქ ხარ, ფილმში და არა მის გარეთ. ასევე ძალიან საინტერესოა ანდროს დედის (ია შუღლიაშვილი) და მამიდის (ლიკა შუკაკიძე) სტატიკური კადრით ნაჩვენები ჩაფიქრებული სახეები. მათი გაყინული და, ამავდროულად, საგონებელში ჩავარდნილი მზერა მიუთითებს, იმაზე, რომ მათი შეგნებით რაღაც საგანგაშო ხდება ანდროს თავს. ოჯახის წევრების ემპათიას მოკლებული დამოკიდებულება ანდროსადმი უფრო მეტად ამძაფრებს გმირის მარტოობის განცდას სამყაროში. იგი ყველგან – შინ თუ გარეთ – მიუღებელია. მის განსაკუთრებულობას ვერ იღებს ვერავინ – ვერც საკუთარი დედა, ვერც ნათესავი, ვერც კოლეგა და ვერც მისი ხელმძღვანელი. თითქოს, მისი პიროვნება მხოლოდ მუსიკალური ნიჭის არსებობით უნდა დაფასებულიყო და აღიარებულიყო, რაც, როგორც ჩანს, მას ისედაც აქვს, ხოლო სხვა ზებუნებრივი ძალები, რაც ფილმში თავისთავად სიმბოლურ ხასიათს ატარებს (რაც ასევე მაყურებლისთვის მრავალმხრივი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა) საზოგადოებაში დაწესებული ნორმებისათვის მიუღებელი და დასაძრახია. ის ან გიჟია, ან აფერისტი, მატყუარა. ანდროს გმირი ნელ-ნელა დისკრედიტაციის საშიშროების წინაშე დგება.
საინტერესოა ფილმის ფინალური ეპიზოდი, რომლის მოქმედებაც საგამოფენო სივრცეში იშლება. რეალური და დროში გაყინული სამყარო ერთმანეთში იღრევა. ფოტოდან გადმოსული ნივთები, ცხოველები იჭრებიან ყოველდღიურ ყოფაში და ხელშესახები ხდებიან. წარსული გადმოდის აწმყოში და ხდება მისი ნაწილი. თითქოს მისტიკური მოგზაურობაა დროსა და სივრცეში. ფენტეზის ჟანრის ელემენტები კიდევ უფრო ამძაფრებს გმირის ზებუნებრივი შესაძლებლობების ეფექტის ზემოქმედებას მაყურებელზე.
მთავარი გმირის, ანდროს არაამქვეყნიური ძალების დემონსტრირება პიკს აღწევს, რაც იწვევს დიდ ქაოსს, განგაშს, უნდობლობას დამთვალიერებლებში. სწორედ ამის შემდეგ იწყება მისით აღფრთოვანებულ მაყურებელსა და ანდროს შორის ურთიერთობის რღვევა. საზოგადოება თან გაოცებულია და თან, ამის პარალელურად, განიცდის სანახაობით გამოწვეული სიამოვნების იმედგაცრუებას, იმ სიამოვნებით, რომელიც იცის, რომ ტყუილია. სწორედ აქ ვლინდება რეჟისორის ის მთავარი სათქმელი, რითაც იგი გვიჩვენებს საზოგადოების მიუღებლობას რაღაც უცნაურის მიმართ. როდესაც ადამიანი მუდმივ ტყუილშია, ის ეჩვევა ამას და იღებს ამას, როგორც ნორმას. მას ურჩევნია იყოს მოტყუებული და შემგუებელი იმ ტყუილის მიმართ. იცის, რომ ილუზიონისტი ატყუებს, მაგრამ მაინც აღფრთოვანებულია მისით, რადგან ისიც იცის, რომ ამის უკან ის ბანალური წესები დგას, რომლის დასწავლაც ყველა გონებაგახსნილს შეუძლია, თუ მოინდომებს. ხოლო როცა რეალობას პირისპირ ეჯახება, აი, მაშინ დგება მიუღებლობის პრობლემა და იწყება ინდივიდის გაუცხოება მათთან მიმართებაში, ინდივიდისა, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, წარმოადგენს იმას, რასაც რეალურად წარმოადგენს – სიყალბესა და მლიქვნელობას მოკლებულს. ასე თანდათან იკვეთება ფილმში ინდივიდისა და ბრბოს ფსიქოლოგიური ტიპაჟები. ბრბო, რომელსაც ეშინია იმისა, რაც ნამდვილია, ეშინია სიმართლისა, ეშინია გულწრფელობისა და ისევ და ისევ ამჯობინებს თავსმოხვეულ, შეჩვეულ ტყუილში იცხოვროს, ბრმად მიჰყვეს დაწესებულ ნორმებს. ეს გაცილებით მარტივია.
კატალინა ბაქრაძე საფინალო ფოკუსების ეპიზოდს (თუ როგორ ქრებიან კედელზე გამოფენილი ფოტოებიდან ნივთები და ცხოველები) თავადვე „ჯადოსნური“ ოსტატობით გვაწვდის, რაც კადრს უფრო მეტ ექსპრესიულობას სძენს. კამერა ასევე ახლო ხედით აფიქსირებს ჯგუფად შეკრულ „თავდამსხმელებს“, მათ გაოცებულ და ასევე ანდროს მიმართ ნდობადაკარგულ სახეებს. ეს სახეები „ბლურის“ ეფექტით იფარება, „ითხაპნება“, რაც სიმბოლურად ხაზს უსვამს მათი ფიქრებისა და აზრების ქაოტურობას, შფოთვასა და შიშს. ასევე საყურადღებოა, მუსიკის როლი, რაც ნარატივის ფუნქციასაც ასრულებს. ის ფრთხილად შემოდის კადრში ჯერ მინორული, მონოტონური რითმებით და შემდგომ, სიუჟეტის განვითარებასთან ერთად, როცა უკვე კულმინაციას აღწევს გმირის უსაზღვრო შესაძლებლობები, მუსიკაც შესაბამის რიტმებს იძენს, რითაც ამძაფრებს სასპენსის ეფექტს. ფილმში ყოველ წუთს მაინც არის თხრობის მკვეთრი ცვალებადობის მოლოდინი.
სოციუმის ნეგატიური დამოკიდებულება, საბოლოოდ, ანდროს გმირს იმედგაცრუებულს ტოვებს. ფილმი სრულდება ანდროს კრახით. ის ნელი ნაბიჯით, ზურგშექცევით მიუყვება ბნელ ქუჩას. საინტერესოა მისი გზა სად გრძელდება, რა მოელის მას. მისი განსაკუთრებული შესაძლებლობები, გამორჩეულობა ჩაიხშობა, ისიც ერთ-ერთი იმათგანი გახდება, თუ ბრძოლა გაგრძელდება, ბრძოლა საკუთარი თავის დასამკვიდრებლად იმ სამყაროში, სადაც არ გაღიარებენ, თუ მსგავსი არ ხარ. ამაზე კი რეჟისორი საფიქრალს აუდიტორიას უტოვებს.
ანდროს ტრიუკებით აღფრთოვანებული მაყურებელი წარმოადგენს საზოგადოებას, ერთი შეხედვით, უწყინარს, მხიარულს. სინამდვილეში კი ისინი არიან დათრგუნული, ერთი კომპლექსიც შეპყრობილი, ცვლილების რომ ეშინიათ. ისინი უფრო მარტივად და ადვილად აღიარებენ დაშტამპულ, საზოგადოებაში ფესვგამდგარ დაწესებულ ნორმებს, ვიდრე განსხვავებულ, მათთვის მიუღებელ ერთგვარ „ნორმიდან გადახვეულ“ მოვლენებს, თუნდაც ეს მათ საფრთხეს არ უქმნიდეს.
ფილმის წარმატება, ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ გმირის „ტრაგიკული“ ბედი არ თრგუნავს მაყურებელს გადამეტებული დრამატული პასაჟებით, არამედ მსუბუქი იუმორით, განსჯისა და გააზრების საშუალებას იძლევა.
„ჩემი მეგობარი ანდრო“, მისი ორიგინალური სიუჟეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რეალისტურად არ გადმოგვცემს საზოგადოების პრობლემის არსს და ამისათვის ალეგორიულ ნიუანსებს მიმართავს, რაც ფილმის დრამატურგიას უფრო მეტ ორიგინალურობას მატებს. რატომ აირჩია რეჟისორმა მაინც და მაინც იდეის წარმოსაჩენად გმირი, რომელიც სასწაულებს ახდენს? შესაძლოა, იმიტომ, რომ ჩვენც თავად ამ სასწაულის, „ჯადოქრობის“ ნაწილი ვართ, იმ სასწაულისა, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვაანალიზებთ ან ვაანალიზებთ და გვავიწყდება და არ ვაფასებთ, რადგან გონებით უფრო მატერიალური სამყაროსკენ ვფოკუსირდებით. პრობლემა, რომელიც ფილმში ერთი გმირისა და საზოგადების ფონზე იშლება, არის საკმაოდ აქტუალური. ის ფსიქოლოგიური ნარატივი, რომელიც მთავარ ფაბულას წარმოადგენს, იყო, არის და, სამწუხაროდ, კვლავაც იქნება ჩვენს რეალობაში, მანამ, სანამ საზოგადოების აზროვნება არ მივა იქამდე, რომ ადეკვატურად აღიქვას და მიიღოს ინდივიდი ისეთად, როგორიც არის, თავისი ღირებულებებით, იდეებით, მისწრაფებებითა და ასევე იქამდე, სანამ ტოლერანტობა მისთვის ორგანული ნაწილი არ გახდება.
ქეთევან ღონღაძე