„არსებობს სამი ტიპის აზროვნება: მეცნიერული, რელიგიური და პოეტური. მითები, ჩემი თვალსაზრისით, მოიცავს აზროვნების სამივე ასპექტს. აქედან გამომდინარე, მითოლოგიური აზროვნების მოდელი, სამყაროს შეცნობის უნივერსალური ფორმაა“ – ამ ციტატას ერთ-ერთი პერსონაჟი კითხულობს ფილმში „ნამე“ (2017) და სრულად გასაგებს ხდის ფილმის მხატვრული ენის თავისებურებას. რეჟისორი ზაზა ხალვაში თავის ნამუშევარში სამყაროს შეცნობის სამივე ტიპს აერთიანებს. რელიგია შემოდის რწმენის კატეგორიით, მეცნიერება – ეკოლოგიის სახით, ხოლო პოეზია – თავად სიუჟეტი და ფილმის ვიზუალურ-სახიერი გადაწყვეტაა.
ზაზა ხალვაში ამბის თხრობის საფუძვლად ლეგენდას იყენებს, ლეგენდას ზებუნებრივი ძალით დაჯილდოებული გოგონას შესახებ, რომელიც განსაკუთრებულ ნიჭს ახალგაზრდა კაცის შეყვარების შემდეგ კარგავს.
მიკროსამყარო, რომელშიც რეჟისორი ფილმის მოქმედებას შლის, ერთდროულად, რეალურიცაა და მისტიკურიც. სადღაც მთაში, მდინარის ხეობაში, სოფელში მამა-შვილი ცხოვრობს. მამას ალი ქვია, ქალიშვილს – ნამე. მათ ეზოში, წყლის აუზში, ჯადოსნური თევზი ბინადრობს. წყალსაც სასწაულმოქმედი ძალა აქვს – მისი პკურებით ხალხი იკურნება, მომაკვდავი ცოცხლდება. ნამე და ალი მისტიკური ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს ასრულებენ. მამა თეთრ გრძელ პერანგს იცვამს, ქალიშვილი შავი ფერის კაბითა და თავშლითაა შემოსილი. ღამით ეზოში აუზთან დგებიან. მის კიდეებს ნამე მარილს აყრის, მამა ზედ გადაატარებს ნაკვერჩხლებიან თასს. მერე ამ ნაკვერჩხლებს სულს უბერავს და ხეზე დამაგრებულ ჩირაღდანს ცეცხლი ეკიდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სამყაროში წესრიგი სუფევს და ადამიანს ღმერთთან, კოსმოსთან კავშირი არ დაუკარგავს. ამ სასწაულის მოწმე სოფლის მოსახლეობაა. ჩვენთვის, მაყურებლისთვის მისტიკური, ლამის წარმართული რიტუალი მათთვის ჩვეულებრივი, თუმცა სასიცოცხლოდ აუცილებელი ქმედებაა. მათ იციან, რომ მამა-შვილი ზებუნებრივი ნიჭით არიან დაჯილდოებული. ეს უპირობო მოცემულობაა, რომელშიც ეჭვი არავის ეპარება. ნამე და ალი შუამავლები არიან ადამიანებსა და კოსმოსს შორის. რიტუალიდან მშვიდად დაბრუნებული თანასოფლელები ანთებული ჩირაღდნებით ხელში ტბის ნაპირს მიუყვებიან. ფონად კი ისმის „მოწყალე ღმერთი ერთია, ხან წვიმაა, ხან – დარია. სუყველას მოძულებული საწყალი ჩვენი თავია“.
„ნამე“ ზაზა ხალვაშის ფილმად ქცეული ფიქრია, ჩუმი, ღრმა და ყოვლისმომცველი. რეჟისორის მსოფლაღქმა ზერელიგიურია. იგი ემხრობა სამყაროს, რომელშიც ერთმანეთის გვერდით მშვიდად თანაარსებობენ სხვადასხვა კონფენსიები, რადგან „მოწყალე ღმერთი ერთია“. ამ სამყაროში ადამიანი თავს გრძნობს უსაზღვრო კოსმოსის განუყოფელ ნაწილად და ეს ჰარმონიული ერთიანობა მის სულიერ სიმშვიდეს განაპირობებს.
რელიგიისა და მეცნიერების სათავე, საწყისი საერთოა – კოსმოსი. კოსმოსთან აქვს კავშირი მამას. მასწავლებელი, მღვდელი და მოლა სკოლაში, ეკლესიასა და ჯამეში ქადაგებენ. მოხუცს თავისი მრევლისთვის არ სჭირდება განსაკუთრებული შენობა, მისი ტაძარი ბუნება, უკიდეგანო კოსმოსია. ალი სასწაულმოქმედი წყლისა და მაგიური თევზის მცველია. სიცოცხლის საიდუმლოს მცოდნეა. ამ ცოდნას შვილებს წყლით უზიარებს. წყლის დალევაც ერთგვარი რიტუალია – ბოლო წვეთს ხელის გულზე ისხამენ და შუბლზე შეიზილავენ.
ფილმი არ წარმოადგენს რომელიმე რელიგიის უპირატესობის მტკიცებას, არამედ მასში ხაზგასმულია რწმენა, როგორც ადამიანის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ეს რწმენა აშენებინებს მღვდელს ეკლესიას, თუმცა მრევლი არსად ჩანს. რწმენის გამო ზის მოლა ჯამეში და ელოდება მლოცველებს, რომლებიც ისევ არ ჩანან. რწმენის გამო ასწავლის ერთადერთ მოწაფეს მასწავლებელი. რწმენა აძლევს ძალას ნამეს და მოხუც მამას უმკურნალონ ადამიანებს. რწმენით აალდება ჩირაღდანი და რწმენით ხდება წყალი მკურნალი.
ნამეს გარდა, ალის კიდევ სამი ვაჟი ჰყავს – ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, მესამე – მღვდელი. მეცნიერი და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ძმები, ერთი მამის შვილები არიან. ისინი ერთ სივრცეში თანაარსებობენ. ეს ის გარემოა, სადაც ნამაზისა და საეკლესიო ზარების განსხვავებული ჟღერადობები უნისონში ერწყმიან ერთმანეთს, ნიშნად თეოსოფიური ჭეშმარიტებისა „მოწყალე ღმერთი ერთია“.
ოთხი შვილიდან, მამის გზას მხოლოდ ნამე აგრძელებს. ისიც დიდ საიდუმლოებასთან არის ნაზიარები, უფლისგან ხელდასმულია. მასაც ესმის წყლისა და თევზის ენა, მასაც აქვს განსაკუთრებული კავშირი კოსმოსთან, მასაც შეუძლია საკრალური რიტუალის ჩატარება და ჩირაღდნის აალება. მის ზებუნებრიობას კიდევ უფრო ამყარებს ტბის ზედაპირზე ფეხით სიარულის უნარი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, მაყურებელს არ უკვირს ამ სასწაულის ხილვა. პირიქით, ელოდება კიდეც ამას.
ნამე და თევზი სხვადასხვა სახით მოვლენილი ერთი და იგივე სულია. ამ ერთიანობაზე რამდენჯერმე მიგვითითებს რეჟისორი. დასაწყისში, თევზი, თოვლით დაფარულ მიწაზე, წყლით სავსე თასში გაუნძრევლად წევს. ირგვლივ სრული სიმშვიდეა. ნამე თევზს ხელის მოსმით თითქოს აცოცხლებს და ქვის აუზში უშვებს. ნამე თითქოს თევზია ადამიანის სახით მოვლენილი. წყლიანი თასის კიდეზე, რომელშიც მაგიური თევზია, მამა ხელებს ჩამოაყოლებს, თითქოს თევზს იცავს გარე სამყაროსგან, უცხო თვალისგან. ასევე იცავს იგი ნამეს სხვისგან და ანუგეშებს: „ნუ გეშინია, შენაც მიეჩვევი, თევზი სულ ერთია, არც იზრდება, არც ბერდება, მეორე არასდროს ჰყოლია, წყალიც სულ წმინდაა დარშიც და ავდარშიც“. თევზსა და ნამეს შორის უხილავი ემოციური კავშირია. როცა ნამეს სიყვარული ეწვევა და სულიერი სიმშვიდე ერღვევა, თევზიც კარგავს სიმშვიდეს, ადგილს ვერ პოულობს, თასიდან ამოხტომას ლამობს. როცა ნამე არჩევანის წინაშე დგება და მერყეობს, თევზი თოვლიან მიწაზე გდია და ფართხალებს.
ნამე გამუდმებით ქსოვს ლითონის მავთულისგან თევზებს, თითქოს ავტოპორტრეტებს ქმნის. თევზები სხვადასხვა ფორმისაა და ყველა უჩარჩოოდ. თევზი ჩარჩოში მაშინ ჩნდება, როდესაც ნამეს ცხოვრებაში ახალგაზრდა კაცი შემოდის. ზებუნებრივი ნიჭის, ვალდებულებისა და სიყვარულის შეუთავსებლობა ნამეს თავისუფლებას საზღვრებს უწესებს. ფინალური ეპიზოდის წინ ნამე თევზის ახალ, უკვე ჩარჩოში ჩასმულ ნაკეთობას დაჰკიდებს კედელზე და მის წინ მდგომი ჩუმად ემშვიდობება მამასა და ძმებს. იგი არღვევს ჩარჩოებს და სივრცის ნაწილი ხდება, თევზიც თან მიჰყავს და ათავისუფლებს.
ფილმის მხატვარმა, აკაკი ჯაშმა, ოპერატორებმა, გიორგი შველიძემ და მამუკა ჩხიკვაძემ შეძლეს შეექმნათ, ერთდროულად, მისტიკური და ყოფითი გარემო. მათთვის გამოსახულება არ არის თვითმიზანი, ვიზუალი მიჰყვება თხრობას. გამომსახველობითი და ხმოვანი რიგი ერთმანეთს ავსებს და ერთიან დრამატურგიულ ქსოვილს ქმნის. კადრის კომპოზიცია, ფერი, განათება ისეთივე სადაა და მშვიდი, როგორც თხრობის რიტმი.
ფილმის ხმოვანი რიგი სიჩუმისა და ხმაურის კონტრასტზეა აგებული და მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია დრამატურგიულ ქარგაში.
წყალი ფილმის მთავარი სტიქიაა, ამბავიც, ძირითადად, მის ირგვლივ ვითარდება. მდინარის დაგუბება და მასზე კაშხლის მშენებლობა უარყოფითად მოქმედებს წყალზე. ამ გავლენაზე რეჟისორი აუდიოვიზუალური გადაწყვეტით მიგვანიშნებს. ვიზუალურად წყალი ექსპოზიციაშივე იცვლის ფერს, თეთრად იღებება. ფერშეცვლილი მდინარის მშვიდ ხმას ერევა ერთი აკორდის გაგრძელებული ხმოვანება, რომელიც ელექტროსადენების ზუზუნის ასოციაციას იწვევს. მას შფოთის მოლოდინი შემოაქვს. ეს აკორდი კიდევ რამდენჯერმე გაიჟღერებს ფილმის მსვლელობისას. კაშხლის მშენებლობის ხმაური, რომელიც დასაწყისში ფრაგმენტის სახით ისმის, ფილმის მსვლელობისას თანდათან ძლიერდება, სიჩუმეს შენობებიდანაც დევნის, ფინალში კი აგრესიულად ჟღერს და მთელ კადრს სამშენებლო მოედანი იკავებს. ასეთი ცვლილებები, საბოლოოდ, მკურნალი წყლის გაქრობას იწვევს. ეს ფაქტი მოვლენების ტრაგიკული მსვლელობის დასაწყისია. ქრება წყალი, განადგურების საფრთხე ემუქრება სიცოცხლეს, რადგან ცოდნა, რომელიც ბუნებისგან შეიმეცნა ადამიანმა, იკარგება. კოსმოსთან კავშირის გაწყვეტა ამ ცოდნის დაკარგვას ნიშნავს, უფრო სწორად, ეს ცოდნა აღარავის სჭირდება, ვინაიდან ადამიანი მატერიალურ კეთილდღეობაზე გადაერთო და ბუნებასთან კი არ თანაცხოვრობს, არამედ ებრძვის მას. ადამიანები არჩევანს აკეთებენ „სამყაროს ფიზიკურ შესაძლებლობათა კულტივაციაზე, ანუ იმ შესაძლებლობათა მოდერნიზაციაზე, რომელიც ადამიანის გარეგნული კეთილდღეობის მისაღწევად არის საკმარისი“.
ფილმის ფინალურ კადრში მოჩანს ჰესის მშენებლობა, რომლის გამაყრუებელი ხმაური არსებულ სიმშვიდეს და წესრიგს არღვევს. აღარავის ახსოვს, რომ „განვითარება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა ხდება სულიერ და ფიზიკურ შესაძლებლობათა სინქრონიზაცია“. ეს ცოდნა ქრება, კოსმოსი უკანს იბრუნებს მას, ტბა სხვა სამყაროში შესასვლელი ერთგვარი კარია. ნამე ტბაში უშვებს ჯადოსნურ თევზს, ათავისუფლებს და თავადაც გამჭვირვალე ეთერს შეერევა, თუმცა მანამდე შეშინებულის შელოცვას წარმოთქვამს: „აშინა, მაშინა, რამ შეგაშინა? ორფეხმა შეგაშინა? ოთხფეხმა შეგაშინა? ნადირმა შეგაშინა? ავარამ შეგაშინა? ავმა სულმა შეგაშინა? რა სულმა შეგაშინა? რა ადამიანმა შეგაშინა? ყველა მის გზას მიდიოდა, შენ რა გაშინებდა?“. კოსმოსი ჩუმად ადევნებს თვალყურს ადამიანის თვითგანადგურებას. ღმერთი ისევ დუმს.
ხელოვნებს ინტუიცია აქვთ განვითარებული. ისინი წინასწარ გრძნობენ და ჭვრეტენ მომავალს და თავიანთი შემოქმედებით გვაფრთხილებენ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ. „ნამე“ ზაზა ხალვაშის ფიქრია მომავალზე, რა გველოდება მაშინ, როდესაც მატერიალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებულნი სამყაროში არსებული წესრიგის რღვევას ვიწყებთ, პროგრესის სახელით ტექნოლოგიურ დივერსიას ვუწყობთ ბუნებას, რომელმაც შეგვიფარა, შეგვმოსა, დაგვაპურა. უარს ვამბობთ ღვთიური საწყისის არსებობაზე და კავშირს ვწყვეტთ უსასრულობასთან, შედეგად სიჩუმის ნაცვლად ვღებულობთ ხმაურს, სიმშვიდის ადგილს შფოთი იკავებს, რწმენას ურწმუნოება და გაურკვევლობა ანაცვლებს. პროცესი უკვე დაწყებულია. არჩევანი ჩვენზეა.
ინგა ხალვაში,
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი